
- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?
- Château Le Beridze / შატო ლე ბერიძე — ეს არა უბრალოდ მარანია, ეს ჩვენი საგვარეულო ისტორიის გაგრძელებაა, ფესვებიდან მომდინარე ღვინის სურნელოვანი ძახილი. მარანი მდებარეობს მარტვილის რაიონში, სოფელ ნახურცილავოში, რომელსაც შინაურულად ლებერიძეს ეძახიან — იმ მიწაზე, რომელიც, როგორც ისტორია მოგვითხრობს, ოდესღაც დიდმა ბაბუებმა ოქროთი შეიძინეს. მას შემდეგ, რაც აზნაურობიდან ომში წასასვლელად ჩამოაქვეითეს, აქ დასახლდნენ და ჩვენი გვარის ისტორია ამ კარ-მიდამოში გაგრძელდა.
ჩემი ბაბუა ტყვარჩელის მაღაროში მუშაობდა. მძიმე შრომის ფონზე, სამწუხაროდ, მაღაროს ჩამონგრევის გამო, მხედველობა დაკარგა და მშობლიურ კარ-მიდამოს დაუბრუნდა — იმ მიწას, რომელიც მის წინაპრებს ეკუთვნოდათ. მამაჩემი ტყვარჩელში დაიბადა, ბავშვობის გარკვეული პერიოდი ასევე ნახურცილავოშიც გაუტარებია და შემდეგ თბილისში სწავლობდა, და შემდგომ აფხაზეთში, ქალაქ გაგრაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც დედა ცოლად შეირთო. მე და ჩემი და გაგრაში დავიბადეთ.
სამწუხაროდ, აფხაზეთის ომის შემდეგ იძულებით რუსეთში გადავსახლდით. თუმცა ნახურცილავოს კარმიდამო არასდროს დაგვივიწყებია. დაახლოებით 2013 წლამდე რუსეთში ვცხოვრობდით, შემდეგ კი ოჯახური გადაწყვეტილებით, სამშობლოში დავბრუნდით. გული ასევე გვიწევდა იმ მიწისკენ, რომელიც ჩვენი ოჯახის სულიერი ბირთვი იყო.
და აქედან იწყება Château Le Beridze / შატო ლე ბერიძე — იმავე მიწაზე, იმავე ტრადიციებით, იმავე ოჯახური ღირებულებებით. ეს მარანი არ არის უბრალოდ ღვინის დაყენება, ეს არის ფესვების გაცოცხლება, წინაპართა მემკვიდრეობაზე ზრუნვა და ჩვენი მეგრული ტრადიციისადმი ერთგულება.
ღვინო, რომელსაც ჩვენ დღეისთვის ვაყენებთ, ხელით დაკრეფილი და ბუნებრივად და ევროპულად ფერმენტირებული ოჯალეშია — ზუსტად ისე, როგორც ამას ჩვენი ბაბუები აკეთებდნენ. ყოველ ყლუპში მზეა, მიწის სურნელია და გემოვნება, რომელსაც საუკუნეები მოუვლია.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?
- Château Le Beridze / შატო ლე ბერიძეს ვენახები, დაახლოებით 2018 წლიდან, გაშენებულია მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახურცილავოში — ტერიტორიაზე, სადაც სამეგრელოს მევენახეობა ისტორიულად იღებს სათავეს. ჩვენმა ოჯახმა მიზნად დაისახა არა მხოლოდ ხარისხიანი ღვინის წარმოება, არამედ იმ ჯიშების აღდგენა და პოპულარიზაცია, რომლებიც თაობების მეხსიერებას ატარებენ.
ჩვენ ძირითადად გაშენებული გვაქვს შემდეგი მეგრული ენდემური აბორიგენული ვაზის ჯიშები:
- ოჯალეში – დღეისთვის ჩვენი მთავარი ვარსკვლავი. ძალზედ უნიკალური, მდიდარი არომატული პროფილითა და დახვეწილი ტანინებით. სწორედ ოჯალეშია ჩვენი პირველი ბოთლების სული და გული.
- მაჭყვადინა/მაჭყვატური – იშვიათი და დავიწყებული ჯიში, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია. აქვს გამორჩეული მუქი შეფერილობა და ჩაჭრილი ტყემლისფერი ტონალობა, რაც ღვინოს უჩვეულო ხასიათს სძენს.
- კოლოში – ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საოცრად საინტერესო ჯიში. მნიშვნელოვანია ფრთხილი მოპყრობა და ვენახის სწორი მოვლა, ლურჯი ფერის მტევნებიდან ღრმა და დამახასიათებელ ღვინო იქმნება.
- ჭვიტილური – მაცდუნებელი თეთრი მეგრული ჯიშია, რომელიც გამოირჩევა დელიკატური სურნელითა და სინატიფით, და რომელსაც ჯერ კიდევ ვსწავლობთ. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ მასში მაღალი პოტენციალი იმალება როგორც ცალკე, ასევე კუპაჟში გამოსაყენებლად.
ჩვენთვის კი ყველა ჯიში განსაკუთრებულია. ვეღარ გამოვარჩევთ — თითოეული ჩვენი ოჯახური ისტორიის ნაწილია. ყველა ჯიში გვიყვარს როგორც საკუთარი შვილი, რადგან მათში იკითხება მიწის, სოფლის, წარსულისა და მომავლის ხმა. ჩვენი მისიაა, რომ ამ ჯიშებს ღირსეულად მოვუაროთ, გავაცოცხლოთ და დავანახოთ მსოფლიოს, რა საგანძური გვაქვს საქართველოში — განსაკუთრებით ჩვენს მეგრულ მიწაზე.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- ღვინის შექმნა — ეს მხოლოდ ყურძნის დაწურვა და ლამაზ ეტიკეტზე ფიქრი არ არის. ეს არის ყოველდღიური შრომა, ხარჯებთან, ბუნებასთან და ბიუროკრატიასთან დაუსრულებელი დიალოგი. ჩვენი მთავარი სირთულეები რამდენიმე მიმართულებით შეგვხვდა:
ტექნიკური ცოდნის ხელმისაწვდომობა რეგიონში – ევროპული ტექნოლოგიების დანერგვა მოითხოვს შესაბამის ცოდნას. თუმცა რეგიონებში პროფესიონალი მეღვინეების ან ტექნოლოგების პოვნა არც ისე იოლია.
კლიმატური ცვლილებები და არაპროგნოზირებადობა – წვიმიანი სეზონები, გაუთვალისწინებელი ყინვა (როგორც წელს) ან გვალვა — ეს ყველაფერი პირდაპირ მოქმედებს მოსავლიანობაზე და ღვინის ხარისხზე. ბუნებასთან ურთიერთობა ყოველდღიური გამოწვევაა.
ადგილობრივი ბაზრის გაჯერებულობა და ფასების არასტაბილურობა – მცირე მარნებისთვის რთულია თავი დაიმკვიდრონ ბაზარზე, სადაც დიდი მოთამაშეები უკვე მყარად არიან გამაგრებული. ფასის დაწევაში ხშირად ხარისხი ზარალდება, რაც ნამდვილად არ არის ის გზა, რომელსაც ჩვენ ვეძახით ქართულ ღვინოს.
საფესტივალო და პრეზენტაციის კულტურის არასტაბილურობა – მცირე მარნებისთვის გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად ამ მიმართულებით არ არის თანმიმდევრული მხარდაჭერა. ბევრი რამ „სელფ-ინიციატივაზეა“ დამყარებული.
ხოლო რაც ყველაზე მეტად უნდა დაიხვეწოს, არის განათლება და პრაქტიკული სწავლება რეგიონებში, განსაკუთრებით ახალი თაობისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია მცირე მარნების მხარდაჭერა, კერძოდ: საშეღავათო პირობები, ხელმისაწვდომი დაფინანსება და ტექნოლოგიური მხარდაჭერა, რათა ადგილობრივი ჯიშები არ გაქრეს. და ჩვენს შემთხვევაში, ასევე, ხაზს გავუსვამდი მეგრული და იშვიათი ჯიშების პოპულარიზაციას, რომ პერსპექტივაში ეს ჯიშები არა მხოლოდ ლოკალური სიამაყე, არამედ საექსპორტო სახელიც გახდეს.
- როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?
ჩვენი ღვინის დაყენების პროცესი ისეთივე უნიკალურია, როგორც ჩვენი ისტორია — დაფუძნებულია ევროპულ ტექნოლოგიაზე, მაგრამ ღრმად ფესვგადგმულია ქართულ ტრადიციაში. Château Le Beridze / შატო ლე ბერიძე-ში ვცდილობთ, ვიპოვოთ ბალანსი გამოცდილებასა და ინოვაციას შორის — სადაც თითოეული ყურძნის მტევანი სიფრთხილით, ხელით ირჩევა, ხოლო საბოლოო პროდუქტი მეღვინის გულით იქმნება.
ამ ეტაპზე ჩვენი ღვინო ევროპული ტექნოლოგიით მზადდება. ოჯალეში ხელით იკრიფება, როგორც ძველად. ყურძენი ნაზად იწურება თანამედროვე იტალიური დანადგარების მეშვეობით, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ გრანტის მეშვეობით შევიძინეთ, რათა შენარჩუნდეს მისი ბუნებრივი არომატები. დუღილი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში, მკაცრად კონტროლირებად ტემპერატურაზე, რაც გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ ჯიშური სისუფთავე და არომატული გამორჩეულობა. ღვინო არ იფილტრება, ბუნებრივად იწმინდება და ბოთლში ისხმება ავთენტური გემოს შესანარჩუნებლად.
თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე ქვევრი და ვემზადებით დავიწყოთ ტრადიციული ქვევრის ღვინის დაყენება. ეს არის არა მხოლოდ ტექნოლოგიური ნაბიჯი, არამედ ღრმა პატივისცემა ქართული მეღვინეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის მიმართ. ქვევრში დაყენებული ღვინო იქნება ჩვენი ოჯახის მემკვიდრეობისა და მიწის სულის პირდაპირი გამოხატულება.
ჩვენი ფილოსოფია მარტივია — ღვინო იქმნება ბუნებასთან და ისტორიასთან ჰარმონიაში. არ ვსვამთ სქემებში, და პატივისცემით და ყურადღებით ვეპყრობით პროცესს. თითოეულ ბოთლში — დროა, სიყვარულია და მიწის ენერგიაა. ეს არის ის, რაც Château Le Beridze-ს ღვინოს განსაკუთრებულს ხდის.

- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
ჩვენთვის Château Le Beridze მხოლოდ მარანი არ არის — ეს არის შესაძლებლობა, წინაპრების მიერ დათესილი საქმე ღირსეულად გავაგრძელოთ. მარნის მომავალიც სწორედ ამ ღირებულებებზეა აგებული.
სამომავლოდ გვინდა ქვევრის მეღვინეობის სრულფასოვანი დანერგვა. მოგვწონს ევროპული სტილი, მაგრამ ქართული ქვევრი სულ სხვა სამყაროა და ამას აუცილებლად შევუერთდებით. გვინდა, რომ ოჯალეში, მაჭყვადინა, კოლოში და ჭვიტილური — გახდეს არა მხოლოდ ქართული სიამაყე, არამედ საერთაშორისოდ ცნობილი სახელი. ასევე ჩვენი გეგმაა, ვაქციოთ ნახურცილავოს კარ-მიდამო მეღვინეობით და მეგრული სტუმარ-მასპინძლობით გამორჩეულ სივრცედ. მარნის კარები მუდამ ღია იქნება მეღვინეობის, კულტურისა და ბუნების მოყვარულთათვის. და, რაც მთავარია, დამზადდეს ნატურალური პროდუქტი — ღირსეულად და გაუყალბებლად. არასოდეს ვაპირებთ კომერციულად გაფართოებას იმ ფასად, რომ ხარისხი დაზარალდეს. მიგვაჩნია, რომ მცირე პარტიები, მაგრამ გულით და სისუფთავით დაყენებული ღვინო — ესაა ჩვენი გზა.
- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
ნუ იჩქარებთ. ღვინო დროს ითხოვს — და ვისაც დაუყოვნებლივ შედეგი უნდა, ის ამ საქმეში დიდხანს ვერ დარჩება. მოთმინება და ყოველდღიური შრომა ყველაფერს მოიტანს.
გიყვარდეთ თქვენი მიწა. ღვინო იქიდან იწყება — ვენახიდან, არომატიანი ჰაერიდან, იმ მტვრისგანაც კი, რომელიც თქვენი სოფლის გზაზეა. მიწას თუ არ მოუარე, ღვინოც უგემური გამოვა.
ისწავლეთ — მაგრამ საკუთარ გზას დაადექით. იკითხეთ ბევრი, მოუსმინეთ სხვებს, დაესწარით კურსებს, მაგრამ ბოლოს მაინც საკუთარ ინტუიციას მოუსმინეთ. ღვინო ტექნოლოგიაცაა და ხელოვნებაც.
არ შეგეშინდეთ შეცდომის. ყველა მეღვინე რაღაცას „აფუჭებს“ ცხოვრებაში — მთავარია, შეცდომებზე ისწავლო და ღირსეულად წარსდგე შემდეგში.
დარჩით ერთგული ამ საქმისადმი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვინო ჩვენი კულტურის ნაწილია, წინაპრების სუფრის ხასიათი და ქრისტიანული სიმბოლო. ამიტომ, ვინც ღვინოს აკეთებს, ის ერთი ფეხით ისტორიაშიც დგას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი