Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მევენახეობა კახეთში

მაქსიმე რამიშვილი


ძეგლის მეგობარი - 1968, N16
    ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი პირობების შეთანწყობა და ვაზის ჯიშთა სიუხვე ქართველ მევენახეს ყოველთვის უქმნიდა პირობას ხანგრძლივი შერჩევის შედეგად მიეღო ისეთი მაღალხარისხოვანი ჯიშები, როგორიცაა: საფერავი, რქაწითელი, ციცქა, ჩინური, ცოლიკოური და სხვა. დასახელებული ჯიშებიდან მიღებული პროდუქციით საქართველო სამართლიანად ითვლება მაღალხარისხოვან მეღვინეობის მწარმოებელ ძირითად მახრედ მსოფლიოში.
    კახეთი - საქართველოს რაიონებს შორის, მევენახეობის დარგის განვითარებით და პროდუქციის მაღალი ხარისხით დიდ ყურადღებას იმასხურებს.
    საქართველოს ამ საინტერესო კუთხეში გარდა აბორიგენული ჯიშების სიმრავლისა, რომელთაც თავისთავად ათასწლოვანი ისტორია გააჩნიათ, ამ მხარის მევენახეობის უძველესი წარსულის შესახებ არქეოლოგური მასალებიც მეტყველებენ.
    ჯერჯერობით მათი რიცხვი არც თუ ისე დიდია, მაგრამ უკანასკნელ ხანებში დაგროვილი მონაცემების მიხედვით უკვე ზოგიერთი დასკვნის გამოტანა შესაძლებელია.
    მევენახეობა-მეღვინეობის დამადასტურებელ უძველეს საბუთად დღესდღეობით, ითვლება 1951 წელს სოფ. ნინოწმინდაში აღმოჩენილი ყურძნის წიპწები, რომლებიც მოპოვებულია ძვ. წ. აღ. IV-III საუკუნეებით დათარიღებულ სამარხში. აქ ნაპოვნი 5 წიპწიდან ორი სხვადასხვა ჯიში გამოირჩევა. მათი მორფოლოგიური აღნაგობა აშკარად მიუთითებს, რომ ისინი უკვე სრულიად ჩამოყალიბებულ კულტურული ვაზის ჯიშებს მიეკუთვნებიან. ჯიშებს, რომელთა ამ სახით ჩამოყალიბებას, დაკვირვებული მეურნის რამდენიმე საუკუნის შრომა მაინც დასჭირდებოდა. ამჟამად აღმოჩენილია ძვ.წ. X ს. დათარიღებული წიპწები (უფლისციხე).
    მევენახეობა-მეღვინეობის ფართო განვითარებაზე ანტიკურ ხანაში მიუთითებს დიდძალი ქვევრებისა და ქვევრსამარხების აღმოჩენის შემთხვევები მთელს ძველ ისტორიულ კახეთში (ახმეტის რაიონიდან –კახის რაიონამდე). სამარხებად გამოყენებულ ქვევრებს, ხშირად ემჩნევათ საღვინე ჭურჭლად გამოყენების კვალი, რაც იმაში გამოიხატება, რომ მათი შიდაპირი ძლიერ ნახეხია.
    ადრე და შუაფეოდალური ხანიდან კახეთის მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის გასაშუქებლად კიდევ მეტი ცნობები მოგვეპოვება. ადრეფეოდალური ხანის მონასტერ-სამოსახლოთა კომპლექსებში საკმაოდ ხშირად ჩნდება მარან-საწნახლები1.
    ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა იყალთოს მონასტრის ტერიტორიაზე, აკადემიის შენობის აღმოსავლეთით, ორსართულიანი შენობის პირველ სართულში არსებული უზარმაზარი საწნახელი, რომელიც სპეციალისტების მიერ IX-X საუკუნეებითაა დათარიღებული.
    ფეოდალურ ხანაში, როგორც ჩანს, გარდა იყალთოს ტიპის მარნისა, კახეთისათვის დამახასიათებელი ყოფილა მარნებისათვის სპეციალური ნაგებობების მშენებლობაც. ერთი ასეთი მარანი, რომელიც XI-XIII საუკუნეებითაა დათარიღებული, გათხრილია სოფ. მატანში ე.წ. მლაშეების გორაზე. იგი სრულიად დამოუკიდებელ და საკმაოდ კარგად ნაგებ შენობას წარმოადგენს, რომელსაც გადრა ორგანყოფილებიანი დიდი საწნახლისა, აქვს ღვინის შესანახი მოზრდილი განყოფილება, სადაც ალბათ საშუალო სიდიდის 25-30 ქვევრი ჩაეტეოდა.
    არა ნაკლებ საყურადღებოა იაღსრის გორაზე შესწავლილი გვიანფეოდალური ხანის მარნის კომპლექსი, სადაც არქეოლოგთა გამოანგარიშებით აღმოჩნდა დაახლოებით 1000 დლ ტევადობის ქვევრები და ორი საწნახელი.
    მსგავსი ძეგლი არა ერთია აღმოჩენილი კახეთის მიწა-წყალზე, მაგრამ მოკლე ისტორიული სურათის საჩვენებლად ესეც საკმარისია.

***
    კახეთი საქართველოს ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ადმინისტრაციული დარაიონების მხრივ შეიცავს: საგარეჯოს, სიღნაღის, გურჯაანის, წითელწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონებს.
    რელიეფის თავისებურებების მიხედვით კახეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ვაკეს უჭირავს და იგი ძირითადად ალაზნის და ივრის ხეობაშია წარმოდგენილი.
    კახეთის ვენახების ძირითადი მასივები განლაგებულია მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეზე - ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე და მთავარი კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობებზე.
    სავენახე ფართობების ზღვის დონიდან სიმაღლე, ექსპოზიცია და ნაიდაგურ-კლიმატური პირობები სავსებით ხელშემწყობია კახეთში მევენახეობისა და ხარისხოვანი მეღვინეობის ფართოდ განვითარებისათვის.
    საქართველოს სსრ სოფლების მეურნეობის სამინისტროს ცნობით ვენახების საერთო ფართობი კახეთში უდრის 44859 ჰა-ს, რაც ცალკეული რაიონების მიხედვით შემდეგნაირად არის განაწილებული: გურჯაანის რაიონში 12,528 ჰა, თელავის 9599 ჰა, სიღნაღის 4362 ჰა, ყვარლის 5887 ჰა, ახმეტის 4026 ჰა, საგარეჯოს 4,818 ჰა, წითელ წყაროს 2576 ჰა, ლაგოდეხის 1063 ჰა.
    როგორც ამ მასალიდან ჩანს, ვენახების ფართობის სიდიდით პირველი ადგილი გურჯაანის რაიონს უჭირავს, შემდეგ მოდის თელავისა და ყვარლის რაიონები ხოლო ყველაზე მცირე ფართობზეა ვენახები ლაგოდეხის რაიონში.
    კახეთში ბევრია სპეციალიზებული მევენახეობის საბჭოთა მეურნეობანი, რომელთაც უდიდესი როლი შეასრულეს მევენახეობის დარგის აღდგენისა და განვითარების საქმეში. აქედან აღსანიშანვია: ხირსის, მუკუზნის, კარდანახის, ყვარლის, წინანდლის, მანავის, ახმეტის, ნაფარეულის საბჭოთა მეურნეობანი. ბევრია აგრეთვე სპეცალიზებული მევენახეობის კოლმეურნეობანიც.
    ვაზის მავნე მწერის, ფილოქსერას გავრცელებამდე ვენახებს, კახეთში საკუთარ ძირში აშენებდნენ, რაც მნისვნელოვნად ამცირებდა გაშენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს; ამავე დროს სამუშაოები დროის მცირე მონაკვეთშიაც სრულდებოდა.
    ამ მავნებლის გავრცელების შემდეგ მნიშვნელონად შეიცვალა მდგომარეობა. მკვეთრად შემცირდა ვენახების ფართობი კახეთში, მაგრამ შემდგომ პერიოდში, წამყვან მევენახეობაზე გადასვლით იგი კვლავ აღდგა და სწრაფი ტემპით განვითარდა.
    წამყვან მევენახეობაზე გადასვლასთან დაკავშირებით კახეთში ჩამოყალიბდა საძირე ვაზის სადედე და სპეციალიზებული ვაზის სანერგე მეურნეობანი.
    საძირე ვაზის სადედე მეურნეობანი ძირითადად საბჭოთა მეურნეობის ხაზითაა წარმოდგენილი. მისი საერთო ფართობი კახეთში 600 ჰა-მდეა. ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზის ჯიშებიდან გავრცელებულია რიპარია-რუპესტრის ჰიბრიდები - 3309 და 10114. ამ უკანასკნელ პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ბერლანდიერი რიპარია 5ბბ-ს ფართოდ გავრცელებას, რადგან ძლიერი ზრდისა და ლერწის უხვი მოსავლის მიღებასთან ერთად ახასიათებს სანამყენოსთან კარგი შეხორცება, კირიან ნიადაგებში დაუბრკოლებელი განვითარება და რეგულარული მოსავლიანობა.
    წამყვანი ვაზის წარმოება კახეთში საკმაო მაღალ დონეზეა დაყენებული. კახელმა მევენახემ კარგად იცის წამყვანი ნერგის გამოყვანასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო. ნიადაგური პირობებიც მეტად ხელშემწყობია ვაზის სანერგე მეურნეობის წარმოებისათვის. იმ მეურნეობებში, სადაც მაქსიმალურად არის გამოყენებული მეცნიერების მიერ მოპოვებული მიღწევები და ღონისძიებათა სისტემა, წამყვანი ნერგის დიდ გამოსავალსაც იღებენ, რაც ზოგჯერ საშუალოდ 50%-ს აღწევს (ახმეტა, რუისპირი, მუღანლო). მაგრამ ზოგან მას მცირე ხარისხოვანი ადგილი აქვს დათმობილი, რის შედეგად ხარისხოვანი ნერგის საერთო გამოსავალი 30-35% არ აღემატება.
    საჭიროა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, რათა ნერგის სიმეტრიის გამო არ დაუშვან ვაზის საკუთარ ძირზე გაშენება, რასაც ადგილი აქვს ზოგიერთ მეურნეობაში და სამუშაო პროცესების რაციონალურად ჩატარებით მიაღწიონ პირველხარისხოვანი სარგავი მასალის მაქსიმალურ გამოსავლიანობას.
    ვენახის გაშენებასთან დაკავშირებული სამუშაოები, როგორიცაა სავენახე ფართობების შერჩევა, გამოყოფა და მათი საბოლოო მომზადება გასაშენებლად აგროწესებით გათვალისწინებულ ვადებში და ხარისხით ტარდება. აქვე აღსანიშნავია ვაზის მუდმივ ადგილზე დარგვის საკითხი. იმის გამო, რომ რაიონებს ვენახების გაშენების დიდი გეგმები აქვთ მიცემული, დარგვის სამუშაოთა დროის მცირე მონაკვეთში შერსულების მიზნით მევენახეები მიმართავენ დარგვის მეტად მარტივ და შეიძლება ითქვას, მავნე ღონისძიებას - ვაზის პალოთი დარგვას. ერთწლიანი, გახარებული ნერგების ფესვთა სისტემის ძირშივე დაკვეცით. ვენახების ამ წესით გაშენებას მიმართავენ უპირატესად საბჭოთა და კოლექტიურ მეურნეობებში. სწორედ ამის შედეგია ის დიდი სიმეჩხერე, რასაც ადგილი აქვს კახეთის მევენახეობის რაიონებში. ვენახების გაშენება, როგორც წესი, უნდა ვაწარმოოთ ნერგების ორმოებში დარგვით. ამ დანიშნულებით დიდ მასივებზე ფრთოდ უნდა იქნეს გამოყენებული ჰიდრობურღებით და ნერგდამრგველი მანქანით დარგვა. ჰიდრობურღით დარგვას მეტად დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან სამუშაოს სწრაფად შესრულებასთან ერთად, ნერგს დარგვისთანავე ეძლევა წყალი და სასუქი, რაც აპირობებს გახარების დიდ ეფექტს, ვაზების ნორმალურ ზრდა-განვითარებას და ადრე შესვლას მსხმოიარობაში.
    იმ ვენახებში, სადაც კვების არედ 3 კვ. მეტრია აღებული, ძირითადი სამუშაო პროცესები, როგორიცაა: ნიადაგის მოხვნა, კულტივაცია, სასუქების შეზიდვა, სოკოვან დაავადებასთან ბრძოლა მექანიზებული წესით სრულდება, რაც სამუშაოს დროის მცირე მონაკვეთში ჩატარებასთან ერთად, მუშახელის დაზოგვის გამო მკვეთრად ამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას.
    ვაზის გასხვლა-ფორმირება ძირითადად ორმხრივი შპანერული წესით სრულდება. ამ მიზნით ვაზს ეძლევა ორი - 2-3 კვირტიანი სამამულე და ორი 7-9 კვირტიანი სანაყოფე. შედარებით კარგად განვითარებულ ვენახებში და ძლიერად მოზარდ ვაზებზე გამოყენებულია თავისუფალი წესით ფორმირება. ამ შემთხვევაში ვაზს ეძლევა რამდენიმე სანაყოფე და სამამულე და ღონის შესაბამისად თვითოეული ძირი იტვირთება 20-40 კვირტამდე, რაც სათანადო მოვლა აღზრდის პირობებში უზრუნველყოფს უხვი მოსავლის მიღებას.
    მევენახეობის საბჭოთა და სპეციალიზებულ კოლმეურნეობებში ვენახების ძირითადი მასივები სარ-მავთულზეა დაყენებული. ვაზის შტამბის სიმაღლედ დადგენილია 45-50 სმ. სარ-ბოძები უპირატესად ბეტონირებულია.
    ვაზის სიმეჩხერესთან ბრძოლა, რასაც ადგილი აქვს კახეთის ყველა მეურნეობაში, ტარდება ჩვეულებრივ რქების გადაწვენით, ან მთელი ვაზის ჩაწვენით, როგორც ეს მევენახეობის აგროწესებითაა გათვალისწინებული. ერთი მოცდენილი ადგილის შესავსებად მიმართავენ აგრეთვე ძლიერად მოზარდ ვაზიდან კარგად განვითარებული რქის გადახეივნებას.
    კახეთის მევენახეობის რაიონებში ფართოდაა გავრცელებული ვაზის ჭრაქი, ნაცარი, თეთრი და შავი სიდამპლე, ხოლო მავნებლებიდან ფილოქსერა, ცრუფარიანა, ყურძნისჭია, მარმარილოს ღრაჭა, მავთულაჭია, ვაზის აბლაბუდას  მკეთებელი ტკიპა და სხვ. დასახელებულ ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ გამოყენებულია ეფექტური ღონისძიებანი. ბრძოლა მავნებელ-ავადმყოფებთან ტარდება დროულად და მაღალხარისხოვნად, რაც აპირობებს უხვი და მაღალხარისსხოვანი პროდუქციის მიღებას.
    კახეთის მევენახეობის რაიონებს დიდ ზარალს აყენებს სეტყვა. წლის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ინტენსივობით მოსული სეტყვა ხშირად ხელცარიელს ტოვებს კახეთის მოსახლეობას.
    წინად გამოყენებული შუშხუნებით ბრძოლა, რაც ფართოდ იხმარებოდა სეტყვის წარმოშობაში ღრუბლების გასაფანტავად, უეფექტო აღმოჩნდა.
    ამ მავნე მოვლენისაგან ვენახების დასაცავად მეცნიერების მიერ ამჟამად დიდი მუშაობა ტარდება. უახლოეს ხანში ეს საქმე დადებითად გადაწყდება და საქართველოს მევენახეობის ეს ძირითადი მხარე გადაურჩება სეტყვის მავნე მოქმედებას.
    კახეთი მეტად მდიდარია ვაზის ადგილობრივი ჯიშებით. მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ ექსპედიციური გამოკვლევების შედეგად კახეთის მევენახეობის რაიონებში 60-მდე ვაზის ჯიშია მოპოვებული და ამპელოგრაფიული მეთოდებით დახასიათებული. ფილოქსერისა და სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელებამდე, ვაზის საწარმოო ჯიშები გაცილებით მდიდარი და მრავალფეროვანი იყო და ამის შესაბამისად მრავალი ტიპების ღვინოებიც მზადდებოდა. მაგრამ ამ მეტად საინტერესო ჯიშების ავადმყოფობათა და მავნებლებთან გაუძლისობის გამო საწარმოო ვაზის ჯიშების რაოდენობა და გავრცელების არეალი მკვეთრად შეიზღუდა და ამჟამად ძირითადი კურსი შედარებით გამძლე რქაწითელზეა აღებული.
    ამჟამად კახეთის ვენახების მთელი ფართობიდან 78%-მდე რქაწითელზე მოდის, 15%-მდე საფერავი შეადგენს, დაახლოებით 5% მწვანეა გავრცელებული, ხოლო ისტორიულად სახელმოხვეჭილ ჯიშის ხიხვს ანუ ჯანანურას მხოლოდ 0.2% ფართობი უჭირავს. ინტროდუქცირებული ჯიშებიდან ყურადღება ექცევა მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემ კაბერნეს გავრცელებას, თუმცა მისი ფართობი ამჟამად კახეთის ვენახების საერთო ნარგაობის მხოლოდ 0,3%-ს შეადგენს. დანარჩენი ჯიშები: ქისი, გრძელმტევანა, ჩიტისთვალა, ბუდეშური და სხვ. მხოლოდ ერთეული ძირების სახითაა შემორჩენილი.
    ეჭვს გარეშეა, რქაწითელი კვლავაც უნდა განვითარდეს, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიში, მაგრამ ამავე დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ძვირფასი კახური ჯიშების: საფერავის, მწვანეს, ხიხვის, ქისის და სხვათა ფართოდ გავრცელებას. დასახელებული ჯიშების დანერგვით დიდად შეუწყობთ ხელს მაღალხარისხოვანი, უნიკალური ღვინოების ფართოდ წარმოებას და კიდევ მეტად ავამაღლებთ ქართული ღვინის სახელს მსოფლიოს მევენახეობაში.
    აქვე მოგვყავს კახური ვაზის ჯიშების მოკლე დახასიათება.
    რქაწითელი თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშია. ფართოდ გავრცელებულია კახეთის მევენახეობის რაიონებში. ნაწილობრივ ქართლშიაც არის წარმოდგენილი. საქართველოს გარეთ რქაწითელი გავრცელებულია: აზერბაიჯანში, სომხეთში, დაღესტანში, მოლდავეთში, სამხრეთ რუსეთში და შუა აზიის რესპუბლიკებში. იგი ამჟამად ფართოდ ვრცელდება აგრეთვე ბალკანეთის ქვეყნებში, უპირატესად რუმინეთსა და ბულგარეთში. მისი ასეთი ფართო გავრცელება აიხსნება ეკოლოგიური პირობებისადმი განსაკუთრებული ადვილად შეგუების უნარით და ძვირფასი სამეურნეო ტექნოლოგიური მაჩვენებლებით.
    რქაწითელის პროდუქცია წარმატებით გამოიყენება მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინის, მაგარი და სადესერტო ღვინოების, საუკეთესო მაღალი ღირსების ყურძნის წვენისა და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნად.
    ჯიში მეტად პერსპექტიულია საბჭოთა კავშირის მევენახეობის ძირითადი რაიონებისათვის.
    საფერავი წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. მისი ძირითადი ნარგავები წარმოდგენილია კახეთში. გვხვდება აგრეთვე ქართლისა და იმერეთის ზოგიერთ რაიონში. საქართველოს გარეთ საფერავი გავრცელებულია სამხრეთ რუსეთში, შუა აზიაში, აზერბაიჯანში, დაღესტანში, უკრაინაში, მოლდავეთში და სომხეთში. საფერავის საერთო ფართობი საბჭოთა კავშირში 3-3,2 ათას ჰექტრამდეა და ამ მხრივ იგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება რქაწითელს. ამისი მთავარი მიზეზია ეკოლოგიურ პირობების მიმართ ნაკლებ შეგუების უნარი და ფილოქსერის მიმართ მეტად დიდი მგრძნობიარობა. სათანადო საძირეებზე დაყრდნობით და ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში გაშენებით საფერავი შეუდარებელი, მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემია.
    საფერავის პროდუქცია გამოყენებულია უნიკალური წითელი სამარკო და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. ცალკეულ მიკრორაიონში იგი იძლევა სრულიად ორიგინალურ მასალას ნახევრად ტკბილი ღვინის "ქინძმარაული"-ს დასამზადებლად.
    ჯიში მეტად პერსპექტიულია საბჭოთა კავშირის სამხრეთ მევენახეობის რაიონებისათვის.
მწვანე, კახური თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. გავრცელებულია საგარეჯოს, ახმეტის, თელავისა და ნაწილობრივ გურჯაანის რაიონებში. სხვა ადგილებში მწვანე კახური მხოლოდ კოლექციებშია გავრცელებული. მწვანეს ამგავრი შეზღუდული გავრცელება გამოწვეულია ნაცრის მიმართ მეტად დიდი მგრძნობიარობით. გარდა ამისა, ნიადაგისა და კლიმატური პირობების შეუფერებლობით. ხელშემეწყობ ეკონომიურ პირებებში გაშენებით მწვანე განსაკუთრებული მაღალი ღირსების პროდუქციის მომცემია. ასეთია სწორედ მანავის, იყალთოს, ახმეტის, რუისპირის, ნაფარეულის, წინანდლის, ვაზისუბნის და სხვა ადგილებში დამზადებული მწვანეს სუფრის ღვინოები. განსაკუთრებულ დიდ გემოიანობის მაჩვენებლებთან ერთად მწვანეს ღვინო გამოირჩევა თავისი სინაზით, ძლიერი ბუკეტით, შენახვის დიდი უნარით და ტრანსპორტაბელობით.
    ჯიში მეტად პერსპექტიულია კახეთის მევენახეობის რაიონებისათვის. იგი ფართოდ უნდა გამოიცადოს აგრეთვე საბჭოთა კავშირის მსგავს მევენახეობის რაიონებში.
    ხიხვი ანუ ჯანანურა თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. მცირე ნარგავებად გავრცელებულია გურჯაანის, თელავის, ახალციხისა და ახმეტის რაიონებში. დანარჩენ მხარეებში ხიხვი მხოლოდ კოლექციებშია, ხიხვის ასეთი შეზღუდული გავრცელება, მსგავსად მწვანისა, გამოწვეულია ნაცრის მიმართ სუსტი გამძლეობით. ნიადაგური და კლიმატური პირობების მიმართ მგრძნობიარობით და შედარებით მცირე მოსავლიანობით. ხელშემწყობ ეკონომიურ პირობებში გაშენებით და შესაფერისი აღზრდა-მოვლით (უპირატესად ხშირი წამლობით), ხიხვი იძლევა განსაკუთრებული მაღალი ღირსების პროდუქციას - უნიკალური, შინაარსით მდიდარი, ჰარმონიული, სურნელოვანი, შენახვის უნარიანი და ტრანსპორტაბელური სუფრის ღვინის ნახევრად ტკბილი და მაგარი სადესერტო ღვინოების დასასამზადებლად. იგი ამავე დროს როგორც რქაწითელის პროდუქციის გამაკეთილშობილებელი, წარმატებით გამოიყენება ამ უკანასკნელის საკუპაჟე მასალად.
    ჯიში მეტად პერსპექტიულია კახეთის მევენახეობის რაიონებისათვის. აგრეთვე საბჭოთა კავშირის სამხრეთ მევენახეობის რაიონებში გასავრცელებლად.
    ვაზის თითოეული  ჯიში ისტორიული ძეგლია. რქაწითელის, საფერავის, მწვანის, ხიხვის და სხვათა შექმნაზე ქართველმა მევენახემ ისეთივე დიდი შრომა დახარჯა და შეიძლება მეტიც, რამდენიც - სვეტიცხოვლის, ჯვრის მონასტრის, გელათის ან იყალთოს აკადემიის მშენებლობაზე. სამწუხაროდ, ჩვენს წინაპართა მიერ შექმნილ ამ უნიკალურ ძეგლებს არ ვიცავთ და კურსი შედარებით უფრო იოლი გზით გვაქვს აღებული. კახეთში ვრცელდება მხოლოდ რქაწითელი, ზემოთ დასახელებული ძვირფასი ჯიშები კი დავიწყებას ეძლევა.
ჩვენი მთავარი ვალია, განსაკუთრებული სიყვარულით მოვეკიდოთ ამ საქმეს, აღვადგინოთ და ფართო გავინთარება მივცეთ ისტორიულად ცნობილ კახური ვაზის ძვირფას ჯიშებს.

პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული