
87 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მეცნიერი, ამპელოგრაფი და მეღვინე თეიმურაზ ღლონტი.
ღვინის კლუბი უსამძიმრებს ოჯახს, ნათესავებს და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებს, ვისთვისაც მაგალითის მიმცემი იყო თეიმურაზ ღლონტის დაუღალავი შრომა და ენთუზიაზმი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როცა ერთი მხრივ, დარგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა პროფესიონალური, აკადემიური მიდგომით ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების გაცოცხლება და მეორე მხრივ, მეცნიერების უშუალო მონაწილეობა საველე სამუშაოებში.
თეიმურაზ ღლონტის კვლევების მთავარი სამიზნე იყო ქვევრის ღვინო და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციები, იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების, განსაკუთრებით კი - მცვივანი კახურის დაბრუნება არა მხოლოდ ვენახებში, არამედ მეღვინეობაში.
2000-იან წლებში თეიმურაზ ღლონტი მიწვეული იყო ალავერდის მონასტრის მარანში მეღვინე კონსულტანტად, როდესაც მონასტერმა ქვევრებში ღვინის დაყენება დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით მონასტრის ბერების ღვინომ „ალავერდის ტრადიციები, 2007 წ.“ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ჟურნალ „დეკანტერის“ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე. ეს იყო იმ დროისათვის ყველაზე მაღალი ჯილდო, რაც კი თანამედროვე ქვევრის ღვინოს მიუღია საერთაშორისო კონკურსებში.
ღვინის კლუბის ვეტერან წევრებს დღემდე ახსოვთ მისი შთამბეჭდავი ლექციები ღვინის კლუბის შეკრებებზე, სადაც მხცოვანი მეცნიერი დაუღალავად პასუხობდა უამრავ კითხვას და ლექციის შემდეგაც შეკრება კიდევ დიდხანს არ იშლებოდა. იგი ასევე აქტიურად მონაწილეობდა ღვინის კლუბის თემატურ დეგუსტაციებში და მონაწილეებს თავის ცოდნას და პროფესიონალურ შეფასებებს უზიარებდა.
თეიმურაზ ღლონტმა დიდი წვლილი შეიტანა UNESCO-ს არამატერიალურ ძეგლთა ნუსხაში ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდის დამკვიდრების საქმეში.
მის სახელთან არის დაკავშირებული მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ ჟურნალის — „ვაზი და ღვინო“ აღდგენა, რომელსაც წლების განმავლობაში რედაქტორობდა. ასევე იყო „საქართველოს ამპელოგრაფიის“ განახლებული გამოცემის თანარედაქტორი.
თეიმურაზ ღლონტი არის ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ნაშრომების ნაწილი გამოქვეყნებულია ღვინის კლუბის ინტერნეტგამოცემა vinoge.com-ზე.
vinoge.com აქტიურად აშუქებდა თეიმურაზ ღლონტის საქმიანობას და ინიციატივებს, რომელთა თავმოყრა ერთ სტატიაში შეუძლებელიც იყო.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი