Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტასმანიური ღვინოები - decanter

მოამზადა ელენე ცინცაძემ

ავსტრალიის კუნძულოვანი შტატი დიდი ხანია საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ღვინის რეგიონად განიხილება ძირითადად მისი გრილი კლიმატისა და ყურძნის ხარისხის გამო. “დეკანტერის” სექტემბრის ნომერში ტასმანიის ღვინოებისა და ამ კუნძულის მეღვინეობის შესახებ ვკითხულობთ.  როგორც ავტორი წერს, თუ 2001 წლის House of Arras’-ის Blanc de Blancs-ს გასინჯავთ, გაოცდებით ღვინის “სიცოცხლისუნარიანობითა” და სიხალისით, რომელიც თითქოს ახლახანს თუ აღწევს მწიფობის ასაკს. როგორც ჩანს, მსგავსი ხარისხის მისაღწევად ტასმანიამ დიდი გზა გაირა. 

1980-იანი წლებიდან ტასმანიელმა მეღვინეებმა სწორ ადგილებში სწორი ჯიშების მოყვანა დაიწყეს. აქცენტს ძირითადად შარდონესა და პინო ნუარზე აკეთებდნენ, თუმცა ადრეული მცდელობები არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მეღვინეები ცდილობდნენ მიეღოთ უჩვეულოდ მდგრადი ინტენსივობის მჟავიანობა ყურძენში და ამავდროულად არ იყო კუნძულზე რთველისთვის შესაფერისი პირობები. ტემპერატურა აქ საკმაოდ ცივია, დღის განმავლობაში საშუალოდ 9 გრადუსით ხასიათდება, თუმცა კუნძული მშრალიცაა. ტასმანიის აღმოსავლეთით ისეთი კლიმატია, რომ ნაყოფი ნელა მწიფდება და არაჩვეულებრივი ბალანსით გამოირჩევა, რაც შემდეგ ღვინოში კომპლექსურობითა და სიხალასით ვლინდება. 

House of Arras-ის მეღვინე ედ კარი იმ ადრეულ მწარმოებლებს შორისაა, რომლებსაც მტკიცედ სწამდათ ტასმანიის შესაძლებლობების. 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც Hardys Wine-ში მუშაობდა, მაშინაც კი სწორედ ტასმანიური შარდონე და პინო ნუარი აირჩია საწარმოებლად. 1995 წლის მოსავლის შემდეგ, როდესაც Arras-მა, როგორც ცქრიალა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ დიდი წარმატება მოიპოვა მსოფლიოში, წლიური წარმოება გააორმაგეს (240 000-მდე),  ტასმანიის პერსპექტივაც მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში, ბუნებრივია, გაფართოვდა: “ის, რომ აქ რეგიონები სირთულითა და სხვადასხვა მახასიათებლითაა გამორჩეული, აქაურ ღვინოებს კიდევ უფრო მეტ ელეგანტურობასა და დახვეწილობას ანიჭებს” - აღნიშნავს კარი. 

კარის კოლეგები Hardys-ში, პიტერ დოუსონი და ტიმ ჯიმსი აღნიშნავენ, რომ კუნძულის პოტენციალს აშკარად ხედავენ და სწორედ ამიტომაც მხოლოდ ტასმანიური შარდონეთი და პინოთი წურავენ ღვინოს. განსაკუთრებით აღფრთოვანებული არიან Coal River Valley-ში Meadowbank-ის ვენახებისგან. როგორც “დეკანტერი” წერს, მათი ღვინოები მნიშვნელოვნად განსხვავდება პიტერ დრიჯის Meadowbank-ის ღვინოებისგან, რომელსაც უფრო მეტად ბურგუნდიული სტილი აქვს: “ამ ერთ ადგილას მოყვანილი ვაზისგანაც კი განსხვავდება ღვინოები, სწორედ ეს უსვამს ხაზს ტასმანიის მრავალფეროვნებას”. - ამბობს ის. 

Tolbudelle-ს ვენახი Coal River-ის ხეობაში სავარაუდოდ ტასმანიის ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი ადგილია. იქაურობა Decanter-ის ოთხი თანათავმჯდომარიდან ერთ-ერთის საკუთრებაშია. Shaw & Smith-ის ღვინის საწარმოს Adelaide Hills-ს ეძახიან. ჰილ სმიტის თქმით, ძალიან ამაღელვებელია ასეთ ცნობად და მნიშვნელოვან ადგილას ღვინის დაყენება. როცა ღვინო გამოუშვეს, ეტიკეტზე ტასმანიური წარმოშობაც აღუნიშნეს, რაც, როგორც ჰილსი აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია: “ეს ტასმანიის პატივისცემას გამოხატავს და ამას ჩვენთვის დიდი დატვირთვა აქვს”. როგორც ვკითხულობთ, კუნძულზე საკმაოდ დიდი გამოწვევაა მოსავალი. ველური რთველის “ვარიაციები” მკაცრი ამინდის გამო ცვალებად წლიურ მოსავალს იწვევს ახალგაზრდა ვაზის ნაყოფის არაპროგნოზირებად არომატებთან ერთად. თუმდა მიუხედავად ასეთი დაბრკოლებებისა, ბევრი მეღვინე მაინც ტასმანიაში გადადის სამუშაოდ. 

ახალ ზელანდიაში დაბადებული სემ კონიუ ტასმანიაში 2016 წელს ორეგონში ყოფნის შემდეგ ჩავიდა. მან კუნძულზე ცხოვრება არჩია, რადგან სურდა საუკეთესო რისლინგი, პინო ნუარი და შარდონე ეწარმოებია, დღეს მისი მარნის სახელწოდებაა Stargazer, რომელიც 2012 წელს დაარსა: “ტასმანია ერთადერთი ადგილია, რომელიც, ვიცი რომ ნამდვილად გაამართლებს. ინსტინქტურადაც კი თავს სახლში ვგრძნობ, ვხვდები მის პოტენციალს. აქაურობა, თითქოს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის კომბინაციას ჰგავს.” - აღნიშნავს მეღვინე. მსგავსად ფიქრობს ჰილ სმიტიც, Barossa Valley-ში Yalumba-ს თავმჯდომარე და როგორც თავად მიიჩნევს, ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ტასმანიის პოტენციალი და ღვინის გაუმჯობესება და სპეციალიზაცია დაიწყო. 

კუნძულზე 184 ღვინის მწარმოებელია. იქ წარმოებული ღვინო ავსტრალიის მთლიანი მოსავლის 1%-ს შეადგენს, თუმცა ეროვნულ გაყიდვებში 4,2%-ია მისი წილი. ტასმანია 7 ნაწილად, რეგიონად იყოფა, ესაა ჩრდილო დასავლეთი (დავენპორტის მახლობლად), Tamar Valley და Pipers River, რომელიც ჩრდილოეთ სანაპიროს ეკვრის, აღმოსავლეთ სანაპირო (St. Helens-დან Freycinet-მდე ტერიტორიები), სამხრეთით Coal River-ის ხეობა, Derwent Valley და Huon/ d’Entrecasteaux Channel.  კლიმატი ზომერია, დასავლეთის ქარები ხანდახან იქაურობას უფრო აგრილებს. დღიური საშუალო ტემპერატურაა 9 - 12 გრადუსამდე. კუნძულზე ძირითადი ჯიშებია პინო ნუარი (48%), შარდონე (25%), პინო გრი (9%) და რისლინგი (6%). გაითვალისწინეთ, რომ შარდონეს 76%-ითა და პინო ნუარის 45%-ით ცქრიალა ღვინო იწარმოება.

დეკანტერი” რამდენიმე ტასმანიურ ღვინოსაც გვთავაზობს და გვიხასიათებს სტატიის ბოლოს: HouseofArras,ArrasGrand Vintage Extra Brut 2013 - მდიდრული ღვინოა, გამოირჩევა კომპლექსურობით. შარდონეს 62% ციტრუსის არომატებს ავლენს. აქ იგრძნობთ მინერალურ ნოტებს, გამაგრილებელ, სასიამოვნო მჟავიანობას, გრძელ დაბოლოებასა და ღვინის ხალისიან ხასიათს. 

House of Arras, Arras Blanc de Blancs Brut 2006 - ცქრიალა ღვინოა, რომელსაც ინტენსიური, კაშკაშა ციტრუსის არომატები აქვს. აღმოაჩენთ ქონდრისა და ზღვის ნოტებსაც. ამ ყველაფერს კი ბარხატოვანი, სასიამოვნო დასასრული ერთიანად გაგრძნობინებთ. 

Jansz,VintageRosé 2018 - ჟოლოს “ხრაშუნა” სურნელების მიღმა, მარწყვისა და კენკრის არომატებთან ერთად აღმოაჩენთ ნუგას სურნელებასაც. ღვინო 100% პინო ნუარისგანაა დაწურული და საკმაოდ ხალისიანია.

DawsonJames,Chardonnay, Derwent Valley 2018 - აქ უფრო კონცენტრირებულ არომატებს იგრძნობთ. ძლიერი მჟავიანობა კი მუხაში დაძველებით უფრო რბილდება. Meadowbank-ის ვენახებიდან ღვინო თითქოს ბურგუნდიული სტილის მიდგომას ეხმაურება. ღვინოების სრული ჩამონათვალი და სტატია შეგიძლიათ Decanter-ის სექტემბრის ნომერში წაიკითხოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.