
4 ივლისს, ღვინის მაღაზიათა ქსელი „8000 მოსავალი“ უკვე ტრადიციად ქცეულ სტუდენტური ღვინოების დეგუსტაციას მასპინძლობდა და vinoge.com მოუთმენლად ელოდა მათთან შეხვედრას.
ფესტივალზე აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების შვიდი გუნდის მიერ შექმნილი ღვინოები დაგვხვდა. თითოეულ გუნდს ძირითადად სამი ტიპის ღვინო ჰქონდა წარმოდგენილი - ქვევრის, კლასიკური და წითელი, ნაწილს საკუთარი ინიციატივით პეტ-ნატი და შემაგრებული ღვინოც დაუყენებია.
ფესტივალზე გაიმართა ღვინოების დაჯილდოებაც სხვადასხვა კატეგორიაში. სტუდენტებს სიტყვით მიმართა აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ანა გოდაბრელიძემ, რომელმაც ერთ-ერთი რჩეული ღვინო გამოავლინა.
ფესტივალის მხარდამჭერია „8000 მოსავალი“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს აგრარულ უნივერსიტეტთან.

„დღევანდელი ღონისძიება სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გამოცდილებას იღებენ სწორად როგორ წარადგინონ ღვინო, მიაწოდონ ინფორმაცია მომხმარებელს. მათთვის ეს არის პირველი შეხება საფესტივალო სისტემასთან და ფესტივალები, ზოგადად, მეღვინეებს განვითარების საშუალებას აძლევს რომ უფრო მეტი მომხმარებელი შეიძინონ“ - ჩვენთან საუბარში აღნიშნა „8000 მოსავლის“ წარმომადგენელმა, კატო შალვაშვილმა.
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები თავად არჩევენ ვაზის ჯიშებსა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და სრულად მართავენ პროცესს ვენახიდან ბოთლის ეტიკეტამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ეტიკეტი თავისუფალი უნივერსიტეტის VAADS-ის სკოლის სტუდენტების შექმნილია. ეტიკეტების და ზოგადად, ფესტივალზე წარმოდგენილი შვიდივე გუნდის: „ეოსი“, „კერა“, „Kaizen“, „ანაბეჭდი“, „ანდამატი“, „არალი“, „დამკრახული“ - ბრენდის კონცეფციის გაცნობა ძალიან საინტერესო იყო, ახლებური ხედვებით, გაბედული ექსპერიმენტებით და თამამი გადაწყვეტებით.

ფესტივალის სტუმარმა, მეღვინემ და ღვინის მარკეტინგის სპეციალისტმა, ირაკლი ჩოლობარგიამ, თავისი შეფასებები გაგვიზიარა: „ეს ძალიან კარგი ფესტივალია, იმიტომ, რომ ახალი თაობის ღვინოები მოდის, ახალი მეღვინეების, რაც ძალიან სასიხარულოა. სტუდენტები ძალიან კრეატიულები არიან როგორც თვითონ ღვინის კატეგორიის შექმნაში, ასევე მარკეტინგშიც. ძალიან კარგი ეტიკეტებია, გააზრებული. ჯერჯერობით რაც გავსინჯე, პეტნატები, შესანიშნავად არის დაყენებული, ლეჩხუმის ცოლიკოურსაც გამოვყოფდი, ესეც მომეწონა. ჩანს რომ კარგი ხელწერა აქვთ უკვე ამ სტუდენტებს და ეს ძალიან კარგია.“
სასიამოვნო იყო ხალხმრავლობა და მომხმარებლების ცოცხალი ინტერესი ახალგაზრდების ღვინოების მიმართ. ღვინის დაგემოვნება პენატებით დავიწყეთ, ყოველ ჭიქას თან ახლდა ღვინის ავტორების მხრიდან კომპეტენტური კომენტარები.

ლალი მწყერაშვილი, სტუდენტი, გუნდი „დამკრახული“: „დღეს ფესტივალზე წარმოდგენილი გვაქვს თეთრი კლასიკური ღვინო „სვირი“, რომელიც ციცქა-ცოლიკაურის ბლენდია. ასევე, ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქვევრის წინანდლის „მწვანე“ და „საფერავი“, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის ვენახებიდან გვაქვს აღებული. ასევე წარმოდგენილი გვაქვს „კლასგარეშე“ პეტ-ნატი, რომელიც, ჩვენი სურვილით დავაყენეთ და არის თავკვერის, ჩინურის და მუსკატის ბლენდი. მუსკატი დაახლოებით 5 პროცენტამდეა, რომ მის ვარდის და ატმის სპეციფიკურ არომატებს არ გადაეფარა ჩვენი ღვინის პროფილი, ეს არომატები ფონად გასდევს და ვფიქრობთ, რომ პეტ-ნატის ძალიან კარგ ნიმუშს ქმნის მომხმარებლისთვის.“

ერთ-ერთი გუნდის სახელწოდება „ეოსი“ განთიადის ქალღმერთის სახელითაა შთაგონებული, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში სიახლის და სინათლის სიმბოლოდ მიიჩნევა.
გუნდის ერთ-ერთმა წევრმა ლუკა ბედიანაშვილმა ასე გაგვაცნო „ეოსის“ ღვინოები: „ჩვენ დღეს გვაქვს წარმოდგენილი სამი სახის ღვინო, ეს არის თეთრი კლასიკური, რომელიც 80 % არის გორული მწვანე და 20% ციცქა. ასევე, გვაქვს ღვინო, რომელიც 70 % არის ჩინური, 30% კახური მწვანე. და წითელი ღვინო, რომლის 70 % არის ადანასური და დამზადებულია კარბონატული მაცერაციის მეთოდით, დანარჩენი 30% არის შავკაპიტო-თავკვერი“.
გუნდის მთავარი მიზანი ქართული ვაზის ჯიშების შესაძლებლობების აღმოჩენა და ღვინის შექმნის პროცესში ექსპერიმენტის მნიშვნელობის წარმოჩენაა.
ღვინის კლუბი გამარჯვებას და წინსვლას ვუსურვებთ ახალი თაობის მეღვინეებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი