Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) სტუმრობა საქართველოში

ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევითა და ორგანიზებით, საქართველოს სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯოზეფ მილერი, ხოლო ჯგუფში შედიოდნენ ღვინის პროფესიონალები ექვსი ქვეყნიდან — აშშ-დან, ჩინეთიდან, მექსიკიდან, თურქეთიდან, ბრაზილიიდან და ლატვიიდან. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონს ესტუმრნენ. ისინი კახეთის,  იმერეთისა და ქართლის ღვინის საწარმოებსა და საოჯახო მარნებს გაეცნენ, დააგემოვნეს როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე სტილით დამზადებული ღვინოები და უშუალოდ შეხვდნენ ქართველ მეღვინეებს. პროგრამის მიზანი იყო ქართული ღვინის მრავალფეროვნებისა და მისი უნიკალური მეღვინეობის კულტურის გაცნობა იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის რესტორნებსა და საგანმანათლებლო სივრცეებში ღვინის პოპულარიზაციით არიან დაკავებული.

რეგიონული ტურის დასრულების შემდეგ თბილისში გაიმართა სპეციალური დეგუსტაცია „Walk-around Tasting“, სადაც ქართული ღვინის 15 მწარმოებელმა საკუთარი ღვინოები წარადგინა. ღონისძიებამ უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, ერთ სივრცეში გაცნობოდნენ ქართული ღვინის სტილურ მრავალფეროვნებას, სხვადასხვა ჯიშსა და მეღვინეობის განსხვავებულ მიდგომებს.

ISG-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ მილერის თქმით, საქართველოში ეს უკვე მისი მეორე ვიზიტია და ქვეყნის ღვინის კულტურა ყოველ ჯერზე ახალ აღმოჩენებს სთავაზობს. მისი შეფასებით, ქართული ღვინის მთავარი უპირატესობა მხოლოდ ქვევრის ტრადიციაში არ მდგომარეობს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ, უნიკალურ ვაზის ჯიშებს, რომლებიც მრავალფეროვანი კულინარიული შეხამების შესაძლებლობას იძლევა და საერთაშორისო გასტრონომიულ სივრცეში დიდ ინტერესს იწვევს. მილერის შეფასებით, ხარისხის მუდმივი განვითარება საქართველოს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები მსოფლიო ღვინის ბაზარზე.

სომელიეთა საერთაშორისო გილდია (ISG) ღვინის განათლების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. ის აკრედიტებულ სასწავლო პროგრამებს სთავაზობს როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ სომელიეებსა და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს. სწავლება მოიცავს ღვინის დეგუსტაციას, მეღვინეობის ტექნოლოგიას, მომსახურების სტანდარტებს, მენეჯმენტსა და კერძისა და ღვინის შეხამების პრინციპებს. ISG დღეს 40-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს, პროგრამებს 14-ზე მეტ ენაზე ახორციელებს, ხოლო მისი სერტიფიკატები საერთაშორისო სარესტორნო, სასტუმრო და მეღვინეობის სექტორში ფართო აღიარებით სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ ISG-ის სასწავლო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ ღვინოსაც. სტუდენტები სწავლობენ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, 8000-წლიან მეღვინეობის ისტორიას, ქვევრის ტრადიციასა და ქართული ღვინის კულტურულ მნიშვნელობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მეღვინეობის მზარდ საერთაშორისო აღიარებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა

ტოპ ხუთეული