Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინტესტი“- ღვინის ახალი ლაბორატორია და საკონსულტაციო ცენტრი კახეთში

უკვე სამი თვეა რაც კახეთში, ყვარელში, ღვინის საკონსულტაციო ცენტრი „ღვინტესტი“ მუშაობს - ახალი ლაბორატორიით, რომელიც ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის მაღალკვალიფიციურ და სწრაფ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს: ალკოჰოლშემცველობის, შაქარშემცველობის, საერთო ტიტრული მჟავიანობის, აქროლადი მჟავების, თავისუფალი და საერთო გოგირდის შემცველობის განსაზღვრას, მეტალების რაოდენობის განსაზღვრას ფოტოელექტროკოლორიმეტრით, რეკომენდაციებს ანალიზის პასუხებიდან და პროდუქტის გემური თვისებებიდან გამომდინარე.  „ღვინტესტი“ მეღვინეებს მევენახეობაში, ღვინო/ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში, დიზაინსა და მარკეტინგში, დისტრიბუციაში, საბუღალტრო აღრიცხვაში, ხარისხის მენეჯმენტის სისტემების დანერგვასა და ენოტურიზმის განვითარებაში დაეხმარება. საკონსულტაციო ცენტრი ასევე დასამუშავებელ მასალებსა და საწარმოო ტექნიკას სთავაზობს მომხმარებელს, გერმანელი, ფრანგი და იტალიელი მწარმოებლებისგან, ხარისხის გარანტიით.

„ღვინტესტის“ მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო მარნების განვითარების მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. საკონსულტაციო ცენტრის მდებარეობა კახეთში მოსახერხებელია ადგილობრივი მეღვინეებისთვის. ლაბორატორიული ანალიზის ფასი მინიმალურია, ორგანოლეპტიკური შეფასება გამოცდილი დეგუსტატორების მიერ ხდება, ასევე: ადგილზე სწავლება, რჩევები, უფასო სატელეფონო კონსულტაცია, იგეგმება სხვადასხვა ტრენინგის ჩატარება აქტუალურ თემებზე.

ღვინტესტის დამფუძნებელი მევენახე-მეღვინე ვანო შიუკაშვილია. მასთან ერთად, საკონსულტაციო ცენტრს უძღვებიან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები: ახალგაზრდა მეღვინე ვახტანგ უძილაური, ლაბორანტი იური მიქელაშვილი, დიზაინერი და მარკეტოლოგი ზაზა ზაუტაშვილი, საბუღალტრო აღრიცხვა - დავით ყულიჯანიშვილი, მევენახეობა - აკაკი ვეფხვიშვილი. მნიშვნელოვანია, რომ „ღვინტესტი“ ორგანულ მევენახეებსაც უწევს კონსულტაციას. საკონსულტაციო ცენტრი უკვე აქტიურად მუშაობს და რამდენიმე მარანს ემსახურება.

ღვინის კლუბთან საუბარში, ვანო შიუკაშვილმა აღნიშნა: „ამ ცენტრის გახსნაზე უკვე 3 წელი ვფიქრობდით. კახეთში მცირე მარნები ძალიან მომრავლდა. ჩემი სადოქტოროს თემად მცირე მარნების წარმოშობა, განვითარება, პრობლემატიკა ავირჩიე. აქ ყველაზე მწვავე პრობლემად ცოდნის ნაკლებობა გამოიკვეთა. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ფული აქვს, ააშენებს კარგ მარანს, მაგრამ ვერც მეღვინეობაში და ვერც მომიჯნავე სფეროებში ერკვევა. არიან ისეთებიც,  ვისაც ფულიც არ აქვთ და უფრო მეტად უჭირთ. ეს იყო ბიძგი “ღვინტესტის“ დაარსების. მცირე მარნებს რჩევები და ცოდნის გაზიარება ესაჭიროებათ. ხშირად უფასო რჩევებისაც. ახალბედა მეღვინეები ღვინის ქარხანაში მიდიან და დირექტორს სთხოვენ ღვინის გასინჯვას, ხშირად ამის გამო უხერხული და კომიკური სიტუაცია იქმნება ხოლმე.

პირველი, რაც მცირე მარნებს სჭირდებოდათ კახეთში, კარგი და იაფი ლაბორატორია იყო. ღვინო  რომ თბილისში წამოიღოს, დრო უნდა დაკარგოს, თან ძვირია მომსახურება და ის სერტიფიკატიც არაფერში არგია, რადგან მას შეიძლოება სულ ორი პარამეტრი აინტერესებდეს - მაგ. ალკოჰოლი და  აქროლადი მჟავები“.

სამომავლოდ „ღვინტესტი“ მობილურ ტექნიკა-დანადგარებსაც (კლერტსაცლელი, წნეხი, ფილტრი) შესთავაზებს მცირე მარნებს. ასევე დაინერგება ხარისხის მენეჯმენტის სისტემებიც.

მისამართი: ყვარელი, კახეთი

ელფოსტა: gvintesty@gmail.com

ტელ.: +995 599 252 924

fb.com/gvintesty

© ღვინის კლუბი/vinoge.com



გთხოვთ გამარკვიოთ რატომ არ ფასობს უწამლი ყურძნისაგან დაწურული ღვინო/იქნების მიუთითოთ წყარო/

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.