Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ზაფხულის ჭაშნიკი, ღვინის პროფესიონალები გვირჩევენ - ალეკო ცქიტიშვილი

ჩვენი საზაფხულო რუბრიკა გრძელდება! კვლავ ვცდილობთ დაგეხმაროთ ცხელი დღეებისა და გრილი საღამოებისთვის იდეალური სასმელის პოვნაში.

წესები უცვლელია: სფეროს წამყვანი პროფესიონალები გვთავაზობენ სამ ფავორიტ ღვინოს - აუცილებელ კლასიკას, ზაფხულის განწყობასა და ექსპერიმენტულ აღმოჩენას, რომლებსაც მარტივი კერძები შეუხამეს.

დღეს ბლოგის პლატფორმას ვუთმობთ მეღვინეს, რომელიც თავად ქმნის ღვინის კულტურას.

გაეცანით ალეკო ცქიტიშვილის, მეღვინის (“ჭორტაულის ვენახები”) და ღვინის ჟურნალისტის, პირად რეკომენდაციებს:

აუცილებელი კლასიკა: თეთრი მშრალი - კოსტაფე 2024, ჯუსოს მეღვინეობა, კახეთი, საგარეჯო.

“ამ ღვინის სახელწოდება - „კოსტაფე“ აღნიშნავს პატარა ზვარს (ტერუარს) საგარეჯოსთან, მდინარეების - იორისა და თვალთხევის სიახლოვეს. ზვარი, თავის მხრივ, შედის ადგილწარმოშობის დასახელება „მანავის“ საზღვრებში. ღვინოში მონაწილეობს კახეთის მევენახეობის ოთხი ვაზის ჯიშის ყურძენი: რქაწითელი (35%), მწვანე კახური (25%), ქისი (25 %) და ბუერა (25 %).

ღვინო არის ბუნებრივი (ნატურალური), დაყენებულია ტრადიციული მეთოდით ქვევრში, სრულ ჭაჭა-კლერტზე, რომელზეც დაყოვნებულია 9 თვის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ღვინო მსუბუქი დასალევია, ოდნავ საგრძნობი ტანინით და ხალისიანი გემოებით, რაც, ვფიქრობ, ერთი მხრივ, ამ ტერუარის დამსახურებაა, მეორე მხრივ კი - ისეთი ვაზის ჯიშების ყურძნებისა, როგორებიცაა: ბუერა და ქისი.“

ღვინოს აქვს გამოხატული მინდვრის ყვავილების, თეთრი ბლის მურაბის და ოდნავ, ასევე, ციტრუსის ცედრის ტონები. კარგად შეეხამება ხბოს მწვადს, ცივად მოხარშულ დედალს და მდინარის მოხარშულ თევზს - ე.წ. ცოცხალს.“

ზაფხულის განწყობა: საფერავი როზე 2024, ღვინო ხვთისია, კახეთი

ეს ღვინო ოდესღაც ჩაფიქრებული იყო პეტნატის სახით, მაგრამ 2021 წელს, პირველად, ამ საოჯახო მარნის მეღვინეს, ზურაბ ხვთისიაშვილს პეტნატის გარდა, ტკბილის ბოლომდე დადუღებით, მშვენიერი მშრალი, ვარდისფერი, ბუნებრივი ღვინო გამოუვიდა. აქედან მოყოლებული, იგი კარდენახის ახოების მიკროზონაში დაკრეფილი საფერავისგან თითქმის ყოველ წელს აყენებს ამ ღვინოს და სტაბილურად, მსგავსი სტილის საზაფხულო, ხალისიან როზეს გვთავაზობს.

ღვინოს აქვს ასკილის ყვავილის სურნელი და წითელი კენკრის, განსაკუთრებით კი - ჟოლოს არომატი. ქართული ყველის სახეობებიდან კარგად შეეხამება სულგუნსაც და თუშეთიდან ახლადჩამოტანილ ცხვრის გუდის ყველსაც, როცა ამ ყველის საუკეთესო გემოები ჯერ კიდევ არ ჩაუყლაპავს მარილის სიმლაშეს. კერძებიდან კარგი იქნება ჩახოხბილთან. ასევე, ჩაციებულ კახურ ბაღჩეულს - საზამთროს და ნესვსაც უნდა მოუხდეს.“

ექსპერიმენტი/აღმოჩენა: კრახუნა 2025, კიჭას მარანი, იმერეთი, ფერსათი

„კრახუნას“, ზოგადად, უხდება ჩაციება და ზაფხულის სიცხეში მსუბუქ ცქრიალა ღვინოზე არანაკლები გამაგრილებელი ეფექტი აქვს. ეს ღვინოც ასეთივეა და თუკი ცქრიალა ღვინის ეფექტით კრახუნა მოგენატრებათ, თამამად შეგიძლიათ მასზე შეაჩეროთ არჩევანი. დაყენებულია ტრადიციული იმერული წესით, ჭურში 10% ჭაჭაზე, რომელზეც იდუღა 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ მოიხსნა ჭაჭიდან და 1 თვე დაყოვნდა ჭურშივე, საბოლოოდ კი გადაინაცვლა ცისტერნაში, ბოთლში ჩამოსხმამდე.

ახალგაზრდა ღვინოა, მსუბუქი, ხალისიანი მჟავიანობით. მინდვრის ყვავილების, თივის სურნელით, გულაბი მსხლის და ციტრუსის შერეული არომატით. კარგად შეეხამება ტაფაზე კარაქში შემწვარ ნიყვს ან მიქლიოს, მსუბუქ საზაფხულო სალათებს და ხილს.“

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა