Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სტიქიოსნობა

ზაზა ფაჩუაშვილი

32 წლის წინათ, როცა მე და მამაჩემი “ლაზის” მარკის ავტობუსში გავიჭედეთ და ლაგოდეხის რაიონის სოფელ კავშირისკენ წავრახრახდით, მშვენიერი დღე იყო და, თუ ჩვენი გადახრილი ავტობუსის ტექნიკურ მდგომარეობას არ გავითვალისწინებდით, სტიქიის მომასწავებელი არაფერი იგრძნობოდა.
40 მგზავრის ნაცვლად 80 სულიერი ერთეულით და უამრავი უსულო საგნით გატენილი ავტობუსი ასფალტამოტეხილ გზაზე ისეთი თამამი ამპლიტუდით მიირწეოდა, ნამდვილად გააკვირვებდა დღევანდელი “ნისანის” მონარნარე ელექტრომობილის კონსტრუქტორებს. დღეს მეც ძალიან მიკვირს, მოსახვევებში როგორ არ ვყირავდებოდით, მაგრამ მაშინ ამაზე სულაც არ ვფიქრობდი და ერთი სული მქონდა, როდის დაუძახებდა მხიარული მამაჩემი ჯმუხ მძღოლს, ე, მაქანა გამიჩერეო.
ძალიან მიყვარდა მამასთან ერთად სოფელში წასვლა. ეს სურვილი განსაკუთრებით გამიმძაფრდა 13-14 წლის ასაკში, როცა მამაჩემს უკვე მთელი დატვირთვით ვეხმარებოდი და იმის უფლებაც მქონდა, რომ სახიფათო სიმაღლეზე მის მაგივრად მე ავსულიყავი. უწონადობაში გადამყვანი სიხარული მეუფლებოდა ხოლმე, როცა ბოსლის სახურავზე ფიცრის დასაჭედებლად ან შიფერის გამოსაცვლელად ავდიოდი. მამაჩემი, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი კი დაბლიდან მგულშემატკივრობდნენ. ბაბუაჩემი გაღიმებული იდგა და მოჭუტული თვალები უწყლიანდებოდა; ბებიაჩემი ფორიაქობდა და კაცებს საყვედურობდა, ეს ბოვში რატო აუშვით მაღლაო. მამაჩემი თითქოს წყნარად მიყურებდა, მაგრამ ვამჩნევდი, რომ ჩემს ყოველ მოძრაობას იმეორებდა: ჩემთან ერთად მიხოხავდა, ჩემთან ერთად ამაგრებდა სიმძიმეებს, აჭედებდა, აძრობდა და ბოლოს საქმიანი ტონით დამიძახებდა, ჰე, ეყოფა ახლა, მაგას მეტი არაფერი უნდაო. მეც სანამ ჩამოვიდოდი, მთელ ძალებს ვიკრებდი, რომ სახეზე გამოხატული კმაყოფილება დამემალა, თუმცა ბებიაჩემთან რას გავხდებოდი. როგორც კი მომიგულებდა, მაშინვე მოიქცევდა ხელისგულებში ჩემს ლოყებს, სახეს ახლოს მომიტანდა და მიჩურჩულებდა:
- რა გიხარია, ბებია, გამისკდა გული, აღარ ახვიდე მაღლა. მაგას ბაბუაშენი და მამაშენი მიხედავენ.
მერე თითებს მომითათუნებდა, მუდარით სავსე თვალებით შემომხედავდა, რომ მისთვის დამეჯერებია და საქმეზე გატრიალდებოდა.
ამასობაში მამაჩემი და ბაბუაჩემი ახალ სიმაღლლეებს შეჰყურებდნენ და შეკეთების ვარიანტებზე ბჭობდნენ. მერე დავალებასაც მომცემდნენ და ისევ იწყებოდა ფარდულიდან გამოსული ბებიაჩემის გულისფანცქალი, რაც სასიამოვნო სიამაყით მავსებდა.
იმ დღესაც, 32 წლის წინათ, 4 საათის განმავლობაში საბჭოთა განზომილებაში მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა მივაღწიეთ გრიგოლას სანატრელ ბოგირამდე და შვებით ამოვისუნთქეთ. შებინდებული იყო, როცა ეზოში შევედით და განათებულ ფანჯარაში შევიხედეთ. მაგიდასთან ისხდნენ თავდახრილები. ბებიაჩემს ხელში ნემსი და ძაფი ეჭირა და თითქოს ცხვირთან მიტანილ ნაჭერს უმიზნებდა, ბაბუაჩემს კი თავი გაზეთში ჰქონდა ჩარგული. ფანჯარაზე კაკუნს რომ არავინ გამოეხმაურა, კარი შევაღეთ და… ჩათვლიმა, თურმე, ორივეს. იმ კარის ჭრიალზე ვინ არ გაიღვიძებდა და ატყდა “უიმე, თქვენ გენაცვალეთ და ვაიმე, თქვენი ჭირიმეს” ტრიალი. ბებიაჩემი არ შეცვლილა, ყოველთვის ასეთი იყო და პირიდან სულ თაფლი და თათარა ამოდიოდა. ბაბუაჩემი კი თავშეკავებით უმკლავდებოდა მოზღვავებულ სიხარულს. როგორ ვატყობდი? - ჩვენი დანახვისას პატარა ბავშვივით მოუგროვდებოდა ხოლმე ტუჩები, თითქოს ტირილი უნდა დაიწყოსო. ძლივს ახერხებდა გაღიმებას და გულში ჩაკვრას. მერე ცოტა შეყოვნდებოდა და ხელს რომ გაგიშვებდა, ჩვეულებრივი ვანო პაპა იყო, მაგარი კაცი, სოფლის თამადა და თავი. მიცვალებულსაც კი არ უშვებდნენ საფლავში მის მიერ წარმოთქმული გამოსათხოვარი სიტყვის გარეშე.
მოკითხვას უმალ მოჰყვა ყველი, პური, მჟავე, ჩახოხბილი და ლიტრანახევრიანი რქაწითელი, მაგრამ ბებიაჩემი რის ბებიაჩემი იქნებოდა, ხაჭაპურის, ჩიჟი-პიჟისა და შემწვარი წიწილას გარეშე რომ დავეძინებიეთ. ჩვენს სავახშმო იდილიას კი, ჩემი აზრით, ძალიანაც უხდებოდა შხაპუნა წვიმის ფონი. ერთი-ორჯერ ელვა და ჭექა-ქუხილი უსიამოდ კი შემოგვეჭრა ოთახში, მაგრამ რქაწითლით გათამამებულებს ამისთვის ყურადღებაც არ მიგვიქცევია. წვიმის გამო მეორე სართულზე ასვლა დაგვეზარა და ყველანი დაბლა, ჩვენს საყვარელ ოთახში დავწექით. ბებიაჩემმა ტახტზე მოისვენა, მამაკაცები კი “სეტკიან კრაოტებში” გამოვიჭიმეთ. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, როცა საბანში გავეხვიე, ჩავთბი და უფროსების ტკბილ საუბარს მივაყურე.
ზუსტად ვეღარ ვიხსენებ, რამ გამაღვიძა, წყლის სისველემ თუ უფროსების ხმაურმა, მაგრამ, როცა თვალი გავახილე, სველში ვიწექი, უფროსები კი მუხლამდე წყალში იდგნენ და აქეთ-იქით აწყდებოდნენ. უფრო სწორად, კარს ბებიაჩემი აწყდებოდა და ყვიროდა, გამიშვით, საქონელი დამეხრჩობა, ბაგაზე მიბმული დავტოვეო. ბაბუაჩემი და მამაჩემი კი აკავებდნენ, ქალო, რა დროს ძროხებია, ჩამოიქცა ცა, გარეთ რა გინდაო. ეს რა არის-მეთქი, - აღმომხდა ამასობაში და მამაჩემს მაშინ გავახსენდი მძინარე ბავშვი. სანამ ჩემამდე მოაღწევდა, საწოლზე წამოვხტი, მაგრამ “სეტკა” უფრო ჩაიწია და კოჭებამდე წყალში ჩავდექი. მამაჩემმა ხელში ამიყვანა და ტახტზე გადამიყვანა. სულ სველი ვიყავი. მერე, სანამ “ვეშოლკამდე” მივიდოდა, გასამშრალებელსა და ტანსაცმელს მომიტანდა, ბებიაჩემმა დრო იხელთა, ბაბუაჩემს გაუსხლტდა და გარეთ გავარდა. კარის გაღება და ოთახში ნიაღვრის შემოვარდნა ერთი იყო. მაშინ მთელი სიცხადით გავიგონე და დავინახე ჭექა-ქუხილის გამაყრუებელი ხმაური და ცეცხლოვანი მძვინვარება. ახლა, ამ სტრიქონების შემდეგაც კი, მიგუბდება ყურები და მიჭრელდება თვალები.
მამაჩემი ბებიაჩემს გაჰყვა, ბაბუაჩემი კი მარნისკენ წასულა “ლამფის” გამოსატანად. მე კარგა ხანს დავრჩი გაშეშებული. თითქოს, იმ ცას, ზემოდან რომ ჩამოიქცა, ჩემი სახურავისტოლა ვაჟკაცობა სულ მთლად გაეცამტვერებინა და მიწაზე დაენარცხებინა.
იმდენხანს ვიყავი სახტად, რამდენი დროც დასჭირდებოდა ბაბუაჩემის მიერ მუხლამდე წყალში მოცურავე სკამების, “კალოშების”, რეზინის ჩექმების, წინდებჩაწყობილი ფეხსაცმელების, ღია ვერანდაზე მდგარი ხის კუშეტკის, თავსხმამდე თხილითა და სიმინდით სავსე ალუმინის თასების, ქვაბების, სიმინდის ტაროების, ცოცხების, იატაკისა და კართან აყუდებული ხელჯოხების ატორტმანებული ბარიერის გადალახვას, სერვანდის უჯრაში ასანთის პოვნას, გაკვრას, სერვანდის თავიდან “ლამფის” ჩამოღებას, ანთებას და უკან ვერანდაზე გამოსვლას. ფანჯრიდან დანახულმა ბაბუაჩემის შუქურამ ერთიანად გამომაფხიზლა, მამაჩემი და ბებიაჩემი მომანატრა, თითქოს საუკუნე გასულიყო, რაც ჩემგან შველას ითხოვდნენ. იმ სუსტ “ლამფის” შუქს იმაზე მეტი ძალა აღმოაჩნდა, ვიდრე ჯოჯოხეთური უკუნისა და ზევსისებური ელვის დამაბრმავებელ მონაცვლეობას. სანამ ბაბუაჩემი ვერანდას გაივლიდა და ეზოში გასასვლელ კარამდე მიაღწევდა, შარვალი ავიკაპიწე და ტახტიდან ჩამოვხტი. თითქოს კოჭიდან მუხლამდე რაღაცამ გამსერა და სხეულში ყინვა შემოუშვა. გამაჟრჟოლა. წყლის ზედაპირს ხელი მოვავლე და სეტყვის კაკლებისაგან შეწეპებული ყინულის ნაჭრები ამოვიღე. ამ შეყინული ტეხილებით ყოფილა სავსე ზედაპირი. პირველი ნაბიჯი გამიჭირდა, მაგრამ ყოველი მომდევნო სულ უფრო და უფრო მიადვილდებოდა და როცა ვერანდაზე გავედი და ბაბუაჩემს დავეწიე, ფეხების ტკივილს ვეღარც ვგრძნობდი. ან რა უნდა მეგრძნო, როცა გამუდმებულ ელვას და კაკლისოდენა სეტყვას ღამე სულ მთლად გაეღიავებინა, გარემო კი წაეშალა. მოაჯირიდან მხოლოდ ორი ნაბიჯის გადადგმა გვჭირდებოდა, რომ მეორე სართულის დიდი აივნის ქვეშ შევსულიყავით, რომლის გავლის შემდეგ კიდევ ხუთი ნაბიჯის გადადგმა დაგვჭირდებოდა ბოსელში შესვლამდე, სადაც ჩვენები გვეგულებოდნენ. ბაბუაჩემმა ლამფა იღლიის ქვეშ მოიქცია და ვერანდის ქვეშ შევარდა. მეც მივყევი, მაგრამ თავპირში იმდენი ხოშკაკალა მომხვდა, ყურები სულ ამეწვა. ასე ჩვენმა დამსახურებულმა პედაგოგებმაც კი არ იცოდნენ ყურების ტკენა. აივნის ქვეშ დაგუბებული წყალი აღარ იყო, მაგრამ ჩქარ დინებას იმდენი ხარა-ხურა მოჰქონდა, რომ კოჭები მთლად დაგვეჟეჟა.
ხუთი ნაბიჯის გადადგმა აღარ დაგვჭირვებია, ბოსლის მხრიდან მამაჩემის ხმა გვიახლოვდებოდა. მოდი, მოდი, დედა, აქეთ, უყვიროდა ის ბებიაჩემს. ცოტაც და ორივე აივნის ქვეშ შემოვიდნენ. მამაჩემს მკლავები აეწია, თავის გარშემო მრგვალად შეეკრა და სიდედრს გადაფარებოდა. ბებიაჩემს კი ისეთი ფერმკრთალი სახე ჰქონდა, ელვის ფონზეც კი ემჩნეოდა. მარიამ! - მომესმა ბაბუაჩემის შეშინებული ხმა. გამიკვირდა, ასე არასოდეს მიმართავდა ცოლს, ჩვეულებრივ მაროს ეძახდა. მარიამ! - გაისმა მეორედ, რასაც მამაჩემის ძახილი მოჰყვა, ჩქარა, ჩქარა, მეორე სართულზე ავიდეთო. ბებიაჩემმა კიბეზე ასვლა ვეღარ შეძლო და მამაჩემმა აიტატა. ხელი მეც შევაშველე. ბებიამ კი მარცხენა მომხვია და მომეხუტა, თითქოს სტიქიის მიერ წართმეული პატარა ვაჟკაცობის ნაცვლად სიკვდილამდე მისატანი რაინდობა დამიბრუნა.
მეორე სართულზე შევტყაპუნდით თუ არა, ბებიაჩემს კანკალი დააწყებინა. ტახტზე დავსვით და ყურება დავუწყეთ. უფრო სწორად, მე და ბაბუაჩემი ვუყურებდით, როგორ ხტოდა ერთ ადგილზე თავიდან ფეხებამდე ათრთოლებული ქალი, თორემ მამაჩემმა სველი პერანგი გაიხადა, ჩაიმუხლა, ბებიაჩემის გაყინული ფეხები გულში ჩაიკრა და ორივე ხელით დაუწყო ზელა. დროდადრო ფეხები პირთან მიჰქონდა, აორთქლებდა და ისევ ზელდა. როგორც იქნა, მეც გამოვერკვიე, მივვარდი ბებიას და ხელების ზელა დავუწყე. ცოტა ხანში თავად ვიგრძენი, როგორ გამითბა სხეული და ბებიაჩემმაც იწყო დაშოშმინება. როგორც კი ტუჩების თრთოლვამ გაუარა, ბუტბუტი დაიწყო: ღმერთო, შენ გვიშველე! ღმერთო, შენ გვიშველე! ღმერთო, შენ გვიშველე!
მარიამ! - გაისმა მესამედ ბაბუაჩემის უკვე გამამხნევებელი ტონი და დავცხრით, დავეყარეთ დივანზე ერთმანეთთან მიხუტებულები. ნელ-ნელა გუგუნიც მიწყნარდა. უკვე თენდებოდა, მაგრამ განძრევის თავი არ გვქონდა და ჩავყუჩდით.
რამდენი დრო გავიდა, არ ვიცი, მაგრამ დილით ისეთი მზე ამოვიდა, კოშმარული ღამე სიზმარი გეგონებოდათ. წამოვვარდით, გავვარდით აივანზე, ვისაც როგორი სისწრაფით შეგვეძლო და გავშეშდით. არემარე გადათეთრებულიყო, ფოთლისა და მწვანე ფერის ნასახიც კი არსად ჩანდა. ეზოში თოვლივით იდო ნახევარ მეტრამდე სეტყვა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალიც თან ჩაეტანა და ჩაეყინა. მეზობლებს გადავხედეთ, ზოგი ჩვენსავით აივნიდან იყურებოდა, ზოგი უკვე ეზოში ფუსფუსებდა.
- ჰეი! რავა ხართ, ბიჯო! ღუტო!.. რაჟდენ!… სარიმან!… გრიგოლ!.. ანდრო! - რიგრიგობით გასძახა კარის მეზობლებს მამაჩემმა.
- კარგად, კარგად დევიქეცით, გონია, თქვენ, რავა ხართ! - შეგვეხმიანენ აქეთ-იქიდან.
- რა ვიცი, რავა ვართ, ახლა ვნახავ და მოგახსენებთ, - ჩაილაპარაკა მამაჩემმა და ქვემოთ ჩავიდა. ჩავყევით.
სულიერიდან მხოლოდ ვენახი დაგვეღუპა. ბებიაჩემის თავგანწირვამ ძროხები დახრჩობას გადაარჩინა. საქათმე არ ჩანგრეულა და ქანდარაზე შეფენილ ქათმებს წყალი ვერ მისწვდენოდა. ღორებს ახალ წლამდე ყოველთვის უმართლებთ. ისეთ ჩაბეტონებულ სადგომებში არიან, წარღვნაც ვერაფერს დააკლებდათ. წიწილებიც ბეტონის ფარდულმა გადაარჩინა, სადაც დიდი წყალი ვერ შევარდა.
პირველ სართულზე წყალს სქელი ლამი და მასში ამოსვრილი ნივთები დაეტოვებინა. ბებიაჩემმა ერთი კი შეიცხადა, მაგრამ ბაბუაჩემის ღიმილიანმა შეძახებამ, ნეტა შენც, მოგცლია, მთავარია ცოცხლები ვართო, ვიშვიში შეაწყვეტინა. კარ-მიდამოს შემოვლა სახლის უკან ვენახში გავაგრძელეთ. ბაბუაჩემი პირველივე მწკრივთან ჩაიკეცა და ვეღარ ავაყენეთ. მსხმოიარე რქაწითელიდან მხოლოდ ძირები და მსხვილი ყლორტები დარჩენილიყო და ისიც დახეთქილ-დაპობილი.
საბედნიეროდ მაშინვე მოვიდა ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რაიონულ საავადმყოფოში მორიგედ მყოფი ნინა ბებო, ბებიაჩემის უმცროსი და, სანიტარული მანქანით და გულისხეთქებით, ცოცხლები ხართო. გააქანეს ბაბუაჩემი საავადმყოფოში. როგორც აღმოჩნდა, წნევასაც დაურტყამს და კუჭის წყლულიც გახეთქია. გადაჰყვა კაცი თავის ვენახს, რომელიც მალევე ავჩეხეთ და მერე ვეღარ გავაშენეთ მის გარეშე. ბაბუაჩემი მობრუნდა და რამდენიმე თვეში ფეხზეც დადგა, მაგრამ მუშაობა აღარ შეეძლო და თან რაღაც უცნაური გულჩვილობა დასჩემდა. თბილისიდან ჩასულებს დაგვინახავდა თუ არა, მკაცრი და შეუვალი ხასიათის მქონე კაცს სულ ცრემლი მოსდიოდა და ხმა უვარდებოდა. მისი გადამეტებული სიმკაცრე მთლიანად გახარჯულიყო და მის ადგილზე ცრემლისმომყვანი სიყვარული აღმოცენებულიყო.
ათი წელია ჩემს სოფელში აღარ ვყოფილვარ, მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემს ორივე ბებია მიჰყვა და კარიც გამოიკეტა. ამ წუთას კი ისე მომენატრა იქაურობა, უნდა წავიდე. რქაწითელიც უნდა ჩავყარო. ტყუილად ხომ არ დაადნო ერთი კვირის მცხუნვარების შემდეგ მაშინდელმა მზემ წვიმისა და ცივი ქარის ნაბიჭვარი სეტყვა.
 

© "24 საათი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.