ლევან სეფისკვერაძე
7-8 დეკემბერს პროექტ „ღვინის სოფლის“ ეგიდით გაგრძელდა ტრენინგების ციკლი სამეგრელოსა და გურიაში. როგორც იცით, ეს პროექტი არ არის მხოლოდ მევენახეობა და მეღვინეობაზე „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით და „ღვინის კლუბის“ მიერ განხორციელებული პროექტი ასევე ითვალისწინებს მომსახურების სფეროსაც და მათ შორის ღვინის ტურიზმსაც. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა რომ „ღვინის სოფლის“ ექსპერტები დამწყებ მემარნეებს დაეხმარონ არამხოლოდ ღვინის სწორად დაყენებაში, არამედ იმაშიც, რომ მათ მარნებში და მათი მარნების სახით შეიქმნას ტურისტული პროდუქტი, რომელიც გაიყიდება ჯანსაღი ლეგენდითდა ეთნოგრაფიული ისტორიითაც.
პროექტის ექსპერტთა ჯგუფის უმთავრესი მიზანი იმ მარნების შერჩევაა, რომლებმაც 2023 წლის გაზაფხულამდე შეძლებენ საკუთარი მარნებისა და ვენახების ტურიზმზე სათანადოდ მორგებას. ყურადღების მიღმა არ დარჩა ის მარნებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ სამიზნე ჯგუფში. მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ლექცია-სემინარებს ყველა ბენეფიციარი ესწრება და მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტებისგან სათანადო რჩევებსაც ნებისმიერ მსურველი იღებს. პროექტის პარტნიორია სასტუმრო „მარტვილი პალასი“ - სამეგრელოში და „მენაბდის მარანი“ - გურიაში, ასევე ღვინის მაღაზია-ბარების ქსელი „8000 მოსავალი“.
სამეგრელოში, სასტუმრო „მარტვილი პალასში“, გურიაში კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ედმონდ კალანდაძის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში „ღვინის სოფლის“ ღვინის ტურიზმის ექსპერტმა, თამარ კურტანიძემ ვრცლად მიმოიხილა ღვინის ტურიზმის არსი და შესაძლებლობები.
ღვინის ტურიზმი განხილული იყო როგორც გასტრონომიული და ეკოტურიზმის ნაწილი. თუმცა იმის გამო რომ ბოლო წლებში მთელს მსოფლიოში ტურიზმის ეს მიმართულება ძალიან პოპულარული გახდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდივიდუალურად ვითარდება.
თამარ კურტანიძე, პროექტის ტურიზმის სპეციალისტი, „ჯორჯიან თრეველგრუპის“ წარმომადგენელი: „შინაარსობრივად ეს არის ნებისმიერი სახის მოგზაურობა, რომლის მიზანი არის ღვინის დაგემოვნება, ღვინის შეძენა ან ვენახის მოვლაში მონაწილეობა და ადგილზე ღვინის ყიდვაც კი. ღვინის ტურიზმი არის ადამიანის მოგზაურობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა, რადგან ადამიანები არგონავტებიდან მოყოლებული მოგზაურობენ, სინჯავენ ღვინოს და ალბათ ყიდულობდნენ კიდეც. თუმცა ღვინის ტურიზმი კომერციული სახით ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ბევრის გასაკვირად აშშ-ში. ეს განაპირობა იმან, რომ ამერიკა ლოჯისტიკურად დიდი ქვეყანაა. შესაბამისად, ძალიან ძვირი ჯდებოდა ტრანსპორტირება და კარგი ღვინის დასალევად ხალხი მაგალითად ნიუ-იორკიდან კალიფორნიაში ჩადიოდა“.
თამარ კურტანიძის განმარტებით, საქართველოში ჩამოსული ტურისტების დაახლოებით 40% დაინტერესებულია ღვინით და ერთხელ მაინც სინჯავს ღვინოს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პოტენციალი ნამდვილად გააჩნია. ეს საქმე ჩვენ შეგვიძლია ევროპისგანაც ვისწავლოთ და ამერიკელებისგანაც. ევროპაში მცირე ზომის მარანში ძირითადად მემარნე გვხვდება და მასთან კომუნიკაცია ადვილად შესაძლებელია. ამერიკაში ამას უფრო კომერციული ხასიათი აქვს, რადგან მარანში გხვდება გაყიდვების სპეციალისტი და არამემარნე. ეს ორივე მიდგომა საინტერესოა და იმის მიხედვით უნდა გადმოვიღოთ, კონკრეტულ მარანს როგორი სამომავლო მიზნები გააჩნია.
მარნის მფლობელმა ტურისტს შეუძლია შესთავაზოს: ღვინის დეგუსტაცია და ინფორმაცია ღვინის შესახებ, გასტრონომია, ვენახში გასეირნება, ღამისთევა, ღვინის დაყენებასთან დაკავშირებული აქტივობები, ღვინის მაღაზია, რეგიონში წარმოებული სხვა პროდუქტები, მასტერკლასები, ქართული ფოლკლორი და ტრადიციები, სხვა საინტერესო ადგილები რეგიონში, კულტურული ტურიზმი (ღვინის მუზეუმი) და სპორტული აქტივობებიც კი.
ლექციის დიდი ნაწილი მიეძღვნა იმის განხილვას, თუ მეღვინეს რა სჭირდება მარანში ტურისტის დასაინტერესებლად. პირველყოვლისა საჭიროა ხარისხიანი ღვინო. აუცილებელია მოწესრიგებული მარანი, სადაც შესაძლოა ღვინის შექმნის პროცესის კარგად აღქმა. სასურველია იყოს სადეგუსტაციო სივრცე, რომელიც იქნება კომფორტული და მოწესრიგებული, ასევე გათვლილი შესაბამისი რაოდენობის ტურისტზე. ასევე უნდა აიყოს მოწესრიგებული დამხმარე ინფრასტრუქტურა, მყუდრო და სასიამოვნო გარემო.
„გაითვალისწინეთ, რომ მარნიდან ვენახზე ხედი დიდ პლუსად ითვლება. დეგუსტაციისათვის უნდა გქონდეთ საჭირო ჭურჭელი (განსხვავებული თითოეული სახეობის ღვინისათვის). ასევე დეგუსტაციის მენიუ. როგორც ღვინის, ასევე ხემსის მენიუ კარგად უნდა იყოს შერჩეული და რეგიონის გასტრონომიულ თავისებურებებს საუკეთესოდ წარმოაჩენდეს. სასურველია მარანში იყოს ვიზუალური მასალა, რომელიც დაეხმარება დამთვალიერებელს პროცესის უკეთ აღქმაში. მარნის მიმდებარე ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული და ეს პირველყოვლისა მისასვლელ გზას ეხება. სასურველია სიახლოვე რომელიმე კულტურის ან ბუნების ძეგლთან. თუკი ღამის გათენების შესაძლებლობა იქნება მარანთან ახლოს, ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის მარანზე მოთხოვნას. მნიშნელოვანია გზაზე მაჩვენებლების არსებობა, რათა სტუმარმა ადვილად მიაგნოს“ - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ რჩევებიდან, რაც ღვინის ტურიზმის ექსპერტმა პროექტის ბენეფიციარებს მისცა.
თამარ კურტანიძემ ასევე ისაუბრა მემარნესა და სტუმარს შორის სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. მისი განმარტებით, მარანს შეიძლება ეწვიოს შემთხვევითი სტუმარიც, ღვინით დაინტერესებული ადამიანიც და ღვინის ექსპერტიც. ყველა ამ ტიპის ადამიანს სათანადო მომსახურება სჭირდება. ღვინის მოგზაურების 96% ღვინის ტურის დაგეგმვისას ითვალისწინებენ სხვამოგზაურის აზრს, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალბედა სტუმარსაც შეუძლია ბევრი რამ გაიგოს კონკრეტული მარნის შესახებ. ამისთვის კი საჭიროა მარანს ჰქონდეს: ვებ-გვერდი, სოციალური ქსელები, პირდაპირი კომუნიკაცია ტურისტულ კომპანიებთან, კომუნიკაცია ტურიზმის ადმინისტრაციასთან, პირდაპირი კომუნიკაცია სხვა კომპანიებთან და ასევე სასურველია ესათუის მარანი ხშირად მონაწილეობდნენ ღვინის ფესტივალებში.
სამეგრელოსა და გურიაში გამართული შეხვედრების მონაწილეებს ღვინის კლუბის პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ აუწყა, რომ პროექტის ბოლო ეტაპზე დაგეგმილია სამეგრელოსა და გურიაში ყველაზე აქტიური და ქმედითი ტუროპერატორების ჩაყვანა, რომლებიც გაეცნობიან ადგილობრივი მარნების ტურისტულ შესაძლებლობებს და შესაბამისად ამ მარნებს მათ მიერ შედგენილ ტურისტულ მარშრუტებში ჩასვამენ.
ლექცია-სემინარების დასკვნით ნაწილში მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტიგიორგი ბარისაშვილი მეღვინეებს ესაუბრებოდა ზამთარში მარანში ჩასატარებელ სამუშაოებზე, ღვინის მეორად დუღილზე და მეღვინეობის სხვადასხვა გამოწვევებზე, რისი ცოდნაც პროექტის ბევრ მონაწილეს ამ ეტაპზე პრაქტიკულად სჭირდება. შეხვედრებზე დაისვა მრავალი კითხვა, განიმარტა მევენახეობა-მეღვინეობის არაერთი ტერმინის მნიშვნელობა და ბენეფიციარებთან ერთად დაიგეგმა ორ სამიზნე რეგიონში სამუშაო ჯგუფის შემდეგი სტუმრობაც.
სამეგრელოსა და გურიაში „ღვინის სოფლის“ მორიგი შეხვედრები 2023 წლის თებერვალში გაიმართება.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი