Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

მოგზაურობა არგენტინაში: გზა სინათლიდან ღვინომდე

2025 წლის სექტემბრის Decanter-ის ნომერში დაიბეჭდა ადრიანა კატენას სტატია, რომელშიც ავტორი არგენტინის მნიშვნელოვან ღვინის რეგიონებზე საუბრობს.

არგენტინა ყოველთვის გამოირჩევა იმით, რომ სტუმრებს მრავალგანზომილებიან გამოცდილებას სთავაზობს, აქ ერთმანეთს ერწყმის ბუნება, ხელოვნება და ღვინო.  ამ თვალსაზრისით, ორი ადგილი განსაკუთრებულად გამოირჩევა: ბოდეგა კოლომე (Bodega Colomé) — მაღალმთიან რეგიონში, სალტაში, და L’Orange — მშვიდი, ორგანული ოაზისი მენდოსაში. ორივე ადგილი სხვადასხვა განზომილებაში გამოგზაურებს, ეს არის ერთგვარი სენსორული გამოცდილება, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე ღვინის დეგუსტაცია.

კოლომე: სინათლე და სიმაღლე ჰარმონიაში

მნიშვნელოვანია თუ არა მთელი დღე მხოლოდ ერთ რეგიონს დავუთმოთ? კი, უდავოდ მნიშვნელოვანია, თუ ამ დღეში შედის ვიზიტი ბოდეგა კოლომეში.

შვეიცარიელმა მეღვინემ და თანამედროვე ხელოვნების კოლექციონერმა დონალდ ჰესმა  ეს მეღვინეობა 2001 წელს დააარსა. კოლომე მდებარეობს არგენტინის ჩრდილოეთით, სალტას უკიდეგანო მთებში, აქ განლაგებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე ვენახი — ზღვის დონიდან 3,111 მეტრზე.

იქ მისვლა უკვე თავგადასავალია: 115 კილომეტრი კაფაიატედან — სამი-ოთხი საათი მტვრიან, მრუდე გზებზე, რომლებსაც  ოქროსფერი ფერდობები და უზარმაზარი კაქტუსები მიუყვება. როცა 2,300 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მეღვინეობას მიაღწევთ, ხვდებით, რომ უბრალო მოგზაურობაში არ ხართ, არამედ სხვა სამყაროში მოხვდით.

მაგრამ კოლომეს განსაკუთრებულობას მხოლოდ ღვინო არ განაპირობებს. მთავარი აქ  ჯეიმს ტარელის სინათლის მუზეუმია — მსოფლიოში ერთადერთი მუდმივი სივრცე, რომელიც მთლიანად ამ ამერიკელი ხელოვანის ნამუშევრებს ეძღვნება.

ტარელი ცნობილია იმით, რომ ის იკვლევს სინათლისა და სივრცის ურთიერთობას. მის ინსტალაციებს შეხვდებით მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში, მაგრამ მხოლოდ კოლომეშია ხელმისაწვდომი ერთიანი, ამ ნამუშევრებისთვის მიძღვნილი მუზეუმი, რომელიც ჰესის არტ კოლექციაში შედის.

მუზეუმში წარმოდგენილია 9 ინსტალაცია:

  • Skyspace — არქიტექტურული სივრცე, რომლის ჭერში არსებული ფანჯარა ცას ცოცხალ ხელოვნებად აქცევს.
  • Ganzfeld ოთახები — სინათლის ერთგვაროვანი ველები, რომლებიც იწვევს ვიზუალურ და ემოციურ დეზორიენტაცია.
  • დერეფნები, სადაც სინათლე სითხედ მოგეჩვენებათ.

ეს სივრცეები გიძღვებიან მენტალური სიწყნარიდან მოულოდნელ სიხარულამდე, თითქოს სინათლის მეშვეობით ხდებით სამყაროს ნაწილი. ფერები — ანდების ცისფერი, ვარდისფერი და ოქროსფერი — ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს  ბუნების გულში, სინათლის პულსზე დგახართ.

ღვინო, რომელიც იქ იწარმოება მეღვინე ტიბო დელმოტის მიერ, ისეთივე სიღრმითა და სენსორული ძალით არის სავსე, როგორც მუზეუმი. მაღალი სიმაღლის ვენახებში მოყვანილი ყურძენი იძლევა მდიდარ არომატს, განსაკუთრებულ გემოსა და ელეგანტურ სტრუქტურას. თითოეული ყლუპი დიალოგია ხელოვნებასა და ბუნებას შორის.

L’Orange: სიმშვიდის ბაღი მენდოსაში

თუ კოლომე  მაღალი და მისტიკურია, მაშინ L’Orange — პატარა, ინტიმური სამოთხეა მენდოსას ჩრდილოეთით, ჩაკრას დე კორია-ს რაიონში.

აქ მეღვინეობას ხელმძღვანელობენ ერნესტო კატენა და მისი მეუღლე ჯოანა ფოსტერი. მათ საკუთრებაში არსებული სივრცე გარშემორტყმულია ბაღით, ბოსტნეულით, ვენახით, მინი-რესტორანითა და მიკრო-საწარმოებით, სადაც ისინი ამზადებენ საკუთარი რეცეპტით დაყენებულ კომბუჩას — ბუნებრივად ფერმენტირებულ ჩაის.

მათი ფილოსოფია მოკლედ ასე ჟღერს:

ცოცხალი მიწა, ცოცხალი საკვები, ცოცხალი სასმელი.

ღვინო მზადდება ბიოდინამიკური მეთოდებით, სხვადასხვა ტიპის ამფორებში — საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და საქართველოდან. ყურძენი ძირითადად მოდის მათსავე ვენახიდან ვისტა ფლორესში.

არანაირი ქიმიური ჩარევა, არანაირი გაფილტვება — ბუნებრივი ღვინო, რომელიც ასახავს მის გარემოს. მათი კომბუჩაც ისეთივე ყურადღებით მზადდება, როგორც ღვინო: მწვანე ჩაისგან, დაბალი ალკოჰოლის შემცველობით, ფერადი და ბუშტუკოვანი.

L’Orange-ის სამზარეულოც ასეთივეა: აგროეკოლოგიური, ლოკალური, სეზონური.

ბოდეგა კოლომე და L’Orange ორი სრულიად განსხვავებული სამყაროა — ერთი მთაში, ცის  სიმაღლეზე; მეორე — მინდვრებში, სიმშვიდით სავსე გარემოში. მაგრამ ორივეს აერთიანებს ერთმნიშვნელოვანი მახასიათებელი: ისინი ადამიანს ხელახლა აკავშირებენ ბუნებასთან, ხელოვნებასთან და საკუთარ თავთან.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა