
ტოკიოში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც იაპონელ პროფესიონალებსა და ღვინის მოყვარულებს საქართველოს მეღვინეობის ტრადიციები, თანამედროვე მიღწევები და ქართული ღვინის მრავალფეროვნება გააცნეს.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, Red Bridge-ის ორგანიზებით ჩატარდა. სტუმრებისთვის მოეწყო თემატური სემინარები და ქართული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო იაპონიის ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომი სხვადასხვა დასახელების ღვინო.
ერთ-ერთი სემინარი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების, დარგში არსებული თანამედროვე ტენდენციებისა და მიღწევების მიმოხილვას დაეთმო. შეხვედრას იაპონელი ღვინის მაგისტრი და Red Bridge-ის დამფუძნებელი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ღვინის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ იაპონური ღვინის ბაზრისა და პროფესიული გამოცდილების ჭრილში მიეღოთ.
მეორე სემინარის მთავარი თემა ქართული ღვინისა და საკვების ურთიერთშეხამება იყო. იაპონელმა სომელიემ მაიკა იამამოტომ სტუმრებს ქართული ღვინისა და საკვები კულტურის დაკავშირების პრინციპები და განსხვავებული გემოების ჰარმონიულად წარმოჩენის შესაძლებლობები გააცნო.
ღონისძიების პრაქტიკული ნაწილი ქართული ღვინოების დეგუსტაციას დაეთმო. სტუმრებმა სხვადასხვა ტიპისა და დასახელების ღვინოები დააგემოვნეს, რაც მათ საშუალებას აძლევდა, ქართული მეღვინეობის მრავალფეროვნება უშუალოდ გაცნობოდნენ.
აღნიშნულმა ღონისძიებამ ფართო პროფესიული დაინტერესება გამოიწვია, მას დაახლოებით 300 სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ღვინის მოყვარულები, დარგის სპეციალისტები, სავაჭრო სექტორისა და ჰორეკა ინდუსტრიის წარმომადგენლები, ასევე მედიის წევრები.
იაპონია ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პერსპექტიულ მიმართულებად რჩება. ქვეყანაში მომხმარებლების ინტერესი ხარისხიანი, ავთენტური და განსხვავებული გემოვნური მახასიათებლების მქონე ღვინოების მიმართ იზრდება, რაც ქართული პროდუქციისთვის მნიშვნელოვანია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი