Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მამისეული მარანი, მცირე მარნების ანთოლოგია (74)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- 2015 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, სამმა დამ (თინათინ, ქეთევან და თამარ მოსიაშვილებმა) ვენახი და მცირე საოჯახო მარანი ხატისსოფელში, ბოლნისის რაიონში, მემკვიდრეობით მივიღეთ. გადავწყვიტეთ ოჯახის ტრადიცია გაგვეგრძელებინა და ამ ყველაფრისთვის სათანადოდ მოგვევლო. მარნის დაარსების იდეაც მალევე, 2016 წელს, გაჩნდა. ჩვენი პირველი ღვინო 2017 წელს დავაყენეთ, თუმცა ის მაინც ოჯახისა და მეგობრების წრისთვის იყო. 2019 წლიდან კი „მამისეულმა მარანმა“ ღვინის ბოთლში ჩამოსხმა დაიწყო, რომელიც ფართო საზოგადოებასაც წარვუდგინეთ.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ამჟამად რქაწითელი და თავკვერი გვაქვს. ვფიქრობთ სამომავლოდ სხვა ჯიშებიც დავამატოთ, მაგალითად: ასურეთული შავი, შავკაპიტო, ალბათ, საფერავიც.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ამჟამად რქაწითელს და თავკვერს ვაწარმოებთ. ორივე საკმაოდ საინტერესო ღვინოა, რადგანაც ბოლნისის მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან მზადდება. ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გავლენით განსხვავებული ტიპის, ბოლნური რქაწითელი გვაქვს.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- პირველი მაღაზიები „როიალ ვაინს“ (ახლა უკვე „ვაინ მარკეტი“) და ნინო მერის ღვინის კოლექცია იყო. შემდეგ უკვე სხვა ადგილებიც შეემატა.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- დიახ, შარშან პირველი ექსპორტი საფრანგეთში გვქონდა.

- გაიხსენეთ უცხოურ ბაზარზე ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება. რომელი ქვეყნის ბაზარზე გაყიდულა/იყიდება თქვენი პროდუქცია?

- პირველი ექსპორტი ჩვენთვის ახლა საფრანგეთში იყო. ძალიან გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ პირველივე ქვეყანა, სადაც ჩვენი ღვინო შევიდა, საფრანგეთი იყო. 

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- სირთულეები ბევრია, უშუალოდ ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების პროცესიდან დაწყებული, გაყიდვამდე. სოფლად მუშახელი პრობლემაა, ასევე, სოფელში წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებიცაა, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის და ა.შ.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციის შენარჩუნება და ამავე დროს თანამედროვე რეალობისთვის ფეხის აწყობა სწორად მოხდეს, იქნება ეს ტექნოლოგიური საშუალებების თუ ახალი ცოდნის ათვისება.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- უყვარდეთ თავისი საქმე და მზად იყვნენ, ამ სიყვარულით გადალახონ სირთულეები, მუდმივად იზრუნონ ცოდნის მიღებასა და არ შეუშინდნენ სიახლეებს.

მარნის მისამართი: ბოლნისის რაიონი, ხატისსოფელი

ტელეფონი:  593 233788

ელფოსტა: mamiseuli@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი:  მამისეული მარანი/Mamiseuli Marani

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.