
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.
კანონში შეტანილი ცვლილებები ღვინის წარმოების, ხარისხის კონტროლისა და ბაზარზე რეალიზაციის რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე „მცირე ზომის მარნის“ დეფინიციის ცვლილებაა. კანონპროექტის მიხედვით, მცირე მარნის წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება, რაც ამ კატეგორიის საწარმოების უფრო მკაფიო განსაზღვრას უზრუნველყოფს.
ცვლილებები ეხება ღვინის კატეგორიების დასახელებებსაც. კერძოდ, ტერმინი „სახლის ღვინო“ ჩანაცვლდა ტერმინით – „ბუნებრივი ღვინო“. ახალი განმარტების თანახმად, ბუნებრივი ღვინო უნდა იწარმოებოდეს ორგანული, სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე მოყვანილი ყურძნის ტკბილის სპონტანური დადუღებით. ბუნებრივ ღვინოში დაუშვებელია ნებადართული ოპერაციებისა და ნივთიერებების გამოყენება, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომლის შემცველობა ღვინოში არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/ლ-ს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო ნიშანდებას. აღნიშნულ პროცესს განახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ღვინის ხარისხის კონტროლს უკავშირდება. კანონით, როგორც საექსპორტოდ, ისე ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე გასაყიდად განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინო დაექვემდებარება სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას. გამონაკლისს მხოლოდ „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორია წარმოადგენს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი