Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ვენახის სხვლის ჟამი

ლევან სეფისკვერაძე

ახლა თითქმის მთელს საქართველოში ვენახების სხვლის პერიოდი დგას. ვენახის გასხვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ოპერაციაა, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს მოსავლის რაოდენობას, ხარისხს და საკუთრივ ვენახის, ანუ ვაზის სიცოცხლისუნარიანობას.

საქართველოში სხვლის დრო უმეტესწილად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მსოფლოს სხვა მევენახეობით ცნობილ ქვეყნებში იწყებენ ვაზის გასხვლას. ეს პროცესი იწყება ფოთოლცვენის შემდეგ გვიანი შემოდგომიდან და მისი ძირითადი პერიოდი იანვარი-მარტია. სხვლის სამუშაოები როგორც წესი მთავრდება ვაზის კვირტის პირველ გამოტანამდე.

როდის ჯობია გასხვლა

ქართველი მევენახეები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მათი გამოცდილებით რეკომენდებულია ვაზი გაისხლას მაშინ, როცა იგი მოსვენებულ (ანუ დაძინებულ) მდგომარეობაშია. ადრე გასხვლამ შეიძლება ნაადრევი ყინვის გამო ვაზის დაზიანება გამოიწვიოს. სხვლის არც დაგვიანება შეიძლება, რადგან ეს მცენარის არათანაბარ ზრდას იწვევს და საბოლოოდ მოსავალზე არცთუ დადებით გავლენას მოახდენს. საქართველოს მაღალმთიან და შედარებით ცივ რეგიონებში როგორც წესი გვიან სხლავენ ვენახებს, რადგან ეშინიათ გაზაფხულის ნაადრევმა ყინვებმა ვენახს პრობლემები არ შეუქმნას.

საქართველოს რეგიონების მიხედვით არ არსებობს უნიკალური სისტემა რაც ერთგვარ გრაფიკს შეგვადგენინებს იმაზე, რომელ კუთხეში როდის ჯობია გასხვლითი სამუშაოების წარმოება, თუმცა, მრავალსაუკუნოვანმა დაკვირვებებმა და ხალხში დაგროვილმა ცოდნამ მაინც გამოკვეთა ის პერიოდები, რაც კონკრეტული რეგიონებისთვის არის მისაღები და გამოცდილი. მაგალითად კახეთში სხვლის პერიოდად იანვარ-თებერვალი ითვლება და დღემდე ეს კახელ მევენახეებში სხვლის ორგანიზებისთვის ყველაზე გავრცელებული პერიოდია. ქართლში სხცლის პერიოდად როგორც წესი  თებერვალი-მარტი მიიჩნევა. იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში  რბილი კლიმატური პირობების  გამო სხვლა დეკემბრიდან იწყება, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში როგორც წესი შუა გაზაფხულზე (მარტის ბოლო) იწყებენ სხვლას. 

რა საჭიროა სხვლა

გამოცდილ მევენახეებს მათი ახალგაზრდა კოლეგები და ზოგადად მევენახეობით დაინტერესებული ადამიანები ხშირად ეკითხებიან თუ რატომ არის საჭირო ვენახის სხვლა და რა მოხდება თუკი მევენახემ სხვლის პროცესს გვერდი აუარა. ძირითადი პასუხი მაინც ისაა, რომ ვაზი ხვიარა მცენარეა და მისი უკონტროლოდ ზრდა ტოტებსა და ყლორტებში სასიცოცხლო ენერგიის გაფლანგვას იწვევს  რის შედეგადაც ყურძნის მტევნების ზომა და შემდეგში უკვე ღვინის ხარისხი მცირდება. ასევე იზრდება სოკოვანი დაავადებების გავრცელების რისკი და ვაზიც უფრო სწრაფად ბერდება.

ვენახის გასხვლით ხდება მოსავლიანობის და ხარისხის  რეგულირება, ხოლო კვირტების რაოდენობის შემცირება მტევნებს უკეთესად ავითარებს. მევენახეების თქმით, სხვლით ფორმირებული ვაზი უფრო ადვილად მუშავდება და იწამლება. უკეთესად ხდება ვენახის აერაცია, რაც ასევე აუცილებელია სოკოვანი დაავადებების წინაღმდეგ საბრძოლველად

სწორად გასხლული ვაზი იძლევა ნაკლებ, მაგრამ უფრო ხარისხიან მოსავალს, რაც მეღვინეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რატომ არის უკეთესი მევენახემ თავად გასხლას ვენახი

ვენახის სხვლა მხოლოდ ტექნიკური ოპერაცია არ არის. იგი გამოცდილებასა და ინტუიციასაც მოითხოვს. თითოეულ ვაზის ძირს განსხვავებული ზრდა აქვს და საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა. კარგმა მსხვლელმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს სად უნდა დატოვოს სამამულე რქა, რა დატვირთვა უნდა  მისცეს კონკრეტულ ძირს, როგორც მოეპყროს დაავადებულ და პრობლემურ ვაზს და სხვა...  ამიტომ გამოცდილ მევენახეს როგორც წესი ურჩევნია თავად გასხლას ვაზი, რადგან მან უკეთ იცის საკუთარი ვენახის სპეციფიკა თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში აკვირდება თითოეულ მწკრივს და შესაბამსად სწორედ მას შეუძლია მოსავლის ზუსტი და შესაბამისი დაგეგმვა.

ბევრი მევენახე ცდილობს თავიდან აიცილოს  არასწორი სხვლის რისკი და უარს ამბობს სხვა ადამიანების დახმარებაზე მაშინ როდესაც დიდ ვენახებში ხშირად აუცილებელია დაქირავებული მუშების გამოყენება, თუმცა ამას მუდამ თან ახლავს მთელი რიგი რისკები დაწყებული ზედმეტი კვირტების დატოვებით და სამომავლოდ ვაზის არასწორი ზრდის  საფრთხით (რასაც შეიძლება ვაზის ხმობაც კი მოჰყვეს) დამთავრებული.   განსაკუთრებით სარისკოა უცოდინარი ან უპასუხისმგებლო მსხვლელის ხელში ახალგაზრდა ვენახის სხვლა, რადგან ფორმირების პერიოდში დაშვებული შეცდომები მრავალი წლის განმავლობაში შეიძლება დიდ პრობლემებად იქცეს.

ვენახის სხვლის სტილი

მსოფლიოში ვაზის გასხვლის 10-მდე სტილი გამოიყენება, თუმცა საქართველოში ძირითადად 5-6 სტილია გავრცელებული. პირველყოვლისა უნდა ვახსენოთ ე.წ. გოიოს სტილი, როდესაც ტოვებენ ერთ-ორ გრძელ რქას. ეს სტილი სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც გამოიყენება ზღვის დონიდან მაღლა მდებარე რეგიონებში. საქართველოში ასევე ძლიან პოპულარულია „კორდონული სხვლის“ სტილი, როდესაც  ტოვებენ მოკლე რქებს და უტოვებენ 1-2 კვირტს. მევენახეების თქმით სხვლის ეს მეთოდი შედარებით მარტივია და სხვლის პროცესიც უფრო სწრაფად მიმდინარეობს. საქართველოში გავრცელებული ვაზის ფორმირების წესებიდან ასევე უნდა ვახსენოთ ე.წ. ქართული ცალმხრივი, ქართული ორმხრივი, ორმხრივი მოკლე კორდონი, ცალმხრივი კორდონი, ორსართულიანი მრავალსაკავებლიანი თავისუფალი ფორმა. დასავლეთ საქართველოს მევენახეობაში იყენებენ  ოლიხნარის მეთოდსაც.

ბიო და კონვენციური ვენახებში სხვლასთან დაკავშირებით ძირეული ფუნდამენტური სხვაობები მცირეა, მაგრამ მაინც განსხვავდება მიდგომები. ბიო ვენახებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვაზის გადაჭრის ადგილს და აქ ნაკლებად გამოიყენება ქიმიური დამცავი საშუალებები. ასევე უმეტესად ხშირად გამოიყენება ხელით სხვლა. კონვენციურ ვენახებში ხშირად გამოიყენება მექანიკური სხვლა და შესაძლებელია ვაზის უფრო ინტენსიური დატვირთვა.

ვენახის სხვლის თანამედროვე ტექნოლოგიები

დღეს მსოფლიოში სულ უფრო მეტ ვენახში გამოიყენება თანამედროვე ტექნიკური საშუალებები. მაგალითად ელექტრო სეკატორები, პნევმატური ინსტრუმენტები, ტრაქტორზე მისაბმელისხვლის აპარატები და რაც ყველაზე საინტერესოა, რობოტული სხვლის სისტემები. რობოტული სისტემები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა და გავრცელდა აშშ-ში და ევროპაში, თუმცა მათი მუშაობის ხარისხი და სიზუსტე არ იყო დამაკმაყოფილებელი. ახლა ეს სისტემები უკვე დაახლოებით 80–90% სიზუსტით სხლავენ და მიუხედავად იმისა, სრულყოფილი ჯერ კიდევ არ არის. მეცნიერებს დაახლოებით 10-15 წელიწადში მუშაობის ხარისხის აბსოლუტური დახვეწის იმედი აქვთ.

მექანიკური და რობოტიზებულის სისტმებით სხვლის მთავარი პრობლემა კონკრეტული ვაზის ძირის მდგომარეობის შეფასების შეუძლებლობა და ხშირად არაზუსტი ჭრაა, რაც დამატებითი ხელით კორექციის საჭიროებს. ამიტომ მსოფლიოში გავრცელებულია კომბინირებული მეთოდი - ჯერ დანადგარით სხლავენ ვენახებს და შემდეგ გამოცდილი მსხვლელები კორექციის მიზნით თავიდან მიჰყვებიან ვაზის მწკრივებს და ტექნიკის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ.

ვენახის გასხვლა მევენახეობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხიმგებლო საქმიანობა. ამ საქმეს აუცილებლად ჭირდება გამოცდილება და სათანადო ცოდნა. აგრეთვე აუცილებელია სავენახე რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინება და ცოდნის და ტექნოლოგიის სწორად გამოყენება. ხშირად სწორად ჩატარებული სხვლა არის ის საფუძველი, რომელზეც წარმატებული მევენახეობა შეიძლება დაშენდეს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა