
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ - VinePair - საქართველოს მეღვინეობას ვრცელი და გამორჩეული სტატია მიუძღვნა. ღვინის ჟურნალისტისა და კრიტიკოსის, ედვარდ დეიჩის ავტორობით გამოქვეყნებულ მასალაში დასახელებულია საქართველოს 17 საუკეთესო ღვინო, პარალელურად კი მკითხველს სთავაზობს ქართული მეღვინეობის ისტორიის, ტრადიციებისა და თანამედროვე ბაზრის მიმოხილვას.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა, რომლის 8,000-წლიანი ღვინის კულტურა დღესაც ცოცხალი ტრადიციებით გრძელდება. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინო დასავლური ბაზრისთვის ჯერ კიდევ შედარებით ახალი აღმოჩენაა, ბოლო წლებში მის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ქართული ღვინოები ნატურალური და ავთენტური ღვინის მოყვარულებში სულ უფრო პოპულარული ხდება.
ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქართული მეღვინეობის უნიკალურობაზე - ადგილობრივ ვაზის ჯიშებზე, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი, ქისი, ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, ცოლიკოური და სხვა. მისი შეფასებით, სწორედ ეს მრავალფეროვნება ანიჭებს საქართველოს გამორჩეულ ადგილს მსოფლიო ღვინის რუკაზე.
სტატიაში ვრცლად არის განხილული ქვევრის მეღვინეობის კულტურაც — ტრადიციული მეთოდი, რომლის დროსაც ღვინო მიწაში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში დუღდება და ძველდება. ავტორი აღნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, დღეს ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცა და დიდ როლს ასრულებს საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდაში.
ამასთან, სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველო მხოლოდ ქარვისფერი ქვევრის ღვინოებით არ შემოიფარგლება. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ევროპული სტილის თეთრ ღვინოებზეც, განსაკუთრებით იმერულ ღვინოებზე, რომლებიც მსუბუქი სტრუქტურით, მაღალი მჟავიანობითა და მინერალურობით გამოირჩევა. ასევე საუბარია თანამედროვე ქართული წითელი ღვინოების მრავალფეროვნებაზე, სადაც განსაკუთრებული ადგილი საფერავს უკავია.
ედვარდ დეიჩის შეფასებით, საფერავს აქვს პოტენციალი, გახდეს საქართველოს ისეთი საერთაშორისო სავიზიტო ბარათი, როგორიც მალბეკია არგენტინისთვის ან კაბერნე საფრანგეთისთვის. ავტორი საფერავს ახასიათებს როგორც ძლიერ, თუმცა დაბალანსებულ ღვინოს, რომელიც მუქი ხილის არომატებს, მჟავიანობასა და დახვეწილ ტანინებს აერთიანებს.
სტატიაში ასევე განხილულია ქართული მეღვინეობის ისტორიული გამოწვევები - განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდი, როდესაც ქვეყანა მასობრივი წარმოების სისტემაში იყო მოქცეული და ხარისხიან, მცირე მასშტაბის მეღვინეობას განვითარების შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდა. ავტორი აღნიშნავს, რომ სწორედ მცირე მარნებმა და ოჯახურმა მეურნეობებმა შეძლეს ტრადიციული მეთოდებისა და იშვიათი ვაზის ჯიშების შენარჩუნება, რამაც თანამედროვე ქართული ღვინის აღორძინებას საფუძველი შეუქმნა.
VinePair-ის მიერ შერჩეულ 17 საუკეთესო ღვინოს შორის მოხვდნენ როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოები კახეთიდან, ქართლიდან და იმერეთიდან. გამოცემა განსაკუთრებით უსვამს ხაზს ქართული ღვინოების ავთენტურობას, განსხვავებულ სტილს, არომატულ მრავალფეროვნებასა და ხარისხისა და ფასის გამორჩეულ თანაფარდობას.
სტატიის დასასრულს ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად 8,000-წლიანი ისტორიისა, საქართველოს თანამედროვე ღვინის ეპოქა ფაქტობრივად ახლა იწყება და ქვეყანა საერთაშორისო ღვინის სცენაზე გაცილებით დიდ ყურადღებას იმსახურებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი