Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს საუკეთესო სომელიე 2026 - ინტერვიუ თეონა თოხაძესთან

თამარ მღებრიშვილი

3 ივნისს  კონკურსის „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2026“ ფინალური ეტაპი გაიმართა, სადაც ერთმანეთს სამი ფინალისტი -  რეზი ცეცხლაძე, თეონა თოხაძე და ლუკა სოსელია - დაუპირისპირდნენ.

პროფესიული ცოდნის, დეგუსტაციის უნარებისა და პრაქტიკული დავალებების საფუძველზე, ჟიურიმ „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2026“-ის ტიტული თეონა თოხაძეს მიანიჭა.

რა გზა გაიარა გამარჯვებამდე, რას ნიშნავს მისთვის ეს ტიტული და როგორ ხედავს  სომელიეს პროფესიის განვითარებას - ამის შესახებ თეონა თოხაძე Vinoge.com-ს ესაუბრა:

- სომელიეთა საერთაშორისო დღეს, 3 ივნისს, ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსის  “საქართველოს საუკეთესო სომელიე 2026”-ის გამარჯვებული გახდით. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ტიტული?

- ეს ჩემი მეორე მცდელობა იყო ამ კონკურსზე ასპარეზობის, ამიტომ ვიცი, რას ნიშნავს იყო ფინალისტი და ამჯერად უკვე გამარჯვებულიც. წარმოუდგენელი სიხარულის, შვებისა და კმაყოფილების განცდა მომიტანა ამ ტიტულმა, თუმცა, ამავდროულად, გამიჩნდა პასუხისმგებლობაც და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია,  არ გავჩერდე და მუდმივად ვეძიო ახალი ცოდნა.

- მოგვიყევით თქვენი ისტორიის შესახებ, როგორ გახდით სომელიე და რა გზა გაიარეთ აქამდე?

- თავიდან ყველაფერი დაიწო, როგორც ჰობი. წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში, კომუნიკაციების სფეროში და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი გატაცება სერიოზულ სახეს მიიღებდა. თუმცა,  2015 წელს აღმოვაჩინე ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა და შევუდექი სწავლას. შემდეგ იყო WSET 2, მოგვიანებით WSET 3.  ამასთანავე,  ყოველთვის ვცდილობდი საზღვარგარეთ დასვენებასთან ერთად, იქვე მოკლე კურსებიც ამეღო და მეტი ღვინოები მესინჯა. საბოლოოდ, დავდექი არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილების წინაშე და არჩევანი ღვინის სასარგებლოდ გავაკეთე, რაც არც ერთი წუთით არ მინანია.

- სომელიეს პროფესია ერთი მხრივ ცოდნას, მეორე მხრივ კი ინტუიციას მოითხოვს. თქვენს პრაქტიკაში რომელს ენდობით უფრო მეტად მაშინ, როდესაც ეს ორი თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგება?

- ვცდილობ, შევათავსო. ღვინო ისეთი ამოუწურავი სფეროა, რომ ყველაფერს მარტო ცოდნით ვერ გაწვდები, ამიტომ ინტუიციაზე დაყრდნობაც გამოსავალს გაპოვნინებს.

- ხშირად ამბობენ, რომ ღვინის შეფასება ობიექტურ კრიტერიუმებსა და სუბიექტურ გამოცდილებას შორის ბალანსია. რამდენად შესაძლებელია ღვინის „სამართლიანად“ შეფასება და სად მთავრდება პროფესიული სტანდარტი, თუკი ეს შესაძლებელია, და იწყება პირადი გემოვნება?

- ღვინის დალევა  და პროფესიული გასინჯვა, ორი სხვადასხვა “საქმიანობაა”. თუკი პირველის შემთხვევაში, განსაკუთრებულ გარემოში ზიხარ და ყველა ყლუპისგან სიამოვნებას იღებ, დეგუსტაციის დროს სკანერის რეჟიმში გადადიხარ და მთელი გონება მიმართულია იმ კრიტერიუმების მონიშვნვაზე, რაზე დაყრდნობითაც ვაფასებთ ღვინის ხარსხს. პირად გემოვნებას რაც შეეხება, პირობითად, თუ მე ელეგანტური ალექსანდროული მირჩევნია ძარღვიან მუკუზანს, ეს არ შემიშლის ხელს აღვფრთოვანდე და მაღალი შეფასება მივცე საუკეთესოდ შესრულებულ მუკუზანს.

- რომელი ქართული ვაზის ჯიში მიგაჩნიათ ყველაზე მეტად დაუფასებლად და რატომ ფიქრობთ, რომ მას მეტი საერთაშორისო ყურადღება ეკუთვნის?

- სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ საკმაოდ ცოტა ქართული ჯიშია სათანადოდ დაფასებული, და ეს არამარტო საერთაშორისო ყურადღების ნაკლებობის გამოა. მგონია, რომ კლასიკურ მეღვინობაში, ჩვენ ჯერ კიდევ “საშინო დავალების” წერის პროცესში ვართ და კვლავ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ თავადვე კარგად გავერკვეთ თითოეული ჯიშის პოტენციალში. საერთაშორისო ყურადღებაც ბუნებრივი გაგრძელება იქნება კარგად წარმართული შიდა პროცესის. 

- რომელი ქართული ტრადიციული კერძისა და ღვინის კომბინაცია მიგაჩნიათ სრულყოფილ წყვილად, სადაც არც კერძი ჩრდილავს ღვინოს და არც ღვინო - კერძს?

- ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო ასეთი, თუმცა სეზონისა და განწყობის მიხედვით, კარგად დაბრაწულ-დაპიწკინებულ ტაბაკას და ჭურის კარგ ცოლიკოურს დავაწყვილებდი.

- რომელია ყველაზე გავრცელებული შეცდომა ქართული კერძისა და ღვინის შეხამებაში, რომელსაც ხშირად ხედავთ რესტორნებში ან ოჯახურ სუფრებზე?

- როდესაც პირად გემოვნებაზე, გუნება-გაწყობაზე და, მით უმეტეს, ოჯახურ სუფრებზე მიდგება საქმე, შეცდომა არ არსებობს. ხანდახან პირიქითაცაა, წესების დარღვევამ, შესაძლოა ძალიან საინტერესო კერძისა და ღვინის წყვილი გვაპოვნინოს. თუ მაინცდამაინც ყველაზე მიუღებელი შეხამება უნდა გავიხსენო, თეორიულად, მაშინ ეს კამბალა და საფერავია. ამ თევზის თეთრ, ნაზ და რბილ ტექსტურას საერთოდ არ შეეფერება წითელი ღვინის გამოკვვეთილი ტანინი და სავსე სხეული.

- რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს სომელიეს პროფესიას ირჩევენ? რა მოლოდინებით არ უნდა მოვიდნენ ამ სფეროში და რისთვის უნდა იყვნენ რეალურად მზად?

- სომელიეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიაა. ამიტომ ამ სფეროში მოსულ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ღვინის გასინჯვის, ამბის მოყოლის, კომუნიკაციის და გაყიდვის უნარების მიღმა, მას მთელი კარიერის მანძილზე მარდი მოსწავლის ამპლუაში ყოფნა მოუწევს. მგონია, რომ ამ პროფესიის მთელი მშვენიერებაც ამაშია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა

ტოპ ხუთეული