Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კონსტანტინე ჭანტურიას სექტემბრის 5 რჩეული ღვინო

ქართულ ღვინოზე საუბრისას, მისი გასინჯვისას ყოველთვის ვრწმუნდები თუ რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანია ჩვენი მეღვინეობა. ჩემი ამ თვის 5 რჩეული ღვინოც ამ პრინციპით ავარჩიე, მათ ერთი მნიშნველოვანი რამ აერთიანებთ - ყოველი მათგანი კონკრეტული რეგიონისა და ტერუარის თავისებურებას წარმოაჩენს, რაც საბოლოო ჯამში ქართული მეღვინეობის მრავალფეროვნებას ქმნის.

სწორედ ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც გამოგვარჩევს დანარჩენი მეღვინეობის ქვეყნებისაგან. პირადად მე, ხუთივე ღვინოში დავიჭირე ის ხასიათი, რომელმაც მამოგზაურა საქართველოს გარშემო.

კრახუნა, დამილიე, 2021 

იმერეთში ხშირად სამივე თეთრყურძნიან ჯიშს (ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა) ერთად წურავენ. ყოველთვის მაინტერესებდა თუ რა პოტენციალი ქონდათ ამ ჯიშებს ცალ-ცალკე დაყენებისას. პირველ რიგში, სახელმა მიიქცია ჩემი ყურადღება, წაკითხვისას თითქოს იმერული აქცენტით ჩამესმა „დამილიე“ და ღვინომაც გაამართლა მოლოდინი. 

ღვინო ღია ჩალისფერი შეფერილობისაა, კრიალა და მსუბუქად გამოხატული ცრემლიანობით, რაც ღვინის სიმსუბუქისკენ მიგვითითებს. გემოზე კარგად ჩანს კრახუნას ხასიათი, მისი მინერალურობა და მრავალფეროვანი ხილის არომატი, ძირითადად ბაღის ხილის, მწვანე ვაშლისა და მსხლის ტონები, რასაც სასიამოვნოდ ერწყმის ხავერდოვანი მჟავიანობა, ღვინო საკმაოდ ჰარმონიულია. დარწმუნებული ვარ ახალგაზრდა მეღვინეების ეს ნამუშევარი შემოდგომის საღამოებს გაგილამაზებთ.

გორული მწვანე/თავკვერი/ჩინური, მოსავალი პირველი, 2021 

შემდეგი ღვინო ქართლის რეგიონიდანაა, ასევე მცირე საოჯახო მარანი, რომელიც სოფელ ლამისყანაში მდებარეობს. ხშირად გაიგებთ, რომ ღვინო ეტიკეტით არ ფასდება, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში სახელსა და ეტიკეტს ეტყობა მეღვინის ზრუნვა. ლაშას და ნიკოლოზს პირველი კითხვა სწორედ სახელზე დავუსვი, თუ რას ნიშნავდა მოსავალი პირველი და მათგან საკმაოდ საინტერესო და რომანტიული პასუხიც მივიღე, მათი სურვილია და მეღვინეობის დასახელებაც ყოველდღე ამას კარნახობს, რომ თითოეული ღვინო, რომელსაც დაამზადებენ, სწორედ იმ ემოციით და სიყვარულით იყოს სავსე, როგორიც პირველი რთველის მიღებისას ჰქონდათ.

ეს ვარდისფერი ღვინოც ამ ემოციით არის სავსე და რთულია თავი არ დაგამახსოვროს ღია ლალისფერი შეფერილობით, კოწახურის, მარწყვისა და მსუბუქი კენკროვანი ხილის არომატებით, სიხალასით, რომელსაც ყოველ გახსნილ ვარდისფერ ღვინოში ელოდება ადამიანი. 

ალექსანდროული, ნაბერაული, 2021

 

რაჭა ყოველთვის ასოცირდებოდა ნახევრად ტკბილ ღვინოებთან, თუმცა ბოლო პერიოდში, რთულია არ შეამჩნიო თუ როგორ გაიზარდა და განვითარდა რაჭა, როგორც მეღვინეობის რეგიონი, თავისი ჯიშური მრავალფეროვნებით, იშვიათი და განსხვავებული სტილის ღვინოებით ამ რეგიონმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ქართულ მეღვინეობაში. ამ განვითარების ერთ-ერთი მაგალითი კი მეღვინეობა „ნაბერაულია“, რომელიც ამბროლაურში მდებარეობს და ადგილობრივი ღვინის საკმაოდ ფართო და საინტერესო არჩევანი აქვთ. ხოლო ერთ-ერთი ღვინო, რომელმაც მომხიბლა 2021 წლის ალექსანდროულია. ღვინო ქართული ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული ქვევრში. მუქი ალუბლისფერი შეფერილობა აქვს, შავი მოცხარისა და სანელებლების ტონები საკმაოდ ჰარმონიულადაა შერწყმული და კარგად აღწერს რაჭის რეგიონის სპეციფიკას, გემოზე საშუალო მჟავიანობა დაჰყვება, რაც მის სხეულს ხავედროვანს ხდის. ღვინოს დაძველების საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ რამდენიმე წლის დავარგების შემდეგ სულ სხვა ისტორიას მოგვიყვება. როდესაც ეს ღვინო გავსინჯე, დავრწმუნდი, რომ რაჭამ საკუთარი თავი სრულიად სხვა მხრიდან დაგვანახა.

ოჯალეში, ბინეხი, 2020

მხოლოდ ჩემი გვარი და წარმომავლობა არ არის მიზეზი, თუ რატომაც მოხვდა ჩემს ხუთ რჩეულ ღვინოში ბინეხის ოჯალეში. სამეგრელო მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა და ყოველთვის გამოირჩეოდა ჯიშური მრავალფეროვნებით. ბევრი ვაზის ჯიშის სახელი სამწუხაროდ დღეს უმრავლესობისთვის საკმაოდ უცხოა. სამეგრელოს მეღვინეობის ერთ-ერთი საპატიო წარმომადგენელი ოჯალეშია, რომლისგანაც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „სალხინოს ოჯალეში“ მზადდება, თუმცა კონკრეტულად ეს ღვინო სამეგრელოს დასავლეთ ნაწილში, სოფელ ჭკადუაშში მოწეული ყურძნისგან დგება. ღვინო ქვევრშია დადუღებული და შემდეგ 6 თვის განმავლობაში დავარგდა ფრანგულ მუხის კასრში, სწორედ კასრში დავარგებამ შესძინა ღვინოს საკმაოდ პიკანტური არომატები. სანელებლებისა და შავი შოკოლადის ტონები სასიამოვნოდ ერწყმის ოჯალეშის ჯიშურ ხილის არომატებს, ღვინო გამოირჩევა რბილი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. არსებობს ღვინოები, გასინჯავ და შემდეგ რთულია დაგავიწყდეს, თავისი ელეგანტურობით. სწორედ ეს ემოცია დამიტოვა ბინეხის ოჯალეშმა.

მუკუზანი, ხოტევანი, 2021

ღვინოებზე საუბრისას რთულია არ შეეხო კახეთს და საფერავს. ეს რეგიონი და ჯიში ქართული მეღვინეობის სავიზიტო ბარათია, ამიტომაც ჩემს რჩეულ ღვინოებში მარანი ხოტევანის მუკუზანი მოხვდა. კახეთის რეგიონი გამოირჩევა მრავალფეროვანი კლიმატით და დაყოფილია სხვადასხვა ზონებად. თითოეულ რეგიონში, ინდივიდუალური ხასიათისა და სტილის ღვინო მზადდება. ერთ-ერთი გამორჩეული ზონა მუკუზანია, ეს ღვინოც მუკუზნის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან არის დამზადებული და ჩემი აზრით ამაყად ატარებს ამ რეგიონის სახელს. როდესაც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს ვსინჯავ, შედარებით კრიტიკული ვარ, თუმცა მოვიხიბლე ამ ღვინის ინტენსიური მუქი შეფერილობით, მდიდარი არომატითა და სხეულიანობით, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც მუხის კასრისა და საფერავის მძიმე ტანინის მსგავსი თანხვედრა და ბალანსი ვიგრძენი ღვინოში.

პუბლიკაციის პარტნიორია ღვინის მაღაზია-ბარი 8000 მოსავალი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული