
დღეს ბლოგზე "ზაფხულის ჭაშნიკის“ სტუმარია მაკა თარაშვილი - ღვინის ექსპერტი და პროფესიონალი, რომლის ხედვაც ღვინოსა და გასტრონომიაში ყოველთვის საინტერესოა, კონკრეტული რეკომენდაციები კი - პრაქტიკული და გულწრფელი. ის სამ საზაფხულო სასმელსა და მათთან საუკეთესოდ მისაყოლებელ, მარტივ კერძებს გვიზიარებს, რომლებიც შემდეგ კატეგორიად არის დაჯგუფებული: აუცილებელი კლასიკა, ზაფხულის განწყობა და ექსპერიმენტული აღმოჩენა.

აუცილებელი კლასიკა: ხიხვი, „ღვინო სიმი“, კახეთი.
“ეს ღვინო ქვევრშია დაყენებული. იგი ხასიათდება ღია, ნაზი ქარვისფერი შეფერილობით, ციტრუსის, თეთრი ყვავილების, გარგარის, ანანასისა და თაფლის სურნელით. მიუხედავად მაღალი ალკოჰოლისა - რომელიც თითქოს არ უხდება ზაფხულს და რომელსაც ასე ებრძვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - მაინც ძალიან ხალასი ღვინოა. ეს სიმსუბუქე მისი მჟავიანობით, ტანინებითა და ყვითელი ხილის მოტკბო არომატებით მიიღწევა, რომლებსაც ნაზად ანაცვლებს მინდვრის ყვავილები და ყვითელი სანელებლები.
ზაფხულში, როცა ადამიანები ზღვას ან მთას ეკედლებიან, ალბათ, ძნელია ურჩიო, თუ რასთან ერთად მიირთვან ასეთი არომატული ღვინო. სიცხეში მისი ზედმეტად ჩაცივება ნამდვილად ცოდოა, ისევე როგორც რომელიმე საჭმლით მისი გემოს დაკნინება. თუმცა, არსებობს ბალანსიც, რომელიც, ძირითადად, სუბიექტურია. ეს ღვინო მშვენიერ ტანდემს შექმნის ისეთ საზაფხულო კერძებთან, როგორებიცაა აჯაფსანდალი, მწვანე ლობიო კვერცხით, ხილის სალათები და საზაფხოლო ტოლმა (ბოსტნეულში ჩატენილი ხორცის ფარშით)."

ზაფხულის განწყობა: Malbec Clasico, Mendoza Argentina, Altos Las Hormigas
"დღეს საქართველოში უკვე გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ღვინო გავსინჯოთ და ვისიამოვნოთ. სწორედ ამიტომ შევარჩიე ეს ღვინო. იგი მზადდება ყურძნის იმ ჯიშისგან, რომელიც ღვინის მოყვარულებისთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია, მათთვის კი, ვინც პირველად სინჯავს, ურიგო არჩევანი არ იქნება.
ეს არის ცოცხალი და ხალისიანი ღვინო, დაბალანსებული, ნაზი ტანინებითა და ზაფხულისთვის იდეალური მჟავიანობით. მის მუქ ლალისფერს ლოგიკურად ეხამება სხვადასხვა ცოცხალი წითელი ხილისა და კენკრის არომატები, სადაც შავი ქლიავი, წითელი მოცხარი და ჟოლო დომინირებს, ხოლო შავი პილპილის, ევკალიპტის და მინერალების ტონები მას საკმაოდ პიკანტურს ხდის.
შემწვარი წიწილა ისრიმ მაყვალით, დაბასტურმებული ხბოს მწვადი და შემწვარი ბოსტნეული იდეალური ტანდემი იქნება ამ ღვინისთვის თუმცა დავარგებულ მესხურ ტენილ ყველთან ან აჭარულ ყურუთთანაც არ უნდა იყოს ურიგო."

ექსპერიმენტი/აღმოჩენა: ჭაჭა, მარანელა, სოფელი მარანა, გორის რაიონი.
"ნაზი ორაგულისფერი ჭაჭა გინახავთ? ფიქრობთ, რომ არატრადიციულია? ვერ დაგეთანხმებით. ეს ჭაჭა საკმაოდ სასიამოვნო დასალევია არა მხოლოდ თავისი რბილი სტრუქტურისა და დაბალანსებული ალკოჰოლის, არამედ მასში არსებული სხვადასხვა ხილის არომატებისა და დარიჩინის ნოტების გამოც.
ეს სასმელი შესანიშნავად მოუხდება ხილის ცივ შეჭამანდებს, ნედლ ხილსა და შემწვარ ხინკალს.”
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი