Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ZERO COMPROMISE 2026 - ქართული ბუნებრივი ღვინო მსოფლიო ინტერესის ცენტრში

ლევან სეფისკვერაძე

1–2 მაისს თბილისი კიდევ ერთხელ იქცა ქართული ბუნებრივი ღვინის მთავარ ეპიცენტრად. ფესტივალმა ZERO COMPROMISE 2026-მა მეღვინეები, იმპორტიორები და ღვინის პროფესიონალები ერთ სივრცეში გააერთიანა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს განსაკუთრებულ როლს მსოფლიო ღვინის რუკაზე.

წელს ფესტივალი ახალ, თანამედროვე გარემოში - გლდანში მდებარე Radio City-ის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. ორი დღის განმავლობაში ტერიტორია გადაიქცა ადგილად, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა ტრადიცია, ინოვაცია და საერთაშორისო ინტერესები.

ფესტივალი ZERO COMPROMISE ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ორგანიზებით და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. მასში მხოლოდ ასოციაციის წევრი მარნები მონაწილეობენ - ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები, რომლებიც ვენახებს ორგანული მევენახეობის წესების დაცვით უვლიან, ხოლო ღვინოს ყოველგვარი ინდუსტრიული დანამატების გარეშე აყენებენ.

ამ პროცესის უკან დგას ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ - ორგანიზაცია, რომელმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციაში. ასოციაციის დამფუძნებლების ხედვა მარტივია, მაგრამ ამბიციური: ქართული ღვინო უნდა იყოს არა მხოლოდ ტრადიციის და ბუნებრიობის სიმბოლო, არამედ კონკურენტუნარიანი პროდუქტი გლობალურ ბაზარზე.

ზურაბ მღვდლიაშვილი, ასოციაცია ბუნებრივი ღვინის” დირექტორი: ZERO COMPROMISE უკვე წლებია სცდება მხოლოდ ფესტივალის ფორმატს და წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პროფესიულ პლატფორმას ქართული ბუნებრივი ღვინის ექსპორტისთვის. აქ ქართველი მეღვინეები უშუალოდ ხვდებიან უცხოელ იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და ღვინის სფეროს სხვა წარმომადგენლებს, მართავენ მოლაპარაკებებს და აყალიბებენ პარტნიორობებს, რაც ხშირად კონკრეტულ გარიგებებშიც გადადის. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო” უკვე წლებია მიზანმიმართულად მუშაობს, რათა ქართულმა ბუნებრივმა ღვინომ შეინარჩუნოს და გააძლიეროს საკუთარი პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ღვინის მოხმარებისა და რეალიზაციის შემცირების ტენდენცია შეინიშნება”.

ზურაბ მღვდლიაშვილის თქმით, რეალურად ZERO COMPROMISE უკვე ერთკვირიანი ფესტივალია, რადგან უშუალოდ ღვინის ორდღიან ფესტივალს წინ უძღვის ღვინის დეგუსტაციების ოდთხდღიანი ფორმატი. ეს არის ასოციაციის ინიციატივა, რომელიც ჩამოსულ სტუმრებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ დაგუსტაციებთან ერთად იმოგზაურონ და აღმოაჩინონ საქართველო. დეგუსტაციები კახეთში, ქართლში და იმერეთში ტარდება ამ რეგიონებთან ახლოს მდებარე მარნების მონაწილეობით.

დღეს, როდესაც მსოფლიო ღვინის ბაზარი სერიოზულ ცვლილებებს განიცდის და ბევრ ქვეყანაში ღვინის მოხმარების შემცირების ტენდენცია შეინიშნება, კონკურენცია კიდევ უფრო მკაცრი ხდება. ასეთ პირობებში, მცირე მარნებისთვის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ZERO COMPROMISE სწორედ ამ გამოწვევაზე პასუხის ერთ-ერთი ფორმაა. ფესტივალი ქმნის შესაძლებლობას, სადაც ქართული ღვინო პირდაპირ ხვდება იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს - იმპორტიორებს, სომელიეებს, დისტრიბუტორებს, ღვინის ბარებისა და რესტორნების მფლობელებს. ამ კონტაქტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ბუნებრივი ღვინის სეგმენტი დიდწილად ნდობაზე, ისტორიასა და პირად ურთიერთობებზეა დაფუძნებული. აქ მხოლოდ პროდუქტი არ იყიდება. იყიდება მისი ისტორია, წარმომავლობა და ფილოსოფია.

ღვინის ტურები

როგორც ზურაბ მღვდლიშვილი ამბობს, ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ტრადიციული წინასაფესტივალო „ღვინის ტურებია“, რომლებიც ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება. ეს ინიციატივა უცხოელ სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას, გაემგზავრონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მოინახულონ მარნები და უშუალოდ ადგილზე გაეცნონ ღვინის წარმოების პროცესს.

დახურული დეგუსტაციები, რომლებიც ამ ტურების ფარგლებში ტარდება, ქმნის გაცილებით დიდ  გამოცდილებას, ვიდრე ფესტივალის ხმაურიანი გარემო. აქ იმპორტიორებს შეუძლიათ, მშვიდ გარემოში დააგემოვნონ ღვინოები, ისაუბრონ მეღვინეებთან და უკეთ გაიგონ თითოეული პროდუქტის თავისებურება.

ეს პროცესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნდობის ჩამოყალიბებაში და ესაა ფაქტორი, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობებში გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ ამ პროექტს აქტიურად ავითარებს.

პროფესიული შეხვედრები

ZERO COMPROMISE-ის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთაშორისო კავშირებით. ფესტივალი ასევე არის პლატფორმა ადგილობრივი ბაზრისთვის. თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედი ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები დაესწრნენ ღონისძიებებს და უშუალოდ შეხვდნენ მეღვინეებს.

ამ ტიპის შეხვედრები ხშირად ხდება ახალი თანამშრომლობების დასაწყისი. ღვინოები ხვდება ახალ მენიუებში, ბარებში და რესტორნებში, რაც ადგილობრივ ბაზარსაც ამდიდრებს.

უცხოელი მეღვინეები

2026 წლის ფესტივალში, ქართული მარნების გარდა, მონაწილეობდნენ უცხოელი მეღვინეები ავსტრიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, სლოვენიიდან ესპანეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან. მათი ჩართულობა უკვე ტრადიციად იქცა, რაც ZERO COMPROMISE-ს საერთაშორისო პლატფორმად აქცევს.

ეს ურთიერთგაცვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი ღვინის სფეროში, რომელიც მუდმივად ვითარდება და ექსპერიმენტების სივრცეა. სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკების გაცნობა ქართულ მეღვინეებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს, ხოლო უცხოელ სტუმრებს უკეთ გააცნობს საქართველოს მეღვინეობის ტრადიციას.

პანელური დისკუსიები

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც განხილული იყო როგორც ქართული ბუნებრივი ღვინის იდენტობა, ისე მისი საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების სტრატეგიები. დისკუსიები აერთიანებდა დარგის ექსპერტებს და ქმნიდა სივრცეს ღია დიალოგისთვის — გამოცდილების, გამოწვევებისა და პერსპექტივების გაზიარებისთვის.

ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ZERO COMPROMISE მხოლოდ პრაქტიკულ შედეგებზე არ არის ორიენტირებული. ის ასევე ცდილობს გააღრმავოს ცოდნა და გააძლიეროს დისკურსი ქართული ღვინის შესახებ.

ZERO COMPROMISE 2026 კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ბუნებრივი ღვინო მხოლოდ ისტორიის ნაწილი არ არის - ის არის ცოცხალი, განვითარებადი და საერთაშორისო ინტერესის მქონე პროდუქტი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ZERO COMPROMISE აჩვენებს, რომ ქართული ბუნებრივი ღვინო მზად არის  აქტიურად განსაზღვროს თავისი ადგილი მსოფლიო მეღვინეობაში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა