Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რერო - მცირე მარნების ანთოლოგია (107)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- მე,  ირაკლი სირაძე და ჩემი ძმა გიორგი 2021 წლიდან ვუძღვებით სირაძეების მარან „რერო“ -ს, ჩვენი  მეღვინეობა  წინა თაობების მეღვინეობის გაგრძელებაა ჩვენსავე მამულში, ზესტაფონის რაიონ სოფელ ფუთში. მათგან გვერგო სამხრეთ-დასაველეთის ფერდობზე გაშენებული ძველი ვენახის ტერუარი  და  კრამიტით გადახურული იმერული სახლი ზედვე მიდგმული ჭურ-მარანით. ბებია-ბაბუა აგრონომები, მევენახეები იყვნენ და მათი დამსახურებით ჩვენც   ბავშვობიდან ჩავერთეთ  მევენახეობა-მეღვინეობის სამუშაოებში. ვენახი უმაღლესი ხარისხის ყურძენს იძლევა და მიუხედავად მძიმე თიხნარისა  და სოფელში საკუთარი ადგილ-მამულისა სიყვარულმა გადაგვაწყვეტინა ახალი მარნის მშენებლობა. 2021 წელს საკუთარი სახლის პირდაპირ ჩვენივე ხარჯებით დავიწყეთ  მარნის მშენებლობა და მასში ახალი ჭურებისა და საღვინე ინვენტარის განთავსება, რაც სისრულეში 2022 წელს მოვიდა. წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას კიდევ დაემატა საქართველოში არსებულ მევენახეობა-მეღვინეობისა და სომელიეს სკოლებში  მიღებული ცოდნა, რომელიც ძალიან დაგვეხმარა თანამედროვე ხედვის ჩამოყალიბებაში, რაც აუცილებელია ხარისხიანი  ღვინოების საწარმოებლად. ესე თანდათანობით ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და გამოყენებითი მათემატიკის სპეციალისტი პარალელურად გავხდი მეღვინეც.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- მეღვინეობაში მხოლოდ იმერული ყურძნის ვაზის ჯიშებს ვიყენებთ როგორიცაა: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე.  ამჟამად შედარებით იშვიათი იმერული ვაზის ჯიშების კულტივაცია მიმდინარეობს, მათ შორის : კუნძა , დონდღლაბი,  ძელშავი, რკო , ადანასური. მევენახეობა-მეღვინეობაში ოდითგანვე მოყოლებული აუცილებლად ვითვალისწინებთ მთვარის ფაზებს. ყურძნის მოზიდვის დასრულებისას ,როდესაც მარანი გადაიჭედება ყუთებით, სადაც  მწიფე მტევენები გარინდებულნი გილიოტინასავით შესცქერიან კლერტსაცლელსა თუ ხის საწნეხს, არის მომენტი, როდესაც წამიერად გახსენდება ზაურის ფრაზა „ მე ამისგან გავაკეთებ“ ფილმ „არაჩვეულებრივი გამოფენის” დასასრულს. შემდგომ გონებაში ლოცვა და წუთის შემდგომ ჭურიდან ბადაგის ჩქეფის რაკრაკის ხმაც გაისმის. რთველი აუცილებლად ქართული მუსიკისა და სიმღერების ფონზე მიმდინარეობს, რაშიც სირაძეების პატარა უბანის წევრები ხალისით მონაწილეობენ. იგი დღესასწაულის დონეზეა ჩვენში, რაც იმერული ლხინით გვიგვინდება მუდმივად.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე ღვინოების საწარმოებლად ჯერჯერობით 4 ჯიშის ყურძენს ვიყენებთ :ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე, მხოლოდ 2 ჯიშის ციცქა-ცოლიკოურის სეპაჟს ვახორციელებთ 50-50% .  ფერმენტაციის პროცესი ჭურებში დაბალ, თანაბარ ტემპერატურაზე მიმდინარეობს ყველა სახის ღვინის შემთხვევაში. ჭაჭის პროცენტულობა იწყება 0 -დან 15%-მდე სხვადასხვა თეთრი ღვინის შემთხვევაში. ოცხანური საფერე მთლიანად წითელი ღვინის ტექნოლოგიით ყენდება სრულ ჭაჭაზე. დუღილის დასრულების შემდგომ ნაწილი დასავარგებლად გადაგვაქვს მუხის კასრში, რაც მას განსაკუთრებულ არომატებს სძენს. ჩვენი მცირე მარნის ღვინოები მძიმე თიხნარი ტერუარიდან გამომდინარე სრულიად განსხვავებული, დასამახსოვრებელია არომატებითა და გემოვნური თვისებებით 

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- ღვინის დაბადება -  ესე დავარქმევდი  ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესს. რთველის შემდგომ ფერმენტაციის პროცესს გამოვყოფ, რომელიც სასიამოვნოცაა და სანერვიულოც. იქ ხან სტერილიზაციაზე ნერვიულობ, ვაიდა ბაქტერია არ შეგეპაროს სადმე, ხან სტუმრის აურაზე, ხანაც ტემპერატურაზე. ამ დროს შენს თვალწინ  ყოველდღიურად  კი არა, არამედ საათობრივად იცვლება ჭურში არსებული სითხე. როგორ ნელნელა გარდაიქმნება  ბადაგის შაქარი ალკოჰოლად. ყოველ გასინჯვაზე პირის რეცეპტორებიც ადასტურებს ცვლილებებს. გაღვიძებისთანავე   მარანში გარბიხარ  ჯერ დასაგემოვნებლად ,მერე დასარევად. დუღილის პერიოდში მარანში საოცარი სურნელი დგას. ღვინის ჭურში დადუღებას მე პირადად  შევადარებდი ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდს ჩასახვიდან დაბადებამდე.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ჩვენი პროდუქციის პირველი გაყიდვები წინა წელს მთაწმინდაზე მოწყობილ პირველ ცქრიალა ღვინის ფესტივალს უკავშირდება. სწორედ მანდ მოხდა ჩვენი ღვინოების პირველი გამოჩენა ფართო მასების წინაშე. სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც პირველივე ექსპერიმენტით - მცირე რაოდენობით ჩამოსხმულმა ნატურალურმა ცქრიალა (პეტ-ნატ) ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა  ფესტივალზე, რასაც პირველი გაყიდვები მოჰყვა იქვე და შემდგომ ღვინის მაღაზია ჯი-ვინოში, განსაკუთრებული მადლობა ჯივინოს გუნდს. ზაფხულიდან მშრალი ღვინოები 8000 მოსავალში, ისევ ჯივინოში, პეტ-ნატ ღვინის მაღაზიაში, ქუთაისი ვაინთიჯში, წყალტუბოს “თეთრა მღვიმეში” მოხვდა.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ჩვენი მევენახეობა-მეღვინეობა ბიო სტანდარტებით მიმდინარეობს. აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიომრავალფეროვნების კომპანია „ელკანა“- სთან. დიდი სურვილი გვაქვს ბუნებრივ მეღვინეთა ასოციაციაში(nwa) გაწერიანების . წევრის სტატუსის უქონლობის გამო რამოდენიმე ღვინის ფესტივალს გამოვაკლდით. იმედს ვიტოვებთ  უმოკლეს ხანში გავხდებით ასოციაციის წევრები. ღვინის სფეროში ცოდნის გაღრმავება აუცილებლად მიმაჩნია.  მეღვინე ისევე როგორც მევენახე, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს.ძალიან მიხარია  ბევრი ხელმისაწვდომი შესაბამისი სასწავლებლები, თუ სკოლების არსებობა. გასული წელი ფაქტიურად კატასტროფა იყო მთელი რიგი ბიო-მევენახეებისათვის უხვი ნალექისა და ვაზის დაავადებების(ჭრაქი) გამო. ვფიქრობ, დაავადებებთან გასამკლევებლად ეფექტური ბიო-მეთოდებია შესამუშავებელი

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- მაღალი ხარისხის ღვინოს მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ხარისხის  ყურძენი იძლევა. საქართელოს სხვადასხვა კუთხის ნიადაგზე უმაღლესი ხარისხის ყურძენი მოდის,  კარგი ტერუარი, მის  შესაფერისად შერჩეული ვაზის ჯიში, ვენახის მოვლის წესების დაცვა,  დაღვინების პროცესის სწორად წარმართვა და ღვინის შენახვა იდეალურ პირობებში.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- ბოლო 20 წელიწადი ქართული ღვინის კულტურის აღმავლობის ხანაა და იმედი მაქვს ესეც გაგრძელდება, რაშიც მცირე მეღვინეობებს დიდი წვლილი მიუძღვის. ღვინის კულტურის მეტი განვითარებისთვის ისევე როგორც ნებისმიერი განვითარებისთვის მაგალითად თუნდაც პიროვნული , აუცილებელია პირველ რიგში საკუთარი  თავის შეცნობა. ნაკლოვანებების და სიკეთეების გამოვლენა, მათი აღიარება. ფაქტია გამოგონების მიუხედავად, როგორც ინგლისს გაუსწრეს ფეხბურთსა, თუ სხვა სპორტის სახეობებში, ჩვენც ესე ჩამოვრჩებით ღვინის კულტურის განვითარებაში სხვა ევროპულ ქვეყნებს. მიზეზი ისაა, რომ მათ განვითარების უწყვეტი გაგრძობითობა ჰქონდათ. ჩვენ კი ამ დროს  საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ჯერ გადარჩენაზე და შემდგომ გართობა-გალაღება-ჩასხმაზე ვიყავით უფრო გადართულნი(მწვანილით შუშხუნა ღვინის მორევა გამახსენდა). დრო დავკარგეთ და გაგვისწრეს. მაქსიმალურად უნდა ვვორიენტირდეთ სიკეთეებზე და მის განვითარებაზე. სიკეთეები მრავლად გვაქვს : 8000 წლოვანი უწყვეტი ისტორია, ქვევრი - მასში ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი, ქარვისფერი ღვინო -  ღვინის ახალი ფერი ღვინის სამყაროს ჩვენგან. ქვევრის ღვინო ახალი პროდუქტია საერთაშორისო ბაზრისთვის და ღვინის   ქარვისფერი სტილი/ფერი მსოფლიოს ახალ აღმოჩენად ითვლება, ამიტომ მეტი პოპულარიზაციისთვის აუცილებელია მისი სწორი პრეზენტაცია/მარკეტინგი 

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- არ დაიზარონ და პირველ რიგში მიიღონ შესაბამისი განათლება. „ბაბუაჩემმა მასწავლა დაყენება და მე უკვე ყველაფერი ვიცი“ მიდგომა დაივიწყონ. ჩაატარონ მაქსიმალურად მეტი ექსპერიმენტი დასაწყისისთვის მცირე რაოდენობაზე, ნუ მოერიდებიან რისკს. მეღვინეებთან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაცვალონ, იმეგობრონ, მიზანდასახულობით, მუხლჩაუხრელი შრომით და დიდი ნებისყოფით შედეგი აუცილებლად დადგება.

მარნის მისამართი: ზესტაფონი რ-ნი სოფელი ფუთი

ტელეფონი: 595 304 900

ელფოსტა: rerowinery@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/ReroWinery 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული