Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის კვირეული ხვალ დაიწყება

ხვალიდან, 22 სექტემბრიდან, ქართული ღვინის კვირეული იწყება, რომელიც, წინა წლებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. 11–დღიანი დღესასწაულების ციკლი მრავალ განსხვავებულ ღონისძიებას გულისხმობს და დედაქალაქის გარდა იგი რეგიონებსაც მოიცავს.

კვირეულის ორგანიზატორები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან და იგი ქართული ღვინის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარდება. საქართველოს ღვინის კლუბი, ასოციაცია ქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, ჯორჯიან ივენთს,  კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის ტურიზმის ასოციაცია – ეს ის ორგანიზაციებია (სხვადასხვა კერძო პირთან ერთად), რომლებიც ამ 11 დღის მანძილზე ძალზე საინტერესო შეხვედრებს, აქციებსა და ფესტივალებს პირდებიან ღვინის მოყვარულებს.

კვირეული 22 სქტემბერს გაიხსნება იყალთოს ქვევრის სკოლა–სახელოსნოს ინაუგურაციით (12:00). ინაუგურაციის ფარგლებში იყალთოს სკოლა სახელოსნოს ტერიტორიაზე გაიმართება ფოტო გამოფენა, სამონასტრო ღვინოების დაჯილდოვება და ა.შ. პარალელურად, ქ. თელავში დაგეგმილია  ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული აქტივობები (ორგანიზატორი: ასოციაცია ,,ქართული ღვინო’’). კერძოდ, საამისოდ მოწყობილ პავილიონებში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანიის ქართული ღვინო და ნებისმიერ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს იგი ტრადიციული ქართული  ყველის თუ ტკბილეულის თანხლებით.

23 სექტემბერს დაგეგმილია უკანასკნელი პერიოდის მანძილზე გამოცემული, ქართულ მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული მონოგრაფიული და სხვა ტიპის წიგნების გამოფენა და პრეზენტაცია (ორგანიზატორი: ,,ჯორჯიან ივენთს’’). გამოფენა გაიმართება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკაში (17:00), რომელიც 2 წლის წინ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და საქართველოს ღვინის კლუბმა ერთობლივად დააფუძნეს. გამოფენა-პრეზენტაციის პარალელურად სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ქართული ღვინო. პრეზენტაციას ღვინის მწერალი გიორგი ბარისაშვილი წარუძღვება.

24 სექტემბერს ღვინის დღეები კინოჩვენებით გაგრძელდება. დაგეგმილია ქეთევან სადღობელაშვილის ფილმის, ,,ვაზში დაკარგულები’’-ს ჩვენება (ორგანიზატორი: ნინო კაჭარავა და ,,ჯორჯიან ივენთს’’). ღონისძიება მოეწყობა პირველი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე. მოწვეული სტუმრებისთვის ჩვენების ბოლოს გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია. კინოჩვენება დაიწყება საღამოს 20:30 საათზე.

25–26 სექტემბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის პირველ და მეორე ტურებს ჩაატარებს, რომლის გამარჯვებულებიც (17 ნომინაციაში) 2 ოქტომბერს უნდა გამოვლინდნენ. ღონისძიების ადგილია სასტუმრო რუმსი.

28 სექტემბერს #1 ღვინის ქარხნის სარდაფებში (შესასვლელი მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან) საქართველოს ღვინის კლუბი წარმოგიდგენთ მცირე ფესტივალის ფორმატის ღონისძიება–აქციას „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ (15:00), სადაც ბოლო წლების მანძილზე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები ახალი მცირე მარნები წარმოადგენენ თავიანთ ღვინოებს. აქციას ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია წარუძღვება, რომელიც დამსწრეებს დეტალურად გააცნობს მონაწილე მარნების ისტორიას, ისაუბრებს ვენახებისა და ღვინოების შესახებ, თავად მევენახე–მეღვინეები კი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს.

29 სექტემბერს კვირეული ქვემო ქართლში გადაინაცვლებს, ასოციაცია ქართული ღვინის ორგანიზებით მარნეულში, მსოფლიო მეღვინეობის და მევენახეობის სამშობლოში და უპირველეს კერაში მოეწყობა ქართული ღვინოების გამოფენა, პრეზენტაცია და დეგუსტაცია ტრადიციული ქართული ყველის და ტკბილეულის თანხლებით (12:00–დან). წარმოდგენილნი იქნებიან რამდენიმე ადგილობრივი მარანიც. ღონისძიება მარნეულის მუნიციპალური გამგეობის შენობის წინ მდებარე სკვერში გაიმართება.

30 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში საქართველოს ღვინის კლუბი მალხაზ ხარბედიას წიგნის, ,,ქართული ღვინის გზამკვლევი 2016“–ის პრეზენტაციას გამართავს (19:00). ეს ორენოვანი (ქართული და ინგლისური) გამოცემა 2012 წლიდან მოყოლებული უკვე მეოთხედ გამოვიდა და იგი ერთად–ერთი რეგულარული სპეციალური გამოცემაა ამ სფეროში. პრეზენტაციაზე გაისინჯება ღვინოებიც, და რაც მთავარია, გათამაშდება სპეციალური პრიზები.

ამავე დღეს თელავში გაიმართება ღვინის ტრადიციული ფესტივალი ,,თელავინო'', რომელიც კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებით ჩატარდება (12:00) და სადაც დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული ათეულობით ღვინო იქნება წარმოდგენილი. მოეწყობა სპეციალური საშემოდგომო პავილიონები, საფესტივალო მუსიკა მოიცავს როგორც ქართულ ფოლკლორს, ასევე თანამედროვე მუსიკას.

1 ოქტომბერს, დილის 08:00-დან საღამოს 23:00 საათამდე სტუდენტებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიებები – ვიზიტები კახეთის რეგიონის საუკეთესო მცირე მარნებში. შეკრების ადგილია ვარდების მოედანი. დღის პროგრამა მოიცავს ღვინის დეგუსტაციებს, ვიზიტებს მარნებსა და ვენახებში, შეხვედრებს მეღვინეებთან, კონკურსებს და ა.შ.  გაიმართება ლექცია თემაზე, ვაზის ქართული ჯიშები. ბოლოს სტუდენტები კარდანახში მოინახულებენ საგვარეულო მარანს (ორგანიზატორი: ღვინის ტურიზმის ასოციაცია).

ქართული ღვინის კვირეულის მიწურულს, დასკვნით ნაწილში, 2 ოქტომბერს, რიყის პარკში გაიმართება ღონისძიება, სადაც სტენდებზე წარმოდგენილი იქნება 20–25 ქართული ღვინის კომპანიის ნაწარმი. ღონისძიებაზე მოსული სტუმრები რიყის პარკიდან მშვიდობის ხიდის გავლით გადაინაცვლებენ ერეკლეს ქუჩაზე, სადაც ადგილობრივი კაფე-ბარები ,,ღვინის კვირეულის“ სტუმრებს ქართული ღვინით და კერძებით გაუმასპინძლდებიან. ბოლოს კი, საქართველოს სომელიეთა  ასოციაცია ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



გამარჯობათ.მაინტერესბეს 1 ოქტომბერთან დაკავშირებით..დამატებით თანხები თუ დაგვჭირდება თუ ორგანიზებასს თქვენ უკეთებთ ყველაფერსს

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული