Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ბლუანა/Blueana — გიორგი წაქაძე — მცირე მარნების ანთოლოგია (135)

- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩვენთან, იმერეთში, იტყვიან - ღმერთი არ გასვენებს, წერას ჰყავხარ ატანილიო, ჰოდა, დაახლოებით ეგეთი ამბავია ჩემი და მეღვინეობის შესახებ. იმერეთში ღვინოს რომ აჭაშნიკებენ, კარგ ღვინოზე იტყვიან სატრაბახო ღვინო გაქვსო. ბავშვობიდან ხშირად მესმოდა მამაჩემის და ბიძაჩემების, მანამდე ბაბუაჩემის დაყენებული ღვინის მიმართ ეს სიტყვა. ამიტომ მეც გადავწყვიტე მეტრაბახა.

ვფიქრობ, 1990-2000-იან წლებში ღვინო უფრო ტრადიციულ სამოსელში გახვეული სასმელი იყო. ბოლო პერიოდში ხშირად ვხედავ სოციალურ ქსელებში, ბარსა თუ ღვინის დეგუსტაციებზე ახალგაზრდებს ღვინის ჭიქით ხელში. ზემოთ ტრაბახი ვახსენე და ღვინის, როგორც სასმლის, „გატრენდება“ იყო დამატებითი სტიმული. მინდოდა ღვინის მოყვარულებთან, ენთუზიასტებთან და უბრალოდ ადამიანებთან მელაპარაკა ჩემს ღვინოზე, ჩემს თავზე, მომეყოლა სოფელზე, ადამიანებზე, უბრალოდ ყველაფერზე, მეპოვა ახალი ადამიანები. მინდოდა ახალი თავგადასავალი და ამ თავგადასავალში თანამგზავრად ღვინო მყოლოდა.

2010 წლიდან, ღვინის კლუბის პირველი ფესტივალიდან ბოლო წლებამდე ვაკვირდებოდი სხვადასხვა მეღვინეების ნამუშევრებს, ვეკითხებოდი დაყენების ტექნოლოგიაზე და ა.შ. გავიარე ღვინის რამდენიმე ტრენინგი  და 2023 წელს დავაყენე სამი ტიპის ღვინო ჩემთვის. მაინტერესებდა ღვინის პოტენციალი და ამავდროულად, მინდოდა ჩემი თავიც შემემოწმებინა, რამდენად მზად ვიყავი ამ საქმისთვის. ეს ღვინოები რამდენიმე ფესტივალზე და დეგუსტაციაზე მქონდა, სადაც კრიტიკასთან ერთად, დადებითი შეფასებებიც მივიღე.  ამან მომცა შესაძლებლობა, ცივი გონებით და ემოციებისგან დაცლილს შემეფასებინა ჩემი, როგორც მეღვინის და ცალკე ღვინის პოტენციალი. ამ ამბების პარალელურად დავიწყე საკუთარი სახლის სარდაფის მოწყობა, მაგრამ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და დიდ დროს და ენერგიას მოითხოვდა. ამიტომ ვარჩიე, ღვინო 2024 წლის მოსავლისთანავე დამეყენებინა და ბიძაჩემის სახლის სარდაფში მოვაწყვე მარანი. ამას მოჰყვა შეღავათიანი აგროკრედიტი, რითაც შევიძინე ღვინის შესანახი ინვენტარი და ჩამოსასხმელი ხაზი. მალევე რთველიც დაიწყო და ასე ფორსირებულად ჩავები ამ საქმეში.

თავიდან ვფიქრობდი ღვინისთვის სახელი გვარიდან გამომდინარე დამერქმია, იყო სხვა ვარიანტებიც, სოფლის სახელთან კავშირში ან იქვე მდგომი ბაზილიკის დასახელება ამერჩია. საბოლოოდ, ბლუანა მომაფიქრდა, ლოკალურად იმ ადგილს ვეძახით, სადაც ვენახების ნაწილი გვაქვს გაშენებული. შემდეგ ეტიკეტის დრო დადგა. მინდოდა სადღაც ჩვენი ოჯახის ქალების შრომა გამომეჩინა - მხარზე კოკით, ალბათ, ბებია და კიდევ იქეთ დიდი ბებიები, რომლებიც წყაროებიდან წყალს ეზიდებოდნენ ვაზის შესაწამლად, წამალი რომ დაეყენებინათ.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო? როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?

ადგილი, სადაც ვცხოვრობთ და ვენახი გვაქვს გაშენებული, ფერსათის მთისწინეთში მდებარეობს, სამხრეთის ფერდობზე. ცივილიზაციას ცოტა მოწყვეტილები ვართ,  ეკოლოგიურად სუფთა გარემოა და ბევრი არტეფაქტი მოწმობს აქ ვაზისა და ღვინის საუკუნოვან არსებობას.

ჩვენი ვენახები 1996-2000-იან წლებში გააშენა მამაჩემმა და ბიძების ოჯახმა. ვენახი სახლთან ახლოს გვაქვს,  ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელხევში, დაახლოებით 0,80 ჰა. ბაბუას გაშენებული ვენახი დაბერდა და მის ადგილზე ახლა კრახუნა გავაშენე, ჯერ 1 წლისაა.

ამჟამად ოთხი ტიპის ღვინოს ვაწარმოებთ ჩვენი ვენახებიდან მიღებული მოსავლით: ციცქა, კრახუნა, ცოლიკოური, ვანის ჩხავერი. ასევე გვაქვს მგალობლიშვილი და ოცხანური საფერე, მაგრამ - მცირე რაოდენობით.

კრახუნა - ჩემი ფავორიტი ჯიშია, დიდი პოტენციალი აქვს და სხვადასხვა ტიპის ღვინის მიღების საშუალებას იძლევა, კლასიკური (ევროპული) ღვინით დაწყებული, ტანინებიანი ღვინით დასრულებული.  ამჟამად კრახუნას კლასიკურად დაყენებული ღვინო მაქვს 2024 წლის მოსავლისგან, რომელიც გამოირჩევა არომატების  სიმრავლითა და მსუბუქი, ხალისიანი გემოთი. ვფიქრობ, წელს კრახუნა იმერული წესით დავაყენო, ნაწილობრივ ჭაჭაზე, მეტი სხეულის მისაღებად.

ციცქა - ჩვენთან გავრცელებული მოსაზრებით, ამ ჯიშის ყურძნისგან დაბალალკოჰოლური ცქრიალა ტიპის ღვინო მიიღება (ამ აზრის გავრცელებაში ალბათ თერჯოლის შამპანურის ქარხნის წვლილი უნდა იყოს, რომელიც მასობრივად იბარებდა ციცქას იმერეთის რეგიონიდან). თუმცა, ეს ჯიში საპირისპიროს ამტკიცებს. ჩემი ღვინოებიდან ციცქა ყველაზე მაღალ ალკოჰოლური (13,3%) და სხეულიანი ღვინოა. ჭაჭაზე ფერმენტაციის გარეშეა დაყენებული და არომატებით მდიდარი და კარგად სხეულიანი ღვინო დადგა, რომელსაც დაძველების კარგი პოტენციალი გააჩნია. ამ ჯიშის ვაზი ცალკე გამოყოფილად არ გვაქვს და ცოლიკოურთან ერთად არის გაშენებული, აქამდე ყოველთვის ცოლიკოურთან ერთად ვაყენებდით. შარშან გადავწყვიტე ციცქა დამოუკიდებლად დამეწურა და არც შევმცდარვარ, მისგან საუკეთესო ღვინო მივიღე.

ცოლიკოური - ეს ჯიში ყველაზე გავრცელებული ჯიშია იმერეთში და მძლავრი სიცოცხლისუნარიანობითა და გამძლეობით გამოირჩევა. მინდოდა მისგან იმ ტიპის ღვინო მიმეღო, როგორსაც ბაბუა აყენებდა. კარგად ჩავეძიე და გამოვკითხე ბიძაჩემს, როგორ აყენებდა ბაბუა ღვინოს, როგორ ახდენდა ჭაჭის გადარჩევას, რამდენ გოდორ ჭაჭას აძლევდა წვენს, როგორ წნეხდა გაჭყლეტილ ყურძენს და მაქსიმალურად ვეცადე მასთან მიახლოებული ყოფილიყო. იმერული წესით ჭურში დავაყენე, ნაწილობრივ ჭაჭაზე (15-18%), ჭურშივე გაიარა დუღილის სრული პროცესი ჭაჭასთან. დადუღების შემდეგ მოშორდა დურდოს და ჭურში დაყოვნდა აღდგომამდე, აღდგომის წინა დღეებში გადავიტანე უჟანგავი ლითონის ავზებში. ცოლიკოურისგან სხეულიანი და არომატებით მდიდარი ღვინო მივიღე, რომელიც ყველაზე უფრო ახლოა ბაბუას დაყენებულ ღვინოსთან.

ვანის ჩხავერი -  ეს ჯიში ბიძაჩემს აქვს გაშენებული. ბიძაჩემი სოფელს შედარებით გვიან დაუბრუნდა და დაბრუნებისთანავე ვაზის გაშენება დაიწყო. დღემდე ცდილობს ვაზის იშვიათი (ყოველ შემთხვევაში იმ დროს იშვიათი) ჯიშები ჰქონდეს. მის ვენახში აუცილებლად იპოვით დოდნდღლაბს, ციცქას, კრახუნას, მგალობლიშვილს, ოცხანურ საფერეს, საფერავს, ვანის ჩხავერს, ალადასტურს.  ვანის ჩხავერიც ასე იპოვა მეზობელ სოფელში სტუმრობისას (ფერსათში ლომსიანიძეებში), როცა მასპინძელმა სუფრაზე ამ ჯიშის ყურძნის ღვინო მოიტანა.

ეს იშვიათი ვაზის ჯიში განსხვავდება გურული ჩხავერისგან და აბსოლუტურად სხვა ჯიშია. იმერულ ჩხავერსაც ეძახიან. ჩვენთან არსებული ჯიშებიდან ყველაზე ადრე იწყებს მწიფობას და რთველიც ნაადრევი აქვს. მისგან ნაკლებ სხეულიანი, შედარებით დაბალალკოჰოლური საზაფხულო ტიპის ღვინო მივიღე. მასში წითელი ხილის, დაუმწიფებელი ჟოლოს, ალუბლის, ბალის, მაისის ვაშლის, მარწყვის არომატები იგრძნობა. წინა წელს მისგან როზე მქონდა დაყენებული, წელსაც იგივე მინდოდა, ცივი მაცერაციით ერთი ღამით ჭაჭაზე დავაყოვნე და მუქი შეფერილობა მიიღო. ღვინო უჟანგავი ლითონის ავზშია დაყენებული და ბოთლში ჩამოსხმამდე მანდვე ვინახავ.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- განათლება: მცირე მარნები ძირითადად ბუნებრივ მეღვინეობას მივდევთ, რაც ღვინოში მინიმალურ ჩარევებს გულისხმობს. ეს კი დიდ სირთულეებთან და გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ყველას დიდი მადლობა, ვინც საქართველოში სასწავლო კურსებსა თუ უნივერსიტეტებში ამ ცოდნას და გამოცდილებას გადმოგვცემს, მაგრამ ბუნებრივი მეღვინეობის მიმართულებით კარგი იქნებოდა მეტი ცოდნისა და გამოცდილების მიღება. დამწყები რაკი ვარ, სულ დამდევს იმის შიში, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებ - ხან სატრენინგო მასალებში ვიხედები, ხან მეგობარ ღვინის ტექნოლოგთან გავდივარ უფასო კონსულტაციებს, რაც ძალიან მეხმარება.

მარკეტინგი: ერთი შეხედვით, სოციალური ქსელების ერაში ეს პროცესი გაცილებით გამარტივდა, მაგრამ ადვილი ნამდვილად არაა, ცალ ხელში ორშიმო ან ზურგზე ვენახის საწამლი მანქანა გეკიდოს და მეორე ხელით ხარისხიან ფოტოებს იღებდე და საინტერესო კონტენტს ქმნიდე. ხშირად ყოფილა კარგი აზრი მომსვლია, ემოციებიც მოსულა, დაწერა გინდა, მაგრამ ხან დრო არაა, ხან შაბიამანში გაქვს ხელები და გადაღებას ვერ ახერხებ, ხან დაღლილი ხარ, მერე გადაგიარა, დაგავიწყდა და დარჩა ესე შენი მარკეტინგი ვენახის მწკრივებში.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა -  მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ბევრი სახელმწიფო პროექტია, საწყის კაპიტალზე ხელმისაწვდომობა მაინც დიდ პრობლემად რჩება. დამწყები მეღვინისთვის ეს დიდ პრობლემებს ქმნის.

და მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ მცირე მარნების გადარჩენაც და განვითარებაც ევროპელ ვიზიტორებზეა დამოკიდებული. ძირითადად ევროპელი სტუმრები, ღვინის მოყვარულები თუ ენთუზიასტები არიან მცირე მარნების საუკეთესო შემფასებლები და ჩვენი ღვინის ელჩებიც. ავთენტურ ღვინოებსაც ისინი ყიდულობენ. ჩემი დაკვირვებით, ამ ბოლო დროს ევროპელი სტუმრების რაოდენობა ღვინის ფესტივალებზე შემცირდა და გაიზარდა რუსი ვიზიტორების რიცხვი, რუსებიდან კი იშვიათად შემხვედრია ღვინის ხარისხის შემფასებელი. მათი შერჩევის კრიტერიუმი ძველებურად „სლადკი“-„პოლუსლადკით“ შემოიფარგლება. ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, მცირე მარნების და ზოგადად, ავთენტური ღვინოებისადმი ინტერესი შემცირდება, რთული იქნება ღვინის ხარისხის შენარჩუნება. ამის გარეშე კი ინდუსტრიულ ღვინოებს კონკურენციას ვერ გავუწევთ და ბევრი მცირე საოჯახო მარანი არსებობას შეწყვეტს.

- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ვფიქრობ, ნელ-ნელა განვვითარდე, შევინარჩუნო ავთენტურობა. არ ვგეგმავ რამე გრანდიოზულს. ამ ეტაპზე ორიენტირებული ვარ ღვინის ხარისხზე და ხარისხის პარალელურად, მინდა ცოტ-ცოტა თანხების გადასროლა მარკეტინგისთვის - საიტი, ეტიკეტის დიზაინი და ა.შ. ძალიან მინდა ვიმოგზაურო ღვინოსთან ერთად უცხოურ ფესტივალებზე, მაგრამ ჯერ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ არის.

დამწყებ მცირე მემარნეებს ვურჩევ, სანამ ფინანსების ჩადებას დაიწყებენ, მანამ ისწავლონ, გაიარონ სასწავლო კურსები, დააყენონ მცირე რაოდენობის ღვინო და დააკვირდნენ პროცესს. ნუ ჩაყრიან დიდ თანხებს მარნის მშენებლობებში და ზოგადად ინფრასტრუქტურაში. ნუ დაისტრესებიან, ღვინოს ყველაზე მეტად უხდება სიმშვიდე, ღიღინი, კარგი გუნება-განწყობილება. თანხების სწორად გადანაწილება, ინფრასტრუქტურაზე, ღვინის ინვენტარზე, ვაზის მოვლაზე, მარკეტინგზე, ის აუცილებელი რამაა, რაც თავიდან აგვარიდებს ჩიხებს, ზედმეტ ნერვიულობასა და სტრესს. ამ საქმეს ლაღად და  მუყაითად კეთება უხდება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა