Home
ქართული | English
ნოემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო ღვინის სამართლის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

2026 წლის 16-18 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკის ქალაქ სტელენბოშში ვაზისა და ღვინის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის (AIDV/IWLA) საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ღვინის სამართლის სპეციალისტები, მკვლევრები და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მიზანს ღვინის სექტორის წინაშე არსებული სამართლებრივი გამოწვევების განხილვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა. ღონისძიების მასპინძელი სტელენბოში სამხრეთ აფრიკის მეღვინეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, რამაც კონფერენციას განსაკუთრებული პროფესიული და კულტურული გარემო შესძინა.

კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს ღვინის იურისტთა ასოციაციის (GWLA) დამფუძნებელი და თავმჯდომარე, AIDV-ის მმართველი საბჭოს წევრი ელენე თოთიბაძე. მან მოხსენება წარადგინა ღვინის სექტორში ინვესტიციებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელსაც ნიკოლას ბერგმანი უძღვებოდა. პანელში ასევე მონაწილეობდნენ დევიდ ბრუდრიკი და ბენეტ კაპლანი.

მოხსენების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ღვინის სექტორში საინვესტიციო გარემოს ცვლილებაზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ინვესტორებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მათ შორისაა ბიზნესის სამართლებრივი გამართულობა, გამჭვირვალობა და გრძელვადიანი მდგრადობა. განხილული იყო მიწისა და წყლის რესურსებთან დაკავშირებული უფლებები და ნებართვები, ღვინის წარმოშობისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, კომერციული ხელშეკრულებები, საერთაშორისო ვაჭრობისა და ლოგისტიკის რისკები, ასევე გეოპოლიტიკური ვითარებისა და კლიმატის ცვლილების გავლენა ღვინის ინდუსტრიაზე.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა თემატური მოხსენებები და პანელური დისკუსიები, რასაც კითხვა-პასუხის სესიები და პროფესიული შეხვედრები ახლდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, დაემყარებინათ ახალი პროფესიული კონტაქტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განეხილათ.

ღონისძიების ფარგლებში ელენე თოთიბაძემ საქართველოს შესახებ პრეზენტაციაც წარადგინა და საერთაშორისო აუდიტორიას გააცნო ქვეყანა, რომელიც AIDV-ის მომდევნო საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

ვაზისა და ღვინის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის (AIDV/IWLA) მომდევნო საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში 2027 წლის 1-3 ოქტომბერს გაიმართება, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) 4-8 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებამდე.

საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ღვინის ინდუსტრიის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოსაჩენად. ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი სპეციალისტების პროფესიულ თანამშრომლობას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ღვინის სექტორის სამართლებრივი საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

საქართველოს ღვინის იურისტთა ასოციაციისთვის საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ღვინის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი კულტურისა და თანამედროვე ინდუსტრიის მქონე ქვეყნის, საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში წარმოჩენის მიმართულებით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა