გამოქვეყნებულია: 3 ივნისი, 2010 - 18:49
ნინა ახლოური
როგორც იცით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოწვევით, 20-25 ივნისს ჩვენთან ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი ჩატარდება, ასევე გაიმართება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV –L’Organisation Internationale de la Vigne et du Vin) მერვე გენერალური ასამბლეა. თბილისში სტუმრების სიმრავლეა მოსალოდნელი – კონგრესის ფარგლებში ჩვენს დედაქალაქს 126 ქვეყნიდან 900 დელეგატი ესტუმრება.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ვაზისა და ღვინის მანამდე არსებული ოფისი შეცვალა, 2001 წლის შეთანხმების საფუძველზე დაარსდა. იგი სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციაა სამეცნიერო-ტექნიკური პროფილით და მისი ძირითადი საქმიანობა მეღვინეობის სფეროში კვლევების ჩატარება, რეკომენდაციების შემუშავება და წევრ სახელმწიფოებთან ერთად მათი შესრულების მონიტორინგია. OIV-ში 43 ქვეყანაა გაერთიანებული, ამასთან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე გარკვეულ ტერიტორიებსა და ორგანიზაციებს დამკვირვებლის სტატუსი აქვთ მინიჭებული. OIV ხელს უწყობს იმ ტერიტორიების დაცვას, სადაც ვაზი ხარობს, ასევე დიდ ყურადღებას უთმობს დარგის მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიას და ასევე ღვინის მომხმარებელთა ჯანმრთელობას. თავისი მიზნების განხორციელებისთვის ორგანიზაცია პერიოდულად აწყობს კონგრესს, სიმპოზიუმებს და სხვადასხვა ღონისძიებებს.
საქართველო ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესს პირველად არ მასპინძლობს. ჩვენს ქვეყანაში ის ჯერ კიდევ 1962 წელს გაიმართა. ამ მოვლენას მაშინდელ, ქართულ საბჭოთა პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაზეთი "ალაზნის განთიადი" ყოველდღე დეტალურად აღწერდა კონგრესის სხდომების მსვლელობას, სტუმრების ყოველ ვიზიტს კახეთში თუ სხვაგან. ორგანიზატორებმა ყოველი ღონე იხმარეს, რომ ქართული მეღვინეობის დარგი საუკეთესოდ წარმოეჩინათ: სტუმრებს დაათვალიერებინეს ღვინის ქარხნები, ყვარელის მიწისქვეშა მარანი, კახეთის ზვრები. კონგრესმა იმ პერიოდისთვის საკმაოდ პომპეზურად ჩაიარა – პროგრამაში არა მხოლოდ ღირსშესანიშნაობების ნახვა, არამედ ოპერა "დაისი" და ფილარმონიაში კონცერტიც კი შედიოდა. მასპინძლები ისეთი მონდომებულები იყვნენ, რომ ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და მეღვინეობის პროგრამის ფარგლებში უცხოელებს სოციალისტური ურბანიზმის მშვენება, ქალაქი რუსთავი და მისი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს მეტალურგიული კომბინატის ჩათვლით. მოკლედ, ყველანაირად შეეცადნენ, რომ კონგრესი მაქსიმალურად დასამახსოვრებელი ყოფილიყო როგორც მთელი დელეგაციის, ისე ორგანიზაციის მაშინდელი პრეზიდენტის, პიერ ლერუასთვისაც, რომელსაც იმ წელს უფლებამოსილების ვადა გასდიოდა.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ივ ბენარდი თავის მოწვევაში ამბობს: "პირადად მე ემბლემატურ და სიმბოლურ დატვირთვას ვხედავ იმაში, რომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის რანგში დავესწრო პირველ მსოფლიო კონგრესს და ამგვარად "შევცვალო" ბარონი პიერ ლერუა დე ბუზო მარი, რომელმაც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის მანდატი 1962 წელს საქართველოში ჩატარებული ბოლო კონგრესით დაასრულა"-ო.
თბილისში კონგრესის ჩატარების შესახებ ლაპარაკი 2006 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენს დედაქალაქს აღნიშნული ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ფედერიკო კასტელუჩი ეწვია. საბოლოოდ კი ეს გადაწყვეტილება გასულ წელს იქნა მიღებული ხორვატიაში, სადაც OIV-ის მორიგი კონგრესი გაიმართა. იქიდან დაბრუნებულმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა, სიხარულით ამცნო საზოგადოებას, რომ საქართველოში მომავალი კონგრესის გამართვა ზაგრების ფორუმმა ხმების უმრავლესობით გადაწყვიტა. მან ქართველ მეღვინეებს და ქართული ღვინის გულშემატკივრებს ეს ფაქტი მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობა ქართული ღვინისათვის, გავიდეს მსოფლიო ბაზარზე. კვეზერელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ასეთი დონის კონგრესის საქართველოში გამართვის შემდეგ, ქართული ღვინო უფრო ცნობადი და პოპულარული გახდება.
საქართველოს კონგრესის მასპინძელ ქვეყნად არჩევა ორი ძირითადი მიზეზის გამო მოხდა. "ჩვენი მხრიდან იყო წინადადება და ისინიც დათანხმდნენ, რადგან ძალიან აინტერესებთ ქართული მევენახეობა. გარდა იმისა, რომ საქართველო ვაზის სამშობლოდ ითვლება, არის სხვა გარემოებაც – აინტერესებთ ჩვენი, ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები. მათ არ აინტერესებთ მერლო და კაბერნე სოვინიონი, რომლებიც არის საფრანგეთში, ავსტრალიაში," - ამბობს ანა გოდაბრელიძე, იგი აღნიშნული კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარეა. ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მნიშვნელობას ივ ბენარდის მოწვევაშიც განსაკუთრებული ხაზი ესმევა, სადაც პირდაპირაა აღნიშნული, რომ ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი სტუმრებს "ისტორიასთან შესახებად" ეპატიჟება, საქართველო კი პლანეტაზე მევენახეობის ერთდროულად ისტორიულ და გეოგრაფიულ აკვნად არის მოხსენიებული. აქ OIV-ის პრეზიდენტი კიდევ ერთ სიმბოლურ დატვირთვაზე ამახვილებს ყურადღებას: "საქართველო, რომელმაც უახლოეს პერიოდში მოახდინა მრავალათასწლოვანი ტრადიციით მდიდარი მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის რესტრუქტურიზაცია, ახალ გამოწვევებთან ადაპტაციის მიზნით, იქნებ ემბლემატური ქვეყანაცაა, ტრადიციასა და ინოვაციას შორის არსებული კავშირების შესახსენებლად, რომლებიც ქმნიან მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის სიმდიდრეს."
"ეს არის ვაზისა და ღვინის სამეცნიერო–ტექნიკური კონგრესი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან OIV ძალიან სერიოზული სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციაა მსოფლიოში. ამასთან, საქართველოში ამ კონგრესის ჩატარება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ყველა წევრი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი და მინიმუმ იმას მაინც გაიგებენ, რომ საქართველო არსებობს. ამავე დროს იმასაც გაიგებენ, რომ საქართველოში მეღვინეობაც არსებობს, თანაც კარგი მეღვინეობა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი დარგის იმიჯისათვის. საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, ჩვენი ღვინის მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციაა, მაგრამ ჯერჯერობით მთავარი პრიორიტეტი მაინც ჩვენი მევენახეობის გაცნობაა უცხოელებისათვის. ამასთან, თუ დარგს კარგად ვერ წარვუდგენთ, ჩვენი ღვინის პრესტიჟიც დაეცემა და იმიჯიც შეიძლება შეირყეს. თუ ჩვენი მევენახეობა კარგად წარმოვაჩინეთ, ჩვენი ქვეყნის სახელიც გაიზრდება. თუმცა რევოლუციურ ცვლილებას ექსპორტში ნამდვილად არ ველით. ეს კონგრესი უბრალოდ ერთ-ერთი საფეხურია იმისათვის, რომ დარგი განვითარდეს," - ამბობს გიორგი სამანიშვილი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს კონგრესის მოსამზადებელ სამუშაოებში და არის კომისიის წევრი, რომელმაც შეარჩია მევენახეობის დარგში წარსადგენი ნაშრომები.
ანა გოდაბრელიძე მიიჩნევს, რომ ქართული მეღვინეობის დარგისთვის აღნიშნული მოვლენა ძალიან კარგ შედეგებს მოიტანს, რადგან თემები, რომლებიც განხილული იქნება ამ კონგრესზე, ძალიან საინტერესოა. ჩამოვლენ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, იქნება ბევრი მოხსენება ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მეთოდებზე მევენახეობაში, ასევე მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, რაც თავისთავად, ხელს შეუწყობს ჩვენში მეღვინეობის განვითარებას. დიდი მნიშვნელობა ექნება ასევე კონგრესის შემდგომ ტექნიკურ ვიზიტებს.
კონგრესის თემატიკა კი მართლაც ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. ახალი კონგრესისთვის OIV-მა ორი ძირითადი მიმართულება გამოჰყო: მევენახეობის და მეღვინეობის გარემო – დაცვა და გაუმჯობესება და მეორეს მხრივ, ახალი ტექნოლოგიები, ახალი გამოწვევები. ამასთან, არსებობს ამ ორი მიმართულებისადმი მრავალდისციპლინარული მიდგომა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში მიმდინარე დებატების გამოცოცხლებას სამწლიანი სტრატეგის ფარგლებში. იგი აერთიანებს ისეთ საინტერესო თემებს, როგორებიცაა: გენეტიკური რესურსები, ბიოტექნოლოგიები და ინოვაციური მეთოდები მევენახეობაში, გენმოდიფიცირებული პროდუქტები, ეკოლოგიური "რისკების" მართვა და ა.შ. "ერთობლივად გაცნობის და შერჩევის კომიტეტმა", რომელიც შედგება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლებისგან და ორგანიზატორი ქვეყნის სამეცნიერო კომიტეტის წევრებისგან, უკვე შეარჩია წინადადებები თეზისის შესახებ და შეაფასა სექციების ფარგლებში, თემატიკის შესაბამისად. კონგრესის ოფიციალური ენებია: ინგლისური, ფრანგული, ქართული, გერმანული, იტალიური და ესპანური. ყველა პლენარული თუ პარალელური სამუშაო სხდომისთვის სინქრონული თარგმანი იქნება უზრუნველყოფილი.
როგორც უკვე მოგახსენეთ, კონგრესი 20-25 ივნისს თბილისში გაიმართება. 21 ივნისს დაგეგმილია გახსნითი სესია რუსთაველის თეატრში. პროგრამა, როგორც კონგრესის მონაწილეთათვის, ისე მათი თანმხლები პირებისათვის, საკმაოდ მრავალფეროვანია. კონგრესის მთავარი ნაწილი, რა თქმა უნდა, სამეცნიერო სესიებია, რომლებიც პირველი სამი დღის განმავლობაში ჩატარდება. ბოლო დღეს გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართება, წინა დღით კი ყველა მონაწილეს კახეთი უმასპინძლებს, სადაც იგეგმება ტექნიკური ვიზიტი, ასევე ღონისძიება წინანდლის რეზიდენციაში. საინტერესო პროგრამაა შედგენილი თანმხლები პირებისათვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის უცხოელებისათვის გაცნობას ემსახურება. იგი მოიცავს ექსკურსიას როგორც თბილისის ისტორიულ ნაწილში, ასევე მცხეთასა და დავით გარეჯას უდაბნოში და არქეოლოგიური მემკვიდრეობის ჩვენების მიზნით ერთდღიან ექსკურსიას დმანისში, საყდრისსა და ბოლნისში. ამასთან დაგეგმილია კონგრესის შემდგომი ტურებიც ყაზბეგის რაიონში, ლაგოდეხის ეროვნულ პარკსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ამ ტურებში მონაწილეობა ფასიანია და ღირებულება განსხვავდება ადგილის დანიშნულების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ 1962 წლისგან განსხვავებით, ამჯერად მონაწილეებს არ ელით ოპერაში მისვლისა და ქალაქ რუსთავის სოციალისტური ხიბლით მინიჭებული სიამოვნება, მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ სტუმრები უკმაყოფილოები არ წავლენ და საერთაშორისო მასშტაბით როგორც ჩვენი ღვინის, ისე ქვეყნის პრესტიჟიც ერთი-ორად გაიზრდება.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თქვენი კომენტარი