
მცირე მარნების მხარდასაჭერად, საქართველოში მათი პროდუქციის სერტიფიცირების მომსახურება საფასურისგან გათავისუფლდა. შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა.
გადაწყვეტილებას წინ მცირე მარნების წარმომადგენლებთან კონსულტაციები უძღოდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, მეწარმეების მიერ დასმული საკითხების გათვალისწინებით, სახელმწიფომ სერტიფიცირების მომსახურების ხარჯის მცირე მარნებისთვის გაუქმება გადაწყვიტა.
ცვლილება არ გულისხმობს მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების ვალდებულების გაუქმებას. ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელები კვლავ უნდა აკმაყოფილებდეს სავალდებულო სერტიფიცირების მოთხოვნებს. შესაბამისად, მცირე მარნებს პროდუქციის შესაბამისი პროცედურების გავლა და საჭირო დოკუმენტაციის მიღება ისევ მოეთხოვებათ.
სერტიფიცირების მომსახურება 1-ელი სექტემბრიდან ფასიანი გახდა, თუმცა ახალი გადაწყვეტილებით, მცირე მარნებისთვის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურება უფასოდ განხორციელდება.
მიღებულმა ცვლილებამ ძალა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ შეიძინა. სახელმწიფოს განმარტებით, მიდგომის მიზანია მცირე მარნებისთვის საქმიანობის პირობების გაუმჯობესება, ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნება და მისი კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაძლიერება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი