Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარტი – ქართული ღვინის აზიური გასტროლები

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ Prowein-ს თუ არ ჩავთვლით, 2016 წლის მარტი ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის აღმოსავლეთ აზიური გასტროლის თვე აღმოჩნდა. მარტის დასაწყისში, კვების პროდუქტებისა და სასმელების ინდუსტრიაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების, Foodex Japan-ის შემდეგ, საიდანაც ქართული ღვინის კომპანიები  ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ, სფეროს წარმომადგენლებმა ჩინეთში გადაინაცვლეს.

„ჩინეთში ახლა იწყებენ ღვინის აქტიურ გაცნობასა და მოხმარებას, შეიძლება ითქვას, რომ მათთან ღვინის გემოები სწორედ ახლა ყალიბდება, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო პირობებს ქმნის ამ ბაზარზე დასამკვიდრებლად. ჯიშების მრავალფეროვნება, ღვინის ქვევრში დაყენების უნიკალური ტექნოლოგია და მცირე წარმოების შესაძლებლობები, ის მახასიათებლებია, რამაც ქართული ღვინის წარმატებული ექსპორტი უნდა უზრუნველყოს“ - აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის და პიარის დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამთა ყველაიძე, რომელიც ჩინეთში, წელს გამართული ღონისძიებებიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

გამოფენები და სხვადსხვა ტიპის ღონისძიებები 19 მარტს, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუჭოუდან დაიწყო, სადაც ღვინის საერთაშორისო გამოფენა (China International Wine Fair – CIADE) მეათედ გაიხსნა. საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარს, აღნიშნულ გამოფენაზე შემდეგი ქართული კომპანიები წარმოადგენდნენ:  „მეღვინეობა ხარება“, „ბაგრატიონი 1882“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თელიანი ველი“, „შატო მუხრანი“, „თელედა“, GWS და „ბოლერო“. ქართულ დელეგაციაში იყვნენ ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი და სააგენტოს მარკეტინგული ჯგუფის მთავარი სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კახეთის რეგიონიდან, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და თელავის ვიცე-მერი ლევან ლილუაშვილი. გამოფენის ფარგლებში, რომელიც 21 მარტამდე გაგრძელდა, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციაც გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი სომელიე, ქსიუ რენქინგი უღვებოდა.

აღნიშნული გამოფენის შემდეგ, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა, სიჩუანის პროვინციის კიდევ ერთ ქალაქში, ჩენგდუში გადაინაცვლეს, სადაც 20 მარტიდან „ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა“ გაიხსნა. ღონისძიების პირველ ეტაპი მხოლოდ ღვინის იმპორტიორების, დისტრიბუტორების, სასტუმროების და რესტორნების წარმომადგენლების შეხვედრას გულისხმობდა, რის შემდეგაც გამოფენაში 15 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია ჩაერთო. მათ  შორის იყვნენ:  „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, „ბატონო“, „თელიანი ველი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ასკანელი ძმები“, „ქართული ღვინის სახლი“, „შალვინო“, „ბაგრატიონი 1882“, „მეღვინეობა ხარება“, „ქიმერიონი“ და სხვები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გამოფენების პარალელურად, ქართულ ღვინოსა და საკვებს აცნობდნენ პეკინის მცხოვრებლებსაც, რომლებიც საღმოობით პეკინის ჯაზ-სალონში იკრიბებოდნენ და სადეგუსტაციო-საგანმანათლებლო სემინარს ისმენდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ჩინურ ბაზარზე ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ქართული ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ჩინეთში ვიზიტები 2014 წლიდან დაიწყო. გამოფენებისა და სემინარების გარდა, წელიწადში ორჯერ საქართველოს ჩინელი იმპორტიორებიც სტუმრობენ. ჩინელი სპეციალისტებისთვის ქართული ღვინის გაცნობის მიზნით, ამ დროისთვის, პეკინში 6 სასერთიფიკატო კურსი მოქმედებს. თითო კურსში  30-მდე ჩინელი სპეციალისტი მონაწილეობს, რომლებსაც ლექცია-სემინარებისა და დეგუსტაციების შემდეგ,  სპეციალური სერთიფიკატიც გადაეცემათ.

2016 წლის მარტის ღონისძიებების შემდეგ, ქართული ღვინის კულტურის გაცნობის საშუალება ჩინელებს კიდევ რამდენჯერმე, მაისში, ჰონგკონგის ღვინის გამოფენაზე, ასევე სექტემბერსა და ნოემბერში მიეცემათ. სპეციალური ღონისძიებების განხორციელების საქმეში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივი კონტრაქტორი და მარკეტინგული კომპანიები, რომლებაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში სპეციალური ცენტრებიც კი შექმნეს.

ზემოთ დასახელებული ღონისძიებები მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც ქართული ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის კომპანიების მარკეტინგული ჯგუფები წარმატებული შედეგის მისაღწევად ახორციელებენ. წარმატების გაზომვა გარკვეული სტატისტიკური სურათითაც შეიძლება, რომელსაც ქართული ღვინის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წელი ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რაც იმაში გამოიხატება, რომ 2014 წელთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ 122%-ს მიაღწია (სულ ექსპორტირებული იყო 2 672 154 ბოთლი).

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



erti tvis cinandeli informacia sanamde unda idos ak?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.