
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საიუბილეო, მეათე წელს სიახლით ხვდება, ღვინოებთან ერთად, პირველად, საერთაშორისო დონეზე ქვევრის ღვინის ეტიკეტებიც შეფასდება.
2026 წლის 5-6 დეკემბერს საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი მეათედ გაიმართება. ასოციაცია „ქართული ღვინის“ ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარებული ღონისძიება ათი წელია ემსახურება ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, მისი უნიკალური კულტურის წარმოჩენასა და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას.
საიუბილეო კონკურსი წელს განსაკუთრებული სიახლით გამოირჩევა, ქვევრის ღვინის ხარისხისა და მახასიათებლების შეფასებასთან ერთად, საერთაშორისო ჟიური ღვინის ეტიკეტებსაც შეაფასებს.
ქვევრის ღვინის თანამედროვე შეფუთვა და ეტიკეტების დიზაინი სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. მწარმოებლები ტრადიციულ მოტივებს თანამედროვე ვიზუალურ ენასთან აერთიანებენ, ეძებენ განსხვავებულ ფორმებს და ცდილობენ, ეტიკეტით გადმოსცენ როგორც კონკრეტული ღვინის ხასიათი, ისე ქართული მეღვინეობის კულტურული მემკვიდრეობა.
სწორედ ამ პროცესის წახალისებას ემსახურება ეტიკეტების საერთაშორისო კონკურსიც. მისი მიზანია, პროფესიული შეფასების საგნად აქციოს ღვინის ვიზუალური იდენტობა და გამოავლინოს, რამდენად ეფექტურად წარმოაჩენს ეტიკეტი ქვევრის ღვინის უნიკალურობას და რამდენად გასაგები და მიმზიდველია ის საერთაშორისო მომხმარებლისთვის.
კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, ეტიკეტებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. საბოლოო განხილვისთვის კი საქართველოში სხვადასხვა სფეროს ცნობილი საერთაშორისო წარმომადგენლები ჩამოვლენ. ამგვარად, კონკურსი ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროდუქტის ვიზუალური მხარე საერთაშორისო პროფესიული აუდიტორიის წინაშე წარადგინონ.
დეტალურ ინფორმაციას კონკურსისა და მონაწილეობის პირობების შესახებ გაეცანით ბმულზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com







თქვენი კომენტარი