
სიცილიის სანაპიროსთან ჩაძირული ძველი რომაული სავაჭრო გემი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, 2000 წელზე მეტი ხნისაა. გემზე ასობით კარგად შემონახული ამფორაა განლაგებული, რომლებსაც ღვინისა და ზეითუნის ზეთის გადასაზიდად იყენებდნენ. იტალიის კულტურის მინისტრმა, ალესანდრო ჯულიმ, ჩაძირული გემის პოვნას ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყალქვეშა არქეოლოგიური აღმოჩენა უწოდა.
პოლიციის სპეციალიზებულმა მყვინთავებმა გემი დაახლოებით 46 მეტრის სიღრმეზე, მეთევზეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გემის ნარჩენების სიგრძე 21 მეტრია, ხოლო სიგანე - 6 მეტრი. კულტურის სამინისტროს განცხადებით, იგი ძვ. წ. II ან I საუკუნით თარიღდება.
მეთევზემ და თავისუფალმა მყვინთავმა, ჯაკომო დე მოლამ, აღწერა შემთხვევით როგორ წააწყდა ისტორიულ გემს მაძარა-დელ-ვალოს მახლობლად, ზღვის ფსკერის დათვალიერებისას. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიტუაციის შესწავლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თავის სკანერზე რაღაც დიდი კლდის მსგავსი შენიშნა; ჩაყვინთა და ასობით ამფორა დაინახა - მაღალი კერამიკული ჭურჭელი, რომლებსაც ანტიკურ ეპოქაში პროდუქტების, ძირითადად ღვინის, ზეთისა თუ მარცვლეულის შესანახად იყენებდნენ. მან ჩაძირული გემის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს ჭურჭლებს შორის მცხოვრები თევზები და აღნიშნა: „ზღვა არასდროს წყვეტს ჩვენს გაოცებას. ჩვენ უბრალოდ ჩაძირული გემი კი არ ვიპოვეთ, არამედ ჩვენი ისტორიის ნაწილი აღმოვაჩინეთ“.
ადგილზე გაგზავნეს იტალიის პოლიციის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილების, ე.წ. „კარაბინერების ხელოვნების რაზმის“ (Carabinieri Art Squad) სპეციალიზებული მყვინთავები. ოფიციალური პირების განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას გემის დასაცავად უსაფრთხოების ზომები გატარდება, სანამ ექსპერტები მუშაობენ კატასტროფის ხასიათის დასადგენად და მისი ტვირთის შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
ხმელთაშუა ზღვის ფსკერი როგორც ჩანს სავსეა მსგავსი ანტიკური ხანის ჩაძირული გემებით.
2023 წელს კიდევ ერთი, ძვ. წ. II ან I საუკუნის გემი, რომის ჩრდილო-დასავლეთით იპოვეს, რომელიც ასევე ასობით ამფორით იყო დატვირთული. 2018 წელს კი ბულგარეთის სანაპიროსთან აღმოაჩინეს გვერდზე გადაბრუნებული ბერძნული სავაჭრო გემი, რომელიც 2400 წელზე მეტი ხნით თარიღდება. იმ დროისთვის იგი მსოფლიოში უძველეს ცნობილ, დაუზიანებელ ჩაძირულ გემად აღიარეს.
წყარო: Ancient Roman shipwreck discovered off Sicily coast
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი