
ლევან სეფისკვერაძე
კილასონიების გამრჯე ოჯახი 2022 წელს პროექტ „ღვინის სოფლის“ ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში გავიცანით. ამ პროექტს გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმში „ღვინის კლუბი“ USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებდა. ამ პერიოდში მრავალი ენთუზიაზმით სავსე ახალბედა თუ წინაპრების კვალზე გამყოლი მევენახე და მეღვინე აღმოვაჩინეთ.
კილასონიებს იმ დროს სახლის პირველ სართულზე ღვინის დასაყენებელი მცირე სივრცე და ახლად გაშენებული ოცხანური საფერეს ვენახი ჰქონდათ. ასევე ჰქონდათ დიდი მიზნები და ამბიციები, რომლებიც მას შემდეგ, თანდათანობით, მართლაც ისხამს ხორცს. ახლა უკვე მარან „რტოდ“ სახელდებული მათი მცირე საოჯახო მარანი ღვინოს ბოთლის სახითაც აწარმოებს და რამდენიმე ღვინის ფესტივალზეც კი მიიღო მონაწილეობა.

ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე ვიტალი კილასონია ამბობს, რომ ღვინის ტურიზმითაც არის დაინტერესებული და ამ მიმართულებითაც ბევრი შორსმიმავალი გეგმა გააჩნია. კილასონიები ულამაზეს სოფელ ჯვარცხმაში მდებარე როგორც მამაპაპისეულ ძველ, ისე ახალშენ ვენახებს ბიომეთოდებით უვლიან და, როგორც თავად ამბობენ, ეს მათი ოჯახური ტრადიციაა.
– როდესაც წლების წინ, პროექტ „ღვინის სოფლის“ ფარგლებში, მონაწილე მცირე მარნის წარმომადგენლად გაგიცანით, ახლად გაშენებული ვენახი და მშენებარე მარანი გქონდათ. რა შეიცვალა თქვენს მარანსა და ვენახში „ღვინის კლუბთან“ თანამშრომლობის შემდეგ?
ვიტალი კილასონია: „მაშინ, როდესაც მარნის რეკონსტრუქცია დავიწყეთ, გვინდოდა, რომ სივრცე რაც შეიძლება ავთენტური ყოფილიყო და ღვინის დავარგებისთვის იდეალური ტემპერატურული პირობები შეგვექმნა. ამისთვის სივრცე ისე გადავაკეთეთ, რომ ახლა მარანში თერმოიზოლაცია ძალიან კარგია, კედლები კი საკმაოდ სქელი. ასევე გავაკეთეთ ვენტილაციის სისტემა. შევიძინეთ ყველა საჭირო დანადგარი, რაც ხარისხიანი ღვინის მისაღებად არის აუცილებელი.
„ღვინის კლუბთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან კარგი ადამიანების გაცნობისა და მეღვინეობის ხელახლა აღმოჩენის საშუალება იყო. ჩვენი ვენახი ყოველთვის ბიოპრეპარატებით მუშავდებოდა და ეს ხაზი დღემდე გრძელდება. ახლა აქტიურად ვართ ჩართული ვენახების ფორმირებისა და შტამბზე აყვანის სამუშაოებში. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შედეგს ხედავ და გრძნობ. წელს უკვე ჩვენი ვენახის ოცხანურ საფერეს დავწურავთ, რომელიც მეექვსე წელს აღწევს და ამას განსაკუთრებული მოლოდინით ველით.

– ამჟამად რომელი ჯიშების ღვინოს აწარმოებთ, რა მეთოდით აყენებთ და რომელ ჭურჭელში აძველებთ?
- გასულ წელს დავაყენეთ ცოლიკოურის ღვინო. ასევე შევიძინეთ ქისი და საფერავი რუისპირის ზონიდან, ძალიან კარგი მევენახისგან და მივიღეთ მაღალი ხარისხის ღვინოები. ყველა ღვინო უჟანგავ ჭურჭელში, ველურ საფუარზე დავარგდა, რაც მათ განსაკუთრებულ არომატულობას სძენს. სივრცემ და ცისტერნებმა ხელი შეგვიწყო, რომ ერთგვაროვანი ხარისხი მიგვეღო, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
– გაქვთ სიახლეები ტურიზმის განვითარების კუთხით?
- ჩავერთეთ როგორც აგროტურიზმში, ისე გასტრონომიულ და ღვინის ტურიზმში. სტუმრებს ძალიან საინტერესო გამოცდილებას ვთავაზობთ. ღვინოებთან ერთად დავიწყეთ ცეხვილი პურის ცხობა და მისი მასტერკლასების ჩატარება ტურისტებისთვის. ასევე დავამატეთ გურული სამზარეულო, ავთენტური გურული კერძები და არა მხოლოდ.
უკვე ვიღებთ ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ვაცნობთ გურიის ისტორიას, წეს-ჩვეულებებს, რაც მთლიან სერვისს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. ტურისტებს ვთავაზობთ საკემპინგე სივრცეს ჩვენსავე ვენახში, რითაც უკვე ბევრმა ისარგებლა. ამ ეტაპზე გვსურს ტურისტების მომყვან კომპანიებთან თანამშრომლობა, რათა ეს ავთენტური გამოცდილებები კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუზიაროთ.
– ბოლოდროინდელი მსოფლიო ღვინის კრიზისი თუ აისახა თქვენს და ზოგადად გურიის მევენახეობა-მეღვინეობაზე?
- კრიზისი ყველაფერზე აისახება და ჯაჭვური რეაქცია აქვს. ადგილზე ღვინის გაყიდვა ძალიან გართულდა და ხარისხიანი ღვინის რეალური მყიდველი ცოტაა, რაც ალტერნატიული გზების მოძიების აუცილებლობას ქმნის. სწორედ ამ ეტაპს გავდივართ ახლა აქტიურად.

– გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, მეღვინეობის ტრადიციაზე. ვინ უძღვება დღეს ამ საქმეს?
- ჩემი ოჯახი გურიაში ბევრმა იცის, ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ღირსეული ბაბუა მყავდა. მე მისი მოსახელე ვარ. ის სიყვარული, რომელიც ბაბუაჩემს თვალებში ჰქონდა, თავის ახალგაშენებულ ვენახში ჩადო, შემდეგ კი ღვინოში. სწორედ აქედან იწყება ჩვენი ოჯახის მეღვინეობის ისტორია.
მეტსაც გეტყვით - როდესაც ბაბუაჩემმა ვენახი გააშენა, ერთი კვირის შემდეგ ბიძაჩემი დაიბადა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ვენახი სიცოცხლის გაგრძელებაა.

ამჟამად ვენახისა და მარნის საქმიანობას მთელი ოჯახი ვუძღვებით. მე, მამაჩემი და ჩემი ძმა ვუვლით ვენახს და ყველა ოპერაციას ზედმიწევნით ვასრულებთ. ბებია და დედა სამზარეულოსა და ადგილობრივი ტრადიციების გაცოცხლებაზე ზრუნავენ. ჩემი და, გვანცა კი აქტიურად გვეხმარება სოციალურ მედიასა და მარკეტინგულ კამპანიებში, რაც მარნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი