
ლევან სეფისკვერაძე
ამერიკის კონტინენტზე მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი იმ ეტაპზეა, როდესაც ფეხბურთთან მწყრალად მყოფი ადამიანებიც კი ინტერესდებიან მინიმუმ იმით, ვინ ვინ დაამარცხა. ზოგი ნაკრები უკვე სახლშია, ზოგი კი იმედით უყურებს ფინალისკენ მიმავალ გზას. ფეხბურთშიც და ღვინოშიც ერთი კანონია - დიად სახელს მარტო ისტორია ვერ შეგინარჩუნებს. ყოველ ახალ სეზონსა და ყოველ ახალ ჩემპიონატზე საკუთარი ღირსებები თავიდან უნდა დაამტკიცო.
საინტერესოა მუნდიალზე მობურთალი ნაკრებები, ხასიათით თუ თამაშის სტილით, რომელ ქართულ ღვინოს შეიძლება შევადაროთ. წინა მსოფლიო ჩემპიონატიდან ოთხი წელი გავიდა, ფეხბურთი შეიცვალა, ბევრი ვარსკვლავი დაბერდა, ბევრიც გამოჩნდა, მაგრამ ღვინოებისა არ იყოს მათი საფეხბურთო ხასიათი უცვლელი დარჩა .თუმცა არსებობს გამონაკლისებიც...
არგენტინა - საფერავი
საფერავი ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ძლიერი, ღრმა, ხასიათიანი და გამორჩეული, რომლისგანაც ამავე დროს, ყოველთვის ელი სიურპრიზებს. ასეთივეა არგენტინაც, რომელსაც მესის როლს თუ გავითვალისწინებთ, ახლა უფრო მუხაში დავარგებული „მუკუზნის” ნოტები დაკრავს. ლიონელ მესის დაბერების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ მსოფლიო ჩემპიონები ძალმოსილებას დაკარგავდნენ, მაგრამ არგენტინელებმა დაამტკიცეს, რომ დიდი ნაკრები მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა. ახალი თაობა სვლას აგრძელებს და საჩემპიონო ამბიციას კვლავ გააჩნია.
ბრაზილია - ცოლიკოური
ცოლიკოური ყოველთვის სიცოცხლით და ხალისით სავსე ღვინოა. ხილის არომატი, სიხალისე და თითქოს ბუნებრივი ცქრიალი ამ ღვინის მახასიათებელი თვისებაა. ამ ფორმატის ბრაზილიაც ზუსტად ასეთია. შეიძლება ხანდახან ზედმეტად მძიმედ გამოიყურებოდეს, შეიძლება დაცვაში პრობლემებიც ჰქონდეს, მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერ ჩემპიონატზე ბრაზილიის თამაში მაინც ზეიმია. იაპონიასთან გამარჯვებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს გუნდი გადამწყვეტ მომენტში საკუთარ სიტყვას ყოველთვის ამბობს. თუმცა, ნორვეგიასთან მარცხმა ისიც აჩვენა, რომ ნაკრები ახლა ისეთ სტადიაზე, როგორიც შეიძლება წარმოვიდგინოთ ჭურში დაყენებული ცოლიკოური, რომელიც უკვე სამჯერ გადაიღეს, ეს-ესაა დაძველებასაც იწყებს და ამის გამო, გემოებიც ცოტათი არეული აქვს.
საფრანგეთი - ქვევრის რქაწითელი
ქართული ქარვისფერი ღვინის კლასიკას თუკი ქვევრის რქაწითელი გვაგრძნობინებს, თანამედროვე ფეხბურთში ამ როლს საფრანგეთი ითავსებს. ფრანგებს ყველაფერი უნაკლო აქვთ, იქნება ეს ფიზიკური ძალა, ტექნიკა, ტაქტიკური დისციპლინა თუ თითქმის უსასრულო სათადარიგო სკამი, რომელიც კახეთში თვალუწვდენელ რქაწითლის ზვრებს გვაგონებს. დამაჯერებელმა გამარჯვებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს გუნდი ამერიკის კონტინენტზე მხოლოდ ლამაზი ფეხბურთისთვის არ ჩასულა. მისი მიზანი მსოფლიოს მესამე ჩემპიონობაა.
ესპანეთი – ჩინური
ჩინური ისეთი ჯიშია, რომელსაც „ზედმეტი ხმაური“ არ უყვარს. მისგან დაყენებული ღვინოც ელეგანტურობასა და ბალანსზეა აგებული. თანამედროვე ესპანეთის ნაკრების ფეხბურთიც სწორედ ასეთია. ბურთის ფლობა, მოთმინება, სივრცეების პოვნა და მეტოქის ნელ-ნელა დაღლა. ავსტრიასთან მატჩში ეს ყველაფერი თითქმის უნაკლოდ შეასრულეს. შეიძლება ყველაზე სანახაობრივი გუნდი არ იყოს, მაგრამ ასეთ ფეხბურთს შედეგი ხშირად მოაქვს.
პორტუგალია - ხიხვი
ხიხვი ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ხიხვი ერთ-ერთი უძველესი ვაზის ჯიშია, მეღვინეობაში მისი ნამდვილი შესაძლებლობები ბევრმა ახლაღა აღმოაჩინა. ამავე დროს, მას მეღვინეობაში მრავალფეროვანი პოტენციალი აქვს. მისგან შესაძლებელია, როგორც ევროპული ტიპის, ისე კახური ქვევრის ქარვისფერი ღვინის და რაც ყველაზე საინტერესოა - ხერესის და პორტვეინის ტიპუს ღვინის დაყენებაც. თქვენ წარმოიდგინეთ, თავის დროზე, როცა საქართველოში პორტვეინის მსგავსი შემაგრებული ღვინოები - “კარდენახი” და „ხირსა“ მზადდებოდა, მათ ხასიათს რქაწითელთან ერთად, ხიხვიც განსაზღვრავდა. პორტუგალიაც სწორედ ასეთ გზას გადის. კრიშტიანუ რონალდუს ეპოქის მიწურულს ბევრს ეგონა, რომ ეს ნაკრები მნიშვნელოვნად დასუსტდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალი თაობაც არანაკლებ კონკურენტუნარიანია და ეს ხორვატიასთან გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ინგლისი - ქისი
ქისი თავდაპირველად შეიძლება უინტერესო ღვინოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ გასინჯვისა და დაკვირვების შემდეგ სულ უფრო საინტერესო ხდება. ინგლისის ნაკრებიც ზუსტად ასეა. მუნდიალებზე დიდი მოლოდინებით ჩასული გუნდი ხშირად იმედგაცრუებულს ტოვებდა ქომაგებს. ბოლო წლებში კი მის თამაშს „სიმწიფე“ შეემატა. ამიტომაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შესაძლოა, განსაკუთრებული სანახაობრივი თამაში არ ყოფილა, მაგრამ ჰარი კეინის ძალმოსილებით, ინგლისელებმა სწორედ ის გააკეთეს, რაც დიდ გუნდებს სჩვევიათ - შედეგი დადეს! განსაკუთრებული წონა კი ნაკრებს ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძლის, მექსიკის დამარცხებით შეემატა.
ბელგია - ოცხანური საფერე
ოცხანური საფერე რთული და ხასიათიანი ჯიშია. თუ კარგი წელი იყო და მოსავალიც ხარისხიანი დაიკრიფა, შეიძლება გამორჩეული და ძალიან ღრმა ღვინო მივიღოთ. ბელგიაც ასეთია. მისი „ოქროს თაობა“ თითქოს წარსულს ჩაბარდა, მაგრამ გუნდი კვლავ კონკურენტუნარიანია. სენეგალთან დრამატულმა გამარჯვებამ აჩვენა, რომ ბელგიელებს ხასიათი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ.
გერმანია - რისლინგი
გერმანიის ნაკრებთან ძალიან გაგვიჭირდა ქართული ღვინის შესატყვისის მოძებნა და ისევ გერმანული ცნობილი ვაზის ჯიშის ღვინო - რისლინგი შევარჩიეთ. რისლინგი გერმანული მეღვინეობის საფუძველია. ზოგჯერ მოდიდან გადადის, შემდეგ ისევ ბრუნდება და ყველას ახსენებს საკუთარ მნიშვნელობას. გერმანიის ნაკრებსაც ასეთი ისტორია აქვს. ამ ჩემპიონატზე პენალტების სერიაში პარაგვაისთან მარცხი (და მუნდიალიდან გამოთიშვა) გერმანელებს „მოდიდან გადაიყვანს“, მაგრამ მუდამ უნდა გვახსვდეს, რომ ეს გერმანიაა და მისგან შემდეგში ყველაფერს უნდა ველოდოთ.
ურუგვაი - უსახელოური
უსახელოური იშვიათია, გამორჩეულია და განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებს. ამას გარდა ძველია, დიდი ისტორია აქვს და ყოველთვის ელოდება ლეჩხუმი და სრულიად საქართველო ამ ჯიშის „აფეთქებას“ მთელს მსოფლიოში. ურუგვაის ფეხბურთიც ყოველთვის ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა - პატარა ქვეყანა, რომელიც დიდებს მუდმივად უტოლდებოდა. თუმცა, ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატი მათთვის ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე დასრულდა. რას ვიზამთ? ასეთი მარცხებიც ფეხბურთის ნაწილია!
მსოფლიო ჩემპიონატი კი გრძელდება. ზოგი ღვინო უკვე „სარდაფში“ დაბრუნდა, ზოგი ჯერ კიდევ ელოდება იმ დიად დღეს, როდესაც გამარჯვების თასს ასწევს. ფეხბურთსა და ღვინოს კიდევ ერთი საერთო თვისება აქვთ - ორივემ გაუძლო დროის გამოცდას და „დაძველება“ ორივეს ნამეტანი უხდება. ხოლო ვინ გახდება 2026 წლის საუკეთესო „ღვინო’, საბოლოო პასუხსაც მუნდიალის ფინალი გაგვცემს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი