Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წინასაახლწლო აქციები ღვინის კომპანიებისგან

სალომე აფხაზიშვილი

ახალ წლამდე ზუსტად 16 დღე რჩება და შესაბამისად წლის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულისთვის მზადება სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ერთ–ერთი უპირველესი საკითხ, რა თქმა უნდა, სადღესასწაულო სუფრის მოწყობაა, რომელიც ტრადიციული კერძების მომზადებასთან ერთად, ხარისხიანი და კერძის შესაფერისი ღვინოების შერჩევას გულისხმობს. თუმცა ღვინისგან სიამოვნების მიღება არც ისე ადვილია, რადგან ბრენდირებული კომპანიების მიერ ჩამოსხმული ღვინისა და სპირტიანი სასმელების შეძენა საკმაო თანხებთან არის დაკავშირებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენთან ახალი წელი საკმაოდ დიდ ხანს, მისთვის დამახასიათებელი განწყობა კი ძირითადად მთელი იანვრის განმავლობაში გრძელდება, განწყობის შესანარჩუნებლად, საშუალოდ 50 ლარის ღირებულების 6 ბოთლიანი შეფუთვა საკმარისი ნამდვილად არ არის. სწორედ ასეთ დროს ხდება ღვინო ქართველების უმეტესობისთვის ღირებული საახალწლო საჩუქარი. ღვინისადმი ამგვარი დამოკიდებულება კი ქართული ღვინის კომპანიებისთვის მარკეტინგულად მომგებიანი შეთავაზებების შემუშავებისა და მომხმარებლისთვის მიწოდების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ხდება. მუშაობს თუ არა ჩვენთან ეს მეთოდი და რამდენად მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია წინასაახლწლო აქციები, ამის ახსნას რამდენიმე მსხვილი ქართული ღვინის კომპანიის მაგალითზე შევეცდები.

თუკი თბილისის ყველაზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელში – „გუდვილში“, „კარფურში“, „სმარტში“ და ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებში მოხვდებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექციაში შესვლამდე, სხვადასხვა კომპანიების პრომო–გოგონები თქვენი ყურადღების მიპყრობას საახალწლო აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით შეეცდებიან. აქ, რამდენიმე მსხვილ ღვინის კომპანიას შეხვდებით – მეღვინეობა „ხარება“, „თელიანი ველი“, „შატო მუხრანი“, „თბილღვინო, „ბადაგონი“, „შუმი“, „ბაგრატიონო 1882“ და კიდევ რამდენიმე. თუმცა არჩევანის გაკეთება არც ისე რთულია, რადგან შეთავაზებები ერთმანეთს ძალიან  ჰგავს; მაგალიად, აქცია, სახელწოდებით „5+1“, რომლის მიხედვითაც 6 ბოთლიან შეფუთვას ხუთის ფასად ყიდულობთ, ასევე დეგუსტაციები და ფასდაკლებები კომპანიების სხვადასხვა ღვინოებზე.

კომპანია „თელიანი ველის“ საახალწლო პაკეტი ოთხბოთლიან შეფუთვას მოიცავს, რომელიც ორ ცქრიალა ღვინოს, ასევე წინანდალსა და საფერავს აერთიანებს. სპეციალური შეთავაზების მიხედვით, მომხმარებელი ოთხი ბოთლი ცქრიალა ღვინის შეძენას სამის ფასად შეძლებს. საახალწლო პაკეტის გარდა, „გუდვილის“, „კარფურის“, „ზემელის“, „ბიგ–ბენისა“ და „პოპულის“ ქსელებში აქცია – „5+1“–ც მოქმედებს, რომლის თანახმადაც ცქრიალა ღვინის ექვსბოთლიანი შეფუთვის შეძენას ხუთი ბოთლის ფასად შეძლებთ. სუპერმარკეტში ღვინის საყიდლად მისული,  ღვინის გარდა „თელიანი ველის“ საახალწლო სუვენირებითაც დასაჩუქრდებით. მათ კი, ვისთვისაც სადღესასწაულო სუფრის ორგანიზება და ღვინით მომარაგება დამატებითი დროის და ენერგიის ხარჯვაა, შეუძლიათ „თელიანი ველის“ ღვინოებზე ფასდაკლება ინტერნეტ–საიტების გზით მიიღონ.

„თელიანი ველის“ მსგავსად, ინტერნეტის საშუალებით შეეცდება მომხმარებლის დაინტერესებას კომპანია „ვინივერიაც“, რის შესახებაც კომპანიის მარკეტინგის და დისტრიბუციის მენეჯერი ნატალია ღაზაძე რადიო „ცხელი შოკოლადის“ მსმენელს თავად ესაუბრება:

„ფასდაკლების აქცია უკვე დაწყებულია vovovo.ge-ზე, ხვალიდან მათ hotsale.ge -ც შეუერთდება. ორშაბათამადე ფასდაკლების აქციები ყველა ჩამოთვლილ საიტზე უკვე სრულად იმოქმედებს და მომხმარებელს საშუალება ექნება ჩვენი კომპანიის ღვინოები ისეთ ფასში შეიძინოს, რა ფასადაც ვერცერთ მაღაზიაში ვერ შეიძენს. ღვინოები ძირითადად 40–45%–იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი, რაც ვფიქრობთ, რომ წინასაახალწლოდ ძალიან კარგი შეთავაზებაა მომხმარებლისთვის“.

Vovovo.ge-ზე ამჟამად კომპანიის სამი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი – საფერავი, რქაწითელი და ქინძმარაული. მომავალი კვირიდან მათ რიცხვს კიდევ ორი ღვინო – ხიხვი და მწვანეც შეემატება. ინტერნეტის გარდა, „ვინივერიის“ ღვინოების შეძენას სპეციალური აქციის – „5+1“–ის ფარგლებში გუდვილის ქსელში და ასევე ღვინის მაღაზიებში – ღვინის სამყაროსა და ვინოთეკაშიც შეძლებთ. ამ აქციის ფარგლებში, ღვინოსთან ერთად საჩუქრად კომპანიის ჩანთებსაც მიიღებთ.

19 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ახლადგახსნილ „კარფურში“ მომხმარებელს საშუალება აქვს კომპანია „ბადაგონის“ ღვინოებზე დაწესებულ სპეციალურ აქციას შეუერთდეს და მაღალი ხარისხის ღვინოები, კონკრეტულად კი მუკუზანი და ქინძმარაული ხელმისაწდვომ ფასში შეიძინოს. ამაში მას აქცია – „4+2“ დაეხმარება, რომლის მიხედვითაც „ბადაგონის“ 4 ბოთლიანი შეფუთვის შეძენას ორი ბოთლის ფასად შეძლებს. ხვანჭკარაზე, საფერავზე, ვაზისუბანსა და რქაწითელზე აქამდე არსებულ „5+1“ სახის შეთავაზებას საახალწლო დღეებში კომპანიის კიდევ ერთი ბრენდი – წინანდალიც დაემატება. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლების აქციებს კარფურის გარდა, თბილისისა და ბათუმის გუდვილიც შეუერთდება. კომპანიის დისტრიბუციის უფროსის, გიორგი ყუფარაძის თქმით, გუდვილსა და კარფურში ქინძმარაულის და მუკუზანის 6 ბოთლიანი შეფუთვის ფასი 68 ლარი იქნება, თუცმა კარფურის სტრატეგიიდან გამომდინარე, შესაძლებელია რომ აღნიშნული ფასი კიდევ განახევრდეს.

თბილისის სუპერმარკეტებში „5+1“ ტიპის აქციით სხვა კომპანიების ტოპ–ღვინოებიც იქნება წარმოდგენილი. მათ შორისაა „თელავის ღვინის მარნისა“ და კომპანია „ქიმერიონის“ ღვინოები, რომელიც დიღმის გუდვილში პრემიუმ–კლასის ღვინოებს – საფერავისგან დაყენებულ წითელ ჩქერას, რქაწითელისგან დამზადებულ თეთრ მარულას, ანგურს და ასევე, თეთრ ნახევრადტკბილ – ლილეს წარმოადგენს.

წინასაახალწლო დღეებში კი კომპანია „ხარება“ ღვინის დეგუსტაციებით, კომპანიის მაღაზიის წინ, რუსთაველის გამზირზე გაგიმასპინძლდებათ. გარდა ამისა, საშუალება მოგეცემათ 10–დან 30 პროცენტამდე ფასდაკლებით ისარგებლოთ კომპანიის ორდინალურ და ქვევრში დაყენებულ ღვინოებზე. წარმოდგენილი იქნება – ქვევრის ოცხანური საფერე, ნახევრადტკბილი უსახელოური და მუხის კასრში დავარგებული საფერავი, რომელთა შეძენას მომხმარებელი 10%–იანი ფასდაკლებით შეძლებს.

სამი ტიპის სპეციალური შეთავაზებით წარსდგება „თბილღვინო“ გუდვილის, სმარტისა და კარფურის ქსელში. „5+1“ აქციის ფარგლებში, მომხმარებელი ოთხ სხვადასხვა ტიპის ღვინოს – ქინძმარაულის, საფერავის, წინანდლის და  ხვანჭკარის ხუთბოთლიან შეფუთვას ოთხი ბოთლის ფასად მიიღებს. ამავე ხასიათის არის აქცია „3+1“, რომელიც  ორ ბოთლ წინანდალს და ორი ბოთლ საფერავს მოიცავს. კომპანია „თბილღვინოს“ ოთხბოთლიანი ბრენდირებული შეფუთვის შეძენას მომხმარებელი სამი ბოთლის ფასად შეძლებს. მესამე ტიპის შეთავაზება სპეციალური ფასების სახელით სარგებლობს და კომპანიის ხუთი სახეობის  ღვინოზე არსებულ ფასდაკლებებს გულისხმობს.

ქართული ღვინის კომპანიებს შორის ყველაზე განსხვავებული და მრავალფეროვანი შეთავაზებებით „შატო მუხრანი“ გამოირჩევა, რომელიც მომხმარებელს 5–დან 10 %–მდე ფასდაკლებას ტურისტულ პაკეტებსა და პროდუქციაზე მთელი დეკემბრისა და იანვრის განმავლობაში შესთავაზებს. ამ აქციის შესახებ უფრო დეტალურად, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ელენე ოთარაშვილი საუბრობს:

„მომხმარებელს ვთავაზობთ ღვინის ტურებს „შატო მუხრანში“, რაც მოიცავს ტურს განახლებულ შატო–მუხრანში – აღდგენილი სასახლისა და მარნის დათვალიერებას და კომპანისიის პრემიუმ–კლასის ღვინოების პროფესიონალურ დეგუსტაციას. მომხმარებელს ასევე შეუძლია შეარჩიოს სავახშმო პაკეტი, რომელიც მოიცავს ტრადიციულ ქართულ კერძებს. გარდა ამისა, მეტი მრავალფეროვნებისთვის, მომხმარებელს ვთავაზობთ საცხენოსნო ტურს, იმიტომ, რომ  ჩვენ მუხრანში გვაქვს ივანე–მუხრანბატონისეული საჯინიბო, სადაც გვყავს არაბული და ინგლისური ცხენები. გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და გვყავს არაჩვეულებრივი ინსტრუქტორები, რომლებიც დაეხმარებიან მათ ცხენოსნობის დაუფლებაში“.

ფასდაკლების აქციები თბილისის და ბათუმის სუპერმარკეტებში უკვე დაიწყო. კომპანიების სრული ჩართულობა ფასდაკლებების პროცესში დღეიდან დაიწყება და ძირითადად ძველით ახალი წლის ჩათვლით გაგრძელდება. ვფიქრობ, ეს რამდენიმე კვირა ხელსაყრელი პერიოდია იმისთვის, რომ ბრენდირებულ და მაღალხარისხიან ქართულ ღვინოს გემო ახალი წლის დღეებში მაინც გავუსინჯოთ, ან სპეციალური შეთავაზებების სახით, ჩვენს ახლობლებს სასიამოვნო საჩუქარი გავუკეთოთ.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.