
ლევან სეფისკვერაძე
საქართველოში ამჟამად ვაზის სოკოვანი დაავადებების თუ მავნე მწერების წინააღმდეგ ბრძოლის აქტიური პერიოდია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დროა, როდესაც მევენახის ცოდნაზე, შრომასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული, პირველ რიგში, ვენახის ჯანმრთელობა, ასევე მომავალი მოსავლის ხარისხი და რაოდენობა.
ხარისხიანი მოსავლის მიღება პირდაპირ არის დაკავშირებული ვაზის ჯანმრთელობაზე, ხოლო ვაზის ჯანმრთელობა დაავადებებისა და მავნებლების სწორ მართვაზეა მიბმული. თანამედროვე მევენახეობაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ბიოლოგიური და ეკოლოგიურად უსაფრთხო დაცვის სისტემები, რომლებიც საშუალებას იძლევა შემცირდეს ქიმიური დატვირთვა, შენარჩუნდეს ნიადაგის ნაყოფიერება, გაუმჯობესდეს ყურძნის ხარისხი და დაცული იყოს გარემო.
ბიოლოგიური დაცვის მიზანია მცენარის ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერება, დაავადებების პრევენცია და მავნებლების კონტროლი ისეთი საშუალებებით, რომლებიც არ აზიანებს ეკოსისტემას, სასარგებლო მწერებსა და ნიადაგის მიკროფლორას.
საქართველოში ვენახებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს ჭრაქი წარმოადგენს, რომელიც ვაზის ერთ-ერთი ყველაზე საშიში სოკოვანი დაავადებაა. მისი გავრცელებისას ინფიცირდება ფოთლები, ყლორტები და მტევნები. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს თბილი და ნესტიანი ამინდი.
არანაკლებ საშიშია ნაცარი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია მშრალ და თბილ გარემოში. იგი აზიანებს ფოთლებს, მარცვლებსა და ყლორტებს, ამცირებს მოსავლიანობას და აუარესებს ყურძნის ხარისხს.
კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი, თუმცა საკმაოდ საშიში დაავადებაა ანთრაქნოზი, რომელიც იწვევს ფოთლების, ყლორტებისა და მარცვლების დაზიანებას. დაავადება განსაკუთრებით საშიშია წვიმიან წლებში.
ნაცრისფერი სიდამპლე ვითარდება მაღალი ტენიანობის პირობებში და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მომწიფებულ მტევნებს. ასევე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ყურძნის ჭია, რომლის სხვადასხვა თაობა სეზონის განმავლობაში აზიანებს ყვავილედებს, მარცვლებსა და მტევნებს.
ყურძნის ჭიის გარდა, ვენახებში გვხვდება კვირტის ჭია (ბუკნა), რომელიც აზიანებს კვირტებს გაზაფხულის დასაწყისში და მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლიანობას. ტკიპები კი იწვევს ფოთლების დეფორმაციას, ამცირებს ფოტოსინთეზის ინტენსივობას და ასუსტებს ვაზს.
vinoge.com დაუკავშირდა მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის „ბიოაგროს“ დირექტორს, კარლო კიკორიას, რომელმაც გაგვიზიარა მისი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ვაზის ბიოლოგიური დაცვის ფენოლოგიური კალენდარი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, წლის განმავლობაში რა ტიპის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ვენახის დასაცავად. კალენდარი ასევე ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის ბიოლოგიური მეთოდებით ვენახის მოვლა უფრო ეფექტიანი და გარემოსთვის უსაფრთხო.
კალენდარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფოთლოვან კვებასა და მიკროელემენტების მნიშვნელობას, აგრეთვე სპილენძის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას შეტანილი ლითონური სპილენძის რაოდენობის გაანგარიშებისა და კონტროლის აუცილებლობას. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასარგებლო იქნება დამწყები მევენახეებისთვის, რომლებიც ვენახის ბიოლოგიური დაცვის თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და პრაქტიკაში გამოყენებას გეგმავენ.
ვაზის ბიოლოგიური დაცვის ფენოლოგიური კალენდარი
I წამლობა – კვირტების დაცვა
ფენოფაზა: კვირტების დაბერვიდან გაშლამდე
პერიოდი: მარტის ბოლო – აპრილის პირველი დეკადა
მიზანი:
- კვირტის ჭიის (ბუკნას) კონტროლი;
- ტკიპების შემცირება.
გამოიყენება:
- ლეპიდინი;
- ტურინგენი;
- ნიმის ზეთი.
ნიმის ზეთი ბუნებრივი ინსექტიციდია, რომელიც აფერხებს მავნებლების კვებასა და გამრავლებას.
II წამლობა – ჭრაქის პრევენცია
ფენოფაზა: ორი ფოთლის 2/3 განვითარება
პერიოდი: მაისის I–II დეკადა
გამოიყენება:
- სპილენძის შემცველი პრეპარატი.
სპილენძი ბიომევენახეობაში რჩება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პროფილაქტიკურ საშუალებად ჭრაქის წინააღმდეგ.
III წამლობა – ბუტონიზაციის პერიოდი
ფენოფაზა: ყვავილედებზე კოკრების განცალკევება
პერიოდი: მაისის II–III დეკადა
მიზანი:
- ჭრაქის კონტროლი;
- ტკიპების კონტროლი;
- ყურძნის ჭიის პირველი თაობის წინააღმდეგ ბრძოლა.
გამოიყენება:
- ლეპიდინი;
- სპილენძის შემცველი პრეპარატი;
- ნიმის ზეთი;
- ამინომჟავების კომპლექსი.
ამ ეტაპზე ამინომჟავები ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და ზრდის მცენარის ბუნებრივ გამძლეობას.
IV წამლობა – ყვავილობის პერიოდი
ფენოფაზა: ყვავილობა
პერიოდი: მაისის ბოლო – ივნისის I დეკადა
ყველაზე კრიტიკული პერიოდია მოსავლის ფორმირებისათვის.
გამოიყენება:
- აგროკატენა;
- ლეპიდინი.
ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა:
- ჭრაქს;
- ნაცარს;
- ანთრაქნოზს;
- ყურძნის ჭიას.
V წამლობა – გამოხორბვლის ფაზა
ფენოფაზა: გამოხორბვლა
პერიოდი: ივნისის III დეკადა
გამოიყენება:
- ორგანიკა;
- ლეპიდინი;
- სპილენძის შემცველი პრეპარატი;
- გოგირდის შემცველი პრეპარატი;
- ამინომჟავების კომპლექსი.
გოგირდი ბიომეურნეობაში ნაცრის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.
VI წამლობა – ისვრიმობა
ფენოფაზა: ისვრიმობა
პერიოდი: ივლისის I–II დეკადა
მიზანი:
- ჭრაქის კონტროლი;
- ნაცრის კონტროლი;
- ცრუფარიანების წინააღმდეგ ბრძოლა.
გამოიყენება:
- აგროკატენა;
- ნიმის ზეთი;
- გოგირდის პრეპარატი.
VII წამლობა – მარცვლის დამსხვილება
ფენოფაზა: მარცვლის ინტენსიური ზრდა
პერიოდი: ივლისის II–III დეკადა
მიზანი:
- ჭრაქი;
- ნაცარი;
- ყურძნის ჭიის მესამე თაობა.
გამოიყენება:
- ფოტასიორუთი;
- ლეპიდინი;
- სპილენძის პრეპარატი;
- გოგირდი.
ამ დროს კალიუმის შემცველი პროდუქტები აუმჯობესებს მარცვლის განვითარებას და შაქრიანობას.
VIII წამლობა – შეთვალების დასაწყისი
ფენოფაზა: შეთვალება
პერიოდი: ივლისის ბოლო – აგვისტოს I დეკადა
მიზანი:
- ჭრაქი;
- ნაცარი;
- სიდამპლეები;
- ყურძნის ჭია.
გამოიყენება:
- აგროკატენა;
- ბიოკატენა;
- ლეპიდინი.
ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მტევნის დაცვას.
IX წამლობა – სიმწიფეში შესვლა
ფენოფაზა: სიმწიფის დაწყება
პერიოდი: აგვისტოს II დეკადა
მიზანი:
- ნაცარი;
- სიდამპლეები;
- ყურძნის ჭია.
გამოიყენება:
- ბიოკატენა;
- ლეპიდინი;
- სპილენძის შემცველი პრეპარატი.
ეს წამლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის ხარისხის შესანარჩუნებლად.
შემოდგომის სანიტარული ღონისძიებები
მომავალი წლის ინფექციური ფონის შესამცირებლად ნოემბერში რეკომენდებულია ფართობის დამუშავება ბიოპრეპარატ ბიოკატენას 3%-იანი ნაზავით.
ეს ღონისძიება:
- ამცირებს პათოგენების რაოდენობას;
- ამცირებს დაავადებების ზამთარგამძლე ფორმებს;
- აუმჯობესებს ვენახის ფიტოსანიტარულ მდგომარეობას.
ფოთლოვანი კვება და მიკროელემენტები
ვაზის სრულფასოვანი კვებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას:
- ულტრაკელი;
- ამინომჟავების კომპლექსები;
- ორგანული ბიოსტიმულატორები.
მიკროელემენტების სწორი მიწოდება აუმჯობესებს:
- ფოტოსინთეზს;
- ყვავილობის ხარისხს;
- განაყოფიერებას;
- მარცვლის ზრდას;
- შაქრების დაგროვებას.
ბიომეურნეობაში შეწამვლის პრაქტიკული წესები
მაქსიმალური ეფექტურობისთვის აუცილებელია:
- წამლობა ჩატარდეს დილით ნამის შეშრობის შემდეგ ან საღამოს.
- არ მოხდეს შეწამვლა ძლიერი მზის დროს.
- არ ჩატარდეს ძლიერი ქარის პირობებში.
- გამოყენებულ იქნას ბიომიმწებებელი ადიუგრეინი.
- დაცული იყოს რეკომენდებული დოზები.
- რეგულარულად მოხდეს ვენახის მონიტორინგი.
- დროულად მოიხსნას დაავადებული ნაწილები.
- უზრუნველყოფილი იყოს რიგთაშორისების კარგი განიავება.
სპილენძის გამოყენების შეზღუდვა
ბიომევენახეობაში მნიშვნელოვანია სპილენძის პასუხისმგებლიანი გამოყენება.
საერთაშორისო ბიოსტანდარტების მიხედვით, ერთ ჰექტარზე ლითონური სპილენძის წლიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კილოგრამს.
ამ მოთხოვნის დაცვა აუცილებელია:
- ნიადაგის მიკროფლორის შესანარჩუნებლად;
- ეკოსისტემის დასაცავად;
- ბიოსერტიფიკაციის მოთხოვნების შესასრულებლად.
ვაზის ბიოლოგიური დაცვის სწორად დაგეგმილი სისტემა საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად შემცირდეს ქიმიური პრეპარატების გამოყენება, შენარჩუნდეს გარემოს ეკოლოგიური ბალანსი და მიღებულ იქნეს მაღალი ხარისხის, ჯანმრთელი და უსაფრთხო ყურძენი.
ფენოფაზებზე დაფუძნებული დაცვის სისტემა, რომელიც აერთიანებს სპილენძისა და გოგირდის გონივრულ გამოყენებას და ორგანულ კვებას, წარმოადგენს თანამედროვე და მდგრადი მევენახეობის ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას.ჯანმრთელი ნიადაგი, დროული მონიტორინგი, ფენოლოგიურ კალენდარზე მორგებული ღონისძიებები და ბიოლოგიური პრეპარატების სწორი გამოყენება არის ჯანმრთელი ვენახის საფუძველი.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი