
ალეკო ცქიტიშვილი
საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა 2026 წლის ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემები ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ. სტატისტიკა საინტერესოა იმ მხრივ, რომ შედარებულია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, რაც უფრო სრულფასოვანი ანალიზის და დასკვნების საშუალებას გვაძლევს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან ექსპორტზე 37.7 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.8%-ით ნაკლებია. ექსპორტის ღირებულებაც შემცირებულია – დაახლოებით 3.6%-ით.
თუმცა, ამ ციფრებზე არანაკლებ საინტერესოა ის, თუ სად იყიდება ქართული ღვინო და რა ტენდენციებს აჩვენებს საექსპორტო გეოგრაფია.
ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზრების ხუთეული ასეთია: რუსეთი, პოლონეთი, უკრაინა, ჩინეთი და ბელარუსი. ამ ჩამონათვალში მხოლოდ ერთი ქვეყანაა ევროკავშირის წევრი, ხოლო დანარჩენი ოთხი ან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, ან ავტორიტარული სახელმწიფო.
განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთი, სადაც მხოლოდ ექვს თვეში 23.9 მილიონი ლიტრი ქართული ღვინო გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის დაახლოებით 64 პროცენტი ისევ რუსეთის ბაზარზე მოდის. მართალია, რუსეთში ექსპორტი თითქმის 10%-ით შემცირდა, მაგრამ ეს შემცირებაც ვერ ცვლის მთავარ სურათს — ქართული ღვინის ინდუსტრია კვლავ კრიტიკულად არის დამოკიდებული ერთ ბაზარზე.
გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით ჩანს, რომ დასავლეთის ქვეყნების ბაზრების სურათი უფრო მრავალფეროვანია. პოზიტიური ტენდენციაა გერმანიაში, სადაც ექსპორტი ლიტრაჟით 21.7%-ით, ხოლო ღირებულებით თითქმის 28.5%-ით გაიზარდა. ასევე ზრდა ფიქსირდება აშშ-ში — ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 10%-ით, ხოლო ღირებულება თითქმის 20%-ით არის გაზრდილი, რაც მიუთითებს, რომ ამერიკულ ბაზარზე მოთხოვნა არა მხოლოდ იზრდება, არამედ უფრო მაღალი ფასის ღვინოზეც გადადის.
მეორე მხრივ, პოლონეთში, რომელიც ქართული ღვინის მეორე უმსხვილესი ბაზარია, ექსპორტი თითქმის 9%-ით შემცირდა. ასევე კლებაა ბალტიის ზღვისპირა ზოგიერთ ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთის მიმართულებით საერთო სურათი ერთგვაროვანი არ არის — ცალკეულ ქვეყნებში ზრდა ნამდვილად შეინიშნება, მაგრამ საერთო ევროპული გარღვევა ჯერ კიდევ არ ჩანს.
აზიური ბაზრებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ სურათს გვაძლევს. ჩინეთში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა მცირედით - დაახლოებით 2.4%-ით გაიზარდა, თუმცა მიღებული შემოსავალი 9%-ზე მეტით შემცირდა, რაც შესაძლოა საშუალო საექსპორტო ფასის კლებაზე მიუთითებდეს. დადებითი დინამიკა შეინიშნება სამხრეთ კორეაშიც, ხოლო იაპონიაში მაჩვენებლები შედარებით სტაბილურია. საინტერესოა ასევე ყაზახეთი, რომელიც უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია და მილიონ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო შეიძინა.
სტატისტიკაში საინტერესოა ყველაზე პატარა საექსპორტო მიმართულებებიც. ყველაზე ნაკლები ღვინო საქართველომ გააგზავნა ინდოეთში (70 ლიტრი), სინგაპურში (194.75 ლიტრი), ტაივანში (432 ლიტრი), მალტაზე (472.5 ლიტრი) და ტოგოში (922.5 ლიტრი). ეს სიმბოლური მოცულობებია, თუმცა აჩვენებს, რომ ქართული ღვინო მსოფლიოს ყველაზე განსხვავებულ ბაზრებშიც აღწევს, თუნდაც ჯერჯერობით ძალიან მცირე რაოდენობით.
მთლიანობაში, პირველი ექვსი თვის სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ღვინის ექსპორტი კვლავ ძლიერ არის მიბმული რუსულ ბაზარზე. ამავე დროს, დასავლეთისა და აზიის რიგ ქვეყნებში შეინიშნება ზრდის ნიშნები, რაც იმედს იძლევა, რომ სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში, ექსპორტის დივერსიფიკაცია შესაძლებელია. თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, მთავარი ტენდენცია მაინც უცვლელია — ქართული ღვინის ბედს ისევ დიდწილად ერთი, პოლიტიკურად არასტაბილური ბაზარი განსაზღვრავს.
ამ ფონზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ამოცანა მხოლოდ ახალი ბაზრების მოძიება კი არ უნდა იყოს, არამედ უკვე ათვისებულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოზიციების გამყარება. ცალკეულ ქვეყნებში ერთჯერადი ზრდა საკმარისი არ არის — საჭიროა თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა, რათა ექსპორტის გეოგრაფია ნაკლებად იყოს დამოკიდებული პოლიტიკური და ეკონომიკური რყევებით ცნობილ მოწყვლად ბაზრებზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი