Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მევენახეობა-მეღვინეობა სამეგრელოში

გიორგი ბარისაშვილი

მოკლე მიმოხილვა

სამეგრელო მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით მეტად საინტერესო რეგიონია, სადაც ახლო წარსულში სოფლის მეურნეობის ეს დარგები ძალიან მაღალ დონეზე იდგა. ამაზე უამრავი ისტორიული წერილობითი წყარო მეტყველებს, თუმცა ამჯერად ჩვენ ამ საგანთა განხილვაზე არ შევჩერდებით.

  დიდად სამწუხაროა, რომ ამჟამად სამეგრელოში მევენახეობა-მეღვინეობისა და განსაკუთრებით კი მეგრული ვაზის ჯიშების გავრცელების საკითხი ცუდ დღეშია და ჩვენგან თხოულობს დახმარებას. ზოგადად ვაზის ჯიშთა წარმოქმნის კოლხეთის კერის ჯიშები და კონკრეტულად კი მეგრული ვაზის ჯიშები უდაოა, რომ ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანია, ხოლო ამავე ჯიშებში მეგრული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში - ოჯალეში ნამდვილ მარგალიტს წარმოადგენს, როგორც საქართველოში, ისე, შეიძლება ითქვას, მთელს მსოფლიოშიც. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც, რატომღაც თვლიან, რომ ოჯალეში არ არის ქართული ვაზის ჯიში და ის უცხოეთიდანაა შემოტანილი, რაც, რა თქმა უნდა, სიცრუეა!

  თვალი გადავავლოდ მეგრულ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალს, მათ შეფერილობებსა და დანიშნულებებს: აბშილური, იგივე ავშილური (წითელყურძნიანი), აფხაზურა (თეთრყურძნიანი), გოდაათური (ღია შავი), გრეხი (წ), დედოფლის კითი (თ), დუდღუში (თ), დღვლაბე (თ), ეგურძული (თ), ვერნახი (წ), ზერდაგი(თ), თეთრიშა(თ),  თხურთხუ (თ), კაპისტონი მეგრული (თ), კეთილური (წ), კერთოლი (წ), კვაწახურა (თ), კოლოში (წ), კუტალა (წ), ლაგილური (თ), მაჭყვატური (წ), მუხიშხა (წ), ოფოფი (თ), ოქონა (თ), ოჯალეში (წ), პანეში (წ), პუმპულა (წ), საკუმა (თ), სამაჭრო (თ), უგვარო (წ), უჩაჭუბერი (წ), ჩეკოლოში (თ), ჩერგვალი (თ), ჩეში (თ), ჩეჩქიში (თ), ჩეჭიფეში (თ), ჩეხარდანი (თ), ჩიჩკიში (თ), ჩხაბერძულა (წ), ჩხოროკუნი (წ), ჩხუში (წ), ჩხუჩეში (წ), წალენჯიხის თეთრი (თ), ჭვიტილური (თ), ჭითაში (წ), ჭოტიში (თ), ჭუბერი (თ), ხოჯისთოლი (იგივე ხარისთვალა მეგრული) (წ). წყარო: ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე – "საქართველოს ამპელოგრაფია". თბილისი, 1960 წ.  

ამ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სამეგრელოში 47 ადგილობრივი ვაზის ჯიშია, საიდანაც 20 წითელყურძნიანია, ხოლო 27 კი თეთრყურძნიანი. სამეგრელოს ვაზის ჯიშთა სორტიმენტიდან ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები მხოლოდ ორ ჯიშსა აქვს, ესენია: აბშილური, იგივე ავშილური და დუდღუში. რაც შეეხება ყურძნის დანიშნულებებს, მეგრულ ვაზის ჯიშთა აბსოლუტური უმრავლესობა საღვინე მიმართულებისაა. თუმცა გვხვდება ერთდროულად საღვინე და სასუფრე დანიშნულების ჯიშებიც, მაგალითად: ჩერგვალი, ჩეჭიფეში, პანეში. საღვინე დანიშნულებისა და ამასთან ყურძნის წვენის წარმოებისათვის პერსპექტიული ჯიშია, მაგალითად აბშილური. ხოლო ხარისხიანი სუფრის ყურძნის მომცემი ჯიშია "ხოჯისთოლი", იგივე ხარისთვალა მეგრული.

  ფილოქსერას გამოჩენამდე სამეგრელოში მევენახეობა საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარა და კარგადაც ყოფილა განვითარებული. სამწუხაროდ, ფილოქსერასა და ასევე სოკოვანი დაავადებების გამოჩენის შემდეგ სამეგრელოში მევენახეობას ურთულესი პერიოდი დაუდგა. შემდგომში, საბჭოთა კავშირის პერიოდის დროს დარგს გარკვეული განვითარება დაეტყო. თუმცა ადგილობრივი ვაზის ჯიშების მოსახლეობაში გავრცელების საქმე მაინც უკანა პლანზე იყო გადაწეული. რეგიონში ძირითადად იმერული ვაზის ჯიშები და უპირატესად ცოლიკოური იყო გავრცელებული. სამეგრელოს მევენახეობის პრობლემატიკაზე საინტერესო ცნობებს ვკითხულობთ ერმილე ნაკაშიძის  წიგნში – „მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში“. თბილისი, 1929 წ.

  მაქსიმე რამიშვილის წიგნში – "გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები". თბილისი, 1949 წ. ვკითხულობთ, რომ 1945 წლისათვის სამეგრელოში 2787 ჰექტარი ვენახი ყოფილა გაშენებული...

 ძალიან სამწუხაროა, რომ, როგორც ოჯალეშის, ისე სხვა, არაერთი უნიკალური ვაზის ჯიშის მშობელი მხარე – სამეგრელო დღეს ფაქტობრივად უქმადა სცდება. თუ არ ჩავთვლით სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელ მაგალითს, მევენახეობის მხრივ სამეგრელოში მართლაც, რომ სავალალო მდგომარეობაა. ამას ემატება ისიც, რომ ერთ დროს შინამრეწველობის დარგით – მექვევრეობით განთქმულ მხარეში დღეს ქვევრი აღარ კეთდება, არადა განსხვავებული სტილით გამორჩეული მეგრული ქვევრი ნამდვილად არ ჩამოუვარდება არც იმერულს, არც კახურს და არც გურულ ქვევრებს. მეორე მხრივ, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება მოინდომებს, ამ საქმის გადარჩენა ჯერ კიდევაა შესაძლებელი...  

 ამჯერად გვინდა შევეხოთ ერთ, მეტად საინტერესო და უნიკალურ ვაზის ჯიშს, რომელიც დიდად პერსპექტიულია და მაღალი ღირსების ღვინოსაც იძლევა. ეს გახლავთ სამეგრელოს თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში „ჭვიტილური“. ცნობებს ამ ჯიშის შესახებ ვკითხულობთ წიგნში „საქართველოს ამპელოგრაფია“. თბილისი, 1960 წ. (ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე) საიდანაც ვიგებთ: „ჭვიტილური სამეგრელოს მოსახლეობაში ცნობილია დამატებითი სახელებით: ჭვიტილოური და ჭყვიტილური. გადმოცემით ირკვევა, რომ წარსულში ჭვიტილური მასობრივად ყოფილა გავრცელებული სამეგრელოს მთისპირა მიკრორაიონებში (წალენჯიხაში, კორცხელში, ნაკიფუში, ჩხოროწყუში, საჩინოში, ფოცხოში, უშაფათში, მუხურში, მარტვილში, კიწიაში, თამაკონში, სალხინოსა და მათ მომიჯნავე სოფლებში. ჭვიტილურის მაღლარები ჯიშისათვის დამახასიათებელი, საკმაოდ ძლიერი ზრდა-განვითარებით ხასიათდებოდა და უხვ მოსავალსაც იძლეოდა. მის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ღვინის დასაყენებლად და „ჭვიტილურის ღვინო“ სახელგანთქმული ყოფილა არა მარტო სამეგრელოში, არამედ მთელს დასავლეთ საქართველოში. გადმოცემით, იგი კარგად იტანდა ტრანსპორტირებას და როგორც საუკეთესო გემური თვისებების მქონე, ჰარმონიული, შინაარსიანი ღვინო, ხანგრძლივადაც ინახებოდა. რაც შეეხება მის ბოტანიკურ დახასიათებას, მოვიყვანთ მოკლე ცნობებს ხსენებული წიგნიდან. ზრდასრული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა და მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმისაა. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია მონაცრისფრო ქეჩისებრი ბუსუსებით. ყვავილი ორსქესიანია, ნორმალური განვითარებით. მარცვალი მოყვითლო-ყავისფერია, საშუალო ზომისაა და აქვს მომრგვალო ფორმა. საკმაოდ სქელკანიანია, წვნიანი და ხორციანია, გემო სასიამოვნო და ტკბილი აქვს. კანი რბილობს ძნელად სცილდება. ჭვიტილურის კვირტების გაშლა მიმდინარეობს აპრილის პირველ ნახევარში. ყვავილობის პირველი ნიშნები ვაზს ემჩნევა მაისის დამლევს და ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში 12 ივნისამდე გრძელდება. ყურძნის შეთვალება იწყება 20-25 აგვისტოდან. ხოლო მასობრივად ყურძენი ოქტომბრის ბოლოს მწიფდება.

  სამეგრელოს მთისპირა სოფლებში ჭვიტილური საშუალოზე ძლიერად იზრდება. ჯიში დიდ მგრძნობელობას იჩენს ჭრაქისადმი. დაკვირვება ცხადყოფს, რომ ჭვიტილური ძლიერი ზრდა-განვითარებისა და უხვმოსავლიანი ჯიშია, განსაკუთრებით ღრმა-ღონიერ ნიადაგებზე. ფერდობ და ხირხატ ადგილებში მისი ზრდა თუმცა შენელებულია და მოსავალიც შედარებით მცირე მოდის, მაგრამ სამაგიეროდ პროდუქცია განსაკუთრებული მაღალი გემური თვისებებით, სინაზითა და ჰარმონიულობით ხასიათდება. სწორედ ამგვარმა ადგილებმა გაუთქვა სახელი ჭვიტილურის ღვინოს. აქედან ცხადია, რომ ამ ჯიშისაგან მაღალხარისხიანი პროდუქციის მიღების მიზნით მისი გაშენება აუცილებლად სამეგრელოს მთისპირა სოფლებში, სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ და მზით უხვად განათებულ ნაკვეთებზე უნდა ხდებოდეს. როგორც აღინიშნა, ჭვიტლურის ღვინო მაღალ გემურ თვისებებთან ერთად, კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია. ვაზზე დატოვებული ჭვიტილურის ყურძენი საკმაოდ დიდხანს ინახება და არ ლპება. გადმოცემით, ყურძენს ხშირად ტოვებდნენ მაღლარ ვაზებზე და საჭიროების მიხედვით კრეფდნენ დეკემბერ-იანვარში“.

  როგორც ვნახეთ, ჭვიტილური საკმაოდ პერსპექტიული ჯიშია და იმედს გამოვთქვამთ, რომ სამეგრელოში ამ ჯიშს კვლავაც გაამრავლებენ. ზოგადად, მეგრული ვაზის ჯიშების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას და გამრავლებას დიდად შეუწყობს ხელს სამეგრელოში ვაზის საკოლექციო ამპელოგრაფიული ნაკვეთისა და სანამყენეს მოწყობა. ცხადია, ამ საქმეს არა მოყვარულები, არამედ შესაბამისი ცოდნა გამოცდილების კადრები ესაჭიროება. ეს კი დიდადაა დამოკიდებული ადგილობრივი ხელისუფლების კეთილ ნებაზე...

  ჩვენი მოკლე მიმოხილვის დასასრულს არ შეიძლება არ აღინიშნოს ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ღვაწლი ოჯალეშისა და ზოგადად სამეგრელოს ვაზის ჯიშების გამრავლების საკითხში. მისივე კურთხევით სალხინოს მონასტერში გაშენებულ ოჯალეშის ვენახებს მონასტრის წევრები ეკოლოგიური მევენახეობის პრინციპებით უვლიან და ამგვარად მოწეული ყურძნისაგან აყენებენ ნატურალურ ღვინოს, რაც ნამდვილად მისაბაძი მაგალითია!

გარდა სალხინოს მონასტერში გაშენებული ვენახისა, მნიშვნელოვანია, რომ სოფელ ოდიშში და ახალსოფელში 7 წლის წინ გაშენდა ოჯალეშის საკმაოდ მოზრდილი ვენახები (მთლიანობაში 8 ჰა), რომელსაც ღვინის მწარმოებელი შ.პ.ს. „დორემი“ აგრეთვე ეკოლოგიური მევენახეობის პრინციპებით უვლის. ამავე ვენახებში, ახლო მომავალში იგეგმება მეგრული ვაზის ჯიშების, ჭვიტილურისა და ჩეშიც გაშენება. ასევე ნამდვილად აღსანიშნავია ზაზა გაგუას მოღვაწეობაც, რომელიც ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ოჯალეშის ღვინო, ასევე ნატურალური მეღვინეობის პრინციპებით ჩამოასხა. იგი ასევე ზრუნავს, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში მოაწყოს ვაზის სანერგე მეურნეობა, საიდანაც შემდგომში მოხდება მეგრული ვაზის ჯიშების გავრცელებაც. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული