
ლევან სეფისკვერაძე
ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიოში ღვინის მოხმარების კლებამ მეღვინეებისთვის შემაშფოთებელი ტენდენციის სახე მიიღო. ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყნებში გაჩნდა საფრთხე, რომ ამ ტენდენციის გაგრძელება ვენახების მასობრივ აჩეხას გამოიწვევდა. თუმცა, 2025 წლის ზაფხული შესაძლოა, ჩვენი პლანეტის ღვინისკენ შემობრუნების ნიშნულად იქცეს.
ღვინის საერთაშორისო პორტალი vinetur წერს, რომ მევენახე-მეღვინეებისთვის სასიხარულო ძვრები დაიწყო როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში და ამ ზაფხულის პერიოდში, როცა ყველა მოელოდა, რომ ადამიანები აქცენტს კვლავ ლუდზე გააკეთებდნენ, იტალიური ღვინის გაყიდვები, შარშანდელთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა, ფრანგულის - 6 %-ით და ეს ციფრები ეკონომისტებს სამომავლოდ დამაიმედებელი პროგნოზების საშუალებას აძლევს.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ახალშენი ვენახების ფართობები და ამის შესაბამისად წარმოებული ღვინის მოცულობა მთელ მსოფლიოში წლიდან-წლამდე იმატებდა. ამ ბუმს საქართველოშიც ვხედავდით - არა მხოლოდ კახეთში, არამედ მევენახეობით ცნობილ სხვა მხარეებშიც შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა ახალი ვენახების გაშენება. ცხადია, ეს ქართული ღვინის საერთო მოცულობისა და ექსპორტის ზრდის პარალელურად ხდებოდა. ამიტომაც იყო, რომ ბევრი ქართველი მწარმოებელი დააფრთხო მსოფლიოში ღვინის გაყიდვების შემცირების ტენდენციამ, რაც გამოწვეული იყო გლობალური კოვიდპანდემიით და რამდენიმე ქვეყანაში დაწყებული ომით.
თანმდევი ეკონომიკური ფაქტორების გარდა (ზოგიერთი ექსპერტი 2025 წელს ახალ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსაც კი ვარაუდობდა) გაჩნდა მოსაზრება, რომ ახალგაზრდებში ღვინის პოპულარობა შემცირდა და მისი ადგილი სხვა ალკოჰოლურმა სასმელებმა დაიკავა. ზოგადად, თაობები იცვლება და იცვლება ალკოჰოლური სასმელების მიმართ დამოკიდებულებაც, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდებს სულაც არ უთქვამთ უარი ღვინოზე. პირიქით!
უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობით ცნობილი ქვეყნების გარდა, ვენახების მასობრივი გაშენება დაიწყო ისეთ ქვეყნებშიც, სადაც ამის ტრადიცია არასოდეს ყოფილა. მაგალითად, ჩინეთში ვენახების გაშენება ახლაც ისეთი ტემპებით მიმდინარეობს, რომ სხვადასხვა გათვლებით, 2030 წლისთვის ჩინეთის შიდა მოთხოვნის დაახლოებით ნახევარი ადგილობრივმა ღვინომ უნდა დააკმაყოფილოს, რაც ათი წლის წინ წარმოუდგენელი ამბავი იქნებოდა.
მთელ რიგ ქვეყნებში ღვინო პოპულარულია ყველა ზრდასრული ასაკის, სოციალური ფენისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანებში. თუკი, მაგალითად, გასული საუკუნის 70-იან წლებში ფრანგული ღვინის სმა მსოფლიოში მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს შეეძლოთ, დღეს ფრანგული ღვინის დაგემოვნება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გარდა, აფრიკის უღარიბეს ქვეყნებშიც კი შესაძლებელია.
ეს ტენდენციები, წესით, მსოფლიოში ღვინის ძალიან გაიაფებას უნდა იწვევდეს, მაგრამ რეალობა აჩვენებს, რომ მეღვინეობის სფეროში ყველაფერი პირიქით ხდება და ღვინო თითქმის ყველგან უფრო მეტად ძვირდება, ვიდრე იაფდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად ეკონომისტები და მეღვინეობის სპეციალისტები ღვინის, როგორც სასმლის ხარჯის ზრდას მიიჩნევენ. გაძვირდა სავენახე მიწები, მუშახელი, საწამლი საშუალებები, საღვინე ჭურჭელი. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულმა მაღალმა ტარიფებმა იმპორტირებული ღვინის ფასებსაც თავისი ხელი დაატყო.
როგორც Decanter წერს, უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოს ღვინის ბაზრის 85% ამჟამად იაფფასიან, 5 დოლარის ღირებულების და უფრო იაფ ღვინოს უჭირავს, მაგრამ ეს იაფფასიანი ღვინოებიც თანდათან ძვირდება. ამერიკელი ღვინის მოყვარულებისთვის ერთგვარი შოკი იყო, როდესაც ყველაზე იაფფასიანი კალიფორნიული ღვინოები, რომლებიც მარკეტებში 2 და 3 დოლარი ღირდა, ახლა 6 და 7 დოლარად იყიდება. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ ინფლაციას არ უკავშირდება, რაც ყველა ქვეყნის ეკონომიკის ისედაც მუდმივად თანმდევი მანკიერებაა.
ღვინის საერთო გაძვირების ბოლოდროინდელი ტენდენციის პარალელურად, შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს მოთხოვნა ბუნებრივ (ნატურალურ) და მცირე, საოჯახო მარნების წარმოებულ განსაკუთრებულ ღვინოებზე. ასეთი ღვინოები ბოლო ათწლეულებში ისედაც ძალიან მოდური გახდა. მათი ფასი ხშირად ბევრად აღემატება მასობრივ, ორდინალური ხარისხის ღვინოებს. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ბევრს მოუწევს დაფიქრება იმაზე, რომ პროდუქციის რაოდენობაზე მეტად აქცენტი ვენახების სწორად მოვლაზე და ხარისხიანი ღვინის დაყენებაზე გააკეთოს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი