Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ზაფხული ევროპის ვენახებში — რჩევები დიდი მოგზაურობისთვის

თამარ მღებრიშვილი

„თუ ცხოვრებაში რამეს ვნანობ, მხოლოდ იმას, რომ მეტი ღვინო არ დავლიე.“ ამ სიტყვებს ხშირად ერნესტ ჰემინგუეის მიაწერენ, რომლისთვისაც ცხოვრება და ღვინო ერთმანეთისგან განუყოფელი იყო. ღვინო მოგზაურობის გაგრძელებაცაა, ადგილის ხასიათია, ადამიანების ისტორიებია და ხშირად -  მოგონებების მცველიც. სურნელს განსაკუთრებული ძალა აქვს. მას შეუძლია წლები წაშალოს, ერთი წამით დაგვაბრუნოს იქ, სადაც თითქოს აღარასოდეს დავბრუნდებოდით, ან პირიქით - ისეთი მოგონება შექმნას, რომელიც მომავალში სწორედ ამ სურნელთან იქნება დაკავშირებული. შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიო ლიტერატურაში სურნელსა და მეხსიერებას არაერთი ტექსტი მიეძღვნა. საკმარისია მარსელ პრუსტი გავიხსენოთ -  თავისი მონუმენტური ციკლის, „დაკარგული დროის ძიებაში“, პირველ ტომში, „სვანის მხარეს“,  მადლენის ნამცხვრის გემო და სურნელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ პროტაგონისტს ბავშვობის თითქმის დავიწყებული სამყარო მთელი სიცხადით დაბრუნებოდა.

ღვინოს კი შეუძლია გაგვახსენოს ადგილი, სადაც მზის ჩასვლისას პირველად ავწიეთ ჭიქა; პატარა მარანი, სადაც მეღვინე საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიყვებოდა; ზღვისპირა სოფელი, სადაც თეთრ ღვინოს მარილიანი ნიავი დაჰყვებოდა; ან სულაც შექმნას ახალი მოგონება, რომელიც წლების შემდეგ  გაცოცხლდება.

ამ ზაფხულს კი, თუ თქვენი გზა ევროპისკენ მიემართება,  ღვინის მოყვარულიც ხართ და სამოგზაურო მარშრუტი იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიას, საბერძნეთსა და  ხორვატიას მოიცავს, ღირს გზად ისეთ ადგილებში შეჩერება, რომლებიც არა მხოლოდ ცნობილი ღვინით, არამედ განსაკუთრებული ატმოსფეროთიც დაგამახსოვრდებათ.

ტოსკანა, იტალია  - ვნება, მოთმინება, ხარისხი

Antinori nel Chianti Classico

ტოსკანის ბორცვებზე მოგზაურობისას რთულია გაარჩიო, სად მთავრდება ბუნება და სად იწყება ადამიანის ხელით შექმნილი სილამაზე. ტოსკანის მრავალ მეღვინეობას შორის განსაკუთრებული ადგილია Antinori nel Chianti Classico, სადაც თანამედროვე არქიტექტურა და მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიცია ერთმანეთს ხვდება. ღვინის მოყვარულები აქ მხოლოდ დეგუსტაციისთვის არ მიდიან. ისინი მოდიან იმის სანახავად, თუ როგორ შეიძლება მეღვინეობა კულტურის ნაწილად იქცეს.

Antinori nel Chianti Classico-ს მეღვინეობა 2012 წლის ოქტომბერში გაიხსნა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ანტინორის ოჯახის მრავალსაუკუნოვანი კავშირი საკუთარ ისტორიულ სამშობლოსთან, ტოსკანასთან. მეღვინეობა მთლიანად ადგილობრივი მასალებით აშენდა, განსაკუთრებული ყურადღებით გარემოსა და ტოსკანის უნიკალური ლანდშაფტის მიმართ. ეს პროექტი ანტინორის ოჯახის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევა.

ოჯახის ისტორიაში, რომელიც უკვე 26 თაობას ითვლის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სრულიად ახალი მეღვინეობა აშენდა. მისი კონცეფცია მხოლოდ ღვინის წარმოებას არ ემსახურება,  ის ღვინის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ ანტინორის ფილოსოფიას, რომელიც სამი მთავარი ღირებულების გარშემო ყალიბდება: ვნება, მოთმინება და ხარისხის მუდმივი ძიება.

2022 წელს Antinori nel Chianti Classico-მა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ღვინის ტურისტულ რეიტინგში -  World's Best Vineyards -  პირველი ადგილი დაიკავა. აღნიშნული საერთაშორისო რეიტინგი ყოველწლიურად ავლენს მსოფლიოს საუკეთესო ღვინის ტურისტულ მიმართულებებს, რომლებსაც 500-ზე მეტი წამყვანი ექსპერტი ღვინისა და ტურიზმის სფეროდან აფასებს.

რიოხა, ესპანეთი – ღვინო და არქიტექტურა

Marqués de Riscal

ესპანეთში ღვინო ყოველთვის დღესასწაულთან ასოცირდება. რიოხაში მოგზაურობა კი განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგან აქ ვენახებს შორის თანამედროვე არქიტექტურის ნამდვილ შედევრებსაც აღმოაჩენთ.

Marqués de Riscal, ესპანეთის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გავლენიანი მეღვინეობაა. იგი მდებარეობს პატარა ქალაქ ელსიეგოში (Elciego), რიოხა ალავესას (Rioja Alavesa) ღვინის რეგიონში და დღეს არა მხოლოდ გამორჩეული ღვინით, არამედ უნიკალური არქიტექტურითა და ღვინის ტურიზმის სრულიად ახალი ხედვითაც არის ცნობილი.

მეღვინეობა 1858 წელს დააარსა კამილო ურტადო დე ამესაგამ, რისკალის მეექვსე მარკიზმა. მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ მარნებზე დაყრდნობით მან შექმნა ღვინის სახლი, რომელმაც მომავალში ესპანური მეღვინეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

Marqués de Riscal თავდაპირველად მხოლოდ რიოხას წითელ ღვინოებს აწარმოებდა, თუმცა 1972 წელს კომპანია კასტილია და ლეონის რეგიონში, რუედაში (Rueda), გაფართოვდა, სადაც თეთრი ღვინის წარმოება დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ ეს რეგიონი  აღიარეს ესპანეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თეთრი ღვინის აპელასიონად.

დღეს Marqués de Riscal მხოლოდ ღვინის მწარმოებელი აღარ არის. 2006 წელს ელსიეგოში შეიქმნა „ღვინის ქალაქი“ (City of Wine) -  უნიკალური კომპლექსი, რომელიც აერთიანებს ისტორიულ და თანამედროვე მარნებს, ვენახებს, გასტრონომიულ სივრცეებს, სპა-ცენტრსა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ღვინის სასტუმროს.

დოუროს ხეობა, პორტუგალია – მდინარისა და ვენახების სიმფონია

Douro Valley

არის ადგილები, სადაც ბუნება განსაკუთრებული სიზუსტით ქმნის სრულყოფილ პეიზაჟს. დოუროს ხეობა სწორედ ასეთია. ტერასებად გაშენებული ვენახები მდინარეს მიჰყვება, ხოლო ძველი მამულები, რომლებიც დღეს ბუტიკურ სასტუმროებად არის ქცეული, სტუმრებს სიმშვიდესა და ავთენტურობას სთავაზობს.

რეგიონს ხშირად ალტო დოუროს (Alto Douro), „ზემო დოუროს“ უწოდებენ, რადგან ის ქალაქ პორტოდან მდინარის ზემოთ მდებარეობს და ატლანტის ოკეანის გავლენისგან მთათა სისტემებით არის დაცული. სწორედ ეს განსაკუთრებული გეოგრაფიული პირობები - ცხელი ზაფხული, მკაცრი ზამთარი და ფიქლისებრი ნიადაგი -  ქმნის იმ უნიკალურ გარემოს, რომელმაც დოუროს ღვინოებს განსაკუთრებული ხასიათი შესძინა.

დღეს დოურო პორტუგალიის უმაღლესი კატეგორიის ღვინის რეგიონია  Denominação de Origem Controlada (DOC), რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოებული ღვინოები მკაცრად განსაზღვრულ ხარისხობრივ და გეოგრაფიულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. 2001 წელს დოუროს ღვინის რეგიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, როგორც კულტურული ლანდშაფტი.

დოუროს სახელი მსოფლიოში უპირველესად Port Wine-თან ასოცირდება -  გამაგრებულ ღვინოსთან, რომელმაც ეს რეგიონი საერთაშორისო პოპულარობამდე მიიყვანა. თუმცა ბევრმა მოგზაურმა არ იცის, რომ დოურო არანაკლებ საინტერესოა თავისი მშრალი, ე.წ. Douro Wines-ითაც.

აქ წარმოებული ღვინოების სტილი ძალიან მრავალფეროვანია: მსუბუქი და ელეგანტური ღვინოებიდან დაწყებული, მდიდარი, მუხის კასრებში დაძველებული, ბურგუნდიული სტილის ძლიერი ღვინოებით დამთავრებული.

სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის დოუროს განსაკუთრებულ ადგილად ღვინის მოყვარულებისთვის - აქ შესაძლებელია ერთ რეგიონში აღმოაჩინო როგორც ტრადიციული პორტი, ასევე თანამედროვე მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება.

სანტორინი, საბერძნეთი – ღვინო ვულკანურ მიწაზე

Santo Wines

სანტორინი ბევრისთვის პირველ რიგში თეთრი სახლების, ლურჯი გუმბათების, ზღვის უსასრულო ხედებისა და დაუვიწყარი მზის ჩასვლის კუნძულია, თუმცა კუნძულს კიდევ ერთი საგანძური აქვს -  ვულკანურ ნიადაგზე გაშენებული ვენახები.

Santo Wines 1911 წელს დაარსდა და დღეს სანტორინის ღვინის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოდ მიიჩნევა. იგი კუნძულის ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის მწარმოებელია, რომელმაც სანტორინის უნიკალური ღვინის კულტურა მსოფლიოს გააცნო.

სანტორინის მცხოვრებლები საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ მეღვინეობას. კუნძულის რთულმა ბუნებრივმა პირობებმა -  ვულკანურმა ნიადაგმა, ძლიერმა მზემ და ზღვის მარილიანმა ქარებმა -  აქ სრულიად განსაკუთრებული გარემო შექმნა ვაზისთვის.

Santo Wines მდებარეობს ულამაზეს სოფელ პირგოსში (Pyrgos) -  სანტორინის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილში, კალდერის კიდეზე, საიდანაც იშლება შთამბეჭდავი ხედი ვულკანზე, ეგეოსის ზღვასა და კუნძულის თეთრ დასახლებებზე.

დღეს ეს მეღვინეობა აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ღვინის ტურიზმის ცენტრსა და სტუმრებისთვის შექმნილ კომფორტულ სივრცეებს. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო, რომელსაც ადგილობრივი სამზარეულოს კერძები ახლავს.

სანტორინის მთავარი ვარსკვლავი უდავოდ არის ასირტიკო -  ადგილობრივი თეთრი ვაზის ჯიში, რომელიც კუნძულის სიმბოლოდ იქცა. ეს ღვინო გამოირჩევა მაღალი მჟავიანობით, ციტრუსოვანი არომატებითა და  მინერალური ხასიათით, რაც პირდაპირ უკავშირდება სანტორინის ვულკანურ წარმოშობას.

Santo Wines-ის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნიკტერის, ასირტიკოს უნიკალურ სტილს, რომლისთვისაც ყურძენი ტრადიციულად ღამით იკრიფება. ეს მეთოდი ხელს უწყობს არომატების შენარჩუნებას, ხოლო მუხის კასრებში დაძველება ღვინოს უფრო ღრმა, კომპლექსურ და დახვეწილ ხასიათს აძლევს.

კიდევ უფრო ძველი ისტორია აქვს ვინსანტოს,  სანტორინის ლეგენდარულ ტკბილ ღვინოს, რომლის ფესვებიც ანტიკურ ხანამდე მიდის.

ვინსანტო მზადდება მზეზე გამომშრალი ასირტიკოს, აიდანისა და ზოგჯერ ალფირის ყურძნისგან. ხანგრძლივი დაძველების შედეგად მიიღება მდიდარი, ტკბილი ღვინო, რომელშიც იგრძნობა თაფლის, ნუშისა და ჩირის არომატები.

ისტრია, ხორვატია – ადრიატიკის ფარული საგანძური

Kozlović Winery

ხორვატიის ისტრიის ნახევარკუნძული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, თუმცა ჯერ კიდევ ნაკლებად აღმოჩენილი ღვინის რეგიონია. იტალიისა და სლოვენიის საზღვართან მდებარე ეს მიწა აერთიანებს ძველ სოფლებში ჩაკარგულ ისტორიებს, ზეთისხილის ბაღებსა და ვენახებს, სადაც ღვინო ჯერ კიდევ ადგილობრივი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია.

ამ ლანდშაფტის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილას, ჩრდილო-დასავლეთ ისტრიის პატარა ხეობაში -  ვალეში (Vale) - მდებარეობს Kozlović-ის ოჯახის მეღვინეობა, რომლის ისტორია 1904 წლიდან იწყება.

ოთხი თაობის განმავლობაში ამ ოჯახის მთავარი მიზანი უცვლელია -  შეინარჩუნონ  ადგილობრივი ვაზის ჯიშები, პატივი სცენ რეგიონის მემკვიდრეობას, მუდმივად განავითარონ ცოდნა და ტექნოლოგიები ვენახსა და მარანში, და თითოეული ბოთლით გაამართლონ საკუთარი გვარის პასუხისმგებლობა.

მეღვინეობის მთავარი ვენახი -  Valle Vineyard -  მდებარეობს მომიანის (Momjan) მთისწინეთში და მოიცავს დაახლოებით 5 ჰექტარს. ვენახების ასაკი ჯიშების მიხედვით 8-დან 35 წლამდე მერყეობს. ნიადაგი აქ განსაკუთრებულია -  იგი შედგება ფლიშის, კირქვისა და თიხის ნაზავისგან, რაც ღვინოს უნიკალურ სტრუქტურასა და მინერალურ ხასიათს აძლევს. ვენახის სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთი მიმართულება და დღისითა და ღამით ტემპერატურის განსხვავება ქმნის ისეთ პირობებს, რომლებიც ღვინოს სიხალისეს, სისუფთავესა და ცოცხალ ხასიათს ანიჭებს.

ამ წერილის ბოლოს კი, ვიტყოდი, რომ  ზოგჯერ ყველაზე ძვირფასი მოგონება არ იქმნება ყველაზე ცნობილ მარნებში და არც ყველაზე ძვირადღირებულ ბოთლში იმალება. შესაძლოა, ის პატარა სოფლის გზის ბოლოს გელოდებოდეთ -  ძველი ქვის სახლის ჩრდილში, ხის უბრალო მაგიდასთან, სადაც მასპინძელი საკუთარი ხელით ჩამოსხმულ ღვინოს გაგასინჯებთ და ამ ღვინის უკან დამალულ ისტორიასაც მოგიყვებათ.

შესაძლოა, წლების შემდეგ ზუსტად აღარ გახსოვდეთ იმ სოფლის სახელი, სადაც იყავით, ან იმ პატარა მარნის მისამართი, რომელსაც შემთხვევით მიაგენით. მაგრამ აუცილებლად დაგამახსოვრდებათ მზის ჩასვლა ვენახებს შორის, უცხო ქვეყანაში ნათქვამი სადღეგრძელო, მეღვინის ხმა და ის რამდენიმე საათი, რა დროსაც  კონკრეტული ადგილის ნაწილი გახდით. და როგორც არ უნდა იყოს, ჰემინგუეის სინანულს მოგზაურობის განმავლობაში მაინც აარიდებთ თავს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა