
ალეკო ცქიტიშვილი
თეკლე ზაკალაშვილს მევენახე-მეღვინეები უკვე კარგად იცნობენ სხვადასხვა ვიდეოგაკვეთილებით, რომლებიც ვენახის მოვლა-პატრონობას ეხება. გასხვლა, მწვანე ოპერაციები, ნიადაგის დამუშავება და ვენახში ჩასატარებელი სხვა საპასუხისმგებლო სამუშაოები ის თემებია, რაზეც პრაქტიკოსი მევენახე თავისი ვიდეობლოგებით გვესაუბრება. ამავდროულად, თეკლე ზაკალაშვილი არის აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი და ახალგაზრდა მკვლევარი, მცენარეთა მიკროკლონური გამრავლების და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის უფროსი. მისი დისერტაცია აგრარულ უნივერსიტეტში შეეხო ვაზის ჯიშების - მგალობლიშვილის და კაბერნე სოვინიონის ფარდობითი გვალვაგამძლეობის შესწავლას.
თეკლე ზაკალაშვილმა vinoge.com-ის რამდენიმე კითხვას უპასუხა.
- თქვენი ვიდეოგაკვეთილებიდან და ისტორიებიდან, რასაც სოციალურ მედიაში ვუყურებთ, ჩანს, რომ თეორიულ, აკადემიურ ცოდნას ვენახის და ვაზის შესახებ, საუკეთესოდ უხამებთ პრაქტიკას. მოგვიყევით თქვენს შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ აგრარული მეცნიერების ამ დარგს გაჰყოლოდით და რა მოგცათ ამ ცოდნამ ცხოვრებაში, პრაქტიკაში?
- პირველ რიგში, მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და დადებითი კომენტარისთვის.
ჩვენს ოჯახს არ ჰქონია სოფელი და არც ვენახთან შეხება მქონია ბავშვობაში, მაგრამ პაპა იყო კახეთიდან და ყოველთვის სიყვარულით საუბრობდა ღვინოზე. წლების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მისი ოცნება იყო მევენახეობა-მეღვინეობის სწავლა და ვფიქრობ, ამანაც მოახდინა გავლენა.
რაც შეეხება უშუალოდ მევენახეობაში სპეციალიზებას, თავდაპირველად რამდენიმე მიმართულებით გამოვცადე საკუთარი თავი და მივხვდი, რომ ვაზი, ვენახი, მცენარესთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, მაინტერესებს მისი ღრმა კვლევა და გაგება იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს არაჩვეულებრივი მცენარე. ასევე, უნივერსიტეტში სწავლისას მევენახეობას განსაკუთრებული სიყვარულით მასწავლიდნენ განსაკუთრებული ადამიანები, რამაც ვფიქრობ, მიბიძგა ამ კუთხით განვვითარებულიყავი.
მიღებულმა თეორიულმა ცოდნამ ცხოვრებაში მომცა საშუალება, სამყარო უფრო ფართოდ აღმექვა და საერთო ენა გამომენახა უამრავ ადამიანთან, რადგან ვაზსა და ვენახზე საუბარი საქართველოში ყველას უყვარს. ვაზი ძალიან ჰგავს ადამიანს, მასში მიმდინარე ცვლილებები ნერგის ეტაპიდან ბოლომდე, ჩვენ განვითარებას ჰგავს, რაც ვფიქრობ, საინტერესოა დასაფიქრებლად.
პრაქტიკული კუთხით, იმის ცოდნამ თუ როგორ მიდის ყველაზე მცირე პროცესიც კი მცენარეში, გამიმარტივა ვენახების მართვა და ვაზის მცენარის უკეთ გაგება. როდესაც გესმის სხვადასხვა ბიოქიმიური პროცესები, ვაზში მიმდინარე გარდაქმნები თუ ზოგადად ვაზის ფიზიოლოგია, შედარებით მარტივი ხდება პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება, რადგან საკითხს მრავალი კუთხიდან უყურებ.
- თქვენი მიდგომებიდან ჩანს, რომ უფრო მეტად ორგანული მევენახეობის მომხრე ხართ და დამატებით ვიცით, რომ კონსულტაციას უწევთ იმ მევენახე-მეღვინეებს, ვინც ვენახებს ორგანული წესებით უვლის. ეს თქვენი არჩევანი რამ განაპირობა და საქართველოს მევენახეობაში რამდენად აქვს პერსპექტივა ამ მიმართულებას?
- მე ვფიქრობ, რომ ორგანული, ეკო-მეგობრული, მდგრადი სოფლის მეურნეობა არის გამოსავალი იმ გამოწვევების წინაშე, რაც ახლა გვაქვს მევენახეობაში.
რა თქმა უნდა, ორგანული სოფლის მეურნეობა თავდაპირველად რთულად სამართავი სისტემაა, კლიმატის ცვლილებისა თუ უამრავი ბიოტური სტრესის, მომატებული დაავადებების გამო, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ არსებული, კონვენციური მიდგომა სოფლის მეურნეობაში ნიადაგს აღარიბებს, კლავს მას და ამოკლებს მცენარის სიცოცხლისუნარიანობას. მიმაჩნია, რომ ორგანული თუ ინტეგრირებული სოფლის მეურნეობის მიყოლით, ჩემი პატარა წვლილი შემაქვს გარემოს დაცვისკენ. მიუხედავად ამისა, აქაც ბევრი კითხვა არსებობს. მაგალითად, ზოგჯერ ვდარდობ, რომ სპილენძიც მეტალია, ისიც აბინძურებს გარემოს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, კვლევასთან ერთად შევძლებთ მის ნელ-ნელა ჩანაცვლებასაც. ასევე მიმაჩნია, რომ მევენახეობა არ უნდა იყოს მონოკულტურული, შესაბამისად, ორგანულ მევენახეობაში საშუალება გვაქვს გამოვიყენოთ საფარი კულტურები, მწერების ნაწილი, როგორც მეგობრები, გავზარდოთ ნიადაგის უხილავი სამყაროს ბიომრავალფეროვნება და ა.შ. ყოველივე ეს ქმნის დამოუკიდებელ ეკოსისტემას დროთა განმავლობაში, რომელიც მეტად თვითმყოფადი ხდება.
მიუხედავად კლიმატის ცვლილებისა და უამრავი გამოწვევისა, მიმაჩნია, რომ ორგანული სოფლის მეურნეობა მრავალმხრივ არის პერსპექტიული. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევებზე დაყრდნობით, წლიდან წლამდე იზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომელიც ღვინის შერჩევის დროს დიდ ყურადღებას უთმობს, რა გზა გამოიარა მან ვენახიდან ბოთლამდე, და რამდენად ეკომეგობრული მეთოდებით იყო მიღებული საბოლოო პროდუქტი.

- საქართველოში არსებული ვენახების და მათი მოვლის ტრადიციები თუ წესები დღესდღეობით, დიდწილად ეფუძნება საბჭოთა საკოლმეურნეო ვენახების მოვლის წესებს და პრაქტიკას, რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავდა დიდი რაოდენობით ყურძნის მოსავლის მიღებას და არ იყო ნედლეულის ხარისხზე ორიენტირებული. ეს რა პრობლემებს ქმნის დღევანდელ რეალობაში და რამდენად შესაძლებელია ამ მოძველებული მიდგომების შეცვლა?
- ხშირად ადამიანები ამაყობენ იმით, ვინ მეტი ყურძნით დატვირთა ვაზი. არადა ნებისმიერი ზედმეტი კილოგრამი ასუსტებს მცენარეს, მის იმუნიტეტს, ზრდის დაავადებების მიმართ მის მიმღეობას. უნდა აღინიშნოს მარცვლის ხარისხი, სადაც არ არის შემდეგ დაბალანსებული მჟავიანობა და შაქრიანობა, შემფერავი პიგმენტების რაოდენობა, ფენოლები თუ სხვა. ამ ყველაფერს მივყავართ არა მხოლოდ იქამდე, რომ მოსავლის ხარისხი ზოგ შემთხვევაში დაბალია, არამედ იქამდეც, რომ ვაზის სიცოცხლისუნარიანობა მკვეთრად მცირდება, რაც ძალიან სამწუხაროა.
მე ვფიქრობ, მიდგომის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ რთულია და დროსაც მოითხოვს.
მახსოვს, თავდაპირველად, როცა ჩემი მენტორისგან სხვლა ვისწავლე და რეგიონებში ხალხს ვუზიარებდი, სეკატორის სტერილიზაციისა და სპირტის გამოყენებაზე ხშირად ეცინებოდათ ხოლმე. მომისმენია ასევე ბევრი უარყოფითი კომენტარიც, მაგრამ სულ წარმოვიდგენდი, რომ მაგალითად ეს მოხუცი მევენახე პაპაჩემის ასაკისაა, როგორ ავუხსნიდი მას? ამიტომ ვცდილობდი მაგალითები მომეყვანა, მაგალითად გამეჭრა ვაზი და მეჩვენებინა არასწორი სხვლის შედეგი.
გარდა ამისა, ის ხალხი, ვინც ყურძენს არ აბარებს და თავად აყენებს ღვინოს, ხშირად აწყდება დუღილის პრობლემას, არასაკმარისად დაგროვებულ შაქარს, საწყის ეტაპზევე დაბინძურებულ მიკროფლორას თუ სხვადასხვა პრობლემას, რაც ხშირად ვენახიდანვე იწყება. ასეთი ადამიანები პრაქტიკაშივე ხედავენ რა პრობლემები აქვს არსებულ, მოძველებულ ხედვას.
ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად იმდენად მოიმატებს გამოწვევები, რომ კვლევაზე დაფუძნებული ცვლილებაც ბუნებრივად დადგება.
- ისევ საბჭოთა ინერციას რომ შევეხოთ, სსრკ-ს არსებობის ბოლო ათწლეულებში აგრარული მეცნიერება მთლიანად მოწყდა ხალხს და პრაქტიკას. მეცნიერები თავიანთ კაბინეტებში ჩაიკეტნენ და ნაკლებად მუშაობდნენ ველზე, ისე, როგორც მათი წინა თაობა - ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე და სხვები. გვიამბეთ თქვენს აკადემიურ საქმიანობაზეც, რა თემებზე მუშაობთ და რა გამოწვევებია ამ სფეროში ამჟამად. ხომ არ არის საჭირო, რომ მეცნიერები უფრო მეტად ჩანდნენ საველე სამუშაოებზე, როგორც მაგალითად თქვენ ჩანხართ?
- მადლობა საინტერესო კითხვისთვის. მე მიყვარს მეცნიერება და პრაქტიკული მევენახეობაც, მაგრამ ხშირად ორივეს დაბალანსება არის ძალიან რთული.
მხოლოდ ლაბორატორიაში დარჩენილი მეცნიერება ან სტატიაში გამოქვეყნებული შედეგი, რომელიც თაროზე დაიდება, არაფერს შეცვლის. ამიტომ ვცდილობ, ჩემი კვლევის თემატიკა იმ პრობლემას უკავშირდებოდეს, რაც რეალურია დარგისთვის, ქვეყნისთვის და რასაც მე თავად, როგორც მევენახე, ვაწყდები.
დოქტორანტურის ფარგლებში ჩემი კვლევა ეხებოდა მგალობლიშვილის, როგორც მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვაზის ჯიშის შესწავლას. მას გააჩნია უნიკალური მექანიზმი ჭრაქთან ბრძოლის წინააღმდეგ. ჩემი კვლევა ეხებოდა ამ ჯიშის გვალვაგამძლეობას, რაც საქართველოს ბევრი რეგიონისთვის პრობლემაა და ამ კუთხით მცენარეთა სელექცია მნიშვნელოვანია.
ამ ეტაპზე, როგორც ახალგაზრდა მეცნიერი (პოსტ-დოკი) ვსწავლობ ვაზის შტამბის დაავადებებს, როგორიცაა ესკა, ეუტიპა და სხვ. ვსწავლობ მათ გავრცელებას საქართველოში რეგიონალურად და ბრძოლის პრევენციულ მეთოდებს. აღნიშნული კვლევა სიახლეა და ტარდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. მოიცავს საქართველოს რამდენიმე რეგიონს, როგორიცაა: კახეთი, რაჭა, იმერეთი და ქართლი, მათ შორის ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობასაც.
რაც შეეხება ჩემს ძირითად საქმიანობას, ის მოიცავს მცენარეების ინ-ვიტრო გამრავლებას. კოლეგებთან ერთად, სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ვმუშაობთ სხვადასხვა კულტურების ფიტოსანიტარულად გაწმენდა-გაჯანსაღებაზე. აქ აღსანიშნავია ვაზი, რომლის ინ-ვიტრო გამრავლებაც მნიშვნელოვანი რგოლია სანერგეების მხარდაჭერისთვის.
მიმაჩნია, რომ მეცნიერები მეტად უნდა იყვნენ ველზე და ჩანდნენ საველე სამუშაოებზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს სამეცნიერო ტერმინების გამოყენება, მგონია, რომ ფერმერთან/მევენახესთან შესაბამისი ენის გამოყენებაც საჭიროა, რაც კიდევ უფრო დააახლოვებს ამ ორ მიმართულებას, რომელიც სინამდვილეში, ერთი მიზნისთვის იბრძვის.
- დაბოლოს გკითხავთ სტერეოტიპებზეც, როცა საზოგადოება რაღაც საქმიანობებს გენდერულად ანაწილებს და „კაცის საქმედ“ და „ქალის საქმედ“ ჰყოფს. ვენახის მოვლა, განსაკუთრებით კი - გასხვლა, მაგალითად, „კაცის საქმედ“ ითვლება. გაფურჩქვნა და გამარგვლა - „ქალის საქმედ“. თქვენი გამოჩენა ამ სტერეოტიპებს ამსხვრევს. საინტერესოა, როგორ უყურებთ ამ საკითხებს და რას ურჩევდით ქალებს, განსაკუთრებით - თქვენს სტუდენტებს?
- პირველად, როცა ვაზის გასხვლა მომიწია, მახსოვს, კაცების დიდმა ჯგუფმა წრეში მომაქცია და უამრავ კითხვას მისვამდა. თავიდან, სიმართლე რომ ვთქვა, ვინერვიულე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანებისთვის ახალი და მათთვის უჩვეულო რამის მიღება ყოველთვის მარტივი არ არის და ეს ბუნებრივია. მეც ვარ ზოგიერთ საკითხზე კონსერვატული. ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ დროთა განმავლობაში იგივე ადამიანები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ან ჩვენი მეთოდით გასხლული ვაზი უკეთ გამოიყურებოდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სტერეოტიპებს ნელ-ნელა საქმით უნდა ებრძოლო.
დღეს უკვე ბევრად იშვიათად მესმის, რომ გასხვლა მხოლოდ კაცის საქმეა. მგონია, რომ საზოგადოებაც ნელ-ნელა იცვლება და უმეტესად ადამიანები კეთილად არიან ხოლმე განწყობილები, როცა პირველ ბარიერს გადავლახავთ კომუნიკაციაში. სოციალურ ქსელებშიც ამას კარგად ვხედავ - მცირე უხეშ კომენტარებთან ერთად, ძალიან ბევრ თბილ და გულწრფელ მხარდაჭერას ვიღებ, როგორც ქალებისგან, ისე მამაკაცებისგან. ეს მაძლევს იმედს, რომ მომავალში პროფესიას სქესი აღარ განსაზღვრავს, არამედ ცოდნა, შრომა და პასუხისმგებლობა.
ჩემს სტუდენტებს, გოგოებს თუ ბიჭებს, ყოველთვის ვეუბნები: თუ ცოდნა გაქვთ, ვერანაირი სტერეოტიპი ვერ შეგაჩერებთ. მთავარია, ჯიუტად გავაგრძელოთ ჩვენი საქმე იმ ენთუზიაზმით, რომლითაც დავიწყეთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი