Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

„პრობლემების მოგვარება საკუთარი ვენახებიდან, მარნებიდან და ბიბლიოთეკებიდან უნდა დავიწყოთ“ - ინტერვიუ მიშა დოლიძესთან

ქართული ღვინო  სულ უფრო მრავალფეროვანი და დინამიკური ხდება. ბოლო წლებში სცენაზე გამოჩნდა არაერთი მცირე და დამოუკიდებელი მარანი, რომლებმაც საკუთარი ხედვით, პასუხისმგებლობითა და ექსპერიმენტებით ახალი სიცოცხლე შესძინეს ტრადიციულ მეღვინეობას. ამ პროცესმა გააჩინა როგორც მაღალი ხარისხის ღვინოები, ისე არაერთი რთული კითხვა -  პროფესიული ცოდნის, ბაზრის მოთხოვნების, კონკურენციისა და გლობალური ცვლილებების ფონზე.

ენთუზიაზმის მიღმა მეღვინეობა დღეს სერიოზულ ინტელექტუალურ, ეთიკურ და პრაქტიკულ შრომას მოითხოვს.  წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე, გადაულახავ და გადალახულ სირთულეებზე, ბუნებრივი ღვინის წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე, იშვიათი ვაზის ჯიშების დაბრუნებასა და ქართული ღვინის მომავლის ხედვაზე vinoge.com ესაუბრა მიშა დოლიძეს (მარანი „კასრელი“):

- ქართული მეღვინეობის ბოლო ათწლეულში შესამჩნევი ტენდენციაა მცირე და საშუალო მარნების გააქტიურება ბაზარზე, როცა ენთუზიასტებმა გააშენეს საკუთარი ვენახები, ააშენეს მარნები და დაიწყეს საკმაოდ მაღალხარისხიანი ღვინოების წარმოება როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე საექსპორტოდ. თქვენი მარანიც ამ პროცესის მონაწილეა. გარეშე თვალისთვის ისე ჩანს, რომ თითქოს ყველაფერი მარტივია. რეალურად კი დღეს ბევრი გამოწვევაა, რაც გზად ეღობება როგორც ენთუზიაზმს, ისე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე კონკრეტულ ნაბიჯებს. მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ. როგორ დაიწყეთ და რა სირთულეებს წააწყდით?

- ამ სფეროში შემობიჯებისთანავე მივხვდი, რომ მხოლოდ ენთუზიაზმით ვერაფერს გავხდებოდი და ფაქტობრივად, ახალი პროფესიის დაუფლება მომიწევდა. მევენახეობა, მეღვინეობა, ღვინის ბიზნესი და მთლიანად ღვინის ინდუსტრია ძალიან კომპლექსური, დინამიკური და რთული სფეროა, რომელიც მოითხოვს პროფესიონალიზმს, მეცნიერულ ცოდნას და ხანგრძლივ განათლებას. ამ ყველაფრის გარეშე ზადისგან თავისუფალი და ხარისხიანი ღვინის შექმნა შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით შეეხება მინიმალური ჩარევით წარმოებულ ქვევრის ღვინოს. ბიომევენახეობა, ქართული ტრადიციული ტექნოლოგია და ბუნებრივი მეღვინეობა, გარდა აღნიშნული ცოდნებისა და უნარებისა, ცხოვრების სტილის შეცვლასაც მოითხოვს. ფაქტობრივად, იმ ბუნებრივი და ადამიანური გარემოს ნაწილი უნდა გახდე, რომელშიც ღვინოს აწარმოებ, მუდმივად უნდა სწავლობდე საკუთარ ტერუარს, აღრიცხავდე, აანალიზებდე და აკვირდებოდე როგორ აისახება ის შედეგში – ღვინოში.

გლობალურ ინდუსტრიაში დღეს არსებული გამოწვევები ბუნებრივი პროცესის ნაწილია. ღვინო იმაზე მეტია, ვიდრე მასზე მოთხოვნა. იცვლება მომხმარებელიც. ღვინის მოყვარულებმა საქართველოშიც და მსოფლიოშიც გაიცნეს და შეიყვარეს ქართული ქვევრის ღვინო. ამ პროდუქტმა ბაზარზე თავი დაიმკვიდრა, მაგრამ აუცილებელია, რომ მწარმოებლებმა შევინარჩუნოთ პატიოსნება და მომხმარებლის პატივისცემა. დაავადებების და ზადების გამართლება ღვინის „ბუნებრივობით“ იწვევს ამ კატეგორიის ღვინის დისკრედიტაციას. ამაზე საქართველოშიც და უცხოეთშიც ბევრს საუბრობენ და წერენ. გასათვალისწინებელია, რომ ქართულ ქარვისფერ ქვევრის ღვინოს ბევრი ალტერნატივა და კონკურენტი გამოუჩნდა სხვა ქვეყნებიდან და ჩვენი ტრადიციის წყალობით დამკვიდრებულ ნიშას სხვა, უფრო სუფთა და ხარისხიანი ღვინის მწარმოებლები იკავებენ.

უზარმაზარ პრობლემად რჩება „შანიძით“ და „ვაქირულათი“ გაჯერებული „საფერავები“ და „ქინძმარაულები“. აღარაფერს ვამბობ ღვინობის პერიოდში, საქართველოში რეკორდული რაოდენობით გაყიდულ „ნაღდ რუსულ, საღვინე“ შაქარზე. მოკლედ, ღვინის გლობალური ბაზრის ტრენდებს და ცვლილებებს აუცილებლად უნდა ვადევნოთ თვალი, მაგრამ პრობლემების მოგვარება საკუთარი ვენახებიდან, მარნებიდან და ბიბლიოთეკებიდან უნდა დავიწყოთ.

- ბოლო პერიოდში გლობალურ ბაზარზე შეინიშნება ღვინის მოხმარების შემცირება, რასაც უკავშირებენ ჯერ კოვიდ პანდემიის გავრცელებას მსოფლიოში, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომის თანმდევ ეკონომიკურ პროცესებს ევროპაში, როცა მომხმარებელი ფულს ნაკლებად ხარჯავს ალკოჰოლურ სასმელში. შემცირდა ღვინის ტურისტების აქტიურობაც. ეს პროცესი თუ ახდენს გავლენას თქვენი ღვინოების გაყიდვაზე და როგორ უმკლავდებით წარმოქმნილ პრობლემებს?

- საერთაშორისო კვლევებს თუ გადავავლებთ თვალს, მცირდება არა მომხმარებელთა რაოდენობა, არამედ მოხმარების წესი. გასათვალისწინებელია, რომ განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის რეგულატორებმა ისევე, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, აქტიური ბრძოლა დაიწყეს ალკოჰოლის წინააღმდეგ „ნებისმიერი სახით და რაოდენობით“. ეს ნელ-ნელა იღებს აქტიური გლობალური კამპანიის სახეს. ზოგადად, ახალი თაობის ადამიანებიც გაცილებით მეტად ზრუნავენ ცხოვრების ჯანსაღ წესზე. ეს ბუნებრივია არ ნიშნავს, რომ ხილვად მომავალში ალკოჰოლის აკრძალვამდე და მისი მოხმარების განულებამდე მივალთ. თუმცა, ჩვენი შვილების თაობა მეტ ყურადღებას აქცევს ღვინის ხარისხს, ქიმიკატებისგან მის სისუფთავეს და ზომიერად მოიხმარს მას.

რასაკვირველია, ღვინის ინდუსტრიაზე დიდ გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკური ცვლილებები და ინფლაცია. მიუხედავად ამისა, მკვლევრები წერენ, რომ მცირდება შედარებით იაფფასიანი სასმლის გაყიდვები, ორგანული პროდუქტის მოხმარება კი პირიქით, იზრდება. ეს ცალსახად აჩვენებს ღვინის მოყვარულთა პრეფერენციების მნიშვნელობას და საბაზრო რეგულაციების რაციონალურბას და ეფექტურობას.

ღვინის ტურიზმი საქართველოში ისედაც ჩანასახოვან სტადიაზეა. ამ სფეროს გაჩენაც და განვითარებაც თითზე ჩამოსათვლელი თავდადებული ადამიანების დამსახურებაა. ქართული ღვინო და მასთან განუყოფელი ჩვენი გასტრონომია ისტორიულ-კულტურულ შარმში გახვეული პროდუქტებია. საქართველო კი დღეს ტურისტების მოსაზიდად ისეთ ქვეყნებზე აკეთებს აქცენტს, სადაც ადამიანების დიდ ნაწილს ისტორიული და კულტურული ტურიზმის ინტერესი ნაკლებად აქვს, ხშირად არც ღვინოს მოიხმარენ რელიგიის ან სხვა მიზეზების გამო.

- კიდევ ერთი თვალშისაცემი ტენდენციაა იშვიათი და მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშების გამრავლება და მეღვინეობაში დაბრუნება. თქვენ, მაგალითად, აწარმოებთ ღვინოს კახეთის ვაზის ჯიშის, ჩიტისთვალასგან, რომელიც „საქართველოს ამპელოგრაფიის“ მიხედვით, მეღვინეობისთვის დიდი პოტენციალის ვაზის ჯიშია, მაგრამ აქამდე სრულიად უყურადღებოდ იყო. როგორ შეხვდა მომხმარებელი ამ ღვინოს და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ამ მიმართულებით. თუ აპირებთ კიდევ სხვა იშვიათი ვაზის ჯიშების ვენახების გაშენებას?

- ჩიტისთვალა 2015 წელს გავაშენეთ და უკვე ზრდასრულობას მიღწეული ვაზია. ყველა ჩვენს ჯიშს და, განსაკუთრებით ჩიტისთვალას, აქტიურად ვაკვირდებით და აღვწერთ - ნიადაგს, ვაზს, მოსავალს და ღვინოს. ჩვენს ენოთეკაში შენახული გვაქვს მცირე რაოდენობის ნიმუშები ათივე მოსავლიდან, რომლებსაც პერიოდულად ვსინჯავთ ხოლმე. ჩიტისთვალას ვენახიც და ღვინოც საკმაოდ შეიცვალა ამ პერიოდში. ეს ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი და გაყიდვადი პროდუქტია. გული მწყდება, რომ საქართველოში ვერ ვაკეთებთ ლაბორატორიული კვლევების ნაწილს, განსაკუთრებით მიკრობიოლოგიურს. ვფიქრობ, რომ ბიოვენახებში კლიმატი, ნიადაგი და ბიომრავალფეროვნება ყოველწლიურად განაპირობებს ველური საფუვრების ცვლილებას და ეს კი დიდ გავლენას ახდენს ღვინის სიჯანსაღეზეც და გემოვნურ თვისებებზეც. ასეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის ჩვენი ემპირიული დაკვირვება.

ამ ეტაპზე ვენახების გაფართოებას არ ვაპირებთ. ვცდილობთ, არსებულის მოვლა და ხარისხი გავაუმჯობესოთ. განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს ამ საქმეში ახალი, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის, რაც მსოფლიოში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

- ღვინის ეროვნული სააგენტო გეგმავს მკაცრი რეგულაციების შემოღებას - ვენახების გაშენებას სახელმწიფო გააკონტროლებს. ასეთი მიდგომით იგეგმება იმ პრობლემების და ქაოსის აღმოფხვრა, რაც დღეს არსებობს ვენახების გაშენების სტადიაზე, როცა სერტიფიცირებული და სანდო ნერგების შოვნა ხშირად პრობლემურია. როგორ აფასებთ ამ ინიციატივას?

- ვერ ვიხსენებ ვერცერთ სახელმწიფო ჩარევას და რეგულაციას, რომელმაც საქართველოში ღვინის ხარისხი გააუმჯობესა. მგონია, რომ ამისთვის ერთადერთი სწორი გზა  მომხმარებლის და მეღვინეების განათლებაა. ეს პროცესი მიმდინარეობს და გარკვეული შედეგებიც სახეზეა. უნივერსიტეტები, სასწავლებლები და განსაკუთრებით პროფესიული ჯგუფები (კლუბი, ასოციაციები, გილდია და სხვები) ხარისხის ზრდაში თავის როლს ასრულებენ. სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციებს შეეზღუდათ წვდომა მათი დაფინანსების ძირითად წყაროზე – საერთაშორისო ფონდებზე და ორგანიზაციებზე. ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა