Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

„ამერიმერი” - ბუნებრივი ღვინის ფესტივალი, წლის შეჯამებით

ლევან სეფისკვერაძე

ქალაქ წყალტუბოში ღვინის ფესტივალების ჩატარება რამდენიმე წლის წინ, ალბათ, უჩვეულო ამბად ჩაითვლებოდა. ახლა კი წყალტუბო და მთელი იმერეთი უკვე ელოდა 2025 წლის ბუნებრივი ღვინის ფესტივალ „ამერიმერს“ რომელსაც ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, ტრადიციულად, ყოველ წელს ატარებს.

შარშან ამ ფესტივალს ქართული ბუნებრივი მეღვინეობის გზის გამკვალავის და ამ ფესტივალის სულისჩამდგმელის - სოლიკო ცაიშვილის სახელი ეწოდა, რაც სიმბოლურთან ერთად, იმის გამომხატველიცაა, რომ სოლიკოსეული ბუნებრივი მეღვინეობის იდეები პრაქტიკაშიც ხორციელდება და რაც მთავარია, ამას განგრძობითი ხასიათი აქვს.

2025 წელს ფესტივალ „ამერიმერის“ ჩატარების თარიღად 6 დეკემბერი, შაბათი დღე შეირჩა. ამ დროს საქართველოს ყველა კუთხის მეღვინეებს ახალი მოსავალი უკვე დაბინავებული აქვთ და შესაბამისად, მეტი დროც აქვთ, რომ საკუთარი ღვინოები ღვინის მოყვარულებს და დედაქალაქიდან თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ იმპორტიორებსა და ღვინის ექსპერტებს გააცნონ.

ფესტივალის მიმდინარეობისას ბუნებრივი მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ ძალიან საინტერესო ლექცია ჩაატარა და საზოგადოებას საკუთარი წიგნები წარუდგინა ღვინის მკვლევარმა გიორგი ბარისაშვილმა.  

ფესტივალის მონაწილე მეღვინეების დიდი ნაწილი ამბობდა, რომ მათი ინტერესის საგანი საზოგადოებისთვის ღვინის გაცნობის გარდა, სხვა ღვინოების ჭაშნიკი და მათ შესახებ ინფორმაციის მიღებაც იყო.

ზურა თოფურიძე, მარანი „იბერიელი“: „ამერიმერი“ საშუალებას აძლევს პატარა მარნებს, თავი წარუდგინონ ფართო საზოგადოებას წლის ბოლოს და ეს გამოდის შეჯამებასავით. ეს არის დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი გამოფენა და აქ ჩანს, ვინ რა გააკეთა და როგორ გააკეთა. მე, მაგალითად, განსაკუთრებული მოლოდინით ველოდები დეკემბრის დადგომას, რათა გავიგო, როგორი წელი იყო სხვადასხვა კუთხეში და სხვადასხვა მარანმა რა სიახლეები შემოგვთავაზა“.

6 დეკემბერს წყალტუბოში ფესტივალს ღვინის მოყვარულების გარდა იმპორტიორები, რესტორატორები და მეღვინეობის სპეციალისტებიც სტუმრობდნენ. ყველას შეეძლო დაეჭაშნიკებინა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობით სახელგანთქმული ყველა კუთხიდან ჩამოტანილი განსხვავებული სტილისა და შინაარსის ღვინოები. ამ ღვინოებს სტუმრებს ტრადიციულად თავად მეღვინეები სთავაზობდნენ და ისინი განმარტავდნენ როგორი გზით და ხერხებით აყენებდნენ ღვინის კონკრეტულ ნიმუშებს.

„ამერიმერი არის ადგილი, სადაც წლის წარმატება ან წარუმატებლობა პირდაპირ ჩანს — აქ არაფერი იმალება“ - ამბობს იმერელი მევენახე-მეღვინე, რამაზ ნიკოლაძე, რომელიც ამ ფესტივალზე თავს მასპინძლად გრძნობს ხოლმე და განსაკუთრებით უხარია იმერეთში ასეთი მასშტაბური ღონისძიება ტრადიციად რომ იქცა.

ვინსენტ ჟულიენი, მარანი „ლაფატი“: „ევროპაში ასეთი ფესტივალები თითქმის ერთი საუკუნის ისტორიას ითვლის. საქართველოშიც ნამდვილად იყო იმის დრო, რომ აქაც გაგრძელებულიყო ეს მშვენიერი ტრადიცია. ბუნებრივი ღვინო ყოველგვარი ზედმეტი მინარევების გარეშე მზადდება და ასეთი სასმლის მოყვარულები არასოდეს იზარებენ მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში წასვლას. ამიტომ მჯერა, რომ საქართველოში და მათ შორის - იმერეთში ტურიზმის მნიშვნელოვანი ელემენტი მომავალში აუცილებლად ღვინის ტურიზმი იქნება“.

„ჩიტოს მარნის“ წარმომადგენელი, ნინო ჩიტოშვილი კი ამბობს, რომ ფესტივალი არა მხოლოდ გემოსა და ხარისხის გამოცდაა, არამედ ერთგვარი სოციალური პლატფორმაცაა: „აქ კოლეგა მეღვინეები ერთმანეთს ვხვდებით, ვსინჯავთ ერთმანეთის ღვინოებს, ვეკითხებით სხვადასხვა საინტერესო დეტალს და შესაბამისად, ვეხმარებით კიდეც ერთმანეთს. ეს არის შეხვედრის ადგილი ადამიანების, რომლებიც საინტერესო ღვინოებს ქმნიან“.

ქართულ ბუნებრივ ღვინოებს მეღვინის ხელწერა ეტყობა და ამას უცხოელებიც კარგად ხედავენ. მეღვინეობის სეგმენტში პრობლემები ცხადია, კვლავ ბევრია და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ახლანდელი სიტუაცია ცა და დედამიწასავით განსხვავდება იმისაგან, რაც 20 წლის წინ გვქონდა ქვეყანაში, როცა ხარისხიანი ბოთლის ღვინის შეძენა წარმოუდგენლად რთული იყო.

კოტე ჭელიძე, ფესტივალის სტუმარი: „ფესტივალზე რიგითი სტუმრის სტატუსით მოვედი და აქედან მრავალი ინფორმაციით დატვირთული დავბრუნდები. ჩემი აზრით, ღვინის ფესტივალების მთავარი სიკეთე ისაა, რომ ვიგებთ კონკრეტულად დროის ამ მონაკვეთში ქართული ღვინის რეალურ სახეს და მდგომარეობას. მაბედნიერებს, რომ ეს ყველაფერი ჩემს ქალაქში - წყალტუბოში ხდება“.

„ამერიმერის“ სტუმრებს შორის ადგილობრივი დიდი თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებიც წყალტუბოში ფესტივალზე თითქმის ყოველ წელს დადიან.

„ეს ფესტივალი ქალაქს ახალ სიცოცხლეს აძლევს. მხოლოდ წყალტუბოს - არა. ამან სამომავლოდ გავლენა ქუთაისზე და მთლიანად იმერეთზე უნდა მოახდინოს. დღეს მინდა შევარჩიო რომელიმე იმერული მარნის საუკეთესო „ცოლიკოური“ და მთელი წელი ჩემი სასტუმროს სტუმრებს ამ ღვინოს შევთავაზებ“ - ამბობს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი, სასტუმრო „თეთრი ქალაქის“ მენეჯერი, ირაკლი კოპაძე.

მისი თქმით, „ამერიმერი“ იმედია, ახლა თუ არა მომავალში მაინც მისცემს ადგილობრივ ტურიზმს ახალ სიცოცხლეს.

„ეს ფესტივალი პატარა, განსაკუთრებით კი - ახალი  მარნებისთვის არის ყველაზე დიდი შანსი რათა თავი წარმოაჩინონ საზოგადოების წინაშე.  აქ მოდიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ეძებენ ხარისხს და არა უბრალოდ ლამაზ ეტიკეტს“ — ამბობს დამწყები მევენახე-მეღვინე გიორგი იორამაშვილი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ გახდეს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი და სამომავლოდ საკუთარი ღვინოც წარადგინოს წყალტობოში შეკრებილი ღვინის მოყვარულების წინაშე.

დაბოლოს ამ რეპორტაჟს დავასრულებთ ფრთიანი ფრაზით,  რომელიც ერთ-ერთმა იმერელმა მეღვინემ მოიფიქრა: „ამერიმერი ისევ დაბრუნდება და მას წყალტუბო ისევ დაელოდება. არ დაელოდება და მისი აჯობებს!“

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა