Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოში მალე ღვინის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი - KINOVINO- ჩატარდება

6 ოქტომბერს საქართველოს ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, ღვინის ექსპერტი და მწერალი, ჯონათან ნოსიტერი ეწვევა, რომელიც თავად გახსნის თბილისში საკუთარი ფილმების რეტროსპექტივას. 6 ოქტომბერსვე, KINOVINO-ს, ხელოვანთა კავშირ Conceptart-ისა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში ჩატარდება ჯონათან ნოსიტერის შეხვედრა ღვინისა და კინოს მოყვარულებთან. 10 ოქტომბერს კი გაიმართება შემოქმედებითი ღონისძიება ღვინის ბარ Vino Underground-ში. 

ნოსიტერის ვიზიტი და მისი ფილმების რეტროსპექტივა საქართველოში ღვინის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის, KINOVINO-ს,ერთგვარი, შესავალია, რომელიც ააიპ „KINOVINO-სა და ხელოვანთა კავშირ Conceptart-ის ორგანიზებით ტარდება.  

კინოვინო ღვინის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალია საქართველოში, რომლის ანალოგიც მსოფლიოს მეღვინეობის ყველა რეგიონსა და სახელმწიფოში არსებობს. მისი ფოკუსი იქნება მსოფლიოს მეღვინეობა და მევენახეობა - მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის, ისტორიის, გეოგრაფიის, განათლების, ტურიზმისა და ჯანდაცვის კონტექსტში.

ფართო ჭრილში, ღვინის კინოფესტივალის მიზანია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაცია მსოფლიოში, ადგილობრივი მეღვინეობის ინტეგრაცია მსოფლიო ღვინის სამყაროში, რასაც როგორც კულტურული, ასევე - ეკონომიკური წინაპირობები აქვს. კინოფესტივალის დამფუძნებელი გუნდის ხედვით, კინოვინო მეღვინეობისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთათვის უნდა გახდეს კულტურული ურთიერთობების საინტერესო პლატფორმა.

კინოვინო სულ მალე მსოფლიოს ღვინის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ კინოფესტივალთან, ფრანგულ ენოვიდეოსთან (Oenovideo) გააფორმებს პარტნიორობის ოფიციალურ ხელშეკრულებას.

ფესტივალის პირველი გამოშვება თბილისსა და კახეთს, როგორც საქართველოს მეღვინეობის დომინანტ რეგიონს, მოიცავს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 30 ფილმი მსოფლიოს 12 ქვეყნიდან.

6-10 ოქტომბერს, კინოვინოს  ფარგლებში, საქართველოს ისტორიის მუზეუმსა და კინოთეატრ ამირანში გაიმართება ჯონათან ნოსიტერის ფილმების -მონდოვინო (Mondovino), ბუნების წინააღმდეგობა (Natural Resistance) და რიო - სექს- კომედია (Rio Sex Comedy) - საპრემიერო ჩვენებები.

მონდოვინო დოკუმენტური კინოს ისტორიაში მეოთხე ფილმია, რომელიც ოქროს პალმის რტოზე  იყო ნომინირებული. ბუნებრივი წინააღმდეგობა კი პირველად ნაჩვენები იყო 2014 წლის ბერლინის კინოფესტივალზე ორ განსხვავებულ სექციაში (პანორამა, კულინარია). მხატვრულ ფილმში, რიო - სექს - კომედია, მთავარ როლს ასრულებს  ბრიტანელი მსახიობი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი (OBE), მრავალი საერთაშორისო და ნაციონალური ჯილდოს მფლობელი, შარლოტ რემფლინგი.

პროგრამა, კინოჩვენებების გარდა, მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული. დეგუსტაციები ჩატარდება Chateau Mukhrani-ში, ხოხბის ცრემლების, იაგო ბიტარიშვილის, სოლიკო ცაიშვილისა და სხვა მცირე მარნებში. დეგუსტაციებს გაუძღვება საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია.

სტუმრები ეწვევიან ვაზისა და ხეხილის საგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრს, მოინახულებენ ალავერდის მონასტერს, თელავის ღვინის მარანს, შუხმანისა და სტორის მარნებს, ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმს და სხვ.

7 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე გაუძღვება სამუშაო შეხვედრას ქართული ღვინის ისტორიის შესახებ. 8 ოქტომბერს ჩატარდება ფესტივალის საგანგებო სტუმრის, ჯონათან ნოსიტერის მასტერკლასი. 10 ოქტომბერს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი გაუძღვება დისკუსიას - თანამედროვე ქართული ღვინის კულტურა.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ღვინის კლუბი,  კომპანია ბადაგონი, სასტუმრო Vinotel,  დოკუმენტური ფილმების სტუდია, პირველი არხი, რადიო ფორტუნა, მედიაპალიტრა, ბილეთები.გე, კინოთეატრი ამირანი, Vino Underground Tbilisi.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული