
2025 წლის 25 აგვისტოს ღვინის სამყარომ დაკარგა ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარი – პატრიკ ედვარდ მაკგოვერნი, პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი, რომელმაც თავისი ცხოვრება უძველესი სასმელების აღმოჩენასა და კვლევას მიუძღვნა.
პატრიკ მაკგოვერნი 2014 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ღვინის ეროვნული სააგენტოს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის“ პროექტში, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო.
2014 წლის 25 თებერავს Vinoge.com-ზე ლევან სეფისკვერაძის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ პარტიკ მაკგოვერნის კომენტარს: „ღვინის ახლი პროექტის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო უძველესი ღვინის კულტურის მქონე ქვეყანაა. ქიმიური ანალიზი ამ სფეროში საქართველოს წარმატების შანსს კიდევ უფრო მეტად გაზრდის“.
2017 წელს მაკგოვერნის ხელმძღვანელობით გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც მსოფლიო გააოცა: კავკასიაში, საქართველოში, ღვინის დამზადება უკვე ძვ.წ. VI ათასწლეულში იწყებოდა (6000–5800 წწ.). მის მიერ ჩატარებული ბიომოლეკულური არქეოლოგიური კვლევების შედეგად დადასტურდა „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილი თიხის ჭურჭელზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების არსებობა, რაც Vitis vinifera-ს ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინის მარკერია.
ეს აღმოჩენა საქართველოსთვის მხოლოდ მეცნიერული ფაქტი კი არა, ეროვნული თვითშეგნების გამარჯვება იყო. ქართველებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ მათი ქვეყანა იყო ღვინის სამშობლო, მაგრამ მაკგოვერნმა ეს რწმენა მსოფლიომდე მიიტანა და სამუდამოდ განამტკიცა კიდეც.
მეცნიერს აღაფრთოვანებდა ქართული ქვევრის ღვინის ტრადიცია – მისი უწყვეტობა, რომელიც 8,000 წელზე მეტს მოიცავს. მისთვის საქართველო ცოცხალი მუზეუმი იყო, სადაც კაცობრიობამ პირველი ნაბიჯები გადადგა.
მაკგოვერნი ათწლეულების განმავლობაში იყო ბიომოლეკულური არქეოლოგიის პროექტის სამეცნიერო დირექტორი პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც ახალი მეცნიერება – ბიომოლეკულური არქეოლოგია – ჩამოაყალიბა. სწორედ ამ დისციპლინამ შეძლო უძველესი ჭურჭლის, ნარჩენებისა და ნიადაგის ქიმიური ანალიზით დაედგინა, რას სვამდნენ, ჭამდნენ და რა რიტუალებს ატარებდნენ კაცობრიობის წინაპრები.
პატრიკ მაკგოვერნი არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ სამეცნიერო პუბლიკაციებით. ყოველთვის სურდა, რომ საზოგადოებამდე ცოცხალი სახით მიეტანა ისტორია, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდით. სწორედ ამ მიზნით, ცნობილ ამერიკულ ლუდსახარშ Dogfish Head-თან თანამშრომლობით მან გააცოცხლა უძველესი სასმელები:
- Midas Touch – ფრიგიელი მეფის, მიდასის ტომბიდან აღმოჩენილი ნარჩენების მიხედვით.
- Château Jiahu – ნეოლითური ჩინური სასმლის რეკონსტრუქცია.
- Theobroma – უძველესი კაკაოს ნაყენი.
ამ ექსპერიმენტებმა მაკგოვერნს მასშტაბური პოპულარობა მოუტანა. მისი ანალიზებით დადგინდა, რომ ღვინო კაცობრიობისთვის მხოლოდ სასმელი კი არა, ცივილიზაციის საფუძველი იყო.
მისმა ნაშრომებმა სამუდამოდ შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ღვინოზე. პატრიკ მაკგოვერნის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნებია:
- Ancient Wine: The Search for the Origins of Viniculture (2003)
- Uncorking the Past: The Quest for Wine, Beer, and Other Alcoholic Beverages (2010)
ეს გამოცემები გახდა არა მხოლოდ არქეოლოგთა, არამედ მეღვინეთა, ისტორიკოსთა და უბრალო მკითხველთა ორიენტირი უძველესი ცივილიზაციების შესწავლის გზაზე.
პატრიკ მაკგოვერნს მსოფლიო იცნობდა როგორც „ღვინისა და ლუდის სამყაროს ინდიანა ჯონსს“, საქართველოსთვის კი მაკგოვერნი იყო ის მეცნიერი, რომელმაც სამუდამოდ დაამკვიდრა ჩვენი ქვეყნის ადგილი მსოფლიო ღვინის ისტორიაში.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი