Home
ქართული | English
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

Amber Georgia 2026 ბერლინში გაიმართება

28 ნოემბერს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ბერლინში, Magazin in der Heeresbäckerei-ში, ქართული ქარვისფერი ღვინის ფესტივალი - Amber Georgia Wine Fair Berlin გაიმართება.

ქართული ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მეღვინეობის კულტურის ნაწილია. სწორედ ამიტომ, Amber Georgia Wine Fair-ის მიზანი ქართული ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, სტუმრებისთვის ქართული მეღვინეობის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და თანამედროვე მეღვინეების უნიკალურ გამოცდილებას გააცნობაა.

ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ქარვისფერ ღვინოს დაეთმობა. ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი მეთოდი, რომელიც საქართველოში ათასწლეულების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია. ქვევრის ტექნოლოგია და ბუნებრივი მეღვინეობის ტრადიციები დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთაც სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს.

ბერლინში შეკრებილ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ ქართველი მეღვინეებისგან მოისმინონ მათი ვენახების, ადგილობრივი ჯიშების, მოსავლისა და ღვინის დაყენების მეთოდების შესახებ. ამასთან, ისინი სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოების დაგემოვნებას და საქართველოს ღვინის კულტურის უფრო ახლოს გაცნობას შეძლებენ.

Amber Georgia Wine Fair Berlin საინტერესო იქნება როგორც ღვინის პროფესიონალებისთვის, ისე ქართული ღვინის მოყვარულებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქართული ღვინის მრავალფეროვანი სამყაროს აღმოჩენა სურს.

წლევანდელი ფესტივალის მასშტაბისა და მნიშვნელობის შესახებ Vinoge.com-ს ორგანიზატორები ესაუბრნენ.

ზურაბ მღვდლიაშვილი: „წლევანდელი Amber Georgia მასშტაბით უპრეცედენტო იქნება ქართული ღვინის საზღვარგარეთ გამართული გამოფენების ისტორიაში. 28 ნოემბერს ბერლინში ერთ სივრცეში 70 ქართული ბუნებრივი მარანი შეიკრიბება და სტუმრებს 200-ზე მეტ ღვინოს წარუდგენს.

გამოფენის მთავარი თავისებურება ის არის, რომ ღვინოებს თავად მეღვინე-მევენახეები წარმოადგენენ. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ ღვინის შემქმნელებისგან მოისმინონ მათი ვენახების, ადგილობრივი ჯიშების, მოსავლისა და ღვინის დაყენების მეთოდების შესახებ.

ამ მასშტაბით Amber Georgia უკვე მხოლოდ ღვინის გამოფენა აღარ არის და  ის ნელ-ნელა ყალიბდება ქართული ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ბაზართან დამაკავშირებელ მნიშვნელოვან პლატფორმად, სადაც მცირე მარნებს შესაძლებლობა ეძლევათ, უშუალოდ შეხვდნენ იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს, სომელიეებს, ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო მედიას.

ქართული სამზარეულო და საგანმანათლებლო შეხვედრები კი სტუმრებს საშუალებას მისცემს, ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების სრულ კონტექსტში გაიცნონ.“

იაგო ბიტარიშვილი: „წლევანდელი Amber Georgia 28 ნოემბერს ბერლინში, Helmchen Event Berlin-ის სივრცეში - Köpenicker Str. 16-17, 10997 Berlin, გაიმართება. ღონისძიების მიზანია ქართული ღვინის კულტურისა და მისი მრავალფეროვნების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, პოპულარიზაცია და ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების ხელშეწყობა.

პირველი Amber Georgia გასულ წელს ნიუ-იორკში ჩატარდა, სადაც 32 მარანი მონაწილეობდა. წელს მასშტაბი მნიშვნელოვნად იზრდება - ბერლინში 70-მდე ქართული მარანი იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, Amber Georgia საქართველოს ფარგლებს გარეთ გამართულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ქართულ ღვინის ფესტივალად ყალიბდება.

ფესტივალის მომდევნო დღეს ბერლინში კიდევ ორი ღვინის ფესტივალი ტარდება, რაც ქართველ მეღვინეებს საშუალებას მისცემს, შეხვდნენ არა მხოლოდ ადგილობრივ ღვინის მოყვარულებს, არამედ იმ დღეებში ბერლინში ჩასულ საერთაშორისო იმპორტიორებს, სომელიეებსა და ღვინის სხვა პროფესიონალებს.

Amber Georgia-ს იდეაა, რომ ღონისძიება ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ, მოძრავ საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდეს. მთავარი ამოცანაა ქართული ღვინის წარმოჩენა არა მხოლოდ როგორც ისტორიული ტრადიციის, არამედ როგორც თანამედროვე, ცოცხალი და მრავალფეროვანი ღვინის კულტურის.“

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა