
რა მიზანს ემსახურება საგანმანათლებლო პლატფორმა VinoSophia
ლევან სებისკვერაძე
თანამედროვე ქართული მევენახეობა სულ უფრო მეტად დგას ახალი გამოწვევების წინაშე. ხარისხიანი ყურძნის წარმოება და მეცნიერული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა ის საკითხებია, რაზეც დღეს დარგის მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ამ პროცესებში განსაკუთრებული როლი ეკისრება ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებიც ტრადიციულ გამოცდილებას თანამედროვე კვლევებსა და საერთაშორისო პრაქტიკას უთავსებენ.
სოფო ხუტიძე სწორედ ახალი თაობის მევენახეა. მისი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ვენახის მოვლით. იგი აქტიურად ცდილობს, სამეცნიერო ცოდნა მარტივი და პრაქტიკული ფორმით მიაწოდოს როგორც მევენახეებს, ისე ღვინის მოყვარულებს. ამ მიზანს ემსახურება მისი საგანმანათლებლო პლატფორმა VinoSophia, რომელიც სოციალურ ქსელებში უკვე არაერთი ადამიანის ინფორმაციის წყაროდ იქცა.
vinoge.com-თან ინტერვიუში სოფო ხუტიძე საუბრობს საკუთარ პროფესიულ გზაზე, საქართველოს მევენახეობის მთავარ გამოწვევებზე, კლიმატის ცვლილების გავლენაზე, ორგანული მეურნეობის პერსპექტივებზე და იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რამაც ქართული მევენახეობა მომავალში უფრო კონკურენტუნარიანი შეიძლება გახადოს.
- გვიამბეთ მოკლედ თქვენს შესახებ. ასევე, როგორ გაჩნდა ბლოგის შექმნის იდეა და რა მიზანს ისახავთ თქვენი ვიდეოებითა და პოსტებით?
- მე ვარ მევენახეობა-მეღვინეობის მაგისტრი. ჩემი პროფესიული გამოცდილება აერთიანებს როგორც საქართველოში მიღებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, ისე საერთაშორისო გამოცდილებას. შვედეთში გავიარე ნიადაგის ბიოგეოქიმიის პროგრამა, რომელმაც კიდევ უფრო დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ნიადაგი და მასში მიმდინარე პროცესები მევენახეობისთვის. ასევე, არგენტინაში რთველის სეზონზე მუშაობამ საშუალება მომცა, განსხვავებული მევენახეობისა და მეღვინეობის კულტურა ახლოდან გამეცნო. ვფიქრობ, სწორედ ასეთი გამოცდილებები გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი პროფესია სხვადასხვა პერსპექტივიდან დავინახოთ.
ამჟამად ვმუშაობ „წინანდლის მამულებში“, სადაც ჩართული ვარ როგორც ვენახის, ისე ღვინის წარმოების პროცესებში. განსაკუთრებით მაინტერესებს ქვევრის მეღვინეობა, რაც ჩვენი მეღვინეობის ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილია.

VinoSophia-ს შექმნის იდეა კი ჩემი ყოველდღიური საქმიანობიდან გაჩნდა. ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც ვაზი და ღვინო ძალიან უყვართ და წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებაც აქვთ, მაგრამ ყოველთვის არ აქვთ წვდომა იმ თანამედროვე ცოდნასა და კვლევებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას კიდევ უფრო გაამარტივებდა.
ეს განსაკუთრებით მაშინ დავინახე, როცა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება დავიწყე. მივხვდი, რომ მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული დისტანცია. ბევრი მნიშვნელოვანი კვლევა და ინფორმაცია აკადემიურ სივრცეში რჩება და იმ ადამიანებამდე, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება, მარტივად ვერ აღწევს. სწორედ ამიტომ შევქმენი VinoSophia. ჩემი მიზანია, მეცნიერულად სანდო ცოდნა მარტივი, გასაგები და პრაქტიკული ენით გავაზიარო, რათა ადამიანებმა ის რეალურად გამოიყენონ ვენახებსა და მარანში ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას. ვფიქრობ, ცოდნას ყველაზე დიდი ღირებულება მაშინ აქვს, როცა ის ადამიანამდე მიდის და პრაქტიკაში რეალურ შედეგს ქმნის.
- როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა მევენახეობასთან და რამ გადაგაწყვეტინათ, რომ თქვენი პროფესია ვაზთან და ვენახთან ყოფილიყო დაკავშირებული?
- თავიდანვე ვიცოდი, რომ ისეთი პროფესია მინდოდა, რომელიც ბუნებასთან სიახლოვეში იქნებოდა, სადაც არც ერთი დღე არ იქნებოდა წინას მსგავსი. სწორედ ამიტომ ავირჩიე აგრარული მეცნიერებები, მოგვიანებით კი სწავლა მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამაზე გავაგრძელე აგრარულ უნივერსიტეტში.
სწავლის პერიოდში შევამჩნიე, რომ ბევრი სტუდენტი საკუთარ მომავალს ძირითადად მეღვინეობაში ხედავდა. მეც ძალიან მიყვარს ღვინო და დღესაც ორივე მიმართულებით ვმუშაობ, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემი მთავარი ინტერესი ვენახი იყო. ხშირად გაცილებით ბევრს ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ ღვინოზე და გაცილებით ნაკლებს — ვენახსა და ტერუარზე, საიდანაც ღვინის ხარისხი იწყება. დიდი ღვინოები ვენახში იქმნება, ამიტომ მევენახეობა ჩემი მთავარი პროფესიული ფოკუსი გახდა.
- საქართველოს მევენახეობისთვის ამ ეტაპზე რა არის მთავარი გამოწვევები და საით უნდა განვითარდეს დარგი?
- დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კლიმატის ცვლილებაა, რაც საქართველოშიც უკვე ძალიან იგრძნობა. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში მისი გავლენა კიდევ უფრო საგრძნობი გახდება. ბუნების წინაშე უძლურები ვართ, ამიტომ მთავარი ამოცანა მასთან ბრძოლა კი არა, ადაპტირებაა — უნდა შევცვალოთ ჩვენი მიდგომები, გავხდეთ უფრო მოქნილები და გადაწყვეტილებები გარემოს ცვლილებებს მოვარგოთ.
თუ კონკრეტულად საქართველოს მევენახეობაზე ვისაუბრებთ, ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევა ყურძნის ხარისხია. ცალკეული კომპანიები ამ მიმართულებით მართლაც დიდ რესურსს დებენ და ძალიან კარგ შედეგებსაც აღწევენ, მაგრამ თუ მთლიან სურათს შევხედავთ, ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ ვიყენებთ იმ პოტენციალს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. საქართველოს უნიკალური ტერუარები ნამდვილად იმსახურებს, რომ მსოფლიოში საუკეთესო მცირე მევენახეობის რეგიონებს შორის უფრო ძლიერი ადგილი დაიკავოს.
ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ჩვენი ისტორიული წარსულის შედეგიც არის. იყო პერიოდები, როდესაც მთავარი აქცენტი რაოდენობაზე კეთდებოდა, დღეს კი უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ბევრად მეტი ყურადღება ხარისხზე გადავიტანოთ და ვენახები უფრო გააზრებული, თანამედროვე მიდგომებით ვმართოთ.
სამწუხაროდ, ხშირად სათანადოდ ვერ ვაფასებთ იმ ნიადაგებს, რომლებსაც ოქროს ფასი აქვს. წლების განმავლობაში უხეშმა ინტენსიურმა მართვამ - მინერალური სასუქების გადაჭარბებულმა გამოყენებამ და მცენარეთა დაცვის საშუალებების არაგონივრულმა გამოყენებამ — ბევრ შემთხვევაში ნიადაგის გაღარიბება გამოიწვია. ვფიქრობ, ეს დიდწილად ცოდნისა და ინფორმაციის ნაკლებობასაც უკავშირდება და სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს სამუშაო.
აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ნიადაგის თითოეულ სანტიმეტრს და გავიაზროთ, რომ ის უბრალოდ ვაზის საყრდენი ან სუბსტრატი არ არის. ნიადაგი სიცოცხლეა. მისი ჯანმრთელობა განსაზღვრავს ვენახის ჯანმრთელობას, ხოლო ჯანსაღი ვენახი ხარისხიანი ღვინის საფუძველია.

- კლიმატის ცვლილებამ როგორ შეცვალა მევენახეთა სამუშაო გრაფიკი და ვენახის მოვლის სტრატეგია ბოლო წლებში?
- ალბათ ჩემზე ასაკოვან მევენახეებს უფრო მეტი და ხანგრძლივი დაკვირვება აქვთ ამ ცვლილებებზე, რადგან მათ ათწლეულების განმავლობაში საკუთარ ვენახებში უკეთ შეუძლიათ შედარებების გაკეთება. მე კი, ჩემი გამოცდილებისა და ბოლო წლების დაკვირვებების საფუძველზე, შემიძლია ვთქვა, რომ კლიმატის ცვლილება ვენახის მართვას უფრო დინამიკურს ხდის.
უკვე არსებობს კვლევებიც, რომლებიც აჩვენებს, რომ საქართველოში ვაზის ზოგიერთი ფენოლოგიური ფაზა, მაგალითად, შეთვალება, გარკვეულ პირობებში უფრო ადრე დგება. ეს ნიშნავს, რომ ვენახის სამუშაოები ყოველთვის ვერ დაიგეგმება მხოლოდ ტრადიციული კალენდრის მიხედვით და უფრო მეტად უნდა დავეყრდნოთ კონკრეტული წლისა და კონკრეტული ვენახის მდგომარეობას.
ბოლო წლებში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ამინდის არასტაბილურობა - ხანგრძლივი სიცხეები, ნალექების არათანაბარი განაწილება, ზოგჯერ კი ძლიერი წვიმებიც მოკლე პერიოდში. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება როგორც დაავადებების გავრცელების რისკზე, ისე ვენახის მართვის სტრატეგიებზე.
დღეს მევენახეს გაცილებით მეტი დაკვირვება და მოქნილობა სჭირდება. უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს კონკრეტულ ვენახში, დავაკვირდეთ მცენარის მდგომარეობას და გადაწყვეტილებები მხოლოდ წარსულ გამოცდილებაზე კი არა, მიმდინარე პირობებზეც დავაფუძნოთ.
- თუ დამწყები მევენახე გკითხავთ, რა არის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ხარისხიანი ვენახის გასაშენებლად და შესანარჩუნებლად, რას უპასუხებთ?
- პირველ რიგში ვეტყოდი, რომ კარგად შეისწავლოს ადგილი, სადაც ვენახის გაშენებას გეგმავს. ხშირად წინასწარ გვაქვს ჩამოყალიბებული სურვილები კონკრეტულ ჯიშთან ან სისტემასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩემი აზრით, პირველი გადაწყვეტილებები თავად ტერუარიდან უნდა მოდიოდეს. ნიადაგი, კლიმატი, ექსპოზიცია, რელიეფი — ეს ყველაფერი უნდა განსაზღვრავდეს არჩევანს: რომელი ჯიში, საძირე, ფორმირების სისტემა და მართვის სტრატეგია იქნება ყველაზე სწორი ამ კონკრეტული ადგილისთვის.
მეორე - არ დააჩქარონ ვაზი. მას სჭირდება დრო, რომ კარგად განვითარდეს და ძლიერი ფესვთა სისტემა შექმნას. ხშირად ადამიანებს სწრაფად სურთ პირველი მოსავლის მიღება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი ვენახი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწრაფად მიღებული პირველი შედეგი.
მესამე - თავიდანვე სწორად დაგეგმონ გასხვლისა და ფორმირების სტრატეგია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელიც განსაზღვრავს ვაზის ჯანმრთელობას, სიცოცხლის ხანგრძლივობასა და მომავალ პროდუქტიულობას. ამ მიმართულებით დახარჯული დრო და რესურსი მომავალში აუცილებლად გაამართლებს.
ჩემი მთავარი რჩევა იქნება, ვენახს მოვექცეთ როგორც გრძელვადიან ინვესტიციას და არა მხოლოდ მოსავლის წყაროს. კარგად გაშენებული ვენახი ათწლეულების განმავლობაში გვემსახურება.

- რამდენად შესაძლებელია, რომ მცირე საოჯახო მეურნეობებმა ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიონ ორგანული მევენახეობითა და ტრადიციული მეღვინეობით? რა პირობებია ამისთვის საჭირო?
- ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ მცირე საოჯახო მეურნეობებისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი უპირატესობაც იყოს, თუ, რა თქმა უნდა, კონკრეტული გარემო პირობები ამის საშუალებას იძლევა.
მცირე ფართობის ვენახში გაცილებით მარტივია თითოეულ მცენარეს მეტი დრო და ყურადღება დაეთმოს. ბუნებრივ ეკოსისტემაში ბევრი პროცესი თავად ეკოსისტემის ურთიერთკავშირებით რეგულირდება. თუ მევენახე კარგად შეისწავლის საკუთარი აგროეკოსისტემის დინამიკას, მასში არსებულ ორგანიზმებსა და მათ როლს, და შეეცდება, არა მხოლოდ ებრძოლოს ბუნებრივ პროცესებს, არამედ მათთან ჰარმონიაში იმუშაოს, ბევრი საკითხის მართვა, მათ შორის მავნებლების კონტროლი და ნიადაგის ჯანმრთელობის შენარჩუნება, უფრო ეფექტური გახდება.
ჩემი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში ორგანული და მდგრადი მეურნეობის მიდგომები ეკონომიკურადაც გამართლებულია და არა მხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჯანსაღი ნიადაგი, დაბალანსებული ეკოსისტემა და სიცოცხლისუნარიანი ვენახი საბოლოოდ უფრო სტაბილურ შედეგებს ქმნის.
რაც შეეხება ტრადიციულ მეღვინეობას, განსაკუთრებით ქვევრის ტექნოლოგიასა და ნიშურ ღვინოებს, ვფიქრობ, მათ ნამდვილად აქვთ დიდი პოტენციალი. თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ განსხვავებული პროდუქტის შექმნა, არამედ შესაბამისი ბაზრის პოვნა და საკუთარი ისტორიის სწორად წარდგენაც.
- როგორ წარმოგიდგენიათ ქართული მევენახეობის მომავალი 10 წლის შემდეგ და რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესში ახალ თაობასა და სოციალურ მედიას?
- საკმაოდ კომპლექსური და საინტერესო კითხვაა. ვფიქრობ, ისეთი მცირემიწიანი ქვეყნების უპირატესობა, როგორიც საქართველოა, რაოდენობა კი არა, ხარისხი და დივერსიფიკაციაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვაქვს ასეთი მრავალფეროვანი ადგილობრივი ჯიშები, უნიკალური ტერუარები და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ეს თავისთავად დიდი უპირატესობაა და ამისთვის მადლიერებიც უნდა ვიყოთ, თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ ეს მემკვიდრეობა განვავითაროთ და თანამედროვე რეალობას მოვარგოთ.
ამის პირველი გზა, ჩემი აზრით, განათლებაა. ქართული მევენახეობის მომავალი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ ტრადიციისა და თანამედროვე ცოდნის გაერთიანებას. ჩვენი მიზანი მხოლოდ წარსულის შენარჩუნება არ უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, გავიგოთ ამ ტრადიციების საფუძველი და ახალი ცოდნის დახმარებით ისინი კიდევ უფრო გავაძლიეროთ.
სავარაუდოდ მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება ყურადღება ხარისხზე, კონკრეტულ ტერუარებზე, ადგილობრივ ჯიშებსა და მდგრადი მეურნეობის მიდგომებზე. ქართული ღვინის წარმატება საერთაშორისო ბაზარზე სწორედ იმაშია, რომ ჩვენ შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ ის, რაც სხვას არ აქვს — უნიკალური ისტორია, ადგილობრივი ჯიშები და კონკრეტული ადგილის ხასიათი.
ამ პროცესში ახალ თაობას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ უფრო გახსნილები, გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება, გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და, ამავე დროს, შევინარჩუნოთ საკუთარი იდენტობა.
რაც შეეხება სოციალურ მედიას, ვფიქრობ, ის დღეს ცოდნის გავრცელებისა და კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია. ადრე ცოდნა ძირითადად პროფესიულ წრეებში ვრცელდებოდა, დღეს კი შესაძლებელია, ის პირდაპირ მივიდეს მევენახემდე, მომხმარებლამდე და ღვინის მოყვარულამდე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს სივრცე მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებას არ ემსახურებოდეს — ის ხარისხიანი, სანდო და მეცნიერულად გამყარებული ცოდნის გაზიარების პლატფორმადაც უნდა იქცეს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი