Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქარვისფერი რევოლუცია მოდის

საიმონ ვულფის ახალი წიგნის, Amber Revolution-ის შესახებ

რამდენიმე დღეა, რაც kickstarter.com-ზე "ქარვისფერი რევოლუცია" ტრიალებს. ეს ამბავი ცნობილი ბრიტანელი ღვინის მწერლისა და ჟურნალისტის, საიმონ ვულფის წიგნს, Amber Revolution-ს უკავშირდება. Kikstarter.com-ზე განთავსებული პროექტი ამ წიგნის დასაბეჭდად საჭირო თანხის შეგროვებას ემსახურება, წიგნის გამოცემაში საკუთარი წვლილის შეტანა მთელი მსოფლიოდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დეტალების გაცნობას ამ პროექტის საიტზე შეძლებთ.

ორი სიტყვა ვთქვათ საიმონ ვულფზე: მას, ქარვისფერი და ნატურალური ღვინოების სახელოვან ექსპერტს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, წლებია თანამშრომლობს Decanter–თან, Meininger's Wine Business International-თან, Palate Press-თან. 2014 წლიდან ნიდერლანდებში ცხოვრობს. "ქარვისფერ" რევოლუციაზე წიგნის დაწერა კი 4 წლის წინ გადაუწყვეტია.

2011 წელს ვულფმა ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ღვინის სტილი - ქარვისფერი ღვინო აღმოაჩინა ფრიულიში (ჩრდილოეთ იტალია). ღვინო იყო საოცრად განსხვავებული, გემრიელი, ღრმა. მას უამრავი კითხვა გაუჩნდა, საიდან მოდიოდა ღვინის დაყენების ასეთი მეთოდი და ტრადიცია? წიგნში ავტორი სწორედ ამ კითხვებს პასუხობს.

Amber Revolution 300 გვერდამდეა, ილუსტრირებულია რაიან ოპაზის (Ryan Opaz) მიერ გადაღებული ფერადი ფოტოებით. როგორც ავტორი წერს, მსოფლიოში ეს პირველი წიგნი იქნება, რომელიც ქარვისფერი ღვინის (თეთრი ღვინო, რომელიც წითელი ღვინის მსგავსადაა დაყენებული) დავიწყებულ ისტორიას გააცოცხლებს. თეთრი ყურძენი დღეების, კვირებისა და თვეების მანძილზე რჩება კანთან ერთად კონტაქტში ფერმენტაციის პროცესში, შედეგად იბადება საუცხოო სხეულის, უჩვეულო არომატებისა და ინტენსიური გემოს მქონე ღვინო. კანთან ხანგრძლივი კონტაქტი ღვინოს ძლიერ ქარვისფერ, მოწითალო-მიხაკისფერ ან ნარინჯისფერ ტონებს აძლევს. ღვინის დაყენების ამგვარი წესი უძველესია, მაგრამ ახლა გახდა პოპულარული და ეს პოპულარობა დღითიდღე იზრდება - აღნიშნავს ვულფი.

წიგნი იწყება ფრიული კოლიოს (Friuli Collio) (იტალია) და სლოვენიის საზღვარზე მაცხოვრებლების ამბებით. მოგვითხრობს, ორმა მსოფლიო ომმა როგორ გაანადგურა ამ ხალხის იდენტობა და კულტურა. მაგრამ ამ ფერფლიდან საკვირველი აღორძინება მოხდა - მეღვინეობაში ახალი მოძრაობა -"უკან ფესვებისკენ" გაჩნდა, იოშკო გრავნერისა (Joško Gravner) და სტანკო რადიკონის (Stanko Radikon) ხელმძღვანელობით. მათმა შრომამ კი ფარდა ახადა საქართველოს კიდევ უფრო ძველ ღვინის კულტურას, რომელსაც ღვინის ქვევრში დაყენების 8000 წლოვანი ტრადიცია აქვს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს  მოიშალა, განადგურდა სოფლის ლანდშაფტები და გაიჩეხა ქართული ვენახები.

"ქარვისფერი რევოლუცია" ხუთი მთავარი თავისგან შედგება. შესავალში ავტორი პირად ამბავს გაგვანდობს, თუ როგორ შეუყვარდა ქარვისფერი ღვინო და რატომ გადაწყვიტა ამ წიგნის დაწერა. შემდეგი თავი იოშკო გრავნერისა და მისი კოლეგების შესახებაა, იტალიისა და სლოვენიის საზღვრის ორივე მხარეს. მწერალი გვიამბობს როგორ აყენებენ ქარვისფერ ღვინოს, რომელი ჯიშებიდან, მსოფლიოს რომელ მხარეში და რატომ აქვს მას ასეთი განსხვავებული გემო.

წიგნის მესამე თავი  რკინის ფარდის მიღმა სამყაროს ეძღვნება, საქართველოს, როგორც  უძველესი მეღვინეობის ტრადიციის მქონე ქვეყანას, რომელსაც 8000 წლის ისტორია აქვს, მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს ტრადიცია და ისტორია დაფარული იყო მსოფლიოსთვის. სხვათა შორის, ვულფი, ფოტოგრაფ რაიანთან ერთად 2017 წლის მაისში საქართველოში იმყოფებოდა.

მწერალი წერს იმაზე, რატომ არ არის ერთიდაიგივე ქარვისფერი ღვინო და ნატურალური ღვინო, და რაშია საქმე. როგორ უნდა განასხვავოთ კარგი და ცუდი ღვინო. მეოთხე თავი ეძღვნება იმას, თუ როგორ გახდა პოპულარული ეს ღვინოები ბოლო 10-15 წელიწადში, რატომ მოსწონთ ისინი სომელიეებს და სხვ.

წიგნის მეხუთე თავი - ღვინის მწარმოებლებს ეთმობა, რომელსაც ავტორი უწევს რეკომენდაციას. მწერალი 180 ქვევრის ღვინის მწარმოებელ მეღვინეს გვაცნობს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან: იტალია, სლოვენია, ავსტრია, ხორვატია, ბოსნია, ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, პორტუგალია, საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩილე და სამხრეთ აფრიკა.

"ქარვისფერი რევოლუცია" სასიამოვნოდ იკითხება, დააინტერესებს ღვინის მოყვარულს, ღვინით მოვაჭრესა თუ მწარმოებელს, ყველას, ვისაც ქარვისფერი ღვინო უყვარს. გავიგებთ მთელ მსოფლიოში საუკეთესო ქარვისფერი ღვინო სად და როგორ ვიყიდოთ, ვისიამოვნოთ, შევუხამოთ კერძებს ან დავაძველოთ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2017

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული