Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი გემოების აღმოსაჩენად

ქართული ღვინო მსოფლიო პრესის ფოკუსში

„ეს ძიებაა, განსხვავებულ სამყაროთა შეცნობის საუკეთესო გზაა“ - წერს ამერიკელი მწერალი, ელის ფეირინგი ქართული ღვინის შესახებ და მოუწოდებს თავის მკითხველს, ახლოს გაეცნოს ქართულ ქარვისფერ ღვინოებს (ე.წ. Orange Wine) - ღვინის სამყაროს ახალ გამოწვევას. ელის ფეირინგი ჟურნალ „Time”-ის ღვინისა და მოგზაურობის თემების მესვეტე და ნატურალური მეღვინეობის მხარდამჭერი ავტორია, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოში დარგის განვითარების მიმდინარე პროცესებს. მის შეფასებებს აქვეყნებს ჟურნალი „Forbes“, სათაურით „9 საუკეთესო ღვინო და ალკოჰოლური სასმელი, რომლის დაგემოვნება უნდა დაიწყო 2015 წელს“, შესაბამისად, პუბლიკაციაში წარმოდგენილია სომელიეების, ბარმენებისა, თუ ღვინის მწერლების მიერ რეკომენდებული პროდუქტები, რომლებიც, მომხმარებელთა ფართო წრისთვის შედარებით უცნობია. ჟურნალისტი ელის ფეირინგი რეკომენდაციას უწევს „ხოხბის ცრემლების“, ალავერდის მონასტრისა და იაგო ბიტარიშვილის მაღალი ხარისხის დახვეწილ ღვინოებს.   

მოგზაურობის, ღვინისა და კერძების 2015 წლის ტრენდებს საახალწლოდ მსოფლიოს სხვადასხვა პოპულარულმა გამოცემამ არაერთი სტატია მიუძღვნა. ავტორები სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფს განსხვავებულ ტურისტულ პროდუქტებს წარუდგენდნენ -  ფუფუნებას, მასშტაბურ და შთამბეჭდავ ურბანულ პროექტებს, ეგზოტიკასა და ველურ ბუნებას. თუმცა, ტენდენციის სახით იკვეთება, რომ წელს მსოფლიო პრესის ფოკუსში ყველასათვის ცნობილი ტურისტული დანიშნულების პროდუქტების გვერდით თავს იმკვიდრებს შედარებით უცნობი დასახელებები. 
საინტერესოა ამ მხრივ მედია ჯგუფ „თრილისტის“ (Thrillist) ავტორების - კევინ ალექსანდერსის (ღვინისა და სამზარეულოს აღმასრულებელი რედაქტორი) და ლიზ ჩილდერსის (ღვინის / სამზარეულოს ასოცირებული რედაქტორი) ანალიზი, რომელიც მათ მოგზაურობას შეეხება ევროპის მასშტაბით ახალი გემოების აღმოსაჩენად. ამჯერად, ჟურნალისტების ინტერესის ფოკუსში ვერ მოექცა ქართული ღვინო, როგორც ჩანს, ინფორმაციის ნაკლებობის გამო. სამაგიეროდ, ევროპული კერძების ალექსანდერსისა და  ჩილდერსის ხუთეულში გერმანიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და იტალიის გვერდით, ქართულმა სამზარეულომ მეოთხე საპატიო ადგილი დაიკავა. ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ორი უნიკალური კერძი - მაკედონიური პასტრმაჯლიჯა და აჭარული / ლაზური ხაჭაპური.
განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა New-York Times-ის სტატიას - „2015-ში მოსანახულებელი 52 ადგილი“, სადაც ერთ-ერთი ავტორი, რობინ ეკჰარდტი მკითხველს ქართული ღვინის დასაგემოვნებლად საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. განხილულ პუბლიკაციებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, თბილისის, ბათუმისა და სიღნაღის განახლებულ არქიტექტურასთან შედარებით, უცხოელები ჩვენი ტურისტული პროდუქტების ფართო სპექტრში ყველაზე დიდ დაინტერესებას მაინც ღვინისა და სამზარეულოს მიმართ ავლენენ. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი რესურსები კვლავ მობილიზებულია მასშტაბური და საკამათო ურბანული პროექტების გარშემო.  
New York Times-ის, Saveur-ის, Food & Wine-ისა და South China Morning Post-ის მოგზაურობის, ღვინისა და კერძების საკითხების მესვეტე, რობინ ეკჰარდტი საგანგებოდ მოიხსენიებს საქართველოში მეღვინეობის ათასწლოვან უწყვეტ ტრადიციას, ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდებსა და ყურძნის მრავალფეროვან ჯიშებს. ღვინის ბარებიდან თბილისში ის გამოარჩევს Vino Underground-სა და კონკას, აგრეთვე ღვინის  მარკირებულ მარშრუტებს კახეთში, საწარმოებს - „ხოხბის ცრემლები“, „მეღვინეობა ხარება“ და „იაგოს მარანი“. ეკჰარდტი ტურისტებს ურჩევს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასწრებას საქართველოში, როგორიცაა ახალი ღვინის ფესტივალი, თბილისობის ღვინის ფესტივალი, თელავინო და თბილისის ყველის ფესტივალი. საყურადღებოა, რომ  New York Times-ის ამ სტატიის რეკომენდებულ ობიექტთა ჩამონათვალში ყველაზე დიდი ყურადღება ფრანგული (ბურგუნდიის რეგიონი) და პორტუგალიური (ალენტეჟუს რეგიონი) ღვინოების შემდეგ, ქართულ ღვინოს ეთმობა. 
აღნიშვნას იმსახურებს, აგრეთვე, Telegraph-ისა და  Elite Daily-ს მცირე მოცულობის პუბლიკაციებიც, რომლებიც მკითხველს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (სვანეთი, კახეთი) მოგზაურობისა და ქართული ღვინის დაგემოვნებისკენ მოუწოდებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პოსტები, ზემოხსენებულ სტატიებთან ერთად, არ განეკუთვნება ფასიანი სარეკლამო პუბლიკაციების კატეგორიას.  
2007-08 წლებიდან ენოტურიზმი მსოფლიოში ტურიზმის განსაკუთრებით მზარდი მიმართულებაა, რომელიც დღესდღეობით ითვლება საკმაოდ შემოსავლიან, ფინანსურად მდგრად სფეროდ. ის არაერთი ასპექტით გადაიკვეთება კულინარიულ, აგრო- და ეკოტურიზმთან. მისი განვითარება სახელმწიფოსთვის ნიშნავს ღვინის რეალიზაციის გარდა დამატებით ეკონომიკურ და სოციალურ ბენეფიტებს. ღვინის დიდი ქალაქების გლობალური ქსელის (Great Wine Capitals Global Network) მასშტაბური საბაზრო კვლევა, რომელიც 2013 წელს ჩატარდა, მნიშვნელოვანი მეგზურია, რომელიც წარმოაჩენს მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ენოტურისტულ ობიექტებში (ბილბაო, ქეიფთაუნი, ნაპა, ბორდო, ფლორენცია და სხვ.) ღვინის ტურიზმის პოზიტიურ გავლენებს გაყიდვების ხარისხზე. 
საქართველოში ღვინის ტურიზმის სფეროში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები 2012-2013 წლებში გადაიდგა, როცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ენოტურისტული მარშრუტების მარკირება. გასული 2014 წლის გაზაფხულზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საქართველომ პირველად უმასპინძლა ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც რიგით მეექვსე იყო. 
მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინის მიმართ სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების მხრიდან მზარდი დაინტერესების პირობებში სახელმწიფომ ადეკვატური რეაგირება შეძლოს ტურიზმის სფეროს უახლეს გამოწვევებზე. ტურიზმის ეროვნული სტრატეგია საქართველოში, რომელიც სპეციალისტების მიერ გაზაფხულზე შემუშავდება, უნდა ითვალისწინებდეს ქართული ღვინის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ტურისტული პროდუქტის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.