Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი - ქართული ღვინის დღესასწაული

ალეკო ცქიტიშვილი

ახალი ღვინის ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში წელს მეოთხედ ტარდება და მას უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ქართული ღვინის ტრადიციული დღესასწაული. ეს არის საქართველოში ყველაზე წარმომადგენლობითი და ამავე დროს ყველაზე ხალხმრავალი ღვინის ფესტივალი. იგი, ერთი მხრივ, აერთიანებს მსხვილ კომპანიებს, მცირე და ოჯახურ მარნებს, რომლებიც ამ ფესტივალისთვის საგანგებოდ ემზადებიან, რათა ღვინის გურმანებს თავიანთი ახალი ღვინოები გააცნონ. მეორე მხრივ კი, ფესტივალის სტუმრებიც სხვადასხვა გემოვნებისა და შეხედულებების ადამიანები არიან, რომლებიც ერთი საერთო ღირებულების -ქართული ღვინის გარშემო იკრიბებიან.

ახალი ღვინის ფესტივალი 2010 წლიდან ღვინის კლუბის ინიციატივით ყოველი წლის მაისის მეორე შაბათს ტარდება და გულისხმობს ახალი, ანუ ბოლო მოსავლის ღვინოების გამოფენას. ამ გზით ღვინის მწარმოებლები და გურმანები ერთად აფასებენ, თუ როგორი შედეგი მიიღეს მეღვინეებმა ბოლო რთველის შემდეგ და რა პოტენციალი აქვს მათ ახალ ღვინოებს. მსგავსი ფესტივალები ტრადიციული მეღვინეობის თითქმის ყველა ქვეყანაში ტარდება (საფრანგეთში -Beaujolais Nouveau, ესპანეთში – Festival Vino Nuevo, იტალიაში – Vino Novello და ა.შ.). პარადოქსია, მაგრამ ვაზისა და ღვინის სამშობლო - საქართველო ამ ქვეყნების რიცხვს მხოლოდ 2010 წლიდან შეუერთდა.

ბოლო მოსავლის ღვინოების დაგემოვნების გარდა, ახალი ღვინის ფესტივალზე შესაძლებელია ქართული მეღვინეობის ძირითადი ტენდენციების შეფასება. ამ კუთხით ფესტივალზე წლიდან წლამდე თვალშისაცემია: ქართული ღვინის გაუმჯობესებული ხარისხი, კომპანიებისა და ოჯახური მარნების მეღვინეთა თამამი ექსპერიმენტები, ქვევრის ღვინოების რაოდენობის ზრდა, ჯიშური მრავალფეროვნება და სხვა სიახლეები.

პირველივე წელს ფესტივალის სტუმრების ყურადღება მიიქცია ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების ყურძნისაგან დაყენებულმა ღვინოებმა. ფესტივალის სტუმართა დიდ ნაწილს ასეთი განსხვავებული ღვინოები მანამდე გასინჯული არც ჰქონდა. მეღვინეობაში დაბრუნებული ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების რაოდენობა ახალი ღვინის ფესტივალზე ყოველწლიურად მატულობს. ამ მხრივ, გასულ წელს განსაკუთრებული სიახლე იყო “ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის“ (ააიპ „აგრო“) მიერ წარმოდგენილი ღვინოები, რომლებიც ისეთი იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების ყურძნისაგან იყო დაყენებული, რომელთა შესახებ აქამდე მხოლოდ ვიწრო სპეციალისტებს ჰქონდათ ინფორმაცია და ისიც -მხოლოდ სპეციალური ლიტერატურიდან.

2011 წლიდან „ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულმა ცენტრმა თავის უნიკალურ კოლექციაში დაცული ვაზის ქართული ჯიშების ყურძნისგან მცირე რაოდენობით ღვინოების დაყენება დაიწყო – სპეციალისტებისთვის თუ ენთუზიასტებისთვის მათი პოტენციალის გასაცნობად. ცენტრის მეღვინე, გიორგი სამანიშვილი ახალი ღვინის ფესტივალზე წელსაც გაგვაცნობს ვაზის ისეთ უიშვიათეს ქართულ ჯიშებს, როგორიცაა: კახური მცვივანი, ჩიტისკვერცხა, საფერავი ბუდეშურისებრი, გრძელმტევანა, ჩიტისთვალა ბოდბური, სიმონასეული, თეთრი ბუდეშური, საფერავი ატენის, დანახარული, მესხური მწვანე, მესხური ჩიტისთვალა, მესხური საფერე, მესხური ხარისთვალა, კუნძა, გაბეხაური წითელი, არგვეთული საფერე, ჭუმუტა, არაბეული შავი და სხვა.    

რას ველით წელს ახალს და განსხვავებულს? ამ კითხვაზე ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია გვპასუხობს: “პირველ რიგში, ველით ახალ სახელებს. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება მეღვინეობაში, უფრო მეტ ადამიანს უჩნდება რწმენა, რომ თუკი ვენახს გააშენებს და კარგ ღვინოს დააყენებს, წარმატება აუცილებლად ექნება. ასეთი ენთუზიასტების წარმატებებს ახალი ღვინის ფესტივალზეც ყოველ წელს ვხედავთ - პირველად ვინც მონაწილეობს და მევენახე გლეხების გვერდით დგას, მომდევნო წელს ხშირად ცალკე ადგილს იღებს და ფესტივალზე ღვინოები უკვე თავისი ახალდაარსებული მცირე კომპანიის სახელით გამოაქვს. წელს ფესტივალში ოცდაათამდე კომპანია და კიდევ უფრო მეტი ოჯახური მარანი მიიღებს მონაწილეობას, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც მთავარია, წელს ასევე რეკორდულად ბევრ სტუმარს ველით, მათ შორის -უცხოელ ტურისტებს, რომელთა დიდი ნაწილი უკვე სპეციალურად ახალი ღვინის ფესტივალისთვის ჩამოდის საქართველოში“.

ფესტივალის მხარდამჭერებს წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კერძოდ  ღვინის ეროვნული სააგენტო შეუერთდა. შესაბამისად, უფრო მეტი რესურსი გაჩნდა სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად. მნიშვნელოვანი სიახლეა ტუროპერატორების დიდი დაინტერესება, რომლებმაც უცხოელ პარტნიორებს დიდი ხნით ადრე აცნობეს ახალი ღვინის ფესტივალის თაობაზე. ამიტომ წელს ფესტივალზე კიდევ უფრო მეტ უცხოელ ტურისტს ვიხილავთ, რომლებიც შემდეგ თავიანთ ქვეყნებში წაიღებენ ინფორმაციას ქართული ღვინის თაობაზე.

“წელს ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი -ტუროპერატორებმა თავიანთ ტურებში ახალი ღვინის ფესტივალი შეიტანეს. ამ გზით მომდევნო წლებში ფესტივალის საერთაშორისო ცნობადობა გაიზრდება და შეგვიძლია თამამად ვიწინასწარმეტყველოთ ის დრო, როცა მაისის მეორე შაბათს თბილისს ღვინის ტურისტების დიდი არმია მოაწყდება, როგორც ეს ხდება მსგავს ფესტივალებზე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში“, -ამბობს ახალი ღვინის ფესტივალის დირექტორი, იაგო ბიტარიშვილი.

მისივე თქმით, ტურისტების დიდი ინტერესი ფესტივალის ინიციატორებს და მხარდამჭერებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. ამიტომ გადაწყდა საფესტივალო კატალოგის დახვეწა, სადაც ფესტივალის მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის გარდა,წელს გამოქვეყნდება სპეციალური რუკა, რომლის საშუალებითაც სტუმარი ადვილად მიაგნებს ფესტივალის მონაწილე კონკრეტულ ღვინის კომპანიებს და ოჯახურ მარნებს. ახალი ღვინის ფესტივალის პარალელურად წელს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში თბილისის მუსიკალური კვირეული იწყება. კვირეულის მონაწილე მუსიკალური ჯგუფები თავიანთი სიმღერებით ღვინის ფესტივალს კიდევ უფრო მეტ საზეიმო ელფერს შესძენენ.  

ახალი ღვინის ფესტივალზე ღვინოები საქართველოს თითქმის ყველა ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონიდან არის წარმოდგენილი. გურიის რეგიონს ტრადიციულად წარმოადგენს ენთუზიასტი მევენახე ანდრო ვაშალომიძე, რომელსაც ყოველწლიურად ჩამოაქვს თბილისელებისთვის (და არა მარტო მათთვის) სრულიად უცნობი, გურიის ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ღვინოები, როგორიცაა: კლარჯული, საკმიელა, ათინაური... წელს იგი სტუმრებს თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშის, საკმიელას ღვინოს გაასინჯებს. ანდრო ვაშალომიძეს ჩოხატაურის რაიონის სოფელ შემოქმედში გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშების მცირე კოლექცია აქვს გაშენებული.

ოჯახური მარნების ალალი ღვინოები ახალი ღვინის ფესტივალის განსაკუთრებული ხიბლია. როგორც ღვინის კლუბის შესარჩევ დეგუსტაციაზე ითქვა, 2012 წელს შეიძლება წითელი ღვინოების წელი ვუწოდოთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია რამდენიმე ძალიან ეფექტური “საფერავი“ გარეკახეთის საყოველთაოდ ცნობილი მიკროზონიდან, ხაშმიდან. ასევე -წამყვანი იმერული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, ოცხანური საფერეს ღვინოები იმერეთის რამდენიმე სოფლიდან. მართალია, ოცხანური საფერე ახალი ღვინის ფესტივალის ტრადიციული სტუმრებისთვის უცხო აღარ არის, მაგრამ წელს მათ ამ ჯიშის ყურძნისგან დაყენებული განსაკუთრებული ღვინოები ელით. თვალშისაცემია წინგადადგმული ნაბიჯები ქართლის მევენახეობა-მეღვინეობაში. წელს ფესტივალზე რამდენიმე ოჯახი წარმოადგენს “ატენურს“,ქართლის ყველაზე ღირსეშანიშნავი მიკროზონიდან, საიდანაც  წინა ფესტივალებზე ღვინოებიდიდი იშვიათობა იყო.

ტრადიციულად ახალ საინტერესო ექსპერიმენტებს ველით მსხვილი კომპანიებისგან და მცირე მარნებისგან, რომლებიც ხარისხის ამაღლებასთან ერთად, ღვინის გურმანებს ყოველწლიურად საინტერესო სიახლეებს სთავაზობენ. უკვე იშვიათობას აღარ წარმოადგენს დიდი კომპანიების მიერ ჩამოსხმული ქვევრის ღვინოები, რომელთა დიდი ნაწილი ტრადიციული ტექნოლოგიებით არის დაყენებული. მათთვის ახალი ღვინის ფესტივალი მომხმარებლებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად, კომპანიების მეღვინეები ფესტივალზე არა მარტო შენიშვნებს, არამედ ქათინაურებს და რაც მთავარია -მომგებიან შეკვეთებს ელიან.  

2010 წელს, როცა თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა პირველ ახალ ღვინის ფესტივალს უმასპინძლა, ვწერდი, რომ ქართულ მეღვინეობას იმაზე ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს ახლა ჩანს და წარმოგვიდგენია. უბრალოდ, საჭიროა ამ პოტენციალის წარმოჩენა და საზოგადოების დაინტერესება არა მხოლოდ წარსულის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით – ქართული ვაზის ჯიშებით, არამედ სრულიად პრაგმატული მიმართულებით – მეღვინეობით, რომელსაც დიდი მოგების მოტანა შეუძლია ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც ამ საქმეს ხელს მოკიდებს.

დღეს, როცა ღვინის კლუბის წევრები მეოთხე ახალი ღვინის ფესტივალის სამზადისში ვართ, გვეამაყება, რომ ამ ფესტივალის მონაწილე ბევრ დამწყებ ენთუზიასტს საკუთარი თავის რწმენა გავუმყარეთ და პატრიოტული გრძნობების გარდა, პრაგმატული ინტერესიც გავუღვივეთ. კარგია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო მეტ ადამიანს აღმოვაჩენთ, რომლებიც ქართულ ღვინოს, ქართულ ვაზს სახელს გაუთქვამენ.

ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილეებს მეღვინეობის დარგის სპეციალისტები, ამპელოგრაფები, რესტორატორები და ნეგოციანტებიც აკვირდებიან. ენოლოგები იშვიათ ღვინოებს აგემოვნებენ და აფასებენ (როგორიცაა, მაგალითად, “უსახელოური”ლეჩხუმიდან), ამპელოგრაფები ე. წ. სტანდარტული სორტიმენტის მიღმა არსებული ვაზის იშვიათი ჯიშების ლეგიტიმაციაზე საუბრობენ.ხოლო ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ ღვინის ყიდვა-გაყიდვა უნდათ, საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ, მოლაპარაკებები აწარმოონ მევენახე გლეხებთან, რომლებიც ამ ეტაპზე ღვინოებს საკმაოდ იაფად აფასებენ.

ახალი ღვინის ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოსa და თბილისის მერიის პატრონაჟით ტარდება. მხარდამჭერები არიან “საქპატენტი”, ქართული ღვინის გზამკვლევი, გაზეთი „მარანი / Weekend", რადიო უცნობი,ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ – www.vinoge.com და კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

© ღვინის კლუბი/Weekend



maqvs sakuTari da saavtoro wesiT damzadebuli ojaxuri Rvino mcire raodenoba. SemiZlia Tu ara mec miviRo monawileoba Rvinis festivalSi? igegmeba Tu ara raime prizebis gacema? an konkursis Catareba?


მომავალ წელს უფრო ყურადღებით იყავით :) წლევანდელი განაცხადების მიღება 26 აპრილს დასრულდა. წელსაც, ისევე, როგორც გასულ წლებში, მარტში გამოცხადდა ფესტივალში მონაწილეთა განაცხადების მიღება, ოჯახურ მარნებს 1 თვის მანძილზე შემოჰქონდათ განაცხადები და თავიანთი ღვინის ნიმუშები... ეგ არაფერი, აუცილებლად გვესტუმრეთ შაბათს და მოემზადეთ 2014 წლის ახალი ღვინის ფესტივალისთვის :) წარმატებები!



gamarjoba. festivalze msurs megobrebis mowvevac.tu gaqvt facebookze gverdi??


ეს არის კლუბის გვერდი: https://www.facebook.com/WineClub.ge

ეს კი ფესტივალი: https://www.facebook.com/events/133947280127840/

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული