Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – გადაცემა "ღვინის გზამკვლევი" (20) 01.02.2013

<<<<<<<<<<<<<<<

ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური მოლაპარაკებები 4 თებერვალს, მოსკოვში გაიმართება. ქართული დელეგაციის წევრებს შორის არიან ღვინის ეროვნული სააგენტოს და სურსათის ეროვნული სააგენტოს 2-2 წარმომადგენელი, ასევე ღვინის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი  - თინა კეზელი და გამგეობის თავმჯდომარე და ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანიის თავჯდომარე. ცნობილია, რომ აღნიშნულ დელეგაციას ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, შეხვედრაზე ძირითადად ქართული ღვინის ტექნიკურ მახასიათებლებზე, მის მდგომარეობასა და რუსეთის ბაზართან შესაბამისობაზე ისაუბრებენ. შეხვედრები რამდენიმე რაუნდად გაიმართება და რამდენიმე დღეს გასტანს. უფრო კონკრეტულად შეხვედრის დეტალებზე, მოვუსმინოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს - ლევან დავითაშვილს:

განსახილველი საკითხები ახლაც ზუსტდება. ჩვენ მიმოწერის რეჟიმში ვართ. თუმცა ის, რაც უკვე მომზადებული გვაქვს არის - სერტიფიცირების სისტემა, ხარისხის კონტროლის სისტემა, ექსპორტზე ღვინის გატანისას სავალდებულო მოთხოვნები, თუ როგორ ვაკონტროლებთ ჩვენ თითოეულ ბოთლს და ა.შ. შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა და ორივე მხარე სწორედ ტექნიკურ დეტალებზე საუბრობს. ალბათ ისინიც მოინდომებენ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ თვითონაც ესტუმრონ საქართველოს“.

<<<<<<<<<<<<<<<<< 

ვიდრე, ამ საკითხთან დაკავშირებიღ ოფიციალური მოლაპარაკებები გაიმართება, ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით, რუსულ მედიაში სრულიად საწინააღმდეგო განცხადებები ვრცელდება. რუსეთის სომელიეთა გილდიის თავმჯდომარემ ტატიანა შარაპოვამ „ვეჩერნაია მასკვასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, რაც ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე აღარ არის, მისი სტილი საგრძნობლად შეიცვალა. მისი თქმით, ამერიკულ-ქართული ურთიერთობების ფარგლებში, საქართველოს დახმარებას კალიფორნიის ღვინის ინდუსტრია უწევდა და შედეგად, საქართველოში  კალოფორნიულთან ადაპტირებული ევროპული ჯიშის ყურძნის ღვინოები გაჩნდა. შარაპოვამ ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინულ ბაზარზე მისი ექსპორტი სულ უფრო მცირდება. სომელიეთა გილდიის ხელმძღვანელის ამ განცხადებას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი - ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც რუს სომელიეებს ქართული ღვინის მაღალ ხარისხში დასარწმუნებლად საქართველოში ჩამოსვლა და მათი ადგილზე შემოწმება შესთავაზა. „ცრუ ინფორმაციის გადამოწმების ყველაზე უკეთესი გზა რუსი სომელიეების საქართველოში სტუმრობაა. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და ვფიქრობ, ინდუსტრიაც მზად არის რუსი სომელიეების მისაღებად", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
რუსი კოლეგების ამგვარ შეფასებებს არ ეთანხმებიან ღვინის ქართველი მწარმოებლებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსული ემბარგოს შედეგად, ქართული ღვინის ხარისხი იმაზე მეტად გაუმჯობესდა, ვიდრე ეს 2006 წლამდე იყო და მათთვის გაუგებარია, რას ეფუძნება მათი ასეთი განცხადებები. 

<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

პარიზში გამართული ნატურალური ღვინის დეგუსტაციის პირველ დღეს, საფრანგეთში მყოფი ქართველი მეღვინეები ძალიან წარმატებულად აფასებენ. ამის შესახებ ქვევრის ღვინის ქართველი მწარმოებელი იაგო ბიტარიშვილი ფეისბუქის გვერდზე წერდა: „დღეს ძალიან წარმატებული დღე გვქონდა. არამარტო პარიზის, არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული პროფესიონალების ვიზიტსაც ვერ ავუდიოდით. ბევრი საქმიანი ხალხი გვსტუმრობდა, რომელთაც ძალიან მოეწონათ ქართული ღვინო. ჩვენმა მასპინძელმა და იმპორტიორმა -  ტიერი პუზელამ ადგილზევე ჩვენი ღვინის იმდენი შეკვეთა მიიღო, მე რომ ჩემი თვალით არ მენახა არ დავიჯერებდი“. იაგო ბიტარიშვილის თქმით, აღნიშნული შეკვეთები აუცილებლად შეუწყობს ხელს, ქართული ნატურალური ღვინის გაყიდვას პარიზის და არა მხოლოდ პარიზის ღვინის ბარებსა და რესტორნებში.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მწარმოებლის, ტიერი პუზელას მოწვევით, ქვევრის ღვინის ქართველი მწარმოებლები - იაგო ბიტარიშვილი, ჯონ ვურდემანი, რამაზ ნიკოლაძე, სოლიკო ცაიშვილი, გაიოზ სოფრომაძე და ნიკი ანთაძე საფრანგეთში 27 იანვარს გაემგზავრნენ. დეგუსტაცის პირველი დღე მხოლოდ ქართული ნატურალური ღვინის დეგუსტაციას მიეძღვნა. 4 და 5 თებერვალს კი დეგუსტაციების სერიას ქართულ ღვინოსთან ერთად ფრანგულ ღვინოებიც შეუერთდებიან.

<<<<<<<<<<<<< 

ახლა ღვინის კლუბის დეგუსტაციის შესახებ გეტყვით, რომელიც სულ რაღაც 45 წუთში დაიწყება. დღეს, საღამოს 7 საათზე, ინგოროყვას 2–ში, ღვინის ბარ „აზარფეშაში“ ქართული და ფრანგული ღვინოების შედარებითი დეგუსტაცია გაიმართება. სადეგუსტაციო კომპლექტი მოიცავს ქართულ ბაზარზე არსებული ერთი საფასო კატეგორიის ქართულ და ფრანგულ ღვინოებს, რომელთა ფასი 10-დან 20 ლარამდეა. მათ შორისაა 4 თეთრი, 2 ვარდისფერი და 4 წითელი ქართული და ფრანგული ღვინო.

დეგუსტაცია ფარული იქნება და დასასრულს სახალისო გათამაშებაც გაიმართება. იმ მონაწილეს, რომელიც ყველაზე ზუსტად გამოიცნობს და გამოარჩევს ქართულ ღვინოს ფრანგული ღვინისგან, ღვინის კლუბისგან გადაეცემა სასაჩუქრე კომპლექტი, რომელიც მოიცავს: 2 ბოთლი ღვინოს (1 ქართული და1 ფრანგული), 1 ცალ ჭიქას, ღვინის კლუბის ლოგოთი და საკიდით და ასევე  ქართული ღვინის გზამკვლევი 2013-ს, რომელსაც საქართველოს ღვინის რუკაც მოყვება.

<<<<<<<<<<<< 

ჩვენი რადიომსმელებისთვის ვფიქრობ ასევე სასარგებლო იქნება ღვინის კლუბის მორიგი ლექცია, რომელიც სამშაბათს, 5 თებერვალს ღვინის კლუბში გაიმართება.  მოხსნების თემა ამჯერად არის - „ვაზის ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოების ტექნოლოგიები“, რომელსაც ლევან უჯმაჯურიძე წაიკითხავს.

ლექცია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის აუდიტორიაში გაიმართება, რომელიც გუდიაშვილის #7 ნომერში მდებარობს.

<<<<<<<<<<<<< 

„მარანის“ ახალი ნომერი, რომელიც დღეს გამოვიდა მკითხველს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეთყურძნიანი საღვინე ჯიშის - გორული მწვანის ვრცელ ისტორიას და მისი თანამედროვე მდგომარეობის შესახებ უყვება. აქვეა საინტერესო პუბლიკაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდნენ წარსულში ღვინოს შხამის დასამზადებლად. კულინარიის რუბრიკა კი ბრინჯის მოკლე ისტორიას და მისი მრავალფეროვანი სახეობების შესახებ მოგაწვდით ვრცელ ინფორმაციას. გურმანებისთვის გაზეთის ბოლო გვერდებზე ტრადიციულად, ახალი რეცეპტებია განთავსებული. აი ასეთია მეღვინეობა-მევენახოების შესახებ ერთადერთი რეგულარული ქართული ბეჭდური გამოცემის ახალი, 2013 წლის რიგით მესამე ნომრის შინაარსი. დაინტერსებული ადამიანები მის შეძენას გაზეთ „ვიქენდთან“ ერთად შეძლებენ.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული