სულ ახლახანს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს საქართველოს კანონში ვაზისა და ღვინის შესახებ მომზადებული ცვლილებები წარუდგინა. ცვლილებები მომზადდა სამუშაო შეხვედრაზე, სახელმწიფო, არასამთავრობო და კომერციული სექტორების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით.
რა ცვლილებებს მოიცავს საქართველოს კანონის ვაზისა და ღვინის შესახებ ახალი რედაქცია, ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, გიორგი სამანიშვილს.
- საინტერესოა თქვენი ზოგადი შეფასება, თუ რა თვალსაზრისით დაიხვეწა კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ. იცვლება პოლიტიკა, თუ ტექნიკური დეტალები?
- კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ პირველად შემუშავდა 1997 წელს, მისი მომზადების პროცესში ჩართული იყო ჩვენი დარგის ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა. ეს კანონი იყო პირველი დიდი რეფორმა პოსტ-საბჭოთა მეღვინეობიდან თანამედროვე მეღვინეობისკენ. შემდეგი ცვლილება 2002 წელს შევიდა ძალაში, ჩართულები იყვნენ იგივე პროფესიონალები. ამჯერად, კანონში, უკვე, ევროპული მიდგომები ჩაიდო. ამოიღეს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა - „საკოლექციო ღვინო“, „სამარკო ღვინო“ და პირველად დამკვიდრდა ტერმინები - „ადგილწარმოშობის დასახელება“ და სხვ. - ის ტერმინები, რაც თანამედროვე ენოლოგიაში მთელ მსოფლიოში მიღებულია. შემდეგ ამ რედაქციაში ცვლილებები შედიოდა, მაგრამ ეს იყო უფრო მეტად ტექნიკური, ფრაგმენტული ხასიათის დაზუსტებები. დღესდღეობით არსებული კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ საკმაოდ პროგრესულია, თუმცა, 2002 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და გარკვეული ასპექტით, ევროკავშირის კანონმდებლობას მაინც ჩამოვრჩით.
კანონში პრინციპული ცვლილებები არ შესულა, არ შეცვლილა მისი სტრუქტურა. ძირითადი - თანამედროვე, დასავლური - მიდგომები იგივე დარჩა. ანუ, ძირეული პოლიტიკა არ შეცვლილა. შეიცვალა ღვინოების კლასიფიკაცია, მსოფლიოს თანამედროვე და ადგილობრივი მეღვინეობის შესაბამისად, შეიცვალა, აგრეთვე, კონტროლის სისტემები, გაჩნდა რამდენიმე ახალი ტერმინი, ზოგიერთი მონაკვეთი, რომელიც ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, უფრო მეტად დაკონკრეტდა. ჩვენი მიზანია, კანონი იყოს მარტივი, ანუ ყველასათვის ადვილად გასაგები და დასაცავი.
რადგან მიზნებსაც შევეხეთ, ვაზისა და ღვინის შესახებ არსებული კანონის პრეამბულის მიხედვით, აღნიშნული კანონის მთავარი მიზანია ფალსიფიკაციასთან ბრძოლა. ჩვენ ვთვლით, რომ დღეს, 2015 წელს ფალსიფიკაცია, როგორც პრობლემა და მით უმეტეს, როგორც დიდი პრობლემა, აღარ არსებობს. შესაბამისად, ამ კანონის მთავარი მიზანი აღარ არის ფალსიფიკაციასთან ბრძოლა, არამედ - მეღვინეობის დარგის უფრო მეტად განვითარება და მისი მიახლოება განვითარებული მსოფლიოს მეღვინეობებთან. პრეამბულაში, ჩაიდო ისიც რომ მეღვინეობის დარგი საქართველოსთვის არა მხოლოდ ეკონონომიკურად, არამედ - ისტორიულად და კულტურულადაც მნიშვნელოვანია. მრავალსაუკუნოვანი ადგილობრივი ჯიშები, ღვინის დაყენების მეთოდები ჩვენი სიმდიდრეა. აღნიშნული კანონის მიზანი კი ამ ყველაფრის პოპულარიზაცია და მეღვინეობის კულტურის განვითარებაა.
ცვლილებების მომზადებისას ვიხელმძღვანელეთ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) განმარტებებით, ნორმატივებითა და სტანდარტებით. ტერმინთა განმარტებები მოვარგეთ საერთაშორისოდ მიღებულ ფორმულირებებს და, ამასთანავე, შევეცადეთ, კანონი ადგილობრივი გამოცდილებისადმი ადეკვატური ყოფილიყო.
- რა სიახლეები უკავშირდება კანონში ქვევრის ღვინოს?
ღვინოების კლასიფიკაციაში, ქართული გამოცდილების შესაბამისად, ჩავამატეთ ტერმინი - „ქვევრის ღვინო“, რომელიც ამ რეგლამენტის მიხედვით აუცილებლად უნდა იყოს დაყენებული ქვევრში, მინიმუმ, იმ წლის დეკემბრამდე. მიდგომა საკმაოდ ლიბერალურია, ჩვენ ტექნოლოგიაში, მეთოდში არ ვერევით, არ გვაქვს ასეთი მოთხოვნა, რომ ღვინო ქვევრში 6 თვის მანშილზე დაყოვნდეს. უბრალოდ, ჩვენ ვამბობთ, რომ ღვინო, რომელსაც „ქვევრის ღვინოს“ დავაწერთ, ქვევრში უნდა იყოს დამზადებული.
უფრო კონკრეტულად, თუ ადამიანს აქვს ერთტონიანი ქვევრი (ჭურჭელი), ის მხოლოდ 1 ტ. ქვევრის ღვინოს დაამზადებს, რადგან ყურძენი სეზონზე უნდა დაწუროს, დაადუღოს და დეკემბრამდე დააყენოს ქვევრში. იანვარში ახალ ყურძენს ვერ დაწურავს. ეს ერთგვარი პრევენციაა იმისა, რომ ვინმემ არ დააწეროს ღვინოს „ქვევრი“, რომელიც ქვევრში არ არის დაყენებული.
- თვითონ „ქვევრი“, როგორც ტერმინი არის თუ არა განმარტებული კანონში? ხომ არ არის კანონპროექტი კორელაციაში სტანდარტთან, რომელიც GIZ სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში მზადდება?
- ჩვენი მიდგომა არის ასეთი, ადამიანი, რომელიც ქვევრში ამზადებს ღვინოს, მან კარგად იცის, რომ ქვევრი არ უნდა გააფუჭოს. GIZ-ის ამ პროგრამის სამუშაო ჯგუფი მუშაობს, ქვევრის სტანდარტი მომზადების პროცესში, ისინი მსჯელობენ ბევრ ტექნოლოგიურ დეტალზე, რომლებზეც, ჩვენ ვთვლით, რომ დარგმა უნდა იმსჯელოს, თუმცა, კანონში ამის განმარტება არ არის აუცილებელი.
- „ქვევრის ღვინის“ გარდა, კიდევ რა ტერმინები დაემატა კანონს?
კანონში შევიდა, ასევე, ტერმინი „ქარვისფერი“, რომელიც გულისხმობს ქართული ტრადიციული მეთოდით, მაცერაციით დამზადებულ ღვინოებს. აქაც ზედმეტი განმარტებებისა და შეზღუდვებისგან თავი შევიკავეთ იმ მოტივით, რომ ტრადიციული მეთოდით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში აბსოლუტურად სხვა მეთოდებით მზადდებოდა ღვინოები. არანაირი შეზღუდვა არ არსებობს იმაზე, რომ „ქარვისფერი“ იყოს მხოლოდ კახეთში დამზადებული ღვინო და არა - დავუშვათ, სამეგრელოში. ჩვენ მიერ შემუშავებული წესებით მწარმოებლებს ეძლევათ საშუალება, ზუსტად განსაზღვრონ, რას დაარქვან „ქვევრის“ / „ქარვისფერი“ ღვინო. ყველა კეთილსინდისიერი მწარმოებელი ამ წესებს ითვალისწინებს.
საკმაოდ მნიშვნელოვანი ტერმონილოგიური ცვლილება დაკავშირებულია ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებთან. არსებულ კანონში ტერმინი ასეა ფორმულირებული - „განსაზღვრულ რეგიონში წარმოებული უმაღლესი ხარისხის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო“, და „გარკვეულ ზონაში წარმოებული უმაღლესი ხარისხის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო“. საკმაოდ რთული და გადატვირთული ტერმინებია, რომლებიც ევროკაცშირის ძველი რეგლამენტიდან იღებს სათავეს. ევროკავშირში 2007-08 წლებში შეიტანეს ცვლილებები, რომლითაც გაამარტივეს აღნიშნული ტერმინები. ჩვენც ასე გავაკეთეთ - ტერმინებს ზედმეტი განსაზღვრებები მოვაცილეთ და ახალ კანონპროექტში ასეთი ფორმულირება ჩავდეთ - „დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო“ და „დაცული გეოგრაფიული აღნიშნვის ღვინო“, ზუსტად ისე, როგორც არის მიღებული ევრორეგლამენტში - PDO, PGI.
გარდა ამისა, ბევრი მცირე დეტალი შეიცვალა, მაგალითად, სერტიფიცირების წესში დაზუსტდა „ლოტის“ განმარტება და სხვ. თუმცა პოლიტიკა იგივეა, უბრალოდ, კანონი არსებული რეალობის მიმართ უფრო ადეკვატური გახდა.
- კანონში ცვლილებები მხოლოდ ღვინოს არ შეხებია, რა სიახლეებს ითვალისწინებს კანონპროექტი სხვა ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში?
- სპირტიან სასმელებს რაც შეეხება, აქ გვქონდა საკმაოდ დიდი ჩამორჩენა. ზოგადად, აცდენილი ვიყავით ევროკავშირისა და OIV-ის განმარტებებს. მათ ყველაზე კარგად აქვთ განსაზღვრული - რა არის ბრენდი, ჭაჭის არაყი, ყურძნის არაყი. ჩვენი კანონი ამ მხრივ, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების კანონმდებლობის, ერთგვარი, ჰიბრიდი იყო. ამჯერად, რაც შეეხება, სპირტიან სასმელებს, კანონი უფრო მეტად მივუახლოეთ ევროპის რეგულაციებს, რომელიც, თავის მხრივ, არაჩვეულებრივად იცავს ტრადიციებს. ჭაჭის არაყი ევროკავშირის რეგლამენტებით ისე ზედმიწევნით არის განსაზღვრული, რომ ცვლილებები არც კი შეგვიტანია. ბრენდის შემთხვევაში დაკონკრეტდა რამდენიმე ტექნიკური დეტალი, მაგალითად, არსებულ კანონში არ იყო დაზუსტებული სპირტიანობის მაქსიმალური ზედა ზღვარი, რაც ახალ რედაქციაში აისახება.
- ახალი რედაქციის მიხედვით, რა ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტზე?
ეტიკეტირებაშიც შევიდა რამდენიმე ცვლილება. არსებული წესები მოქმედებდა მხოლოდ საქართველოში წარმოებულ ღვინოებზე, იმპორტირებულ ღვინოებზე კი არ ვრცელდებოდა. ჩავამატეთ, რომ ეტიკეტირების წესები იმოქმედებს აქ წარმოებულ და იმპორტირებულ ღვინოებზე.
საქართველოში წარმოებული ღვინის ეტიკეტზე, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვისაა განკუთვნილი, ქართულ ენაზე მხოლოდ სავალდებულო ინფორმაცია (პროდუქტის დასახელება, ალკოჰოლი, მოცულობა, ადგილწარმოშობის დასახელება და სხვ.) იქნება დატანილი. ექსპორტის შემთხვევაში, ეტიკეტის ენა ნებაყოფლობითია. იმპორტირებულ ღვინოზე, როგორც სხვა პროდუქციაზე, დაიკვრება სტიკერი, სავალდებულო ინფორმაციით ქართულ ენაზე.
- როდის შევა ცვლილებები ძალაში?
- კანონპროეტქი პარლამენტში უკვე წარდგენილია და ახლა უკვე პროცედურებზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ცვლილებები ძალაში შევა.
ესაუბრა ქეთო ნინიძე
12.06.15
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი