Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ილია ჭავჭავაძე - არყის ბაჟი

ტფილისი, 7 იანვარს. 1880 წ.

ამ 1880 წლის კავკასიის კალენდარში მოყვანილია ცნობა მასზედ, თუ რამოდენად იმატა არაყის ბაჟმა 1875 წლიდამ 1879 წლამდე და გამოდის, რომ 1875 წელს შემოსულა ნახევარ მილლიონზედ ცოტა ნაკლები და 1878 წელს კი გაზდილა თითქმის მილიონ ნახევრამდე, ერთის სიტყვით, ერთს სამათ უბღარტნია. “закавказское акцизное управление”, რომელსაც ამ საგანზედ ცნობა და შესაფერი წერილი გაუგზავნია კალენდარის გამომცემლისათვის და ამ უკანასკნელს დაუბეჭდავს ხელუხლებლად, მეტად მხიარულობს, რომ მისგან, „უპრავლენიისაგან“, მოგონილს წესს ბაჟისას ასეთი სასიხარულო შედეგი მოჰყვა.

 ჩვენ მაგ მხიარულებაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ ეგ მხიარულება, ჩვენის ფიქრით, მეტად ადრეულია და არ მომდინარეობს ჯეროვანი საბუთიდამ. გადამეტებით, ანუ წინდაუხედავად შეწერილი გარდასახადი საზოგადოდ შესაძლოა, რომ ორისა თუ სამის წლის განმავლობაში უნაკლოდ შემოვიდეს ხალხისაგან; შეიძლება ორისა თუ სამის წლის განმავლობაში ხალხი გაუძღვეს გადასახადს წინა წლების მონაგარიდამ, და ამიტომაც გადამეტებით შეწერილის გადასახადის უნაკლოდ შემოსვლა ჯერ კიდევ საბუთი არ არის სიხარულისა. გარდასახადის გაძღოლის თავდებათ და წყაროთ წინა წლების მონაგარი კი არ უნდა იყოს, არამედ ყოველდღიური წარმატება ხალხისა ეკონომიურს გზაზედა. რასაკვირველია, ყოველ სახელმწიფოსათვის სანატრელია, რომ ხალხმა ბევრი გამოიღოს ათასნარის სახელმწიფო ხარჯის დასაფარავად, მაგრამ მაგ ნატვრას ფრთას უნდა უკვეცდეს ერთი კანონი, სახელდობრ ის, რომ ხალხის გარდასახადი, უნდა შეეწონოს ხალხის ეკონომიურ კეთილდღეობასა; ზრდა გადასახადისა ხალხის კეთილდღეობის ზრდაზედ უნდა იყოს დამყარებული. ამ მხრით მეტი არ იქნება თუნდა თვალდათვალ დავაკვირდეთ იმ წესს, რომელსაც ეგრე მადიანად შეჰხარის акцизное управление და რომელიც მისის მეოხებით მოქმედობს ჩვენში 1875 წლიდამ.

 ეს ზემოთქმული ბაჟი თავისის სიმძიმით აწვება ერთს ეკონომიურს წარმოებას ჩვენის ხალხისას, რომელსაც არაყის დხას ეძახიან. არაყის ხდა ჩვენში ამ ახალის წესის შემოღებამდე  იმრიგად იყო მოხერხებული, რომ ვენახის პატრონი, ჭაჭა-თხლის მექონეს, თუ სურდა, თვითონ იყო არყის მხდელიცა. ამ სახით პირდაპირს მშრომელს ეძლევოდა სრული ღონისძიება თავის ნაჭირნახულევიდან სრული გამორჩომა მარტო თვითონ ჰქონოდა და გამორჩომაში წილი არავისთვის დაედო. სამართლიანობაც ამას ითხოვდა. ეს ერთი, მეორე ისა, რომ არაყის ხდა მეტად გავრცელებული წარმოება იყო ჩვენს ხალხში და ჩვენი ხალხი კარგა მოზრდილ ლუკმას თავის საზრდოებისას და სახელმწიფო გარდასახადების გაძღოლისას მაგ წარმოებით შოულობდა. მაშასაადმე, თუ გვინდა სწორე აზრი ვიქონიოთ ამ ახალის წესის ავ-კარგიანობაზედ, საჭიროა იგი წესი გავსინჯოთ იმ მხრით, თუ რარიგად იმოქმედა მან ხსენებულს ეკონომიურს წარმოებაზედ, დაუტოვა ღონისძიება უფრო მეტის წარმატებისა და მით ხელი მოუმართა ხალხს თუ არა, რომ ეგ წყარო ხალხის სიმდიდრისა არამც თუ დამშრალიყო, არამედ განძლიერებულიყო.

 ჯერ მინამდე ეგ ახალი წესი შემოვიდოდა, არაყის ბაჟი იმნაირად იყო განსაზღვრული და მოაზრებული-მეთქი, რომ ყოველს ვენახის პატრონს, დიდსა თუ პატარას, შეეძლო ეხადნა არაყი თვითონ და სრულს მოგებას თვითონვე მშრომელი დაჰპატრონებოდა. ამისათვის ორი სიკეთე ჰსჭირდა წინა წესსა: ერთი ისა, რომ შესაძლო იყო არაყის ხდა უბრალო ჩვენებურს ქვაბში, რომლის სასყიდნად დიდი ჯიბე არ უნდოდა და მაშასადამე მრავალთათვის ადვილად საშოვნი იყო და მეორე ისა, რომ არაყის მხდელი, რაკი დაწესებულს ბაჟს გადაიხდიდა, არაყის ხდას თვითონ შეურჩევდა ხოლმე შესაფერს დროს, ესე იგი, შეეძლო მაშინ ეხადნა არაყი, როცა სხვა საქმისაგან მოცლილი იყო. ჩვენის უმრავლესის ვენახის პატრონებისათვის, ესე იგი, გლეხკაცობისათვის ეს ორი სიკეთე წინა წესისა მეტად დიდი საქმე იყო. პირველი, რომ ან ერთ შვიდ-რვა თუმნიანს ქვაბს იყიდდა, ან მეზობლისაგან იქირავებდა და თავის ვენახის ჭაჭასა და თხლეს გამოხდიდა, მეორე ისა, რომ ამ საქმეს მაშინ დაადგებოდა, როცა ამინდი უშლიდა მინდორში და ვენახში მუშაობას, უქმად აღარ დარჩებოდა და თუ სხვას არას გამორჩებოდა შრომის ფასს მაინც აიღებდა. ახალმა წესმა ყოველს ამას არ ათხოვა ყური და არაყის ბაჟს ეგ ორივე სიკეთე ჩამოათალა.

 ეხლანდელის წესით არაყის ხდა ჩვენებურს ქვაბში ისე საზარალოა, რომ გლეხკაცობა რჩეობს თხლე-ჭაჭის გადაყრას უფასოდ, ვიდრე არყის ხდასა და თვითონ გამოხდის დროც გამომხდელის ნებაზედ აღარ არის მიგდებული. ეხლანდელის წესით არყის ხდა ხელს მიჰცემს სახელდობრ მათ, ვინც მარტო მაგ საქმეს მიზდევს და ორას-სამას თუმნიან ქარხანას გაიმართავს, იმიტომ, რომ მხოლოდ ამისთანა ქარხანას და კაცს შეუძლიან აიტანოს  ეხლანდელის ბაჟის სიმძიმე, რადგანაც ახალის ბაჟის გამო მოგება და გამორჩომა გამოხდის სისწრაფეზეა დამყარებული. აბა ვენახების პატრონებს საერთოდ და გლეხკაცობას საკუთრივ სად შეუძლიან ან მაგოდონა ხარჯი გასწიონ ქარხნის გასამართავად, ან მთელი დრო მარტო მაგ წარმოებას შეაკლან.

 ამ სახით ვენახის პატრონები, რომელთ უმრავლესს ნაწილს გლეხკაცობა შეადგენს, ფულიან კაცების თოკში გაებნენ და უნადთ თუ არა, მარტო იმათღა უნდა შეჰყურონ, რომ თავის თხლე და ჭაჭას გამორჩნენ რასმე და თუ ისინი არ იყიდიან, სხვა გზა არა აქვთ, უნდა აიღონ და გადაყარონ. ბევრგან ამასაცა შვებიან. მაგ ახალმა წესმა ესე დაუკრიფა გულ-ხელი ვენახების პატრონებს და გლეხკაცობას, მოუწყვიტა კარგა მოზრდილი წყარო ცხოვრებისა და თავისუფალი პატრონი ქონებისა უკან აუთრივა ფულიან კაცსა.

 ერთის სიტყვით, ამ წესმა ხალხს გაუუქმა ერთი ეკონომიური წარმოება, ხალხს გამოაცალა ხელიდამ ცხოვრების სახსარი და ორიოდეს დაულოცა. მაგ ორიოდეს შეუძლიან იმდენი არაყი ხადონ, რომ სამი მილლიონი ბაჟიც გადაიხადონ, მაგრამ ხალხი კი საერთოდ იმოდენად გაღარიბდება, რამოდენადაც ის ორიოდენი გამდიდრდებიან. და რომელი უფროა სამჯობინარი სახელმწიფოსათვის – ეგ თვითონ  „акцизное управление“-მ გამოიცნოს.

{1180 წ.}

წყარო: ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტომი XV. პუბლიცისტური წერილები (სავარაუდონი). 1879–1904. „ილიას ფონდი“, 2007.



მასალა მოგვაწოდა: გიორგი ბარისაშვილმა! :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.